|
როგორც ბერლინის კინოფესტივალიდანაც ჩანს, დღევანდელი ქართული კინო ჯერჯერობით ქალების იმედად რჩება. ამის მაგალითებია ანა ურუშაძის „საშიში დედა“ და თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“. პირველი - ბერლინალეს „კრიტიკოსთა კვირეულის“ გახსნაზე უჩვენეს და პრესაში საკმაოდ კარგი შეფასება აქვს. რაც შეეხება თინათინ ყაჯრიშვილის ფილმს „ჰორიზონტი“, პრემიერა პროგრამა „პანორამას“ ფარგლებში, პრესტიჟულ „Cinemax 7“-ში გაიმართა, სადაც სხვათა შორის, ბერლინალეს საკონკურსო ფილმებს უჩვენებენ.
ნიკოლა ბარდო, ონლაინგამოცემა „ფილმ-კულტში“ ანა ურუშაძის ფილმის შესახებ წერს: „ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ფილმის ორმაგ ბუნებასა თუ ხასიათზე. რეჟისორს უცნაური, ნევროზული და ამავდროულად, საკმაოდ ირონიული დამოკიდებულება აქვს სიუჟეტის მიმართ. ეს არის მუდმივი დისკომფორტისა და პოეზიის ამბივალენტური განცდა, რომლითაც შეპყრობილია 50 წელს გადაცილებული მანანა (ნატა მურვანიძე) - დიასახლისი, რომელიც აღმოაჩენს, რომ წერისა და განმარტოების სურვილმა იმდენად შეიპყრო, რომ ოჯახი და შვილები უნდა დატოვოს...
ახალგაზრდა რეჟისორის ნამუშევარი გემოვნებით, ირონიითა და სიმძაფრით შეგვახსენებს იმ ქალთა მდგომარეობის შესახებ, რომლებიც იძულებული არიან პატრიარქალურ ზეწოლას გაუძლონ და თან, საკუთარი ცხოვრება და შემოქმედება ოჯახიდან გაქცევის ან ექსტრემალური ნაბიჯის ხარჯზე შეინარჩუნონ“.
თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“ ქართულ-შვედურ-გერმანული კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა სწორედ ბერლინის ფესტივალზე გაიმართა. ორი წლის წინ, ასევე „პანორამას“ ფარგლებში ნაჩვენები იყო „პატარძლები“, რომელმაც რეჟისორს წარმატება მოუტანა, მსახიობ მარი კიტიას ნამუშევარს კი გერმანული პრესა მართლაც განსაკუთრებულად გამოეხმაურა.
ფილმის მთავარი გმირების - გიორგისა (გიორგი ბოჭორიშვილი) და ანას (ია სუხიტაშვილი) განშორების მიზეზები გაცილებით ღრმა და საფუძვლიანია, ვიდრე ბანალური ოჯახური კონფლიქტი ან უსიყვარულობა. ეს ორი უახლოესი ადამიანის ურთიერთობის დასასრულის მტკივნეული განცდაა, რომელსაც ბოლომდე ვერცერთი ვერ ეგუება. მართალია, განშორების პირველი შოკი თითქმის გადატანილია, მაგრამ ხელახლა ურთიერთობის დაწყება უკვე შეუძლებელია. თანაც მათ ორი შვილი ჰყავთ. ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს ანას ახალი თაყვანისმცემელი ნიკო (სერგო ბუიღლიშვილი).
„ჰორიზონტის“ დიდი ნაწილი პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც გიორგი მეგობარ ჯანოსთან (ჯანო იზორია) ერთად თევზაობს და ველური ბუნების გარემოცვაში წარსულის ფსიქოლოგიური ტრავმების დავიწყება სურს. აქვე, პატარა სახლში ხანდაზმული წყვილი ცხოვრობს: ვალიკო (სოსო გოგინაშვილი) და ლარისა (ნანა დათუნაშვილი), რომლებიც მარტოობას ქალაქიდან ჩამოსული სტუმრის გამოჩენით უმკლავდებიან.
ფილმი თავიდანვე დეპრესიული ტონალობით გამოირჩევა, რასაც ირაკლი ახალკაცის მგრძნობიარე კინოკამერა და გიორგი ხალვაშის მინიმალური, მაგრამ შთამბეჭდავი მუსიკაც ემატება. ზღვისპირა ზამთრის პეიჟაზები ოდნავ აბსურდულ შთაბეჭდილებას ტოვებს და ამავდროულად მიუსაფრობის განწყობას ქმნის.
გასაგები დრამატიზმის მიუხედავად, გიორგის სიკვდილი ფინალში მაინც გაუგებარი რჩება, რისი მიზეზებიც უფრო სცენარში (თინათინ ყაჯრიშვილი და დავით ჩუბინიშვილი) უნდა ვეძიოთ. თუმცა საბოლოოდ, ფილმი ფორმის წყალობით, გამომსახველობითა და „ხილული ჰორიზონტით“ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს, იმდენად, რომ ქარსა და თოვლს ლამის ფიზიკურად გრძნობთ. ზამთარი ზღვაზე - ეს ცალკე აღებული მეტაფორაა, რომელსაც ფილმის შინაარსიდან გამომდინარე, გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს.
თემურ ლეგაშილი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |