|
ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალში ოთხი ქართული ფილმი მონაწილეობს. კინომანებმა და არა მარტო მათ, კარგად უწყიან, რომ ყოველი წლის თებერვალი ბერლინალეს თვეა. ბერლინის კინოფესტივალი 1951 წელს დაარსდა და წელს უკვე საპატიო და ჭარმაგი 67 წელი შეუსრულდა.
ფესტივალი წელს ფრანგი პროდიუსერის და რეჟისორის, ეტიენ კომანის ფილმით - „ჯანგოთი“ გაიხსნა. ეს რეჟისორის დებიუტია ბერლინში, რომელიც ბოშური წარმოშობის ცნობილი ჯაზ-გიტარისტი, ჯანგო რეინჰარდტის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. პარიზის ოკუპაციის შემდეგ მუსიკოსი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. ორსაათიან ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს რედა კატები ასრულებს.
საკონკურსო პროგრამაში, „ოქროსა და ვერცხლის „დათვებს“ ერთმანეთს 18 ფილმი შეეცილება. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ბერლინში ვიხილავთ ცნობილი ფინელი რეჟისორის, აკი კაურისმიაკის ფილმს „იმედის მეორე მხარე“, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი ფავორიტია ფესტივალზე. კრიტიკოსები ასევე დიდი ინტერესით ელიან 2013 წელს ბერლინის ფესტივალის „ოქრის დათვის“ („ბავშვის პოზა“) მფლობელის, რუმინელი რეჟისორის, კალინ პეტერ ნეცერის ახალ ფილმს „ანა, ჩემი სიყვარული“.
საკონკურსო პროგრამაშია ასევე, ცნობილი პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის „მხეცის კვალი“, ბრიტანელი რეჟისორის, სალი პოტერის „წვეულება“, ფრანგი ალენ გომისის „ფელისიტე“, ჩილელი რეჟისორის, სებასტიან ლელიოს „ფანტასტიური ქალი“, გერმანელი რეჟისორების - ანდრეას ვაილის „ბოისი“ და ტომას არსლანის „თეთრი ღამეები“.
დოკუმენტური კინოთი გატაცების შემდეგ, მხატვრულ კინემატოგრაფს უბრუნდება ცნობილი გერმანელი რეჟისორი, ფოლკერ შლიონდორფი. მისი ახალი ფილმი „დაბრუნება მონტოკში“ ასევე საკონკურსო ფილმების პროგრამაშია. აღსანიშნავია ავსტრიელი რეჟისორის, იოზეფ ჰადერის „ველური თაგვი“ და იაპონელი ჰიროუკი ტანაკას „მისტერ ლონგი“.
ცხადია, გადაჭედილი იქნება დარბაზები დენი ბოილის Trainspotting -2-ის ჩვენებაზე, რომელსაც წელს არასაკონკურსო პროგრამაში უჩვენებენ. აღსანიშნავია აგრეთვე. ესპანელი რეჟისორის, ალექს დე ლა იგლესიას „ბარი“ და ამერიკელი ჯეიმს მენგოლდის „ლოგანი“.
წელს ბერლიონალეს ჟიურის თავმჯდომარეა ცნობილი რეჟისორი პოლ ვერჰოვენი, ხოლო ჟიურის წევრები არიან: ისლანდიელი მხატვარი ოლაფურ ელიასონი, ამერიკელი მსახიობი მეგი ჯილენჰოლი, ტუნისელი პროდიუსერი დორა ფურატი, გერმანელი მსახიობი, „ვერცხლის დათვის“ მფლობელი, იულია იენჩი და „ოქროს დათვის“ ლაურეატი, ჰონკონგელი რეჟისორი, ვან ციუიანანი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე მეთორმეტედ მონაწილეობს ბერლინალეს ფარგლებში მოწყობილ ევროპული კინოს სტენდზე. ჩვენი ქვეყანა ფესტივალზე ოთხი ფილმით იქნება წარმოდგენილი: „ფორუმზე” უჩვენებენ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რომელმაც უკვე მოიპოვა აღიარება სანდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ხოლო ბერლინში ფილმის ევროპული პრემიერა გაიმართება; ამავე სექციაშია წარმოდგენილი რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი“; ასევე რეზო გიგინეიშვილის ფილმი "მძევლები", რომელიც ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების ამბავს ეხება. ხოლო სექციაში Generation, ნათია ნიკოლეიშვილის მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმს, „ლილეს“ აჩვენებენ, რომლის შექმნაზეც რეჟისორმა რამდენიმე წელი იმუშავა.
ბერლინის 67-ე კინოფესტივალი 19 თებერვალს საზეიმოდ დაიხურება.
გეგა ასტახიშვილი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |