|
აფხაზეთში ისევე მოთოვა, როგორც მთელ დასავლეთ საქართველოში. აფხაზი ბლოგერები წერენ: «ომის შემდეგ ასეთი თოვლი არ მოსულაო». რა თქმა უნდა, 1992–1993 წლების ზამთარს გულისხმობენ. ქართველ დამკვირვებლებს რაღაცნაირად გამორჩათ ეს უცნაურობა: ის ზამთარი აფხაზეთში მართლაც უცნაურად დიდთოვლიანი იყო. როგორც არასდროს მანამდე და მას შემდეგ 20–25 წლის განმავლობაში.
ეს ცნობილი აფხაზური ნარატივია: მათთვის ცხოვრება გაიყო «ომამდე და ომის შემდეგ». თუმცა, სწორედ საახალწლო დღეებში, რუსეთმა ახალი სიურპრიზი მოუმზადათ: სოხუმში ჩავიდა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» საკითხებში, ვლადისლავ სურკოვი და სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს ულტიმატუმი წაუყენა, რომელიც თურქეთთან ურთიერთობას ეხება.
მოსკოვში დიდი ხანია გაღიზიანებით აკვირდებოდნენ თურქულ–აფხაზურ კავშირებს. წესით, ეს ურთიერთობები, რომლებიც სულ უფრო ღრმავდება, თბილისშიც უნდა აღელვებდეთ, თუმცა ქართული დიპლომატია, ამ შემთხვევაში პრაგმატულობას ირჩევს, რაკი ანკარა არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ხოლო თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის აქტიურობა არ უნდა იქცეს მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო პარტნიორთან ურთიერთობათა დევალვაციის მიზეზად.
სულ სხვაგვარად ფიქრობენ მოსკოვში, რაკი ჩრდილოკავკასიური პრობლემა კვლავაც გადაუწყვეტელი აქვთ, «ჩერქეზული ბომბი» წიკწიკებს და ნამდვილად არ ეპიტნავებათ, შავი ზღის სანაპიროზე თურქული «რბილი ძალის» შემოსვლა, შემდეგ კი მისი თანდათანობით მოღონიერება სავაჭრო, საინფორმაციო, კულტურული თუ სხვა საშუალებებით.
ამდენად, სურკოვმა გადაწყვიტა ესარგებლა რუსეთ–თურქეთის ურთიერთობებში წარმოშობილი ღია კონფრონტაციით და ამ საბაბით (!) მოეთხოვა სოხუმისთვის ლოიალობის დადასტურება. თან არა მხოლოდ დადასტურება, არამედ კონკრეტული, საკმაოდ მტკივნეული ნაბიჯების გადადგმაც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზი ბლოგერები ყოველთვის ღიზიანდებიან, როცა ინტერნეტ–ფეისბუქ–ბატალიების დროს თანამედროვე აფხაზეთს «მოსკოვის მარიონეტულ წარმონაქმნს» ვუწოდებთ. სეპარატისტული ხელისუფლება რომ ღიზიანდება, გასაგებია, მაგრამ ბლოგერთა მუდმივი აღშფოთება უფრო ნიშანდობლივია, რადგან გულწრფელია: თითქოს ვერ ამჩნევენ აშკარა ფაქტებს, რომელიც ამ მარიონეტობას ადასტურებს.
აი, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის საზღვაო სანაოსნომ და მთავრობამ მიიღეს გადაწყვეტილება, აუკრძალონ თურქულ სეინერებს აფხაზურ წყლებში თევზის ჭერა. მიზეზი არ დაუსახელებიათ ან კი რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო გარდა მოსკოვის ფარული ბრძანებისა? თურქული თევზსაჭერი გემები, ხშირ შემთხვევაში, აფხაზ მოჰაჯირთა შთამომავლებს ეკუთვნოდათ. თევზჭერით გვარიანი თანხა შედიოდა აფხაზეთის ბიუჯეტში, რომელიც 90%–ით რუსულ გრანტებზეა დამოკიდებული. მაგრამ კრემლში ესეც მეტისმეტ დამოუკიდებლობად მიიჩნიეს. ამიტომ უბრძანეს და . . . . მაშინვე აიკრძალა თურქული გემების შესვლა აფხაზეთის წყლებში. ამ ზონას რუსული სამხედრო გემები იცავენ. სოხუმი თუ გაჯიუტდებოდა, უბრალოდ არ შეუშვებდნენ იქ იმ გემებს, მორჩა და გათავდა!
ამიტომაც, აფხაზეთის მთავრობამ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, რაც მათი «დამოუკიდებლობის» დონეზე მეტყველებს. იმავდროულად, აფხაზეთის პრეზიდენტმა ხაჯიმბამ «მონამორჩილული» განცხადება გააკეთა თურქული ავიაგამანადგურებლის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო და ეს «აგრესიული აქტი მკაცრად დაგმო».
იგივე აფხაზი ბლოგერები სასაცილოდ იმართლებდნენ თავს «დამოუკიდებლობის» თაობაზე დისკურსში: «თურქეთი» ხომ არ უხსენებია განცხადებაშიო». ვითომ უცნობია, ვინ ჩამოაგდო თვითმფრინავი და ვერავინ ვერ მიხვდებოდა.
ერთი სიტყვით, შავ დღეში არიან და აქვე უნდა ითქვას, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ღია კონფრონტაციამ დაარღვია მათი სიამტკბილობა აფხაზეთთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. ყველაფერთან ერთად, აფხაზურ მხარესაც მოესპო ორმაგი თამაშის საშუალება, რაკი მოსკოვმა, სურკოვის პირით, მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა: «ან ჩვენ, ან თურქეთი!»
უფრო ზუსტად, სეპარატისტებს არჩევანიც კი არა აქვთ, რადგან აფხაზეთში თურქეთის ბოლოდროინდელი «შემოპარვის» მიუხედავად, რუსეთის გავლენა და რუსეთზე დამოკიდებულება შეუდარებლად დიდია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პრეზიდენტ ხაჯიმბასთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე, სურკოვმა კონკრეტული მაგალითი მოიყვანა: «ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ თურქული სამშენებლო კომპანიები, რუსული ფულით აქ ვეღარაფერს ააშენებენო».
რუსულ–თურქულ კონფრონტაციამდე, ესე იგი ხსენებული «სიამტკბილობის» დროს, მოსკოვი კიდევ ითმენდა სიტუაციას, როდესაც იგი აფხაზურ ბიუჯეტს 90%–ით ავსებდა, ხოლო აფხაზეთის ხელისუფლებას თურქული კომპანიები შემოჰყავდა ამ თანხების ასათვისებლად, ესე იგი აფხაზეთში სხვადასხვა ობიექტების ასაშენებლად.
ბუნებრივია, მოსკოვი მოითხოვს, მხოლოდ რუსულმა კომპანიებმა ააშენონ. მაგრამ ამ განცხადებაში კიდევ ერთი საინტერესო მომენტია: აფხაზური მთავრობა ადრე ამტკიცებდა, რომ თურქულ კომპანიებთან კონტრაქტებს მხოლოდ იმ 10%–ით აფორმებდა, რომლებიც რუსეთისგან დამოუკიდებლად მოიზიდა. მათ შორის თხილის ექსპორტის დაბეგვრით და ასე შემდეგ. მაგრამ მოსკოვში ამგვარ ლოგიკას აბსურდულს უწოდებენ: ჯერ ერთი, ის 90% რომ არა, არც დანარჩენი იქნებოდა და, რაც მთავარია, საკმარისია რუსეთმა დახუროს რუსული ბაზარი აფხაზური პროდუქციისთვის (ციტრუსი, ჩაი, მინერალური წყალი, ბოსტნეული . . .) და საერთოდ ყველაფერი დამთავრდება.
ამდენად, სურკოვის მოთხოვნაზე, ხაჯიმბა აგრეთვე «მონამორჩილულად» უპასუხებდა. თუმცა ეს არ ყოფილა ვლადისლავის ერთადერთი პრეტენზია: იგი მოითხოვს, აფხაზურმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ მიიღოს კანონი «უძრავი ქონების თავისუფალი ყიდვა–გაყიდვის შესახებ», რათა მისი შესყიდვა რუსეთის მოქალაქეებმა შეძლონ.
საუბარია 40–50 ათას ბინასა და სახლზე, რომელიც ადრე ქართველებს ეკუთვნოდათ. ეთნიკური წმენდის ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, ეს ქონება თურქეთში მცხოვრებ აფხაზურ დიასპორას უნდა შეეძინა, მაგრამ ისინი არ ყიდულობენ, რაც თავისთავად საინტერესო მომენტია. ამით დასტურდება, რომ არ სურთ რუსეთის მონამორჩილ აფხაზეთში დასახლება, რომელსაც თავისუფალი განვითარების არანაირი პერსპექტივა არა აქვს.
სეპარატისტული ხელისუფლება, ბოლო დრომდე, თავს იმით იმართლებდა (მოსკოვის წინაშე), რომ რუსეთის მოქალაქე ქართველების მიერ ბინების შესყიდვის ეშინოდა: აქაოდა, ბიძინა ივანიშვილი ლტოლვილებს დაპირდა, მილიარდს დავხარჯავ და თქვენსავე ბინებს უკან გამოვისყიდიო. თუმცა ამგვარი დაპირება არავის მოუსმენია. გარდა ამისა, ეთნიკური ქართველები არც ჩავლენ და, მით უმეტეს, აღარც ბინებს იყიდიან ქართველოფობიურ აფხაზეთში.
ანუ, მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ რუსების მასიური ჩამოსახლება არ სურთ – ბინები და სახლები აფხაზეთში ბევრად იაფია, ვიდრე მეზობელ კრასნოდარში და სოჭში, ამიტომ მსურველი უამრავი იქნება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სურკოვმა იცის, სინამდვილეში, რა მიზეზითაც ამბობენ უარს აფხაზები კანონის მიღებაზე უძრავი ქონების ბრუნვის შესახებ. ამდენად, მისი ულტმატუმი აქაც მკაცრი იყო: «გასულ წელს აფხაზეთის ბიუჯეტში საინვესტიციო თანხების გადმორიცხვა შევწყვიტეთ; თუ უახლოეს მომავალში არ მიიღებთ კანონს, მაშინ პენსიებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკთა ხელფასებისთვის განკუთვნილ ფულსაც ვეღარ მიიღებთ; ბოლოს კი საზღვარსაც დაგიკეტავთ, ხოლო ჩვენს ჯარებს გუდაუთის აეროპორტით, ესე იგი საჰაერო ხიდით მოვამარაგებთ».
ულტიმატუმი მძიმეა, რადგან ამ კანონის მიღება აფხაზეთში მორიგ დაპირისპირებას გამოიწვევს და, არ არის გამორიცხული, საქმე სამოქალაქო ომამდე მივიდეს. თუმცა გამოსავალიც არ ჩანს. თუ, რასაკვირველია, არ ჩავთვლით საქართველოსთან შესაძლო მოლაპარაკებით მოსკოვის «დაშანტაჟების» მცდელობას.
ამ ხრიკისათვის აფხაზ სეპარატისტებს ადრეც არაერთხელ მიუმართავთ, როდესაც მოსკოვთან პირდაპირ კომპრომისს ვერ აღწევდნენ: «თუ მეტისმეტად მოგვაწვებით, აგერ არის თბილისი, ხოლო ქართველები, თუნდაც სიმბოლური მოლაპარაკების ნაცვლად, ბევრ რამეზე წამოვლენ, რუსული საზოგადოება კი ხელისუფლებას დაგადანაშაულებთ, რომ აფხაზეთს საქართველოსკენ უბიძგეთ».
რა თქმა უნდა ბლეფია, მაგრამ ჭრის.
პირველ რიგში ჭრის იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მუდმივად იყვნენ და ახლაც არიან მეტსიმეტად გულუბრყვილო პერსონაჟები, რომლებიც ამ პრიმიტიულ ბლეფზე იოლად «ვარდებიან».
„ჯი-ეიჩ-ენი“, გელა კალანდაძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |