|
«ადამიანი სკანდალი» – ასე უწოდეს მიხეილ სააკაშვილს მტრულად განწყობილმა უკრაინელმა და რუსმა კომენტატორებმა «ანტიკორუფციული საბჭოს» გახმაურებული სხდომის შემდეგ, როდესაც მან და შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა თვალსასეირო სანახაობა დადგეს – ერთმანეთი უშვერად გალანძღეს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა ჭიქა გამოიყენა იარაღად.
ავაკოვი სომეხია, სააკაშვილი – ქართველი. რუსულმა ტელეარხებმა, რასაკვირველია, ბოლომდე «გამოწურეს» ეს ეპიზოდი. ერთ–ერთ გადაცემაში (ბრეჟნევის დროიდან მოყოლებული «ვრემია» რომ ეწოდება) გიორგი დანელიას «მიმინოდან» ის სცენა აჩვენეს, მოსკოვის სასტუმროში ბუბა კიკაბიძე და ფრუნზიკ მკრტჩიანი რომ ჩხუბობენ. მართლაც კომიკური იყო: ქართველი და სომეხი კიევში რუსულად ლანძღავენ ერთმანეთს.
აქვე უნდა ითქვას, რომ დაპირისპირებას კონკრეტული ფინანსური მიზეზი აქვს: ავაკოვი და პრემიერ–მინისტრი იაცენიუკი ცდილობენ ამერიკულ კომპანიას მიჰყიდონ ქვეყნის საუკეთესო საწარმო: ოდესის ქიმიური ქარხანა, რომელიც მილიარდები ღირს. ოდესის ოლქის გუბერნატორ სააკაშვილს კი მიაჩნია, რომ ის ამერიკული კომპანია ცოტას იხდის. გარდა ამისა, თვით ოდესის ოლქს არაფერი ერგება, რათა მიშამ დაპირებები შეასრულოს: «ოდესა–რენის» გზა გაიყვანოს რუმინეთის საზღვრამდე, იუსტიციის სახლები ააშენოს და ა.შ. ამიტომ სააკაშვილი ცდილობს იპოვოს სხვა ინვესტორი, რომელიც ამერიკელებზე ორჯერ და სამჯერ მეტს გადაიხდის. ასეთი ინვესტორია რუსი ოლიგარქი მაზეპინი. იაცენიუკი და ავაკოვი თვლიან, რომ მისთვის საწარმოს მიყიდვა სამშობლოს ღალატი იქნება, მაგრამ საქართველოს ექსპრეზიდენტი, ამ შემთხვევაშიც მოქმედებს ისევე, როგორც მოქმედებდა საქართველოში კახა ბენდუქიძის ცნობილი მაქსიმის მიხედვით: «გავყიდოთ ყველაფერი, სინდისის გარდა!» ამ ლოგიკით, რუსი ინვესტორი ქარხანას «ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერსად წაიღებს». სწორედ ასე აღმოჩნდა საქართველოს საუკეთესო საწარმოთა დიდი ნაწილი რუსი ინვესტორების ხელში მიუხედავად რუსეთ–საქართველოს გამოუცხადებელი ომისა.
კაცმა რომ თქვას, ამ ომის «ცხელი პერიოდის» დროს (2008 წლის აგვისტოში) არც ერთი რუსული ბომბი არ ჩამოვარდნილა იმ ენერგეტიკულ ობიექტებთან, რომელიც «რაო–ეეს–როსსიას» ეკუთვნოდა.
სააკაშვილმა იაცენიუკი ვერ დაარწმუნა ამგვარი მიდგომის მიზანშეწონილობაში და ჩვეულ ხერხს მიმართა: კორუფციაში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა პოროშენკომ, ფაქტიურად მას დაუჭირა მხარი, რაკი ებრაელი იაცენიუკისა და სომეხი ავაკოვის გამონათქვამებს (გასტროლიორი, აფერიზმი და ა.შ) «ქსენოფობიური» უწოდა. მიუხედავად ამისა, მიშა პრემიერ–მინისტრს ჯერ–ჯერობოთ ვერ ერევა, რადგან მთავრობის მეთაურს უკრაინულ პარლამენტში მტკიცე მხარდაჭერა აქვს, თუმცა იქ მისი მოწინააღმდეგეებიც ბევრია.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა კი მომავალ საპარალმენტო არჩევნებს უკავშირდება, როდესაც მიეცემა საშუალება, შექმნას პოლიტიკური კავშირი ან ალიანსი რომელიმე გავლენიან ძალასთან (ვთქვათ კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსთან) და სცადოს რადაში უმრავლესობის მოპოვება, რაც, უკრაინის პირობებში, ძალიან ძნელია. თითქმის შეუძლებელიც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინულ ელიტათა განსაკუთრებულ გაღიზიანებას ის იწვევს, რომ ისინი ხვდებიან და ხედავენ: მიშას, სინამდვილეში, უკრაინა აინტერესებს მხოლოდ როგორც «ტრამპლინი» საქართველოში დასაბრუნებლად. ყველაფერი, რასაც აკეთებს, საბოლოო ანგარიშით, ამ მიზანს ემსახურება. რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს იგი უკრაინაში, მით მეტი შანსი ექნება, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში. თანაც, «თეთრ ცხენზე ამხედრებული». მოქალაქეობის ჩამორთმევა წინაღობა ვერ გახდება, თუკი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მორიგი კატაკლიზმი და ისტორიული გარდატეხა მოხდა. თუნდაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად.
მაგრამ საამისოდ მიშას სჭირდება მტკიცედ კონსოლიდირებული პარტია, რომელიც კვლავინდებურად აღიარებს მის ლიდერობას. თანაც, ეჭვმიუტანელ ლიდერობას!
სწორედ აქ გაჩნდა ბზარი, რამაც, შესაძლოა, ეს გეგმა ჩაშალოს: დღეს უკვე ნათელია, რომ «ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან» პავლე კუბლაშვილის, გიორგი ლომიძის, ზურაბ ჯაფარიძისა და გოგა ხაჩიძის გასვლა სწორედ მიშა სააკაშვილსა და მისი «ლიდერობის» თემას უკავშირდება. ისინი ლაპარაკობდნენ «სიახლეებზე», რასაც ექს–პრეზიდენტმა ოდესიდანვე უპასუხა ნიკა რურუას სიტყვებით: «ახალი» კარგი მწვანილი გამიგიაო».
მაგრამ ალტერნატიული აზრი «ნაციონალთა» ელიტაში მაინც მწიფდება. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წინამორბედს მოქალაქეობა ჩამოართვა. კანონით, ამიერიდან, სააკაშვილს აღარ აქვს უფლება, ეკავოს პარტიის თავმჯდომარის პოსტი, მაგრამ «ნაციონალთა» ნაწილი აცხადებს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევას არ აპირებს. მეორე ნაწილი (გოკა გაბაშვილი, გიგა ბოკერია) ამ პოსტზე ახალი ფიგურის არჩევას ემხრობა. კულუარებში ჟღერს გიგი უგულავას სახელი. ჯერ ერთი, დასავლეთში მის გათავისუფლებას ხშირად მოითხოვენ, ზოგიერთები კი «პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულადაც» მოიხსენიებენ. გარდა ამისა, გიგი უგულავას დემონიზება ხელისუფლებამ მაინც ვერ მოახერხა, როგორც, მაგალთად, ვანო მერაბიშვილის ან ბაჩო ახალაიასი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს ვერსია ნაწილობრივ დაადასტურა სატელეფონო საუბარმა გოკა გაბაშვილის მონაწილეობით, რომელშიც მან ლაზათიანად გამოლანძღა თანაპარტიელები. პირველ რიგში გიორგი ვაშაძე. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, მეორე ფრაქციის ლიდერია, რომელსაც არაფრის შეცვლა არ სურს. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ ფრაქციაშივე უნდა მოვიაზროთ ისეთი ფიგურები, როგორებიც იყვნენ და არიან ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი, ეკა ხერხეულიძე და ა.შ.
როგორც ჩანს, ეს ორი ფრაქცია საერთო ენას უკვე ვეღარ მოძებნის, რაკი ინფორმაციამ გამოჟონა და უთანხმოების უარყოფა უაზრობად იქცევა. გარდა ამისა, პარტიას რომ თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს, ეს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიების წარდგენა –დამტკიცებისას სერიოზული პრობლემები შეიქმნება.
არადა, ეს ყოველივე ხდება იმ დროს, როდესაც, ყველა გამოკითხვით, «ქართული ოცნების» რეიტინგი ეცემოდა, ხოლო «ნაციონალური მოძრაობისა» – იზრდებოდა.
ანუ, როგორც მრავალგზის მომხდარა ამ ქვეყანაში, პიროვნული ამბიციები, პრიმიტიული ურთიერთსიძულვილი და შეურიგებლობა, კოსმიურ პატივმოყვარეობასთან ერთად, პოლიტიკური პროცესის განმსაზღვრელ ფაქტორებად იქცევა; და თუ ნაციონალური მოძრაობის მომავალ ყრილობაზე (მისი არჩევნებამდე ჩატარება გარდაუვალია) ეს დაპირისპირება საბოლოოდ გასაჯაროვდა, ანუ საინფორმაციო გადაცემათა და «თოქ–შოუთა» მთავარ თემად იქცა, «ქართულ ოცნებას» არანაირი პრობლემა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აღარ შეექმნება, რადგან, დღევანდელი რეიტინგების მიუხედავად, «ნაციონალთა» ტრადიციული, მაგრამ დაპირისპირებით გულგატეხილი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„ჯი-ეიჩ-ენი“, გიორგი ლეჟავა
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |