|
დედაქალაქის საკრებულოში «ქართული ოცნების» წარმომადგენლის, რიმა ბერაძის განცხადებამ, რომ სოციალურად დაუცველებს დღეში 1 ლარი და 18 თეთრი ეყოფათ გამოსაკვებად, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რა დღეშია თბილისი, ვის ხელშია ქვეყნის მთავარი ქალაქის სადავეები და ისიც, რა უბედურება სჭირს თვით სახელისუფლებო კოალიცია «ქართულ ოცნებას».
ბუნებრივია, ქალბატონ ბერაძის განცხადება ისე «გაფიარდა» ნაციონალთა და არა მხოლოდ ნაციონალთა მიერ სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში, რომ უკვე აღარაფერი ეშველება. ისევე, როგორც არაფერი ეშველა (თუ ვინმეს გახსოვთ) ნანული შევარდნაძის ცნობილ წამოცდენას: «კარგი დიასახლისი თვეში 8 ლარსაც იმყოფინებს ოჯახის სარჩენადო». ეს განცხადება პირველი ბზარი გახდა ედუარდ შევარდნაძის ავტორიტეტზე. ისევე, როგორც მისივე მეორე შედევრი: «მინისტრები ჯიპებს ყიდულობენ, აბა მოტიციკლეტებით ხომ არ ივლიანო». გახსოვთ?
ჰოდა სწორედ ასეთმა განცხადებებმა და შეცდომებმა მოუღეს ბოლო. არადა, ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდთან შედარებით შევარდნაძე «ფიარის გენია» იყო.
ყველაზე კომიკური ისაა, რომ რიმა ბერაძე მართლა «იმას კი არ გულისხმობდა», არამედ ლაპარაკობდა უფასო სასადილოებზე, სადაც დღიური ულუფა, შესაბამის კომპანიას, ნამდვილად 1 ლარი და 18 თეთრი უჯდება იმიტომ, რომ ერთდროულად ბევრს ემსახურება და ელემენტარული მარკეტინგული წესია, როცა რაოდენობა ფასს ამცირებს. მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა იმეორონ ახლა «იმას კი არ ვგულისხმობდითო», – უკვე აღარაფერი ეშველება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ საბრალოებმა, როგორც ჩანს, არ იციან როდის–სად რა თქვან და რა გააკეთონ, როგორ მოიქცნენ და ვერც იმას აცნობიერებენ, რა რთული სოციუმის სათავეში აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით: სხვა შემთხვევაში, დავით ნარმანია ისევე ვერ გახდებოდა ვერასდროს თბილისის მერი, როგორც გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს პრეზიდენტი. მაგრამ თუ მარგველაშვილის შემთხვევაში, ის სოციალურად «უცხო სხეული» მაინც არ იყო ზოგადად, ქართული ელიტისათვის, ნარმანია ისეთივე «უცხო სხეულია» თბილისური სოციუმისთვის, როგორიც იყო თბილისელი გიგი უგულავა სამეგრელოსთვის, როდესაც მიშამ იგი მხარის გუბერნატორად დანიშნა.
პირველ რიგში სწორედ ბიძინა ივანიშვილმა აქცია ნარმანია «ლოდად». თავად ნარმანია ნამდვილად ერთი პატიოსანი და განათლებული ადამიანია, რომელიც სავარაუდოდ, ათვითცნობიერებს თუ როგორ აღმოჩნდა ლომის ხახაში. სკანდალი – სკანდალს მოსდევს, შეცდომა–შეცდომას, საკადრო დომხალი ხელისუფლების უსუსურობის დემონსტრირება ხდება და მმართველ კოალიციას აყენებს ჩრდილს, რაკი იქმნება შთაბეჭდილება (ტრადიციულად სწორედ შთაბეჭდილება წყვეტს ქართულ პოლიტიკაში ყველაფერს და არა რეალობა!), რომ «ოცნება» უკვე ვერც თბილისს მართავს და ვეღარც ქვეყანას. არადა, თბილისის მართვას, თუ ამის რეალურ სადავეებს ივანიშვილი მისცემს ნარმანიას, დიდი თავის ტკივილი არ სჭირდება, მაგრამ მაშინ მას მოუწევს კოალიციის წევრებისა და თვით „ოცნების“ ელიტის მიერ მერიაში მივლინებული კოალიციური „ჯოკიებისთვის“ მუსრის გავლება. ნარმანია სავარაუდოდ, ამისთვის მზად უნდა იყოს, მაგრამ სურს კი ივანიშვილს ახლა თავის ატკივება?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კოალიციური კონიუქტურისა და ივანიშვილის „პოხინდრიების“ გამო, ნარმანია სწორხაზოვანი გულუბრყვილობით ცდილობს, ტენდერები ისე ჩაატაროს, «კანონის წკიპზე» მოიყვანოს ყველაფერი და თვითონ არ ჩაერიოს. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ტენდერები სკანდალურად იშლება. და, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ხშირად იმიტომ იშლება, რომ მართლა საქმის გამკეთებლები ვინც არიან, ისინი საერთოდ აღარ მონაწილეობენ, რაკი წინასწარ «გაიასნებას» ვერ ახერხებენ, როგორც მიჩვეულნი იყვნენ წინა მერის დროს.
აბა მაშინ თუ იშლებოდა ტენდერები? რა თქმა უნდა არა! მაგრამ ამ შემთხვევაში, ნარმანია ისევე «პირნათელია», როგორი «პირნათელიცაა» რიმა ბერიძე, თუმცა მისი სკურპულოზურობა და სიმართლე არავის აინტერესებს. იმიტომ, რომ საქმე არ კეთდება და ესაა მთავარი: საქმე არ კეთდება, ქუჩები გადათხრილია, თუ რამ შენდება, შენდება უადგილო ადგილას და ა.შ. და ა.შ.
«ოცნების» დეპუტაციამ ამას წინათ ლამის თვითონ მოუწყო ნარმანიას ობსტრუქცია საკრებულოში და უკვე მყარად მკვიდრდება შთაბეჭდილება, რომ თბილისს ნარმანია კი არ მართავს, არამედ ვიღაც სხვა. თავად კი გადაწყვეტილებებს ვერ იღებს ან არავინ არაფერს ეკითხება.
გახსოვთ ვინმეს ასეთი რამ ეთქვას უგულავაზე? უგულავამ «ფიარი» იცოდა, ელემენტარულად ჭკვიანი ხალხი ჰყავდა გვერდში და თბილისის სოციუმთან, განსაკუთრებით თბილისურ ელიტასთან «შეთავსებადი ტიპი» იყო.
ოცნების მთავარი პრობლემა ახლა ისაა, რომ მართლა არ იციან, რა უყონ ამ «ლოდს»: ბევრი სიმპტომი არსებობს მმართველი კოალიციის რეფლექსიისა ამ თემაზე, მაგრამ ეს ის სიტუაციაა, როდესაც კარგი სვლა უბრალოდ არა აქვთ. ანუ, ისეთი სვლა, რომელიც მდგომარეობას კიდევ უფრო არ გაურთულებთ. მით უფრო იმ პირობებში, რომ ბოლო „შავი ფიარი“ ნარმანიას საკუთარი გუნდიდან აუგორეს. ლამის მთელმა თბილისმა იცის, როგორ არიგებდნენ რედაქციებში ფრანკლინის სურათიან კუპიურებს და სწორედ იმ დღეებში, ყველა საჯარო ღონისძიებაზე, როგორ იდგა ნარმანიას გვერდით ამ ფიარის ავტორი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ერთი სიტყვა იქნება საკმარისი, რათა დავით ნარმანია «სრულიად ნებაყოფლობით» გადადგეს და არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქეში» დაპორტირდეს. მაგრამ ამას სერიოზული პოლიტიკური რისკები მოჰყვება: ნარმანია ხომ არჩეულია და არა დანიშნული? მაშასადამე, ორიოდე თვეში უნდა დაინიშნოს დედაქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნები. ამ არჩევნებში კი, ნურას უკაცრავად, აღარ გამოვა ის, რაც საგარეჯოში მოხდა, ანუ ოპოზიცია (პირველ რიგში «ნაციონალური მოძრაობა») მთელ რესურსებს გამოიყენებს, რათა ეს პოსტი დაიბრუნოს და ამის შანსი უეჭველად ექნება მარტივი ელექტორალური მიზეზის გამო: ნარმანიას «გადადგომა–გადაყენებას» თვით «ოცნების» მომხრეები აღიქვამენ, როგორც მმართველი კოალიციის სასტიკ მარცხს და, რაც მთავარია, ამ მარცხის აღიარებას, – ოპოზიციის წინაშე კაპიტულაციას!
შედეგად, მერის რიგგარეშე არჩევნებში «ოცნების» თბილისური ელექტორატი მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს ისევე, როგორც ნაციონალთა ელექტორატმა არ მიიღო მონაწილეობა 2012 წლის არჩევნებში (ციხის სკანდალის გამო ხელისუფლების კაპიტულაციის ფონზე), რის შედეგადაც «ნაციონალებმა» პირწმინდად წააგეს დედაქალაქი.
ასევე «პირწმინდად წააგებს» ოცნება მერის რიგგარეშე არჩევნებს (თანაც, წააგებს სწორედ «ნაციონალთა» კანდიდატთან და არა ვინმე სხვასთან), თუ ნარმანიას გადააყენებს!
არსებობს მოსაზრება, რომ ნარმანია შეიძლება უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მოიშორონ და თბილისის მერის არჩევნები საპარლამენტო კენჭისყრას დაამთხვიონ, მაგრამ ესეც არ არის გამოსავალი, რადგან მაინც იქნება აღქმული ამომრჩევლების მიერ, როგორც ხელისუფლების მარცხი და ოპოზიციის წინაშე კაპიტულაცია, ანუ კიდევ უფრო გაურთულებთ მდგომარეობას.
ამიტომ ივანიშვილს ერთი გზა დარჩა - მისცეს ნარმანიას სრული დამოუკიდებლობა და დააცხროს კოალიციისა თუ საკუთარი გუნდის წევრების - კოალიციური „ჯოკიების“ ვნებები დედაქალაქთან მიმართებაში.
სხვა შემთხვევაში ძალიან ბევრი რამ ემუქრება თვით კოალიცია «ქართულ ოცნებას»: ყველა საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნების ბედი საქართველოში, 1990 წლიდან – დღემდე, სწორედ თბილისმა გადაწყვიტა და არა ზუგდიდმა ან საგარეჯომ.
„ჯი-ეიჩ-ენი“, ლევან მაისურაძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |