|
«პრემიერს» ესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე:
_ სულ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან რამდენიმე რაიონულ საავადმყოფოს გამოისყიდის. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება და რამდენად წაადგება სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას?
_ მართალს ბრძანებთ, მსგავსი განცხადება გაკეთდა მთავრობის სხდომაზე და მეტიც, ეს მხოლოდ განცხადება არ არის. რამდენიმე საავადმყოფო უკვე გამოისყიდა სახელმწიფომ. სამწუხაროდ, ეს ასეა. მოკლედ და პირდაპირ რომ გიპასუხოთ თქვენს კითხვაზე, ეს არის ყოვლად მცდარი გადაწყვეტილება და მიდგომა საერთოდ. მსგავსი გადაწყვეტილება არა თუ ვერ წაადგება ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, არამედ გამოიწვევს მის სრულ პარალიზებას, თუ პროცესები მსგავსი მიმართულებით გაგრძელდა.
უპირველეს ყოვლისა, რა თანხებით ხდება ეს გამოსყიდვა? ბიუჯეტის ხარჯზე მსგავსი ნაბიჯების გადადგმა არის არათუ უპასუხისმგებლო, არამედ უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ ეს შეიძლება გაუთანაბრდეს ეკონომიკური დანაშაულის კატეგორიას. მით უმეტეს, დღევანდელი კრიზისული სიტუაციის ფონზე, როდესაც ბიუჯეტის სახსრები, თუნდაც ჯანდაცვაში, მიმართული უნდა იყოს არსებული საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად და არა პოპულისტური და დრომოჭმული ინიციატივების დასაფინანსებლად. მთელი განვითარებული სამყარო, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა ცდილობს, სახელმწიფოს საავადმყოფოების მმართველობის ტვირთი მოაშოროს, რადგანაც დიდი ხანია დადგენილია, რომ ეს არის არაეფექტური, როგორც მმართველობის კუთხით, ასევე ფინანსური კუთხითაც. გავიხსენოთ, რა იყო სახელმწიფოს მიერ მართული საავადმყოფოები. გავიხსენოთ 80-იანი წლების ბოლოს საავადმყოფოების მდგომარეობა: მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, დიზაინი, ინფრასტრუქტურა, მომსახურების ხარისხი, სახელფასო დავალიანებები და ა.შ. ჩვენ შეიძლება ბავშვები ვიყავით იმ დროს, მაგრამ მაინც კარგად გვახსოვს ის ატმოსფერო, რაც მაშინდელ საავადმყოფოებში სუფევდა, მით უმეტეს კარგად უნდა ახსოვდეს ეს ბატონ მინისტრს, რომელიც უკვე ბავშვი აღარ იყო იმ პერიოდში.
გარდა იმისა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები არაეფექტურია, ადგილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის დანიავებას, ეს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს ისეთ მავნე შედეგებს, როგორიცაა კორუფცია სახელმწიფოს მიერ მართულ კლინიკებში (რომლის მომსწრენიც ჩვენ უკვე ვიყავით), გაწეული სერვისების ხარისხის მნიშვნელოვან გაუარესებას, ტექნოლოგიების განვითარების ტემპის მნიშვნელოვან ვარდნას, სახელფასო დავალიანებებს (განსაკუთრებით უკვე არსებული ფინანსური კრიზისის ფონზე) და თუ ეს გაგრძელდა და უფრო ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო, მოხდება ჯანდაცვის სისტემის სრული კოლაფსი, რაც ასევე უკვე გავიარეთ 90-იანი წლების დასაწყისში.
_ როგორ ფიქრობთ, მაშინ რას ეფუძნება მთავრობის მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები?
_ როგორც ჩანს, ეს არის ივანიშვილ-სერგეენკოს პოპულისტური პოლიტიკის ხაზის გაგრძელება, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, სრული არაკომპეტენტურობა, ზოგადად, მთავრობისა და, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროსი. შეუძლებელია, რომ სფეროში ოდნავ ჩახედულ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, რომ 25 წლით უკან დააბრუნოს ქვეყანა, წარსულში, რომლის უარყოფით შედეგებსაც დღესაც ვიმკით. სახელმწიფოს მიერ მართული კომუნისტური ჯანდაცვა, რაც იყო, ყველას კარგად გვესმის და მართალი გითხრათ, გაკვირვებას იწვევს, რბილად რომ ვთქვათ, რატომ მიგვაქანებენ ისევ იმ სისტემისკენ.
_ პოპულიზმი ახსენეთ და ფიქრობთ, რომ საზოგადოების ფართო ფენებში ამას დიდი მხარდაჭერა ექნება?
_ ტყუილად არ მიხსენებია პოპულიზმი. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც მისტირის იმ «თბილ» და «უზრუნველ» კომუნისტურ ხანას. საზოგადოების ნაწილში აღვივებენ აზრს, ისევე, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში იყო, რომ ყველა ეკონომიკური პრობლემა და ის სიდუხჭირე, რაც დღეს გვაწუხებს, არის კერძო მესაკუთრეებისა და, ზოგადად, კაპიტალიზმის ბრალი, და რა კარგი იყო, როდესაც სახელმწიფო ზრუნავდა ჯანდაცვაზეც, განათლებაზეც და ა.შ. ამ ადამიანებს შევახსენებ რამდენიმე მომენტს: იყო კი ის ჯანდაცვა რეალურად უფასო? გაიხსენონ უფროსი თაობის წარმომადგენლებმა, რა «სტავკები» იყო, კვალიფიციურ და ხარისხის მქონე ექიმთან რომ მოხვედრილიყავი? 300-დან 500 მანეთამდე მერყეობდა ეს «სტავკა», ბოდიში ჟარგონისთვის. ყოველდღიურად რამდენ მანეთს უკუჭავდნენ სანიტარს ან ექთანს? არაფერს ვამბობ მომსახურების ხარისხსა და ინფრასტრუქტურაზე. იგივე განათლებაზე, დღესაც რომ მისტირიან განათლების საბჭოთა მოდელს, რეალურად ქმნიდა ის სისტემა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტულ კადრებს? ვერა, რა თქმა უნდა. ან ვინც აპრიორი მისტირის იმ საბჭოთა განათლებას, ჰქონია მას შეხება დასავლურ განათლებასთან და აქვს რეალურად მათი შედარების საშუალება?
ასე რომ, პოპულიზმსა და მოკლევადიან კმაყოფილებაზე ნამდვილად არის გათვლილი ეს ნაბიჯი. ამიტომაც ვახსენე პოპულიზმი. ისევე, როგორც პოპულიზმი და ბნელ წარსულში დაბრუნების მცდელობებია ინიციატივა წამლების ფასნამატის დოტაციის შესახებ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა, ან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, რომელიც უკვე ბევრ ნაკლოვანებას ითვლის, თუმცა ეს ძალიან დიდი თემაა და ამჯერად არ შევეხები.
_ საინტერესო თემას შეეხეთ. წამლების ფასის ზრდასთან დაკავშირებით მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომ, თუ ეს ზრდა გაგრძელდება, სახელმწიფო განიხილავს სახელმწიფოს მიერ ამ სფეროში დოტაციის გაზრდას. რამდენად დაეხმარება ეს ჩვენს გაჭირვებულ მოქალაქეებს გაძვირებული წამლების შეძენაში?
_ ეს არის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროს ნგრევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ჯერ ერთი, რა სახსრებით აპირებს სახელმწიფო ამის სუბსიდირებას? ისევ ბიუჯეტი? ისევ ფინანსური კრიზისის დროს? უკვე აბსურდია ამაზე საუბარი. კარგი, დავუშვათ, არ არის კრიზისი, დავუშვათ, არის უზარმაზარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფოს ბიუჯეტიც იზრდება, მოაგვარებს კი სუბსიდირება წამლების ფასის ზრდის პრობლემას? არა, რა თქმა უნდა. ერთი ტიპის წამალზე მოახდენ დოტაციას, მეორე ტიპის წამალზე გაიზრდება ფასი მაინც. ყველა ნაწარმზე მოახდენ დოტაციას? ეს ხომ აბსურდია, ვერც ერთი ბიუჯეტი ამას ვერ გაუძლებს და თანაც, ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ, რომ გაუძლოს, ეს გამოიწვევს სამედიცინო სფეროში ფასების რეგულაციების სრულ აღრევას, რაც კონტროლს აღარ დაექვემდებარება უკვე. არაფერს ვამბობ ხარისხზე, კონკურენტუნარიან გარემოზე, კორუფციაზე და ა.შ. და საერთოდ, დიდი ხანია პრაქტიკით და მეცნიერულად დადგენილია, რომ ნებისმიერი სფეროს ხელოვნური სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ უარყოფითი გავლენის მომხდენია. იგივე წარმატებით, მაშინ დაარიგოს სერგეენკომ პურის ფქვილზე ან შაქარზე ტალონები, რადგანაც მათზეც იზრდება ფასები.
უაზრო რეგულაციებითა და კომუნისტური მეთოდებით მართვა კი არა, სწორი პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში. ზოგადად, მე ვხედავ, რომ მმართველ გუნდში არის ღირებულებების აღრევა, კომპეტენციის დეფიციტი და უმეტეს სფეროებში, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჯანდაცვა და სოციალური სფერო მაქვს მხედველობაში, რეფორმებისა და კრიზისული სიტუაციების მართვის სრული უუნარობა. ივანიშვილ-სერგეენკოს პოპულიზმითა და 80-იანი წლების კომუნიზმში დაბრუნებით კი ქვეყანა და მისი ჯანდაცვა რომ ვერ იხეირებს, ამაში, ალბათ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი თანხმდება.
_ დიდი მადლობა.
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |