|
„პრემიერს“ ესაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე:
- გასული წლის ნოემბერში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გააჟღერა ინფორმაცია ჰეპატიტი C-ს სამკურნალოდ ახალი, თანამედროვე პრეპარატის შემოტანის თაობაზე. რა მეთოდსა და რა პრეპარატზეა საუბარი?
- ინფორმაცია ჰეპატიტი C-ს მკურნალობაზე, რაც სამინისტრომ და პირადად მინისტრმა გააჟღერეს, მეტად საინტერესოა და მრავალი პაციენტისთვის იმედისმომცემი. ლაპარაკია ახალ პრეპარატზე - სოფოსბუვირზე. ის, თავის წინამორბედებთან შედარებით, გაცილებით ეფექტურია, ყველა პარამეტრის მიხედვით. უდავოა, რომ ამერიკული ფარმაკოლოგიური კომპანია „გილეადის“ მიერ წარმოებულმა პრეპარატმა სასწაული მოახდინა, ის ეფექტურია და მოქმედებს C ჰეპატიტის ექვსივე გენოტიპზე, ვირუსზე ზემოქმედების ეფექტურობა 90%-ს აჭარბებს. არ ფიქსირდება გვერდითი მოვლენები, მედიკამენტი აბების ფორმით გამოდის და თერაპიის დაწყებიდან 12-24 კვირაში მდგრად ვირუსოლოგიურ პასუხს იძლევა. შესაძლებელია სოფოსბუვირის გამოყენება როგორც მონოთერაპიაში, ასევე სხვა ანტივირუსულ პრეპარატებთან კომბინაციაში. შედარებისთვის, მანამდე არსებული მეთოდი იყო და დღემდე რჩება ინტერფერონის რიგის პრეპარატებით მკურნალობა, რომლის ეფექტურობაც 60%-მდეა და ისიც გარკვეული გენოტიპის შემთხვევაში, ანუ ყველა ტიპის ვირუსზე ვერ მოქმედებს. გარდა ამისა, მაღალია გვერდითი ეფექტების მაჩვენებელი, რაც სოფოსბუვირის შემთხვევაში მინიმუმამდეა დაყვანილი. პრეპარატი სამკურნალოდ დამტკიცებულია აშშ-ში - FDA-ს მიერ, 2013 წელში. ევროკავშირის ქვეყნებში ის ნებადართულია 2014 წლიდან. ერთადერთი „მაგრამ“ ამ პრეპარატთან დაკავშირებით არის მისი მაღალი ფასი.
- დაახლოებით რა ჯდება ამ პრეპარატით მკურნალობა და რამდენად ხელმისაწვდომია ის ჩვენი მოსახლეობისთვის?
- როგორც გითხარით, ეს ძალიან ძვირადღირებული წამალია. ერთი აბის, ანუ დღიური ნორმის ფასია 1000 დოლარი. საშუალოდ, მკურნალობის კურსი გრძელდება მინიმუმ 12 თვე. რაც ფულად გამოხატულებაში დაახლოებით 84000 ამერიკული დოლარია. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, რიგ შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება 24 კვირამდე გაიწელოს, რაც დამოკიდებულია ვირუსის ტიპზე, დაავადების სტადიაზე, ასევე თანმხლებ სხვა ქრონიკულ დაავადებებზე. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის საფასური კიდევ უფრო იზრდება. თქვენს კითხვაზე, რამდენად ხელმისაწვდომია ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რა თქმა უნდა, პასუხი ნათელია. ეს პრეპარატი ძნელად ხელმისაწვდომია თვით განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, როგორებიცაა აშშ ან ევროკავშირის ქვეყნები. 80 და 100 ათასი დოლარი ყველასთვის ძვირია და ძნელად გადასახდელია საკუთარი ჯიბიდან, თუნდაც ნორმალური შემოსავლის მქონე ადამიანისთვის. მით უმეტეს, ძნელია ამ თანხის გაღება საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნის მოქალაქისთვის.
- საქართველოს მთავრობა და კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო საუბრობსC ჰეპატიტის სრულ ელიმინაციასა და საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე მათთვის, ვისაც ეს მკურნალობა სჭირდება. რამდენად რეალურია ეს და რა მექანიზმებით არის შესაძლებელი ამ პროცესის განხორციელება?
- ახლა მივადექით ყველაზე საინტერესო ნაწილს. მართლაც როგორ ფიქრობს მთავრობა ამ პროგრამის განხორციელებას, რა სახსრებით ან როგორ წარმოუდგენიათ ამ მასშტაბის პროგრამის მართვა? რომ წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი, მცირეოდენი ციფრები უნდა მოვიყვანოთ. სხვადასხვა დათვლებით საქართველოში C ჰეპატიტის ვირუსით 300 000-მდე ადამიანია დაინფიცირებული, ზოგი სპეციალისტი მეტსაც ასახელებს. ცხადია, ყველას მკურნალობა არ ესაჭიროება, რადგანაც არსებობს ვირუსის მატარებლობის ფორმები, რომლებიც არ იწვევს ღვიძლის დაზიანებას, უბრალო ენით რომ ვთქვათ, არის „მიძინებულ“ მდგომარეობაში და მრავალი წლის მანძილზე ან სულაც მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანს შეიძლება პრობლემა არ შეუქმნას (შემთხვევათა დაახლოებით 15%). სტატისტიკურად 20-30%-ს გარკვეული დროის შემდეგ უვითარდება ღვიძლის ციროზი, ზოგიერთი მკვლევარი 40%-საც ასახელებს. ღვიძლის სხვადასხვა სახის დაზიანება კი შეიძლება ქრონიკულად ინფიცირებულთა დაახლოებით 60-70%-ს აღენიშნებოდეს. აქედან გამომდინარე, საუბარია ასეულ ათასზე მეტი ადამიანის მკურნალობაზე და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე საქართველოში. თანხები რომ წარმოვიდგინოთ, გავამრავლოთ ეს 80000-ზე და მივიღებთ კოლოსალურ თანხას (სულ მცირე, 8-10 მილიარდ დოლარს). ისმის კითხვა: ვინ დაფარავს ამ თანხას? რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამას ვერ იტვირთავს, ამხელა ბიუჯეტი ჩვენ საერთოდ არ გვაქვს.
ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურები ამბობენ, რომ მოლაპარაკება აწარმოეს წამლის მწარმოებელთან და ისინი დაინტერესებული არიან, შეღავათიან ფასში მოაწოდონ პრეპარატები ქვეყანას. „გილეადთან“ მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობდა და მათი წარმომადგენლებიც იყვნენ ჩამოსულები საქართველოში შემოდგომაზე. მათ ამ შეხვედრებზე გააჟღერეს, რომ დაინტერესებულები არიან საქართველოსთან თანამშრომლობით და აქ, ადგილზე, ფიქრობენ წამლის წარმოებაზე ან სხვა რამე სახით შედარებით იაფად პრეპარატის მოწოდებაზე, თუმცა ვადებში ისინი უფრო მოზომილები იყვნენ და 2016-2017 წლებს ასახელებდნენ. მინისტრი კი დასძენს, რომ მიაღწია მოლაპარაკებას და პროგრამა უკვე 2015 წლის დასაწყისში დაიწყება, ასევე დასძენს, რომ დეტალები არ ხმაურდება. სწორედ ეს გაურკვევლობა ბადებს კითხვებს. რაც არ უნდა შეღავათიანი იყოს მოწოდებული ფასი, მაინც მილიარდებზე იქნება საუბარი. ჩავთვალოთ, რომ საერთოდ გვჩუქნიან ამ პრეპარატს და ქვეყანას არაფერი უჯდება მისი შესყიდვა. ჩნდება სხვა კითხვა. როგორც გითხარით, ლაპარაკია ასეულობით ათას ადამიანზე! არსებობს გაწერილი პროგრამა, როგორ მოხდება ამ ხალხის მიმართვა მკურნალობაზე? როგორ მოხდება გაცხრილვა, ვის ესაჭიროება მკურნალობა და ვის - არა? როგორ მოხდება ან რომელ დაწესებულებებში მოხდება ამ ხალხის გადამისამართება, რა რესურსებით? მათ შორის ადამიანური რესურსები მაქვს მხედველობაში. როგორ მოხდება ასეთი მასშტაბური პროცესის ადმინისტრირება და მართვა? მსგავსი დეტალურად გაწერილი პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ დაუდვია. არადა, მინისტრი აცხადებდა, რომ პროგრამა უკვე ამ წლის დასაწყისში დაიწყებოდა და 2-2,5 წელიწადში მიიღწეოდა ჰეპატიტის სრული ელიმინაცია. ეს, რასაკვირველია, ბევრ კითხვას იწვევს და, რბილად რომ ვთქვათ, არარეალურია ამ ვადებში.
გარდა ამისა, როდესაც საუბარია დაავადების სრულ ელიმინაციაზე, აქ პირველ ეტაპზე გამოდის პრევენციისა და დიაგნოსტიკის საკითხები. რას აკეთებს დღეს სახელმწიფო C ჰეპატიტის საპროფილაქტიკოდ? არაფერს. შესაბამისად, აქაც გაურკვევლობა და დიდი კითხვის ნიშანია. რას გულისხმობენ ჯანდაცვის მესვეურები, როდესაც აცხადებენ, რომ მკურნალობას მიებმება პრევენციის პროგრამაც? ზედაპირულადაც კი ჩამოყალიბებული არ აქვთ, რას მოიაზრებენ ამაში. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, აქ მინისტრი აცხადებს, რომ მოხდება თანაგადახდა, ანუ გამოკვლევის ნაწილს გადაიხდის სახელმწიფო, ნაწილს კი - პაციენტი. როგორია ეს გადანაწილება? ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკა საკმაოდ ძვირია და შეიძლება, რამდენიმე ათას ლარს მიაღწიოს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უხშირეს შემთხვევაში ასი ლარის გადახდაც კი უჭირთ. აქედან გამომდინარე, ამ რგოლშიც, რასაც დიაგნოსტიკა ჰქვია, ჯერჯერობით გაურკვევლობაა. არც 2015 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტში არ არის გაწერილი ამ გრანდიოზული პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარჯები.
კიდევ ერთი კითხვის ნიშანია, როგორ მოხდება უკვე არსებული მკურნალობის პროგრამების (რომელშიც ასეულობით ადამიანია ჩართული) ინკორპორირება ახალ პროგრამაში? არც ამაზე აქვთ ჩამოყალიბებული პასუხი ჯანდაცვის დღევანდელ მესვეურებს.
- თქვენი აზრით, გამოდის, ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობამ ნაადრევი განცხადება გააკეთეს? ნაადრევად დააიმედეს ის ხალხი, ვინც C ჰეპატიტის ვირუსითაა ინფიცირებული?
- ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მკურნალობის საყოველთაო პროგრამა წლის დასაწყისში, როგორც ამას მინისტრი გვპირდებოდა, ვერ დაიწყება. ასევე, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 2 თუნდაც 2,5 წელიწადში საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაცია ვერ მოხდება. არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა. ფაქტია, რომ, თუ პროგრამა რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს, მაშინ ზემოთ ჩემ მიერ გაჟღერებული გაურკვევლობები და კითხვები არ უნდა არსებობდეს. უკეთეს შემთხვევაში ეს არის პროექტი, რომელიც ჯერ ჩანასახშია და საკმაოდ რთულ დაგეგმარებასა და მენეჯმენტის გამოცდილებას მოითხოვს.
ჩვენ გვახსოვს მთავრობის უამრავი დაპირება და ამბიციური გეგმა, რომელიც საერთოდ არ განხორციელდა, ან დაიწყო და ნაადრევად შეწყდა. ძალიან არ მინდა ვიფიქრო, რომ ესეც მთავრობის მორიგი პიარსვლაა რეიტინგის შესანარჩუნებლად.
გაზეთი „პრემიერი“, თემურ კალანდაძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |