|
რა ბორბალი არ დატრიალებულა ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენს თავს, რა არ გვინახავს, მათ შორის თვითმკვლელობა ერთდროულად ორი იარაღით - როგორც ლევან სამხარაულმა „მოიკლა თავი“. ყოველ შემთხვევაში ამას გვიმტკიცებდნენ. მაგრამ ის, რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით მოხდა, მაინც ყოველგვარ ზღვარს სცილდება და უეჭველად ექნება პოლიტიკური შედეგები, იმის მიუხედავადაც კი (და იმ შემთხვევაშიც), თუ ამ მკვლელობას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონდა, ანუ მიზნად არ ისახავდა, მაინცდამაინც, ქვეყანაში ვითარების ესკალაციას.
თავდაპირველად, „თვითმკვლელობის“ ვერსიაზე: ამ ვერსიის თანახმად, იური ვაზაგაშვილს უკვე აღარ სჯეროდა, რომ პროკურატურა თუ სხვა საგამოძიებო ორგანოები მისი შვილის უშუალო მკვლელებს (ესე იგი „სპეცდანელებსა“ და ოპერაციის დამგეგმავ პოლიციის უფროსებს) დასჯიდა და შვილის საფლავზე თავი აიფეთქა, რათა ეს თემა კვლავ გააქტიურებულიყო საზოგადოებაში, ანუ, ერთი მხრივ, მკვლელები დასჯილიყვნენ, მეორე მხრივ კი, ახალ ხელისუფლებაზე ეძია ასე შური, რომელმაც საქმე, უამრავი დაპირების მიუხედავად, „არ გამოიძია“.
მეტისმეტად რთული კონსტრუქცია გამოდის: საერთოდ არ ჰგავდა იური ვაზაგაშვილი თვითმკვლელს: ის უდავოდ ძალიან ძლიერი პიროვნება და „მებრძოლი“ იყო, ხოლო თვითმკვლელობა მაინც დანებებად აღიქმებოდა მის მიერ, ამიტომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე ებრძოლა, რაზეც თუნდაც მისი პრესკონფერენცია მეტყველებს - აფეთქებამდე ორიოდე დღით ადრე რომ გამართა სხვა შვილმოკლულ მშობლებთან ერთად.
ეს მომენტიც გასათვალისწინებელია: ამ ტიპის ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი მარტონი არ არიან - იური ვაზაგაშვილი კი, ბრძოლისას, მარტო ნამდვილად არ იყო: მის შეხედულებებს როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების მიმართ ბევრი იზიარებდა, მაშასადამე, ბრძოლა სულაც არ ჩანდა „უაზრო“. პირიქით, იგი აზრს სძენდა ამ ჭარმაგი ადამიანის ცხოვრებას.
ამდენად წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, არანაირი „რეზონი“ თავის მოკვლისა (მით უმეტეს ამგვარი „ჩახლართული“ გათვლით, - რომ ასე მაინც აეძულებინა ხელისუფლება, რაღაც ნაბიჯები გადაედგა), ნამდვილად არ ჰქონდა.
ბოლოს და ბოლოს, თუ თავზე ხელი აიღო და უკანასკნელ ზღვარს მიადგა, მაშინ თავს რატომ მოიკლავდა - მივიდოდა და იმ ხალხს დახოცავდა, ვინც შვილი მოუკლა: სახელი იცოდა მათი, გვარი იცოდა, სად ცხოვრობდნენ, იცოდა, სად მუშაობდნენ, იცოდა და ა.შ. ამაზე წამსვლელი (და „გამკეთებელი“) ნამდვილად ჩანდა თუ, ვიმეორებ, ხელს ჩაიქნევდა ყველაფერ სხვაზე. არადა, ხელი ჩაქნეული ნამდვილად არ ჰქონდა და, ყველაფრის მიუხედავად, მაინც აპირებდა, ბრძოლა გაეგრძელებინა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მეორე მხრივ, იმედგაცრუებული რომ იყო, ესეც ცხადია: ხელისუფლების შეცვლიდან დღემდე მან ვერა და ვერ მიაღწია იმას, რომ გამოძიებისას თუნდაც დაკითხულიყვნენ ის პირები, ვინც ზურა ვაზაგაშვილი ჩაცხრილა კორტებთან. ამაზე იური ვაზაგაშვილი ნაკლებს ლაპარაკობდა, თუმცა პირველ რიგში სწორედ ამ ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდა ხელისუფლებისგან, რასაც ვერა და ვერ მიაღწია.
სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო და საგულისხმო მომენტი ამ ბნელ, სისხლიან და ტრაგიკულ ისტორიაში: არც წინა გენერალურ პროკურორს, არც დღევანდელს და არც შსს-ს ახალ ხელმძღვანელობას არაფრის დიდებით არ აწყობთ უშუალო შემსრულებლების დასჯა. „უშუალო შემსრულებლებად“ კი ცხადდებიან პოლიციელი ფირცხალავა, რომელმაც (როგორც თვით იური ვაზაგაშვილი ამბობდა) დაგეგმა „დაკავება-ლიკვიდაციის“ ოპერაცია, აგრეთვე, ის „სპეცდანელები“, რომლებიც კადრებშიც ჩანან: როგორ ცხრილავენ უკვე გაჩერებულ მანქანას, რომელშიც ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ.
ანუ აქ კვლავ მეორდება იგივე სინდრომი, რაც პირველად გამომჟღავნდა 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დარბევის საქმეში: ვანო მერაბიშვილს წაუყენეს ბრალდება, მაგრამ რაღაცნაირად მოახერხეს ისე, რომ არ დაუსჯიათ არც ერთი სპეცდანელი, არც ერთი პოლიციელი, არც ერთი პოლიციისა თუ ქვედანაყოფის უფროსი, ვინც უშუალოდ სცემდა, ასახიჩრებდა, აწამებდა, შეურაცხყოფდა ადამიანებს!
თუ რატომ არ დაუსჯიათ, ეს პირდაპირ, სიტყვასიტყვით თქვა ყოფილმა გენპროკურორმა არჩილ კბილაშვილმა: „პოლიციელმა ხომ, თუ საჭიროა, სიმტკიცე უნდა გამოიჩინოსო“,
ანუ, თუ გადმოვთარგმნით: „ამგვარი ოპერაციების ჩატარება ხომ ახალ ხელისუფლებასაც შეიძლება დასჭირდეს და თუ უშუალო შემსრულებლებს დავსჯით, მაშინ ჩვენს ბრძანებას ვინღა შეასრულებსო“.
კიდევ უარესადაა საქმე ზურა ვაზაგაშვილის შემთხვევაში: შესაძლებელი რომ იყოს ვანო მერაბიშვილისთვის ამ თემით ბრალდების დამძიმება, ერთი წუთით არ დაფიქრდებოდნენ, მაგრამ მერაბიშვილს შესაძლოა, არც სცოდნოდა უშუალოდ კორტებთან ჩატარებული ოპერაციის შესახებ! ეს (იური ვაზაგაშვილის მტკიცებით) იცოდა ფირცხალავამ და, როგორც ჩანს, საქმე მისი დაპატიმრებისკენ მიდის,
თუმცა, მთავარი სირთულე კვლავ წამოიჭრება და ეს სირთულე აყოვნებს ფირცხალავას დაპატიმრებას: აქ (მაინც) როგორ შეიძლება დააპატიმრო ის, ვინც დაკავება-ლიკვიდაციის ოპერაცია დაგეგმა და არ დაიჭირო ისინი, ვინც უშუალოდ ესროდა, უშუალოდ ცხრილავდა ახალგაზრდებს? აბსოლუტურად შეუძლებელია, არადა, მათი დაპატიმრება პოლიციას, როგორც ერთიან კორპორაციას, დაანგრევს!
რაკი ზურაბ ვაზაგაშვილი პოლიციელებს „პრესტუპნიკად“ მიაჩნდათ, თუ მისი ჩაცხრილვისთვის პოლიციელებს (სპეცდანელებს) დააპატიმრებენ, ეს იმდენად დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს პოლიციაში, რომ ხელისუფლება ამ დასაყრდენს დაკარგავს!“
ესე იგი, ხელისუფლება დღეს მართლაც ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ეს ნუ გააკვირვებთ: ძალაუფლება ხომ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა. მათ შორის რთული გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობაც, ამიტომ, ასე თუ ისე, უნდათ თუ არა, მაინც მოუწევთ არჩევანის გაკეთება: იური ვაზაგაშვილის აფეთქებამ „შუაშისტური“ გზა აღარ დატოვა.
გაზეთი „პრემიერი“, მიხეილ გეწაძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |