|
“პრემიერი” ამ წერილით ასრულებს ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას, რომელიც 2007 წელს შედგა სოდ-ში სამ პირს შორის. ამ სამი პირიდან ერთი, მერაბ კალანდაძე სადახლოს გამშვებ პუნქტზე იქნა მოკლული, ორიდან ერთის სახელი ცნობილია - პაატა, მესამეს ვინაობა საქმის მასალებიდან, რომელიც პირველ ტომშია, ჯერჯერობით არ იკვეთება. “პრემიერი” უკვე მეშვიდე წერილს აქვეყნებს ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე #090060045. საქმის გამოძიება დაიწყო 2006 წლის 18 იანვარს და 2011 წლის 12 ოქტომბერს დასრულდა. გამოძიება დაიწყო ლაშა შუშანაშვილის, კახა შუშანაშვილისა და გელა ლოლიაშვილის მიმართ, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის ფაქტზე შსს-ს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში (სოდ-ი).
ერთადერთი მოწმე, რომელიც ირაკლი კოდუას (ის ხელმძღვანელობდა სოდ-ს ამ პერიოდში) ჰყავს ამ საქმეში, ვინც ხაზგასმითა და ცალსახად აცხადებდა, რომ შუშანაშვილი კანონიერი ქურდია, არის მერაბ კალანდაძე. მერაბ კალანდაძე ასევე აქტიურად მონაწილეობდა წყნეთში არსებული ერთ-ერთი სახლის ჩამორთმევის პროცესში, სახლისა, რომელზეც ირაკლი კოდუა და მისი კომპანია ფიქრობდა, რომ ლაშა შუშანაშვილს ეკუთვნოდა. ქვემოთ თქვენ წაიკითხავთ ფარული ჩანაწერის “კანცოვკას” და კომენტარებისა და ყოველგვარი შეფასების გარეშე გააკეთებთ დასკვნას. მე კი გავიმეორებ ადრე ნათქვამს: საქმეზე გამოძიება დაიწყო მაშინ, როცა სიმღერა “ასეთია ქურდი კაცის ბედი” ვინმეს რომ მოესმინა (რომ ემღერა, ამაზე არაფერს ვამბობ),ს იჭერდნენ და “სროკზე” უშვებდნენ. მერაბ კალანდაძე კი, როგორც ფარული ჩანაწერიდან ირკვევა, იცნობდა ყველა ე.წ. კანონიერ ქურდს, მათთან მეგობრობდა და ნათესაური კავშირიც ჰქონდა ზოგიერთთან, მაგრამ მისთვის ბრალი არავის წაუყენებია. ვფიქრობ, მეტის თქმა ზედმეტია, ისედაც ყველაფერი გასაგებია და მით უმეტეს, გასაგები და ცხადი გახდება, როცა ფარულ ჩანაწერს წაიკითხავთ...
ფარული ჩანაწერის გაშიფრული ტექსტი, როგორც უკვე ვთქვი, 13 ფურცელზეა განთავსებული და მასში მონაწილეობს “მ” (კალანდაძე), “მ2”, ვინმე პაატა:
მ - არ არის ეს სხვა საუბარი, დამიჯერეთ რა. შემედავება ეგ მე, მეტყვის, რომ შენი ჩვენების საფუძველზე წაიღეს სახლიო, ძმაოო, და წაიღეს და მაშინ ან შენი სახლი მომეცი, ანდა იმ სახლის საფასური გადამიხადეო. იქ შუაში ვერავინ ვერ ჩადგება, რა... ვერავინ. მაგნაირი მაქვს ნანახი ძალიან ბევრი, მაგაზე ბევრად ისეთი და მერე შემობრუნებული ძალიან ცუდად. ახლა მე ის კაცი არ ვარ, რომ გავიქცე და მიშველეთ-მეთქი, ვიძახო და უნდა გავყო თავი ძალიან ცუდ სიტუაციაში.
პ - რას გეტყვის, რატომ თქვიო?
მ - რა თქმა უნდა, მეტყვის და დამიჯერეთ, რომ მაგას ეს ვარიანტი დაჟე აწყობს. აი, აწყობს დაჟე, რა. იმიტომ რომ მაგან იცის, რომ ეგ დაკარგულია, ისე როგორც დაიკარგა ყველასი, მაგრამ თუ შევა მეტი ქურდი, მიხედავენ და დამერწმუნეთ, რომ კაი მისადავებელი თემაა. ის აქ არ ჩამოვა, მაგრამ რა იქნება ხვალ-ზეგ, ხომ არავინ ვიცით?
მ2 - კაი, რაც იქნება, იქნება, რა ვქნა, რა?
მ - მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად მივეხმარო, ის ვინ არის, რანაირად და მერე დანარჩენი, ახლა ეგ ისეთი ხალხია, რომ არა მგონია, მე მანდ... რაც იყო, იმ ფაქტს ვერავინ უარყოფს.
მ2 - მაგის სახლს...
პ - რა ფაქტს?
მ - ხო, რა თქმა უნდა, ვინც იცოდა, ვინც მშენებლობას აკეთებდა, ვისაც ხვდებოდნენ, ელაპარაკებოდნენ, ვინც, დავუშვათ, ის ავეჯი გაიტანა მთლიანად. მან ხომ ყველაზე კარგად იცის ეხლა, ავეჯის გამტანმა? მაგ სახლში ხომ ავეჯი არ აწყვია? რაც ავეჯი იყო, გაიტანა მძღოლმა.
პ - არა, უბრალოდ, რომ ამოიცნო ყველაფერი, ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს.
მ - მე ხომ არ უარვყოფ მაგას?
პ - მათ შორის თქვენც ხომ?
მ - მე არ უარვყოფ მაგას.
პ - უბრალოდ თქვენ ბრძანეთ, რომ მათი მხრიდან...
მ - რა თქმა უნდა, მე შემექმნება სერიოზული პრობლემები. დამიჯერეთ რა. ძალიან სერიოზული პრობლემები შემექმნება მე და ის იქ არის, მე აქა ვარ და მე, როგორ განვითარდება მოვლენები, არავინ იცის და ცოტა თავისებური კაცია და...
მ2 - წრიპას სახლი თუ გაქვს ნანახი?
მ - წრიპასი არა, სადა აქვს მაგას სახლი?
მ2 - ქუთაისში.
მ - ქუთაისში? რავი აქებენ, მგონი, რაღაცა გააკეთაო და მე მაქვს იმისი ნანახი, ზვიადაძის.
მ2 - ზვიადაძის?
მ - წრიპასი არა. პრინციპში, ეხლა ციხეზე იმდენ ფულს იშოვიდა, სახლს კი არა, სასახლეს ააშენებდა. ბატონ-პატრონი, ვინ აკონტროლებდა ამდენ საერთოებს (“ობშიაკს”), სად მიდიოდა?
მ2 - ხო, მარა ბოლოს?
მ - ბოლოს, ხო, ა, ბოლოს? ბოლოს დაარტყა პენალტი, ბანაობა მოუნდა.
მ2 - იმისთანა კაი პენალტი დაურტყა თავის თავს, იცი შენ, რაზედაც ვამბობ.
მ - ვიცი, მე ვიცი.
პ - და ფოცხვერიას სახლი ნანახი გაქვს?
მ - ფოცხვერიას არაფერი სახლი არ ჰქონდა.
მ2 - შიგნიდან?
მ - ისა, ერთად რომ აქვთ მალხაზას და მინდაძეს და მაგას? პადვალი ჰქონდა გაკეთებული, რაც მე მახსოვს, ფერადი შუშებით რაღაცა, სუფთა ქუთაისურ ვარიანტში.
მ2 - ბალახვანში?
მ - აი, შიკი ეხლა ისეთი როგორც აქ იყო, ნუ... ქუთაისელი მასტერების გაკეთებულია, მაგათი სახლები, ჩუქურთმებით და...
მ2 - კვიჟინაძესაც კაი სახლი აქვს.
მ - არ ვიცი, არ მინახია.
მ2 - სოფრომაძის, ბუხუტიას, კვიჟინაძის სახლი არ გინახია?
მ - არც კვიჟინაძის არ მინახია, კვიჟინაძესაც კაი სახლი აქვს. მაგენი ხომ ერთმანეთის ჯინაზე აშენებდნენ, საერთოდ ჯინაზე.
მ2 - ის სახლი ქუთაისში რად უნდა, დღემდე ვერ ვგებულობ, ის სახლი კვიჟინაძეს ქუთაისში რად უნდა?
მ - ასეთი კაი სახლი აქვს კვიჟინაძეს?
მ2 - მაქვს მაგის ჭიშკარი, ჩამოიღეს და გელათში დაკიდეს.
მ - კაი კაცო, ნამდვილად არ მინახია.
მ2 - სეფისკვერაძის.
მ - სეფისკვერაძე ფულიანი ქურდი იყო და მაგას კი უნდა ჰქონოდა კიდეც, რა.
მ2 - წრიპა კი ვიცი, მამამ ააშენა, ნაგვის მანქანაზე რომ მუშაობდა, იქ აგროვებდა ნელ-ნელა ფულებს და...
მ - წრიპამ ააშენა კი...
მ2 - კალაშოვის სახლში რემონტი ვერ მოასწრო, რომ შეედარებინა.
მ - რად უნდათ ასეთი სახლები?
მ2 - ჭიშკარი რაღაცაა, ნანახი გაქვს?
პ - არა...
მ - არც მე მინახია.
მ2 - რაღაც ჭიშკარი არის, დავით აღმაშენებელს რომ ენახა, ჩამოხსნიდა.
მ - ეგეც კონფისკაციებში შედის სუყველა?
მ2 - აბა, ნაგვის მანქანაზე იშოვა მაგან მაგდენი ფული?
მ - არა, ნუ, მაგას საიდან იშოვიდა?.. ერთი კლეპოვიჩი იყო, უპატრონო, ის ჰქონდა, რა ჰქვია, ხუხულა დიღომში, რომ აჩუქო ვინმეს, არ წაიღებს... არ იცოდა, არა... ერთი უტვინო ბიჭი იყო, გრძელი ენა ჰქონდა და სულ პრობლემები ჰქონდა მაგ უბედურს... კვიჟინაძე ამბიციური ბიჭი იყო. სულ რაღაცა ტიპიალობისკენ იწევდა, იმას რა ჰქვია, ზაზა, ზაზა, სოფრომაძე კი არა...
მ2 - ამბროლაძე.
მ - ამბროლაძე. იმასაც აქვს სახლი გაკეთებული ქუთაისში შესასვლელთან, ოღონდ ქუთაისთან არა, აქეთ მაღლა, ისეთ ფუფლოზე აქვს გაკეთებული ეს სახლი, რომ იტყვი აი, სიდედრისთვის აქვს გაკეთებული, მეტი არაფრისთვის, ამბიციური ხალხია...
პ - რუსთავში კიდევ იცნობდით ვინმეს?
მ - რუსთავში? ბატონო პაატა, ქურდებს ვიცნობდი საერთოდ, ისეთ უბანში დავიბადე და გავიზარდე, ჯოხი რომ გესროლა, ქურდს მოხვდებოდა თავში. იქიდან მერე ცხოვრება ისე წავიდა და ისე აეწყო, რომ ზოგმა ბავშვი მომინათლა, ზოგმა რაღაცა ურთიერთობები და ცნობით ყველას ვიცნობდი, თითქმის. თუ ვინმე რამეს წარმოადგენდა და რაღაცა, ცნობით ყველას ვიცნობდი და... კი, რუსთავში, თითქმის ყველას. ხმელიძე არის ერთი, გიორგი, ხმელო, აი დღესაც მიკვირს, რატომ აირჩია მაგ ბიჭმა ქურდის სახელი. მიკვირს, რა... იმდენად წესიერი ადამიანია, თავისი ცხოვრების წესით, თავისი პირადული ურთიერთობებით და ადამიანია იმნაირი, კაცი ისეთი, რომ თუკი რამეს შოულობს, ეკლესიებს აშენებს. სამი ეკლესია უკვე აშენებული აქვს. მიკვირს, რა, ამ სახელს რატომ გამოეკიდა, რა. იმდენად წესიერი პიროვნებაა და რაღაცნაირი, ღვთისმოსავი კაცია. დანარჩენები წვრილფეხობა, ერთი ლაშა იყო.
პ - თქვენი პოზიცია მაინც საბოლოოა და პრინციპული?
მ - ჩემი პოზიცია, სამწუხაროდ, ასეთია, ბატონო პაატა.
პ - იცი, მარა ვერ იტყვი.
მ - კი, შეცდომა იყო, მე არ უნდა დამერეკა. მე არ უნდა მელაპარაკა ამ თემაზე საერთოდ, შეხებაც არ უნდა მქონოდა მე ამ თემაზე. იმიტომ რომ იქ უკვე დაფიქსირდა ეს მომენტი და ეს არის ძალიან ცუდი, რასაც აი, ესე დაიხვევენ ხელზე, რა. აი, გნებავთ თქვენც შეხედეთ თქვენი პოზიციიდან და დამეთანხმებით, რომ ეს ესე იქნება, რა. არ უნდა დამერეკა და არ უნდა დავლაპარაკებოდი მე საერთოდ მაგას მაგ თემაზე. იმიტომ რომ ვიცოდი, ეგ არაფრის გამფორმებელი არ იყო, ეს პასუხი იქნებოდა. ეხლა მთხოვეთ და სხვა გზა არ იყო, უნდა დავლაპარაკებოდი და ვუთხარი, იმის სახლზე მე ჩავერთე, ამის სახლზე მე ჩავერთე და, მაკლერი ხომ არა ხარო, გამაგებინე, რა გინდაო, რას ერევიო? დაანებე ამ საქმეს თავი, ვისიც არის პატრონები... შეიძლება ეხლა ბევრმა ვერ იგრძნოს, როგორი ლაპარაკი იყო და რა მესიჯი ვიგრძენი მე ამით. რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი ვარ ეხლა მე მაგ სიტუაციაში, წამებაზე(?) რა. ლიჟბი ერთი ასო იყოს, სხვა მაქსიმალურად ვეცდები, რომ მოგეხმაროთ, მაქსიმალურად. ეხლა იმაზე კაი ვარიანტი მანდ არ არის, რა... დამტანჯე, საინტერესოა რა, იმიტომ რომ...
პ - რომ ჩამოდიოდა შაქრო, ძირითადად მანდ იყო?
მ - არა, სხვათა შორის... ზაფხული თუ იყო, მაშინ თუ ავიდოდა მანდ, ზაფხული თუ იყო, თორემ ხან სასტუმროში ჩერდებოდა, ანდა ვაკეში ბინას ქირაობდა, ვაკეში, სადა იცი? მილიციის, არაყიშვილზე მილიცია რომ იყო... აი, მაგ სახლში, მანდ ჰქონდა ნაქირავები ბინა და თუ დაემთხვეოდა, რომ ზაფხული იყო, მაშინ ადიოდა წყნეთში და მერე, წყნეთში რაღაცა შემთხვევა იყო 2002-ში, ააფეთქეს მაგის ცოლი მანქანაში. ეგონათ მძღოლი, მაგას მიამსგავსეს. აი, იმ მძღოლს, რომ ნახავ, მიხვდები, როგორი შავი ტიპია, ჰგავს ძალიან. ეგონათ, რომ მძღოლი და ის იჯდა, მარა გადარჩა მაშინ. ადრე მოუწიათ დაჭერა და წინ აფეთქდა. და მერე მაგ გზაზე აღარ დადიოდნენ, იმიტომ რომ ისეთი ცუდი გზა იყო, თუ ვინმეს რამეს გაკეთება უნდოდა, ძაან ადვილი გასაკეთებელია, რა... პავაროტებში... ცხოვრობდა მაშინ ქალაქში, მარა ბოლოს ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა. აი, ძალიან იშვიათად... (გაითიშა გამოსახულება)
მ - სოდ-შიც ითიშება დენი, კაცო?... წყნეთში ამის ყველა ასვლას და იმას აფიქსირებდა, რა. შეიძლება მართლაც ჰყავდა კიდევაც ვიღაცა ქალი მიჩენილი, ლტოლვილი ქალია და იქ ცხოვრობს... ის ქალი სულ, ვინმე მივიდოდა თუ არა, იმ წუთში იწერდა მანქანის ნომრებს და ყველაფერს.... მაგან იცის, როდის ვინ წავიდა-წამოვიდა... მაგიტომ მინდა, რომ აი, მოგეხმაროთ და გითხრათ, რა როგორ და რანაირად შეიძლება მაგის გაკეთება...
ამ ფარული ჩანაწერის გაკეთების შემდეგ მერაბ კალანდაძე იძულებული გახადეს, გამოძიებისთვის მიეცა ჩვენება. მოკლედ, როგორც იტყვიან, ძაღლი იმის გადასათრევი შეიქნა, ვინც მოკლა...
გაზეთი „პრემიერი“, დარეჯან მეფარიშვილი
გაგრძელება იქნება
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |