|
რა შეცდომებიც აქვს დაშვებული ხელისუფლებას და მის კონტროლქვეშ მყოფ პროკურატურას, გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება
"ჯორჯ სოროსი საქართველოდან ძალიან დამშვიდებული და კმაყოფილი წავიდა"
ნატოსა და ევროკავშირისთვის სრულად დამაჯერებელია ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი საქართველოს ერთგულება, რაც არაერთხელ დადასტურდა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში.
საქართველო მოელის, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ევროპარლამენტი დეკემბერში მოახდენს. სასიკეთო პერსპექტივების არსებობის შესახებ 18 ნოემბერს ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმაც ილაპარაკა. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მან კიდევ ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების აუცილებლობაზე, დახმარება აღუთქვა ქვეყანას ვიზების ლიბერალიზაციის წარმატებით მიმდინარე პროცესის ხელშეწყობაში, დაადასტურა ინტერესი საქართველოს დემოკრატიული რეფორმების მისამართით და საქართველოს კიდევ ერთხელ დაუფასა ევროკავშირის ქვეყნების დახმარება სამშვიდობო მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა თუ მალიში.
თავის მხრივ, საქართველოს დელეგაციამ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კვლავ დაადასტურა ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი ერთგულება და გამოხატა მზადყოფნა შემდგომი ძალისხმევისთვის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ევროპული და ევროატლანტიკური კურსის სიმტკიცეს ირაკლი ღარიბაშვილმა "საქართველოს ეროვნული იდეა" და "ცივილიზაციის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი" უწოდა, ხოლო ასოცირების შეთანხმება მოიხსენია მთავარ სამოქმედო გეგმად საქართველოს ევროპეიზაციისა და მოდერნიზაციისთვის.
"ასოცირების შეთანხმება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი. მაქვს ამბიცია, რომ ჩემი ქვეყანა ვაქციო წარმატების მაგალითად რეგიონში – ევროინტეგრაციის პროცესის ტრანსფორმაციის ძალის გამოყენებით. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას განვიხილავთ არსებით საფუძველად, რომელზეც დაშენდება ჭეშმარიტად ევროპული, სტაბილური და ქმედითი პლურალისტური დემოკრატია, კონტროლისა და ბალანსის ეფექტური მექანიზმებითა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებით". - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბოლო კვირაში განვითრებულ ქვეყნის საშინაო და საგარეო მოვლენებთან დაკავშირებით, "პრემიერი" "თავისუფალი დემოკრატების" წევრს,
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა:
- ირაკლი ღარიბაშვილმა საუკეთესოდ წარმოაჩინა საქართველოს საგარეო სახელმწიფოებრივი კურსის პრიციპები, რომლის მიმართაც გარკვეული საფრთხის დანახვაც თქვენმა გუნდმა სულ ახლახან, სახელისუფლებო კოალიციიდან ოპოზიციაში წასვლის მოტივად აქცია. როგორ აფასებთ პრემიერის ვიზიტის შედეგებს და თუ ეს ასე იყო მანამდეც, მაშინ დააკონკრეტეთ, რეალურად რას გულისხმობდით ირაკლი ალასანიას გუნდი, როცა კურსის შეცვლაზე აკეთებდით აქცენტს?
- ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გახმიანდა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროკავშირის, საქართველოსა და ნატოს მხრიდან. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მახარებს და არის უაღესად მნიშვნელოვანი და პრინციპული, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნება ნატოს საწვრთნელი ცენტრი, შესაბამისი სამხედრო ინფრასტრუქტურა, სადაც მოვლენილი იქნებიან მაღალი რანგის ნატოს სამხედრო ოფიცრები, ჩატარდება წვრთნები ძალიან მაღალი ინტენსივობით. მიხარია, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც მივიღეთ უელსის სამიტზე. ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, თავდაცვის უწყების ჯგუფმა ნატოს ექსპერტებთან ერთად დეტალური გეგმა შეიმუშავა, რომელიც პრაქტიკულად ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. მე ამ მოლაპარაკების მიმდინარეობის საქმის კურსში ვიყავი და მიხარია, რომ ახალი მინისტრიც პრინციპულად არის განწყობილი, რათა უახლოეს პერიოდში ეს ინფრასტრუქტურა გაიხსნას. ძალიან კარგია, რომ პრემიერი შეეხო 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრას. მან რუსეთ-საქართველოს ომსა და უკრაინას შორის პარალელები დააფიქსირა ძალიან მკაფიოდ, რადგან ცხადია, რომ, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა, დღეს ყველაფერი უკრაინაში გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა დეკლარირებულად განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც ვერავინ გადაუხვევს. მივესალმები ასეთ დეკლარაციებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ის შეთანხმება, რომელიც მიღწულ იქნა ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით, უახლოეს პერიოდში შესრულდება. რაკი რაღაცების ერთმანეთში შეზავება ხდება, ის, რაც ჩვენ განვაცხადეთ, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ირაკლი ალასანიამ, ზოგადად, კითხვის ნიშნის ქვეშ პოლიტიკური კურსი დააყენა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საფრთხე შეექმნა ევროატლანტიკურ კურსს, ახლაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პროკურატურის მაშინდელი უმეცარი ქმედებით რეალურად სერიოზული ზიანი მიადგა იმ რგოლს, რომელიც არის მთავარი დამაკავშირებელი საქართველოსა და ნატოს შორის. თავდაცვის სამინისტრო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აღიარებით, არის ყველაზე წარმატებული უწყება, რომელმაც რეფორმები განახორციელა და ზუსტადაც გამჭვირვალობის კუთხით მიაღწია ყველაზე წარმატებულ შედეგებს და ამ დროს შეტევა განხორციელდა მასზე, ირაკლი ალასანიას მნიშვნელოვან ვიზიტში ყოფნის დროს. თან ეს გაგრძელდა მისი დაბრუნების შემდეგაც და გადავიდა აგონიურ ქმედებაში. თუ ქრონოლიგიასა და სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, მართლა ღიმილის მომგვრელია, ყოველდღიურად გვესმის: საბურავები, აკუმულატორები, ფეხსაცმელები და ა.შ.
- "თავისუფალი დემოკრატები" ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც პროკურატურის უკან მდგომ პრემიერ-მინისტრს, ასე დაუპირისპირდით. რა შუაში იყო ის პოლიტიკური განცხადებები ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში, თუკი საზოგადოებისთვის კონკრეტულად არაფრის თქმას არ აპირებდით?
- ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ რეალურად ქვეყანა სხვაგან უხვევს, ჩვენ არც ეს გაგვიჭირდება და უფრო პრინციპულად ვიტყვით, რასაც კიდევ უფრო მძაფრი მოქმედებები მოჰყვება. ჩვენ ვთქვით, პროკურატურას თავისი ქმედებებით საით მიყავს ჩვენი ქვეყანა, რომ საფრთხე ექმნება ევროატლანტიკური კურსის განხორციელებასა და რეალიზებას. ამიტომაც გვინდოდა ამ საკითხის განხილვა პოლიტიკური საბჭოს შეხვედრაზე. ახლა როგორც იკვეთება, პროკურატურის მხარე აღმოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და სხვადასხვა ინსტიტუტებიდან, ასევე, მისი საპარლამენტო ფრთა, რომელიც რელურად არის "ნაციონალური ოცნება".
- ირაკლი ალასანიამ ხელისუფლებას ბოლო გაფრთხილება მისცა გამოძიების მასალების ადვოკატებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებს, გაახმაუროს და საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს იმ დეტალებთან დაკავშირებით, რის შესახებაც დღემდე ხმამაღლა არ საუბრობთ. არის ეს ულტიმატუმი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ემყარება პოლიტიკურ, ან სხვა მოტივაციას თუ არის შანტაჟი, რომლის ნამდვილი მიზეზიც საზოგადოებისთვის გაუგებარია?
- მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სხვა ფორმულირებას ვერ დავარქმევთ, თუ არა ირაკლი ალასანიასა და მისი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ დევნას. ერთადერთ რაღაცას ვითხოვთ დღეს, რომ მოეხსნას გრიფი, განსაიდუმლოვდეს მასალები, რომლებიც აუცილებელია, რომ ადვოკატებმა შეისწავლონ და ადეკვატურად დაიცვან თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანები. რაც მეტად იწელება დროში, მით მეტად ვრწმუნდები, როგორც კი მასალები ადვოკატების ხელში მოხვდება, ე.წ. კაბელების საქმე ძალიან მალე საპნის ბუშტივით გასკდება. ჩვენ არ გვიკადრია და არ წავსულვართ ევროკავშირში, ევროსაბჭოში, ეუთოში, პარტნიორი ქვეყნების ქალაქებში. მალე მიემგზავრება ირაკლი ალასანია და შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ამ თემას სულ სხვა ელფერი მიეცემა. ეს თუ გინდათ ულტიმატუმად აღიქვით, გნებავთ, როგორც ხელისუფლებისადმი შეთავაზებად. "თავისუფალი დემოკრატების" მთელ გუნდსა და პირადად მე, ორი ათწლეულის განმავლობაში დაგვიგროვდა ურთიერთობებიც, გამოცდილებაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ამიტომ არ გვინდა, რომ ეს ამბავიც ისე წარმოჩინდეს, თითქოს ქვეყანა კიდევ ახალ პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადადის. ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა მისაღები - მოეხსნას გრიფი და მიეცეთ ადვოკატებს შესაბამისი მუშაობის შესაძლებლობა.
- თუკი ამბობთ, რომ გაქვთ უნარი, საერთაშორისო საზოგადოება ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყოთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი ქმედება ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნის ინტერესებსაც აზარალებს?
- ამ შემთხვევაში ხელისუფლებასა და ქვეყანას ნუ გააიგივებთ. თუ ხელისუფლება შიდა პროცესებს არასწორად წარმართავს, ის ძალიან მძაფრ რეაქციას აუცილებლად მიიღებს. რა შეცდომებიც აქვს დაშვებული ხელისუფლებას და მის კონტროლქვეშ მყოფ პროკურატურას, გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება და ეს არის მთავარი. ზუსტად ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენს ქვეყანაში დავალაგოთ ეს ურთიერთობები, ოღონდ ადვოკატებს უნდა მიეცეთ თავიანთი ფუნქციის განხორციელების საშუალება. ეს არ არის ის მოთხოვნა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს ვერ უნდა ესმოდეთ.
- შეგიძლიათ, უფრო მეტი თქვათ იმ სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელეთ. საზოგადოებას ჰპირდებოდით, რომ ნათელს მოჰფენდით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე ძალადობის დეტალებს და ავტორებსაც დაასახელებდით...
- თქვენ იმ სტატუსის ბოლოში იუმორის ღიმილები ნახეთ?
- კი, მაგრამ ხუმრობის ხასიათზე იყავით?
- ხუმრობის ხასიათზე გარკვეულ პერიოდებში ისედაც ვარ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რეალურად მანდ უშუალოდ, არავითარი საქმე არ ეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ყოფილი მინისტრები იყვნენ პრემიერ-მინისტრისგან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ "მხილებული" "ნაციონალური მოძრაობის" ლობიზმში და აწი იხილოს უკეთესად, როგორ რეალობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი საგარეო პოლიტიკური ფრონტის მაღალ საერთაშორისო ტრიბუნაზე რომ წარდგება-მეთქი.
- ანუ აქაც ხელისუფლების შანტაჟის მესიჯი იკითხება?
- არა, რატომ ხმარობთ ამ სიტყვას. გადაავლეთ თვალი ცალკეულ გამოსვლებს და მიხვდებით, რასაც ვამბობ. ეს მთავრობას არ ეხება.
- გასულ კვირას საქართველოს ჯორჯ სოროსი სტუმრობდა, რის შემდეგაც გამოითქვა მოსაზრება, რომ მან შეამოწმა ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციის შესაძლებლობა, რაც ჯორჯ სოროსმა შევარდნაძის მმართველობის დროს გააკეთა. მაშინაც ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა შევარდნაძესთან, ჯერ მისი მეგობარი იყო, შემდეგ მათ შორის დაპირისპირება მოხდა და მერე რაც მოხდა, საზოგადოებამ 2003 წელს თავისი თვალით ნახა. შეიძლება თუ არა, რომ მის ვიზიტს ერთგვარი რევიზია ვუწოდოთ?
- მიმაჩნია, რომ ჯორჯ სოროსი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფიგურაა. მას საქართველოში ძალიან სერიოზული ინვესტიცია აქვს განხორციელებული დემოკრატიის განვითარების კუთხით და მისი ინტერესი რეალუარდ გასაგებიც არის იმ მოვლენების შემდგომ, როგორც განვითარდა პროცესები. მას რეალურად აინტერესებდა, მართლაც რა ხდება ქვეყანაში, რა ძალთა გადანაწილებაა და, საერთო ჯამში, საით მიდის საქართველო. დარწმუნებული ვარ, რომ ჯორჯ სოროსმა საკმარისზე მეტი ინფორმაცია მიიღო დახურული შეხვედრებიდან, სადაც დარწმუნდა, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება, ახალი ოპოზიციური ძალა შემოვიდა ასპარეზზე და ძალიან სწრაფი ნაბიჯით მიიწევს წინ.
- გამოდის, "თავისუფალი დემოკრატების" პატივსაცემად ჩამოვიდა?
- თქვენ გინდათ, რომ ხმაურიანი დასკვნა გავაკეთო, მაგრამ შინაგანად ჯერ კიდევ დიპლომატიაში ვარ და ვერიდები. მას აინტერესებდა, რეალურად რა ვითარებაა ქვეყანაში, როგორ ხედავს ხელისუფლება მოვლენების განვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჯორჯ სოროსი საქართველოდან ძალიან დამშვიდებული და კმაყოფილი წავიდა. ის ვითარების შეგრძნების მიზნით ჩამოვიდა, მიიღო ეს განცდები და გაემგზავრა.
- თქვენ თუ შევხვდით, ან გაქვთ თუ არა მასთან ურთიერთობა?
- არც მე და არც "თავისუფალი დემოკრატები" არ შევხვედრივართ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა "სოროსის ფონდთან". ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ძალიან კარგად ვთანამშრომლობდით და მათდამი ახლაც მაქვს პრინციპული თხოვნა, რომ ევროკავშირის, ასოცირების შეთანხმების ცნობადობის ამაღლების, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დაწყებული პროექტების განხორცილების კუთხით მეტი შესაძლებლობები მიეცეს არასამთავრობო სექტორს.
- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში გამორიცხავთ თუ არა, პოლიტიკური მოვლენების იმგვარი სცენარით განვითარებას, რომ ხელისუფლების შესაცვლელად რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ არაკონსტიტუციური გზა აირჩიოს?
- არ მინდა, აწ უკვე ცნობილი და სახელმოხვეჭილი, ყველა მიმართულებით ექსპერტის, ლელა კაკულიას ადგილი დავიკავო, მაგრამ ჩვენს გეგმაში მსგავსი რამ ნამდვილად არ შედის. "თავისუფალი დემოკრატები" 2016 წლისთვის ვემზადებით. ამ პრინციპით შემოვედით ოპოზიციაშიც, პოლიტიკაშიც, რომ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით უნდა მოხდეს. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაწესდეს ამ ქვეყანაში.
- სავარაუდო პოლიტიკური პარტნიორები თუ გყავთ შერჩეული საპარლამენტო, ან არასაპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრში?
- არა, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ერთ მხარეს არის "ნაციონალური ოცნება", მეორე მხარეს - "ნაციონალური მოძრაობა", შუაში - "თავისუფალი დემოკრატები". პარლამენტში ბევრ რამეს მოისმენთ და გაიგებთ ჩვენი საპარლამენტო ფრაქციისგან, დავიწყეთ სიარული რეგიონებში და 2016 წლის არჩევნებამდე გაწერილი გვაქვს სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვართ ძალიან სერიოზული ძალა.
გაზეთი „პრემიერი“, ხათუნა ხატიაშვილი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |