|
"ივანიშვილი ცდილობს, დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ის არ არის იანუკოვიჩი"
"შსს-ს მიერ 315-ე მუხლით წარმოებული გამოძიება ორგანიზებული პოლიტიკური რეპრესიების ნაწილია"
"ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას მოსწონს, არ არის ოპოზიცია"
"შიხიაშვილობა უნდა "ტეხავდეს"
"რევანში არავითარ შემთხვევაში არ იქნება - ამ მხრივ, ოპოზიციაში სრული კონსენსუსია"
"პრემიერის" კითხვებს უპასუხა იურისტმა, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა:
- ზაზა, მოგესალმები,
ჩვენი საუბარი 15 ნოემბრის აქციით დავიწყოთ. ფაქტია, რომ აქცია შედგა. მიუხედავად თქვენი ოპონენტების ქილიკისა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მისი პოლიტიკური მხარე - არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობას, არამედ დასავლეთს უნდა დაენახა, რომ ანექსიის საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თქვენ როგორ შეაფასებდით 15 ნოემბრის აქციას?
- მოგესალმებით. 2014 წლის 15 ნოემბერი გარდამტეხი დღე იყო ქვეყნის შიდაპოლიტიკური პროცესებისთვის. ხელისუფლების სრული კონსოლიდაციიდან 4 თვეში, ივანიშვილმა მიიღო ძალიან მკაფიო გზავნილი ხალხისგან. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ დღეს გარეთ გამოსულმა ათობით ათასმა ადამიანმა შეძლო ის, რომ საქართველოს საკითხი დააბრუნა საერთაშორისო დღის წესრიგში. ეს იმ ფონზე, როცა "ქართული ოცნების" დეკლარირებული მიზანი ყოველთვის იყო საქართველოს თემის გაქრობა დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოებათა სიიდან.
დღეს ყველასთვის ცხადია, რომ რუსეთთან "დალაგების" უკეთეს შემთხვევაში მიამიტმა, ხოლო უარეს შემთხვევაში კოლაბორაციონისტულმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. არანაირი წარმატება საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემებზე რუსეთთან მიმართებაში არ გვაქვს და, ამ პოლიტიკით, ვერც გვექნება. ცხადია, სერიოზულად ვერ ვისაუბრებთ იმათზე, ვინც მწვანილისა თუ ხილბოსტნეულის ექსპორტს წარმატებად აფასებს.
- საქართველო მაინც საბჭოური მენტალიტეტით ცხოვრობს, როდესაც მიტინგზე მყოფთა რაოდენობა განსაზღვრავს "მესიჯს", თითქოს მარტო რომ გავიდე და გავაპროტესტო რამე, ხელისუფლებისთვის ან დანარჩენი საზოგადოებისთვის თურმე არაფერს ნიშნავს. და მაინც, თქვენ როგორ დაგვანახებთ, რა იყო 15 ნოემბრის მთავარი მესიჯი?
- 15 ნოემბერმა ყველას დაანახა, რომ ქართველი ხალხის ნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევია და რომ საქართველოს მოქალაქეები არ მისცემენ ივანიშვილს უფლებას, გააგრძელოს კაპიტულანტური პოლიტიკა რუსეთის მიმართ.
ფაქტია, რომ აქციამ მყისიერი შედეგი გამოიღო. მაგალითად, აქციიდან მესამე დღეს ჩვენ ვიხილეთ საერთაშორისო ასპარეზზე კარდინალურად განსხვავებული რიტორიკით ამეტყველებული პრემიერ-მინისტრი. სამწუხაროდ, ეს იმის შედეგი კი არაა, რომ ხელისუფლებამ რაიმე არსებითად გადააფასა, არამედ იმისა, რომ ივანიშვილმა იგრძნო რეალური საფრთხე საკუთარი თავისთვის და ახლა რიტორიკის გადაწყობით ცდილობს, დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ ის არ არის იანუკოვიჩი.
- სიმართლე გითხრათ, მე რომ ვიყო ხელისუფლების წარმომადგენელი და მქონდეს ცალკეული ინიციატივების უფლება, ნამდვილად არ დაგითმობდით 15 ნოემბერს აქციის ჩატარების ინიციატივას. სწორედ 15 ნოემბერს, ისე, რომ არც კი გამოვჩნდებოდი, მთელ ქვეყანაში გავმართავდი სახალხო საპროტესტო მანიფესტაციას, თუნდაც იმავე სახელწოდებით და ეს იქნებოდა მესიჯი ავსტრალიაში იმ დროს მიმდინარე "დიდი ოცეულის" ქვეყნებისთვის. ანუ შევეცდებოდი საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნებას. ასეთ დროს თქვენ და თქვენი თანამოაზრეები სად იქნებოდით?
- ივანიშვილის ხელისუფლებას რომ ოკუპაციისა და ანექსიის საკითხი რეალურად აწუხებდეს, ის რომ აქტიურად იბრძოდეს ამ თემების აქტუალიზაციისთვის, "გაზპრომის" ლობისტებს საქართველოს ლობისტებად რომ არ ქირაობდეს, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ გულშემატკივრებსა და მოკავშირეებს საჯაროდ რომ ან ლანძღავდეს, უცხოელი მეგობრების კრიტიკას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მათი მოსყიდვით რომ არ ხსნიდეს, რუს ჯაშუშებს "პოლიტპატიმრებად" რომ არ ნათლავდეს და რუსეთისთვის მისაღებ კადრებს ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზე არ ნიშნავდეს, ღირსებასა და თავისუფლებას მწვანილსა და ვაშლზე რომ არ ცვლიდეს, რომ არ გვარწმუნებდეს, რომ რუსეთთან წარმატებული ურთიერთობის გასაღებს მიაგნო და უკრაინას ჩვენი გამოცდილების გაზიარებისკენ არ მოუწოდებდეს, რომ აცნობიერებდეს, რომ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების დაპყრობა სწორედაც რომ არის და ყოველთვის იყო რუსეთის სტრატეგია, რისგანაც თავს ქვიშაში თავის ჩარგვით ვერ დავიცავთ - ანუ ადეკვატური, არაკოლაბორაციონისტული, გონიერი ხელისუფლება რომ გვყავდეს, მაშინ, ბუნებრივია, 15 ნოემბრის აქციის გამართვის საჭიროება არც იარსებებდა. მაგრამ მაშინ არ იარსებებდა არც თავად "ქართული ოცნება". რადგან ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, "ოცნების" იდეოლოგიური ბაზისია.
15 ნოემბერს ხელისუფლებამ ის კი არ ქნა, რასაც თქვენ იზამდით და რასაც ნებისმიერი გონიერი ხელისუფალი იზამდა, არამედ მოაწყო საბჭოური ტიპის "შაბათობები", გამართა თიანეთის რალი, დანიშნა გარდაბნის მარათონი და ა.შ. რომ ხალხი აქციაზე არ ან ვერ მისულიყო. ეს იყო, ერთი მხრივ, უკიდურესად კომიკური, ხოლო მეორე მხრივ, ყოვლად სამარცხვინო რეაქცია 15 ნოემბერზე.
პრობლემა სწორედ ისაა, რომ ერთადერთი, რაც საქართველოს ხელისუფლებას რეალურად ადარდებს, პროდასავლური ოპოზიციის განადგურებაა. ყველა სხვა საკითხს ის ნაძალადევი ინტერესით, ზერელედ, უგულოდ ეკიდება და არაკომპეტენტურად ასრულებს. სწორედ ამიტომ, 15 ნოემბრის აქცია ქვეყნისთვის იყო საჭირო, დროული და სასარგებლო.
- საინტერესოა, რისი შეგეშინდათ? ან საბურავები სად წაიღეთ, ან 500-კაციანი რაზმები რატომ არ გამოიყვანეთ... ბოლოს და ბოლოს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და საქმეს არ "აპრავებთ"? უფრო სერიოზულად - თქვენ იურისტი ხართ და არსებობდა რაიმე საფუძველი საქმის აღსაძრავად? მით უფრო იმ ბრალდებით, რაც გაჟღერდა?
- უკაცრავად, მაგრამ ჭიკაიძის განცხადებებზე სერიოზული მსჯელობა ჩვენი მხრიდან უკიდურესად არასერიოზული იქნებოდა. ტრაგედია ისაა, რომ ჭიკაიძის წერილობითი ინტერვიუების უკან ღარიბაშვილი დგას, რომელიც, თავის მხრივ, ივანიშვილის შიშებსა და სურვილებს ახმოვანებს. ეს განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილს ფუნდამენტურ დონეზე არ ესმის დემოკრატიის არსი - რაც ბუნებრივიცაა, რადგან ის საბჭოთა მენტალობის ადამიანია.
ხელისუფლება ცდილობს, საკუთარ მომხრეებში დაამკვიდროს ტოტალიტარული აზროვნებისთვის დამახასიათებელი აზრი, რომ მას სურს კონსტრუქციული ოპოზიცია, უბრალოდ, "ნაციონალური მოძრაობა" თურმე "დესტრუქციული" ოპოზიცია ყოფილა. როცა ხელისუფლება "კონსტრუქციულ ოპოზიციაზე" საუბრობს, კარგი იქნებოდა, ვინმემ ჰკითხოს მას - ჯდება თუ არა "კონსტრუქციულობის" გაგებაში 2007-2012 წლებში ოპოზიციის ქმედებები? ანუ თუ "ნაციონალური მოძრაობა" იმოქმედებს ისევე, როგორც დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებდა ოპოზიციაში ყოფნისას, იქნება თუ არა ის "კონსტრუქციული"?
კითხვა, ცხადია, რიტორიკულია. ჭორები და ბოდვა რომ გვერდზე გადავდოთ, ვერ დაასახელებთ ვერც ერთ უკანონო ქმედებას ან არაკონსტიტუციურ ნაბიჯს, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადადგა. ამრიგად, შსს-ს მიერ 315-ე მუხლით წარმოებული გამოძიება იმ ორგანიზებული პოლიტიკური რეპრესიების ნაწილია, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ახორციელებს ივანიშვილი და რომლის გამოც, საერთაშორისო თანამეგობრობა სისტემატურ ზეწოლას ახდენს ოლიგარქის ხელისუფლებაზე.
ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას მოსწონს, არ არის ოპოზიცია. ივანიშვილისთვის სასურველი ოპოზიცია ბურჯანაძისა და ინაშვილის ღიად პრორუსული ძალებია, რაც თავად ივანიშვილზე, მის ღირებულებებსა და მიზნებზე მეტყველებს. ცხადია, "ნაციონალური მოძრაობა" არასდროს იქნება ხელისუფლებისთვის სასურველი ოპოზიცია, რადგან ეს ძალა არის ოლიგარქის ერთადერთი რეალური ალტერნატივა საქართველოში - ძალა, რომელიც კონსტიტუციური გზით აუცილებლად დააბრუნებს ქვეყანას თავისუფლებისა და განვითარების გზაზე.
- დასამალი არ იყო ის გარემოებაც, რომ საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში არსებობდა განცდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" წავიდოდა პროვოკაციაზე. არგუმენტად სახელდებოდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები - "ჩვენ ვერ დაველოდებით..." პროვოკაცია არ მოხდა, მაგრამ რას ნიშნავს "ჩვენ ვერ დაველოდებით..."?
- შოკი და პროვოკაციები არის ივანიშვილის რუსულ-ოლიგარქიული ხელწერა. რომელი ერთი გავიხსენოთ - მოდელირებული ცოცხები და გმირად ქცეული ბედუკაძე, რაფალიანცის დღემდე იდუმალებით მოცული მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც აქტიურად ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობა, ვინმე "ჰაკიმ ფაშას" ოინები და შედეგად დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანი, "სამარ ჩოკუტაევი" და ჯიჰადის ვიდეოების ისტორია თუ მრავალი სხვა?
როდესაც კეთილშობილი მიზნები გამოძრავებს, პროვოკაციები არ გჭირდება. ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე საქართველოს წესიერი, კანონმორჩილი მოქალაქეები უზრუნველყოფენ იმას, რომ ივანიშვილი მართლა 20 წელი არ დარჩეს და სწრაფი განვითარების გზაზე მდგომი ქვეყანა რუსეთის ბნელ პერიფერიად, თავის კერძო სამფლობელოდ არ აქციოს... მეორე მხრივ, "ოცნების" საბჭოთა რევანშისტულმა ხელისუფლებამ 2 წელიწადში უკვე იმდენი დანაშაული ჩაიდინა - დანაშაული, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად არის აღრიცხული და დოკუმენტირებული კომპეტენტური ადამიანების მიერ - და, პარალელურად, იმდენად დაბლა დასწია პოლიტიკური ოპონენტების დევნის სტანდარტი - აქაოდა, კანონზე მაღლა არავინ დგასო, რომ, ბუნებრივია, ის ბოლომდე ჩააფრინდება ძალაუფლებას. წესიერი მოქალაქეებისთვის მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იქნება. მჯერა, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხებთ ყველანი ერთად.
- არჩევნები ტარდება 2016 წელს, ქვეყანას მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით სჭირდება, რომ ამ პერიოდამდე მშვიდობიანად მივიდეს, მნიშვნელოვანი კატაკლიზმების გარეშე. და მაინც, თუ არსებობს იმის ალბათობა, რომ ვითარება აიჭრას და მოვლენები რევოლუციური გზით განვითარდეს? არსებობს ამის წინაპირობა?
- მოკლედ და კონკრეტულად გიპასუხებთ: დღეს საქართველოში რევოლუციას არავინ გეგმავს. ხოლო თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ გეგმავს, ვერავინ ვერაფერს გახდება კონკრეტული წინაპირობების გარეშე. მაგალითად, თუ ივანიშვილი ღიად გადაუხვევს ევროატლანტიკური კურსიდან, მაშინ ვერავინ დადებს თავს, რომ რევოლუცია არ მოხდება. ოლიგარქმა ეს კარგად იცის და, სწორედ ამიტომ, ძალიან ეშმაკურად მოქმედებს - ის ღიად არ ამბობს დასავლეთზე უარს, თუმცა მისი ხელისუფლების ყველა ქმედება - მათ შორის, თვის დასაწყისში განხორციელებული სტალინური საკადრო წმენდა მთავრობაში - არსებითად სწორედ ქვეყნის იზოლაციისკენ და "ევრაზიული" ტიპის დიქტატურის ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული.
- ცხადია, რომ ხელისუფლება ცდილობს "ნაციონალური მოძრაობის" მარგინალიზებას. მაგრამ ისიც ცხადია, რომ სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" - მისმა ექსწევრებმა გადაარჩინეს უმრავლესობა დაშლას. მართალია, ამის ერთმნიშვნელოვან გარანტიას ვერავინ გასცემს, მაგრამ სად არის იმის შანსი, რომ სამომავლოდ ისევ შიხიაშვილებით არ გაივსება პარტია და როგორც ადრე, მეგობრებს ისევ მტრად არ გაიხდით? სად არის შეცდომების მინიმალიზების შანსი? და სად არის იმის შანსი, რომ ვთქვათ, ერთ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" თუ ხელისუფლებაში აღმოჩნდა, რევანში არ დაიწყება?
- სამწუხაროდ, შიხიაშვილები მუდამ არსებობდნენ და მომავალშიც იარსებებენ. ასეთი ადამიანები, ერთი მხრივ, ყველას გულს ურევენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი ყველა ხელისუფლებას სჭირდება. გამოსავალი, ალბათ, სწორი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირებაა. შიხიაშვილობა უნდა "ტეხავდეს". მათ მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას საყოფაცხოვრებო დონეზე უნდა გამოვხატავდეთ - მათ სამარცხვინო კონფორმიზმს თუნდაც არმისალმებითა და ხელის არჩამორთმევით უნდა ვპასუხობდეთ... ეს ამ ფენომენს ვერ აღმოფხვრის, მაგრამ ჩვენს გარემოს ცოტათი მაინც გააჯანსაღებს. რაც მთავარია, ამგვარი მიდგომა, ადრე თუ გვიან, აიძულებს ყველა ხელისუფლებას, ასეთი ადამიანები გვერდით არ დაიყენოს.
რაც შეეხება რევანშს: "ნაციონალური მოძრაობის" მტერი ქვეყნის გარეთაა და არა ქვეყნის შიგნით. ამით განსხვავდება ეს ძალა "ქართული ოცნებისგან". ეს გამორიცხავს ნებისმიერ შიდაპოლიტიკურ რევანშს. ამასთანავე, არ უნდა დავივიწყოთ დღევანდელი ხელისუფლების ყოველდღიური მტკიცება, რომ კანონზე მაღლა არავინაა. კანონზე მაღლა მართლაც არავინ უნდა იდგეს. კანონი ყველას - ვიმეორებ, ყველას - ერთნაირად უნდა ეხებოდეს. იმედია, ქართული დემოკრატია ამ პრინციპს სრულფასოვნად დანერგავს. თუმცა, ეს სხვა თემაა. რევანში არავითარ შემთხვევაში არ იქნება, ეს გამორიცხულია. ამ მხრივ, ოპოზიციაში სრული კონსენსუსია.
გაზეთი „პრემიერი“, ალექსი ნოზაძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |