|
ე.წ. "გალი-გულრიფშის რაიონულმა სასამართლომ" 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს, ემზარ კვიციანს.
თავისთავად ნიშანდობლივია, რომ განაჩენი გამოიტანა სწორედ "გალი-გულრიფშის" არარსებულმა რაიონულმა სასამართლომ, რომელიც ფუნქციონირებს ზუგდიდში და "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის" ქვედანაყოფია. ეს სტრუქტურა კი მხოლოდ ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის სახელისუფლებო კონსტრუქციებსა და პოლიტიკურ ილუზიებში თუ არსებობდა.
ამ მხრივ ვირტუალური "გალი-გულრიფშის სასამართლოს" მიერ გამოტანილი განაჩენი საოცრად სიმბოლურია, თანაც იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც 1990-იან წლებში კოდორის ხეობა ეთნიკურ წმენდას გადაარჩინა და მიშას დროსაც ცდილობდა, გადაერჩინა, თუმცა არ გამოუვიდა.
ისიც საგულისხმოა, რომ 12-წლიანი განაჩენი ემზარ კვიციანს სწორედ ახალმა, ე.წ. "ოცნების" ხელისუფლებამ გამოუტანა, რითაც ძალიან ბევრი რამ "გაუპრავა" მიშას.
"ეგ ხომ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა და ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადაო". კი მაგრამ, თქვე დალოცვილებო, 2012 წლის "ამნისტიით" ათასი ნაძირალა გამოუშვით ციხიდან, მათ შორის "პოლიტპატიმრის" სტატუსით და ამ ბიჭმა ისეთი რა დააშავა?
"უჰ, რუსეთში გაიქცაო", _ სკრილნიკოვი რუსეთში გაიქცა კი არა, პირდაპირ რუსეთის მსტოვარი იყო, რეზიდენტის მოადგილის რანგით და არათუ გაუშვით, ან გაცვალეთ, არამედ "პოლიტპატიმრის" სტატუსი მიანიჭეთ.
სინამდვილეში, "ოცნების" ხელისუფლებას, რომელსაც მუდმივად, ლამის უკვე პათოლოგიურად ეშინია დამხობისა და "მიშას დაბრუნებისა", არ სურდა, შეექმნა პრეცედენტი, რომ ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გამწევი არ დაისაჯა, _ "ვაითუ ეს პრეცედენტი ჩვენ შემოგვიტრიალდესო".
ისევე, როგორც მათი "ნაპროკურორალი კბილაშვილი" ამბობდა გულწრფელად: 26 მაისის საქმეზე მხოლოდ ვანოს დავსჯით და არც ერთ პოლიციელს არ მოვთხოვთ პასუხს, რაკი "პოლიციელმა ხომ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს", _ თუ ჩვენც დაგვჭირდა მიტინგის დარბევაო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც ჩანს, "მეოცნებეები" უკვე ისეთ ბურანში არიან, ვერ ხვდებიან, რამდენად დიდი უსინდისობაა ახლა ემზარ კვიციანის 12 წლით ციხეში გამოკეტვა მას შემდეგ, რაც 2008 წელს მოხდა კოდორში და რის თავიდან აცილებასაც ეს ბიჭი ყველანაირად ცდილობდა.
"ყველანაირად ცდილობდა" არა იმიტომ, რომ რაიმე ბიზნესი ჰქონდა კოდორში (მისი ბიზნესი თბილისსა და ბათუმში იყო, ანუ მერკანტილური ინტერესი რომ ჰქონოდა, კოდორს ახლოსაც არ უნდა გაჰკარებოდა), არამედ იმიტომ, რომ ელემენტარულად "ისინდისა" და პასუხისმგებლობას გრძნობდა თავისი ნათესავების, მეგობრების, თანამებრძოლების, მშობლიური სახლ-კარისა და, მთლიანად, იმ საცოდავი კოდორელების მიმართ, რომლებიც ახლა ლტოლვილებად ყრიან სხვადასხვა ადგილას და მათი დაბრუნების არანაირი შანსი არ არსებობს.
რას ითხოვდა ემზარ კვიციანი?
როდესაც 2005 წელს უბრძანეს, კოდორი მიეტოვებინა _ მიატოვა.
როდესაც უბრძანეს, ადგილობრივი შეიარაღებული ფორმირება "მონადირის" მეთაურის პოსტი დაეთმო _ დათმო.
ამის შემდეგ ერთადერთი, რასაც ეს ბიჭი ითხოვდა, იხვეწებოდა, ყველას ემუდარებოდა, ტიროდა, იფიცებოდა, იყო შემდეგი: არ შეიყვანოთ ჯარი კოდორის ხეობაში, არ განალაგოთ იქ ე.წ. "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის" სახელისუფლებო სტრუქტურები, არ დაშალოთ "მონადირე", რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ერთადერთი რეალური დამცველია, თორემ ამ ნაბიჯებს თუ გადადგამთ, აფხაზები არ მოისვენებენ და აუცილებლად (აუცილებლად!!!) შეუტევენ კოდორის ხეობას, აუცილებლად გამოყრიან იქიდან უბედურ მოსახლეობას და ბოგანოებად აქცევენ ისე, რომ ვერავინ იმ ხეობას ვერ დაიცავს!!!
აი, ამას ამბობდა და ითხოვდა ემზარ კვიციანი. მაგრამ ვერაფერი შეაგნებინა კლინიკურ იდიოტებს, პირდაპირ ეთერში რომ გაიძახოდნენ: "კოდორის ხეობიდან სოხუმამდე 5 წუთის საფრენი აქვთ ჩვენს ბომბდამშენებსო".
გამოდგა თუ არა მართალი? რა თქმა უნდა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
1993 წლიდან, როდესაც კოდორის ხეობის რეალური მმართველი სწორედ ემზარ კვიციანი გახდა, ის რეგულარულად აწარმოებდა მოლაპარაკებას აფხაზებთან და ყოველნაირად ცდილობდა, რაღაც კომპრომისისთვის მიეღწია, იმ აზრით, რომ აფსუა ფაშისტებს ხელი აეღოთ კოდორის ხეობის ეთნოწმენდაზე.
ეს კომპრომისი სულაც არ იყო იოლი მისაღწევი, რადგან სწორედ კოდორის ხეობის თავზე ჩამოაგდეს, ომის დროს, აფხაზი ქალებითა და ბავშვებით სავსე ვერტმფრენი. და აფხაზებს კოდორელების სისხლი სწყუროდათ.
მიუხედავად ამისა, სწორედ კვიციანმა (დიახ, დიახ, სწორედ მან და არა ვინმე სხვამ) მიაღწია კომპრომისს და არაფორმალურ შეთანხმებას: აფხაზები არ შეეცდებოდნენ ხეობის აღებას, მოსახლეობის გამოყრას, სამაგიეროდ კვიციანი უზრუნველყოფდა, რომ ხეობაში არ განლაგებულიყო საქართველოს შეიარაღებული ძალები და ერთადერთი ფორმირება ადგილობრივი სვანების "მონადირე" ყოფილიყო.
ამ კომპრომისის შედეგად, კოდორის ხეობაში, ყველა მანკის მიუხედავად (ყაჩაღობა, ბანდიტობა, ხელისუფლების არარსებობა და ა.შ. და ა.შ.), მიღწეულ იქნა მთავარი: 1994 წლის შემდეგ, აფხაზებს მართლა არ უცდიათ რაიმე ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელება.
არა მხოლოდ იმიტომ, რასაკვირველია, რომ კვიციანთან მიაღწიეს შეთანხმებას, არამედ იმიტომაც, რომ იცოდნენ: ადგილობრივი სვანები და მათი ფორმირება "მონადირე" სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იომებდა და უდიდესი მსხვერპლიც ექნებოდათ.
სწორედ ემზარ კვიციანმა გადაარჩინა კოდორის ხეობა 2001 წელს, როდესაც სიბერეში გამოთაყვანებულმა ხელისუფალმა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო და პანკისის ხეობიდან კოდორის ხეობაში გადაისროლა ჩეჩენი საველე მეთაურის, რუსლან გილაევის ბანდა. ემზარ კვიციანმა დაარწმუნა ედუარდ შევარდნაძეცა და რუსლან გილაევიც, იქაურობას გასცლოდა, თორემ ეთნოწმენდის მცდელობა უკვე მაშინ განხორციელდებოდა _ უდიდესი მსხვერპლითა და ხეობის გადაწვით.
ანუ, ბალანსი, ასე თუ ისე, შენარჩუნდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ ბალანსის დარღვევის საფრთხე ემზარ კვიციანმა პირველად ე.წ. "ვარდების რევოლუციის" დროს იგრძნო და სწორედ ამიტომ გამოვიდა რევოლუციონერთა წინააღმდეგ უკვე მაშინ, რაკი მიხვდა, რომ "ესენი" აუცილებლად მოინდომებდნენ სტატუს კვოს დარღვევას (ანუ აფხაზებთან ძლივძლივობით მიღწეული კომპრომისის დანგრევას) მის მშობლიურ კოდორის ხეობაში.
და მართალიც გამოდგა: ხეობაში ჯარი შეიყვანეს, "მონადირე" განაიარაღეს, ბევრი დააპატიმრეს, ციხეებში ჩაყარეს, ხეობა სამხედრო პლაცდარმად აქციეს, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგა, _ ესე იგი 2008 წლის 10 აგვისტოს, _ იმ "დისციპლინირებულმა რეგულარულმა საჯარისო ბრიგადამ", ესე იგი ათასობით სამხედრომ, იარაღის მთები (მათ შორის უამრავი ამერიკული შაშხანა M-4, არტილერია, საზენიტო დანადგარები და ა.შ. და ა.შ.), თბილისიდან ყოველგვარი ბრძანების გარეშე, მტერს დაუტოვა და სამარცხვინოდ გამოიძურწა ისე, რომ "სირცხვილის დერეფანში" გაიარა.
დარწმუნებული ვარ, "მონადირის" ბიჭები რომ არ განეიარაღებინათ, ასე სამარცხვინოდ, ერთი გასროლის გარეშე მაინც არ გამოიძურწებოდნენ ხეობიდან.
ანუ ემზარ კვიციანი მართალი გამოდგა მთავარში, რაკი ბევრისგან განსხვავებით იცოდა და ხვდებოდა, რას რა მოჰყვებოდა.
ამიტომ მისი 12 წლით ციხეში ჩასმა მაშინ, როდესაც "კოდორის ხეობისა" და მთელი საქართველოს მთავარ დამღუპველებს ამ კითხვებსაც კი არავინ უსვამს ("რა მოხდა კოდორში 2008 წლის 10 აგვისტოს?!"), ზღვარგადასული იდიოტიზმის, უზნეობისა და თახსირობის გამოვლინებაა.
თორემ წინა ხელისუფლებას რას ვერჩით? _ როგორებიც იყვნენ, ისეთივენი არიან დღესაც.
გაზეთი „პრემიერი“, ავთო მანაგაძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |