|
რამდენი იყო ხალხი მიშას მიტინგზე? პრეზიდენტ მარგველაშვილის ულტიმატუმი; ახალი მინისტრები ძველი პროგრამით; რუსული "სპუტნიკი" ქართულ ორბიტაზე; ბენდუქიძე და "შარიკოვები"; "ოცნების" საბაგირო; "ქართული სოფლის ფეხბურთი"; ბურჯანაძის მემუარებიდან
ჯერ არ ჩატარებულა საქართველოში "პროსახელისუფლებო" თუ ოპოზიციური მიტინგი, პირველ რიგში ის არ ეკითხოთ, "ხალხი რამდენი იყოო". თითქოს ესაა განმსაზღვრელი! რაოდენობა კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენში მიტინგი არა საზოგადოებრივი აზრის გამოხატვის საშუალებაა (როგორც დასავლეთში), არამედ ხელისუფლებაზე უშუალო ზეწოლის ინსტრუმენტი!
არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არაა _ არსად არავის მოუვა აზრად, მომიტინგეთა რაოდენობის მიხედვით ზომოს, "რას ფიქრობს ხალხი". მაგრამ საქართველოში ასეა, რაკი ყველა რევოლუცია-გადატრიალება სწორედ მიტინგით იწყებოდა.
ზუსტად ამიტომ, სრულებითაც არ არის შემთხვევითი, რომ 15 ნოემბრის მიტინგის შემდეგ (არა მანამდე, არამედ ამ მიტინგის შემდეგ) პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, ბრიუსელში ყოფნისას, პირველად გააკეთა მკვეთრი ანტირუსული განცხადებები. ეს იყო მიშას მიზანი! ხომ ბევრჯერ ითქვა, "ჭკვიანი გიჟიაო". ის, როგორც ყოველთვის, ჭკვიანურად, მიზანმიმართულად და საკმაოდ ზუსტად თვლის საკუთარ სვლებს, თუმცა ამ სვლების მომზადებისას ხშირად ნერვიულობს და პირდაპირ ეთერამდე ხან ჰალსტუხის ღეჭვაში გამოიჭერენ, ხან არცთუ სასიამოვნო რეპლიკებში კიევიდან ჩართვის წინ.
მაგრამ ეს მაინც ნაკლებმნიშვნელოვანია (თუმცა წვრილმანი არ არის) მთავართან შედარებით: მიშამ ნამდვილად მოიგო 15 ნოემბრის აქციით. ისევე, როგორც მისმა გუნდმა. მათ ძალიან ჭკვიანურად გათვალეს, რომ მიტინგის მთავარი სათქმელი ისეთი უნდა ყოფილიყო, რის წინააღმდეგ ღიად ვერ გამოხვალ! მიაქციეთ ყურადღება: მხოლოდ ცალყბად წაიკითხეს ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას წერილები ციხიდან, ხოლო ბიძინა ივანიშვილსა და "ოცნებაზე" მხოლოდ იმ დისკურსში ილაპარაკეს, რომ "აფხაზეთს აბარებენ" და რომ "არაფერს აკეთებენ ანექსიის საწინააღმდეგოდ".
საქმე ის კი არაა, თითქოს ხალხს ეს უფრო აღელვებს, ვიდრე პენსიები, საარსებო მინიმუმი და ა.შ. მაგრამ ღიად(!) ვერ გამოხვალ ამის წინააღმდეგ. ესე იგი, ნაციონალებმა კვლავ მოიპოვეს ლეგიტიმური "სათქმელი", ანუ იგივე "საზრისი". პოლიტიკა კი "საზრისებისთვის" ბრძოლაა და მხოლოდ მეორე პლანზე _ ფიზიკური ძალისა და გავლენის რესურსთა ჭიდილი.
თუ არ გექნება ლეგიტიმური საზრისი (სათქმელი), ვერც გავლენას მოიპოვებ და ვერც ძალას.
როგორც ვხედავთ, გაჭრა: ბრიუსელში ყოფნისას (ვიმეორებ) პრემიერმა ღარიბაშვილმა იძულებით გადაუხვია იმ პოლიტიკურ "პატერნს", რომლითაც ახალი ხელისუფლება განსხვავდებოდა ძველისგან რუსეთთან მიმართებაში.
სერიოზული შეცდომა იყო, რადგან ამ თამაშში "ოცნება" "ნაციონალებს" ვერ დაამარცხებს: ეს ნაციონალთა თამაშია და წესებსაც თვითონ ადგენენ. მათი დამარცხება მხოლოდ ალტერნატიული "პატერნითა" და ალტერნატიული პროექტით თუ იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ 15 ნოემბრის მიტინგით (მართლა საკმაოდ ბევრი ხალხი იყო) გამოცდილმა "ნაციონალებმა" ისევ მოახერხეს "ოცნების" გამოუცდელი გუნდისთვის არა უბრალოდ თამაშის საკუთარი წესები, არამედ თავისი თამაში მოეხვიათ თავს.
ეს იგივეა, გამოცდილმა კალათბურთელებმა ფეხბურთის გუნდი აიძულოს, ფეხბურთის მოედანზე კალათბურთი ეთამაშონ. ვინ მოიგებს? არადა, საოცრება სწორედ ესაა: მოედანი თქვენია და თამაშს მაინც სხვა გახვევთ თავს... თუ მოედანი ჩემია, განა მე არ უნდა გადავწყვიტო, ფეხბურთს ვითამაშებ მასზე, კალათბურთს თუ რაგბის?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყველაზე მეტად თუკი რამ აძლიერებს ნაციონალთა (დიახაც) ძალიან ჭკვიან და გამოცდილ გუნდს, მიშას თამადობით, უპირველესად თვით "ოცნებაში" გამეფებული დომხალი და კატასტროფული რღვევის აშკარა ნიშნებია.
ამჯერად ვგულისხმობ არა ყბადაღებული "თავისუფალი დემოკრატების" გასვლას კოალიციიდან, არამედ პრეზიდენტ მარგველაშვილის საკმაოდ ძლიერ "სფიჩს" პარლამენტში. ბევრმა ვერ შენიშნა, რომ ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ვიდრე ალასანიას გადადგომა და მისი პარტიის ოპოზიციაში "პორტირება".
ფაქტობრივად, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა: ან მეტ პატივს სცემთ ჩემს პრეროგატივებს და შეწყვეტთ "საბნის" მხოლოდ მთავრობის მხარეს გადაქაჩვის მცდელობებს, ან შეგიქმნით ისეთ პრობლემებს, რაც, საბოლოოდ, თქვენს ხელისუფლებას გაანადგურებს.
ზოგადად, დღევანდელი კონსტიტუციით, პრეზიდენტს ნაკლები უფლება და საშუალება აქვს თითქოს, ვიდრე მთავრობას, მაგრამ ინსტიტუციური თვალსაზრისით, პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად ძნელია, ვიდრე მინისტრთა კაბინეტისა: უახლოესი 4 წლის განმავლობაში პრეზიდენტ მარგველაშვილს ვერანაირი ხერხით იმ პოსტიდან "ძვრასაც" ვერავინ უზამს, მას კი შეუძლია, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის მეშვეობით იმგვარი პრობლემები შეუქმნას მთავრობას, რომელთა სიღრმე ვერ განისაზღვრება მხოლოდ ბიუჯეტის კენჭისყრისას პულტზე ხელის დამჭერი დეპუტატების რაოდენობით.
ეს ხომ საქართველოა: აქ "არაფორმალური" გავლენა, საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდაჭერა, მედიარესურსები და სხვა ამგვარი ფაქტორები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, შევა თუ არა მარიკა ვერულაშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში.
ტესტის სახით კი, მარგველაშვილმა მთავრობას (და მის უმრავლესობას) მკაცრად მოსთხოვა რამდენიმე ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება: მოწმეთა დაკითხვა მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე, სპეცსამსახურთა გამოყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და პარლამენტისთვის ან პრეზიდენტისთვის დაქვემდებარება (პირდაპირ არ თქვა, თუმცა იგულისხმებოდა) და სატელეფონო მოსმენათა "გასაღების" კლონირება ისე, რომ პოლიციას არ შეეძლოს, დამოუკიდებლად განახორციელოს მოსმენა თუნდაც სასამართლოს სანქციით _ მობილური ოპერატორების გარეშე.
ვერც ერთ საკითხში მთავრობა ვერ წავა კომპრომისზე უდიდესი "იმიჯური", ანუ ძალაუფლებრივი დანაკარგის გარეშე, ხოლო ბიძინა ივანიშვილს კიდევ ბევრჯერ მოუწევს, ინანოს, რომ სათანადოდ არ შეაფასა, თავის დროზე, მარგველაშვილის ამბიცია და შესაძლებლობები
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთავრობის სისუსტის გამოვლინება იყო, აგრეთვე, რომ საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად "პრინციპული და ღირებულებათა ერთგული" თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა. გასაგებია, რომ პრემიერ-მინისტრს ამით სურდა, გაებათილებინა სტერეოტიპი, რასაც უკვე არა მხოლოდ "ნაციონალები" ამკვიდრებენ, არამედ "თავისუფალი დემოკრატებიც": "ხელისუფლება ცვლის საგარეო-პოლიტიკურ კურსს", რაც სრული დემაგოგიაა. არანაირი ნიშანი ამ ცვლილებისა არ არსებობს. ხოლო ბერუჩაშვილის (მაშასადამე, პროდასავლელი საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის) დაწინაურება ამ სტერეოტიპს თითქოს შლიდა, მაგრამ ეს მაინც სისუსტისა და "შეფასებებზე დამოკიდებულების" დემონსტრირება გამოდგა. ძლიერი მთავრობა კი მუდამ იმის დემონსტრირებას უნდა ცდილობდეს, რომ შეფასებებზე (მით უმეტეს მოწინააღმდეგეთა შეფასებებზე) დამოკიდებული არ არის და თავდაჯერებულია. ამიტომ, თუმცა სარისკო, მაგრამ ბევრად ძლიერი სვლა იქნებოდა, მაგალითად, ზურაბ აბაშიძის დანიშვნა მინისტრად, რაც მოწინააღმდეგეებს კი აალაპარაკებდა, მაგრამ ხალხს, ესე იგი საზოგადოებას, დაანახვებდა, რომ ხელისუფლება თავდაჯერებულია და აქვს საკუთარი, ალტერნატიული პროექტი.
სხვათა შეფასებების კი სულაც არ ეშინია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესო და წინააღმდეგობრივი ვითარება იქმნება რუსულ რადიოსადგურ "სპუტნიკთან" დაკავშირებით, რომელიც FM 101.4 ტალღაზე მაუწყებლობდა. დიაპაზონი ეკუთვნის "მ-რადიოს". ამ კომპანიას სრული იურიდიული უფლება ჰქონდა, ეთერი საინფორმაციო სააგენტო ნეწსგეორგია-სთვის მიეყიდა, რომელიც, თავის მხრივ, ახალი რუსული მულტიმედიური გიგანტის, "როსსია სეგოდნიას" ფილიალია საქართველოში.
ზუსტად ასე მუშაობს პუტინის პროპაგანდისტული მანქანა ყველა ქვეყანაში, სადაც არსებობს სიტყვის თავისუფლება და მედიაბაზარიც მეტ-ნაკლებად თავისუფალია: უხდიან ადგილობრივი, ლიცენზირებული კომპანიის კანონიერ მფლობელებს, გადიან მათ ტალღებზე და დემოკრატიული ქვეყანაც ვერაფერს იღონებს საწინააღმდეგოდ.
თუ ვინმეს ჰგონია, იოლად გადაწყვიტა პრობლემა იმით, რომ "კომუნიკაციების კომისიამ" შემოწმება დაიწყო და "რადიო-მ" აიძულა(!), ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება, ძალიან ცდება:
ჯერ ერთი, "როსსია სეგოდნია" აუცილებლად უჩივლებს ქართველ პარტნიორებს და ხელშეკრულების უსაფუძვლოდ გაწყვეტისთვის კომპენსაციას მოითხოვს. გარდა ამისა (რაც მთავარია) ქართული ჟურნალისტიკა ვერ ამჩნევს, რომ "კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა" და მისი ამჟამინდელი თავმჯდომარე ვატო აბაშიძის მოქმედებით იქმნება ძალიან საშიში პრეცედენტი! და როცა მათაც მიადგებიან იმავე მოტივებით ("კონტენტის შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით"), ნამდვილად ვერ იტყვიან: "იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, რაკი ისინი ანტიქართველები იყვნენ, ჩვენ კი პატრიოტები ვართ და ჩვენ მიმართ პოლიტიკური დევნააო".
რეალურად, ამ პრობლემის თავი და თავი ისაა, რომ რუსულ პროპაგანდას ვერც საქართველოში და ვერც ევროპა-ამერიკაში (სადაც მარგარიტა სიმონიან-სოფო შევარდნაძის ღთ მაუწყებლობს) ვერაფერს უპირისპირებენ, რაკი ეს პროპაგანდა ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე, რეალურად არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობს და საზოგადოების გარკვეული ფენების მოსაზრებასაც გველური ეშმაკობით გამოხატავს. ანუ, მასზე მოთხოვნა არსებობს. აკრძალვა კი გამოსავალი არაა!
ახლა ბრიყვული სიამაყით რომ აცხადებენ: "ჩვენი კანონმდებლობა ქართულ მედიაში უცხოური ფინანსების მონაწილეობას კრძალავსო" _ მაშინ რას ვერჩით პუტინს, რომელმაც ზუსტად ასეთი კანონი გაიტანა "გოსდუმაში" და ეს მთელმა მსოფლიომ "მედიის დათრგუნვის მცდელობად" აღიქვა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შეუძლებელია, ნორმალურ ადამიანს გული არ დაგწყდეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო. მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდი მის "ლიბერტარიანიზმს" თუ არა.
უბრალოდ, ჭკვიანი, განათლებული ადამიანი და საინტერესო პიროვნება იყო.
იმ იდეას ("ლიბერტარიანიზმს") რომ ებრძოლო, _ რომლის მატარებელიც კახა იყო, _ მისდარი ინტელექტი ხომ უნდა გქონდეს? ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს მცდარი და მდაბიოა იდეა, რომლის თანახმადაც "ლიბერტარიანიზმი კაცთმოძულეობაა". დიახაც, აბსოლუტურად ლეგიტიმური დამოკიდებულება და შეფასებაა "ლიბერტარიანობისა", რასაც ზოგი ეთანხმება, ზოგი _ არა, მაგრამ მის "კონტრიდეას" ასეთივე ინტელექტუალური და ძლიერი "მატარებელი" სჭირდება, როგორიც კახა ბენდუქიძე იყო "ლიბერტარიანული" იდეისა.
თორემ რა გამოვიდა? ბენდუქიძეს, უმრავლეს შემთხვევაში, ბულგაკოვისეული "შარიკოვები" უპირისპირდებოდნენ. უფრო ზუსტად ვერაფერს უპირისპირებდნენ მის მძლავრ ინტელექტსა და განათლებულობას _ შიშველი, პრიმიტიული სიძულვილისა და ბრიყვული აკვიატების გარდა.
ესენი დასჯაბნიდნენ ბენდუქიძეს? რასაკვირველია, ვერა. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ "ლიბერტარიანიზმი" კეთილშობილების განსახიერებაა, ხოლო "სოციალისტური იდეა" _ იმთავითვე მდაბიო და პრიმიტიული. თუმცა, საქართველოში არ მოიძებნა ერთი ადამიანიც კი, ვინც ბენდუქიძესთან მის დონეზე და მისდარი ინტელექტის სიმაღლიდან მოახერხებდა დისკუსიას.
მაგალითად, როდესაც ბენდუქიძე საცინრად იგდებდა ამ იდეას თავისი შესანიშნავი ლექციების დროს, ვინმე ამდგარიყო და ეთქვა, რომ ის მიზანმიმართულად ცდილობს, ერთმანეთში აღრიოს ორი სხვადასხვა ცნება: "მიზანშეწონილობა" და "სამართლიანობა".
იდეა, რომელსაც ის დასცინოდა, სინამდვილეში არა "მიზანშეწონილობის", არამედ "სამართლიანობის" იდეაა. სამართლიანი კი სულაც არ ნიშნავს "უკეთესს". "სამართლიანი" არ შეიძლება განიხილებოდეს დისკურსში "უკეთესი-უარესი", "მიზანშეწონილი-მიზანშეუწონელი".
სხვა საქმეა, ვის როგორ ესმის ცნება "სამართლიანი" და ვისთვის რა ღირებულებას წარმოადგენს ის. მაგრამ რაკი ამის მთქმელი ადამიანი საქართველოში არ მოიძებნა, კახა ბენდუქიძემ ბოლომდე შეძლო თავისი ღირებულებების დაცვა, ხოლო ალტერნატიული იდეის მატარებლები, მასთან შედარებით, "შარიკოვ-ლეიბორისტებად" გამოიყურებოდნენ.
თუმცა ეს კახას ბრალი სულაც არ არის _ ღმერთმა აცხონოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანი და სიმპტომატური მოვლენა იყო სასტუმრო "რადისონ-ივერიიდან" მთაწმინდაზე საბაგირო გზის პროექტის გაუქმება. როგორ გგონიათ, ის ხალხი, ვინც ხელისუფლება აიძულა(!), ასეთი გადაწყვეტილება მიეღო, "პანორამა თბილისის" განხორციელებას დაუშვებს?
არადა, ეს ხომ ერთადერთი პროექტია, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ღიად ამბობს, "ჩემიაო" და ჯერჯერობით მხოლოდ მასზე აპირებს ფულის დახარჯვას მისი "ათმილიარდიანი თანაინვესტირების ფონდი". მაშინ რას იზამს ხელისუფლება _ ამ პროექტსაც გააუქმებს, რაზეც მთელი წელია ლაპარაკობს?
სინამდვილეში, არაფერი ცუდი და მახინჯი "პანორამა თბილისში" არ არის, გააჩნია როგორი (რამდენად უხმაურო და ლამაზი თუ მორგებული) ინფრასტრუქტურა ექნება, როგორ და სად მოეწყობა და ა.შ.
თუმცა, ამ შემთხვევაში ნიშანდობლივი ისაა, რომ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არ ესმის, რაც შესანიშნავად იცოდა მიშამ: თუ ცდილობ, საქართველოში მხოლოდ ის გააკეთო, რაც ყველას მოეწონება და გავლენიანი მოწინააღმდეგეები არ ეყოლებიან, საერთოდ ვერაფერს გააკეთებ! ვერც ერთ პროექტს ვერ განახორციელებ, რაკი ვიღაცის (თავი რომ "კიტრი" ჰგონია) გემოვნებასა თუ ამბიციას ვერ შეუსაბამებ და, რაც მთავარია, ის "კიტრი" უფრო აქტიური იქნება წინააღმდეგობის გაწევისას, ვიდრე მომხრე _ მხარდაჭერისას.
ასეთია ამ საზოგადოების ერთ-ერთი თვისება.
ამას რომ არ ითვალისწინებდა მიშა, იმიტომაც დაემხო, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ სანამ დაემხობოდა, ბევრი რამის აშენება მოასწრო, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი (ინსტიტუციური _ მაგალითად, საერთოეროვნული გამოცდები და სხვა) მხრივ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ქრისტეს ტირილი ხდება ეს საცოდავი ქართული ფეხბურთი!
არადა, ცოტა არ იყოს, კომიკურიცაა უკვე ეს გაუთავებელი მოთქმა _ მორიგი სამარცხვინო დამარცხების შემდეგ. მით უმეტეს, უშველებელი ამბიციის ფონზე: საფეხბურთო დამოუკიდებლობის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი თუ არა, მესამე ადგილისთვის მაინც ხომ უნდა გვეთამაშა?!
ოცწლიანი "შხაპი" მივიღეთ, მაგრამ ვერა და ვერ "გაგრილდა" ეს უცნაური და არაფრით გამართლებული ამბიცია: მაინც "მწვრთნელის ბრალია ყველაფერი" და არა ფეხბურთის დონისა.
ფეხბურთის დონე კი ქვეყნის რესურსებთან პირდაპირ კავშირშია.
რა უნდა ექნა ქეცბაიას (ჩივაძეს, ყიფიანს, ჟირესს, ტოპმიოლერს) თუ "სოფლის დონის" ფეხბურთია ქვეყანაში?
თბილისის "დინამომ" რომ 1981 წელს "თასების მფლობელთა თასი" მოიგო, ის იყო საბჭოთა კავშირის საფეხბურთო გუნდი "დინამო" (ფაქტობრივად, საქართველოს იმდროინდელი ნაკრები), რომელიც უზარმაზარი ქვეყნის უკიდეგანო რესურსებით სარგებლობდა და ძალიან ძლიერ ჩემპიონატში მონაწილეობდა _ რეგულარულად ხვდებოდა კიევის "დინამოს", დონეცკის "შახტიორს", დნეპროპეტროვსკის "დნეპრს" და მოსკოვის ოთხ გუნდს. ამას დაემატა ეროვნული ნიჭი (რასაც არავინ უარყოფს) და მხოლოდ ამიტომ მოვიგეთ ის თასი, ამიტომ გვყავდნენ მიშა, სლავა, დათო, საშა, ვოვა და ვიტალი.
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, აღარასდროს აღარ გვეყოლებიან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი თაობა ვეღარ მოესწრება, რადგან ფეხბურთის დონე ათწლეულობით იცვლება ხოლმე.
სამაგიეროდ, შეგვიძლია თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ დამოუკიდებლად ვმონაწილეობთ მსოფლიო და ევროპული ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში, სადაც, ჯგუფურ ეტაპზე, მეოთხე-მეხუთე ადგილისთვის ვიბრძვით და ფარერის კუნძულებს ზოგჯერ ვჯაბნით კიდეც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საოცარი რამ თქვა ნინო ბურჯანაძემ ეკა ხოფერიას გადაცემაში, რასაც, როგორც ყოველთვის, ყურადღება თითქმის არავინ მიაქცია: "2004 წელს, ზურაბ ჟვანიამ და მიშამ მთხოვეს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობი(თ) პოლიციასა და პროკურატურაში, ვინც ყველაზე კარგ პროფესიონალებად მიგაჩნიათ, იმ ხალხის სია მოგვაწოდეთ, უნდა დავაწინაუროთო. ჩემმა ქმარმა დღე და ღამე გაასწორა (იგულისხმება, მანაც ქმართან ერთად), სია მოვამზადეთ, მივაწოდეთ და... ყველა, ვინც იმ სიაში იყო, სამსახურებიდან გაუშვესო".
ანუ ეს თხოვნა ("სია მოგვაწოდეთო") იმთავითვე ჩაფიქრებული იყო, როგორც "მათი ხალხის" მოშორების ოპერაცია.
ერთი მხრივ, სასაცილოა, მეორე მხრივ კი, იძულებული ხარ, აღიარო: რა გაღიზიანებასაც არ უნდა იწვევდეს ეს ქალბატონი მისი (ასე ვთქვათ) სითამამითა და უკანმოუხედავობით, ამგვარი რამ მას აზრადაც არ მოუვიდოდა, ნამდვილად ვერ მიხვდებოდა და ვერ მოიფიქრებდა! ისევე, სხვათა შორის, როგორც მისი ქმარი, ვინც მიშამ "კორუმპირებულად" გამოაცხადა. როგორი კორუმპირებულიც არ უნდა ყოფილიყო, ეს რომ მოიფიქრო, რაღაც სხვა თვისებებია საჭირო, რაც კორუმპირებულობასთან არ კორელირებს.
ასეთი ოპერაცია რომ ჩაიფიქრო, სხვა ყაიდის მენტალობა უნდა გქონდეს, რაც ბურჯანაძეს არ აქვს და ამიტომაც არ არის ის ქართველი პოლიტიკოსი, ისევე, როგორც პოლიტიკოსი ზოგადად, თუმცა... სწორედ ამ გამაოგნებელი ისტორიის მოყოლის შემდეგ, შეუძლებელია პირველად არ გაგჩენოდა უბრალო, ადამიანური თანაგრძნობა მის მიმართ.
გაზეთი „პრემიერი“, ზურაბ ღოღობერიძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |