|
“საგარეო ორიენტაციას სერიოზული საფრთხე შეუქმნა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის რიგი წევრების ოდიოზურმა ხედვებმა”
“ნორლანდი უფრო “ქოცია”, ვიდრე “ნაციონალი”
“ხელისუფლებას ღიად და დაუფარავად აქვს გამოცხადებული “ნაციონალური მოძრაობის” სრული პოლიტიკური განადგურების ამოცანა”
“ღარიბაშვილი ცდილობს, უფრო მეტი პირადი კონტროლი გაავრცელოს თავდაცვის სამინისტროზე”
“დიარეის თემა აშკარად ყურით მოთრეული და გაზვიადებულია”
“პრემიერის” კითხვებს დიპლომატმა, ანალიტიკოსმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ უპასუხა:
- ქვეყანამ პოლიტიკური კრიზისი გადააგორა. მოდით, შევაფასოთ “ჩავლილი” მოვლენები. რამდენად ადეკვატურად მოიქცნენ ალასანია და მისი გუნდი, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ევროპული ველი ცარიელი დატოვეს?
- ირაკლი ალასანიას პრაქტიკულად მთელი ამ ორი წლის მანძილზე პრობლემები ჰქონდა ივანიშვილ-ღარიბაშვილის ტანდემთან. ეს ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად იგრძნობოდა და ხშირად ვლინდებოდა ამა თუ იმ ეპიზოდსა თუ ინციდენტში. მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობდა, თავიდან აერიდებინა მკვეთრი გამწვავება და შეენარჩუნებინა საკუთარი თავი, თავისი გუნდი და მისი წევრები მმართველ კოალიციასა და შესაბამის სახელმწიფო თანამდებობებზე. ნოემბრის კრიზისამდე ისიც და მისი გუნდის ყველა წევრიც მუდმივად და სისტემატურად ხაზს უსვამდნენ იმას, რომ მმართველ გუნდში არის სრული ურთიერთგაგება და ჰარმონია ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ვფიქრობ, პრაქტიკულად ეს ასეც იყო. ფარული დაძაბულობის მიზეზი უფრო პიროვნულ დაპირისპირებასა და ლიდერობისთვის ბრძოლაში უნდა ვეძებოთ. რაღაც მომენტში ამ დაპირისპირებამ, რა თქმა უნდა, კულმინაციას მიაღწია და ეს იმ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით. დიდი ალბათობით, დაპირისპირების კულმინაციურ მომენტში, ალასანიამ ჩათვალა, რომ მას უკვე სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა და გააკეთა ის, რაც გააკეთა.
- საზოგადოების ერთი ნაწილისთვის მაინც გაუგებარი დარჩა, რატომ შეფასდა თავდაცვის სამინისტროში დაწყებული გამოძიება ევროპული კურსიდან გადახვევად. თქვენ როგორ ფიქრობთ, რეალურად არსებობდა ასეთი განცხადებისა და შეფასებების საფუძველი?
- ვფიქრობ, გამოძება რომ არ დაწყებულიყო, თავისუფალი დემოკრატები ევროპული კურსიდან გადახვევის შესახებ განცხადებებს არ გააკეთებდნენ. საერთოდ, როცა ორი წლის მანძილზე მუდმივად და ცალსახად აკეთებ საჯარო განცხადებებს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ურყევობის შესახებ, ერთ დღეში ამ ნარატივის 180 გრადუსით შემოტრიალება, სულ ცოტა, არაკორექტულად გამოიყურება. ამიტომ, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, დასვას კითხვა შემდეგნაირად: თუ საგარეო-პოლიტიკურ კურსთან მიმართებაში არსებობდა სერიოზული პრობლემები, მაშინ ორი წლის განმავლობაში რატომ აწვდიდნენ საზოგადოებას თავისუფალი დემოკრატები და საგარეო საქმეთა მინისტრი საწინააღმდეგო გზავნილებს; და თუ ეს კურსი მკვეთრად და მოულოდნელად შეიცვალა, რა მოხდა ამ რამდენიმე დღეში ისეთი მნიშვნელოვანი რამ, გარდა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებისა, რაც ასეთი განცხადების საფუძველს იძლევა. ვფიქრობ, აქ ერთგვარი შეუსაბამობა და ხელოვნურობა სახეზეა.
სინამდვილეში, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციას მართლა შეუქმნა სერიოზული საფრთხე იმ ოდიოზურმა ხედვებმა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა და მისი გუნდის რიგმა წევრებმა ქართულ პოლიტიკაში შემოიტანეს. მე ეს მაშინვე შევნიშნე, ამის შესახებ განვაცხადე და თანამდებობაც დავტოვე 2013 წლის იანვარში. მაშინ იმ ადამიანებმა, ვინც რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა ალაპარაკდა საგარეო კურსიდან გადახვევის საფრთხის შესახებ, ცალსახად და არაორაზროვნად უარყვეს ჩემი გაფრთხილება და ორი წლის განმავლობაში საწინააღმდეგოში არწმუნებდნენ ქართველ საზოგადოებას. ასე რომ, ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში ან უმალავდნენ მოსახლეობას სიმართლეს, ან კიდევ, პოლიტიკური გამწვავების მომენტში, უბრალოდ, სახელდახელოდ და ხელოვნურად მოიშველიეს ეს რიტორიკა, რათა მომავალში თავიანთი პოლიტიკური თამაშისთვის გამოიყენონ.
- საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ რეაგირებს დასავლეთის განცხადებებზე. “მოქალაქემ” განაცხადა, რომ მათ არასწორ ინფორმაციას აწვდის “ნაციონალური მოძრაობა” და მწვავე შეფასებები სწორედ ამით არის გამოწვეული. თქვენ დიპლომატი ბრძანდებით, გთხოვთ, აგვიხსნათ, ასეთ “უპასუხისმგებლო” განცხადებას თუნდაც სახელმწიფო დეპარტამენტი ნაცების კარნახით აკეთებს და ბატონი ნორლანდი აქ ბუზებს ითვლის? თუ ისიც ნაციონალია?
- შემიძლია, ნახევრად ხუმრობით გიპასუხოთ, რომ ნორლანდი უფრო “ქოცია”, ვიდრე “ნაციონალი”. უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ, აშშ-ს მთავრობა დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლების წარმატებით და ცდილობს, დაეხმაროს მას სტაბილური სახელმწიფოს აღმშენებლობაში. ანალოგიური მიდგომა აქვს ევროკავშირსაც. მაგრამ დასავლური გაგებით, რომელსაც მეც სრულად ვიზიარებ, სტაბილური და ნორმალური სახელმწიფოს აღმშენებლობა შეუთავსებელია იმ პოლიტიკურ ფილოსოფიასთან, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ხშირად ავლენს. ეს, პირველ რიგში, პოლიტიკურად ანგაჟირებულ სამართალს ეხება, რომლის მოწმენი არაერთხელ გავხდით. ცხადია, ეს იწვევს დამსახურებულ კრიტიკას დასავლეთის მხრიდან. ხელისუფლება, ასევე, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, ზოგადად, იმ მიდგომაზე, რომელსაც ის მთავარი ოპოზიციური ძალის, “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ავლენს. ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობა” მართლაც იმსახურებს მწვავე კრიტიკას, რომელიც მის მრავალ წარსულ თუ ამჟამინდელ ქმედებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს, უბრალო კრიტიკა არ არის. მას ღიად და დაუფარავად აქვს გამოცხადებული “ნაციონალური მოძრაობის” სრული პოლიტიკური განადგურების ამოცანა. ეს შეუთავსებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებთან და ამის უფლება ხელისუფლებას, უბრალოდ, არ აქვს. კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია, მაგალითად, როცა პრემიერ-მინისტრი ღიად აცხადებს, რომ “ნაციონალებს” არ აქვთ პოლიტიკური არსებობის უფლება და ის მათ კრიტიკასა და არგუმენტებს არ მოუსმენს და არ მიიღებს. მას არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ ამ პარტიის უკან დგას მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი, რომელსაც ვალდებულია, პატივი სცეს, როგორც საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში ხშირად საქმე ეხება პარლამენტარებს. და სულაც, როცა შენ, როგორც ხელისუფლებას, ამ ორი წლის მანძილზე უკვე ამდენი ჩავარდნა, გადაცდომა და მოსახლეობის იმედგაცრუება გაქვს სახეზე, ელემენტარულად უფრო მეტი გაგებით უნდა მოეკიდო სხვის შეცდომებს.
- საქართველოს თავდაცვის 15 მინისტრიდან 10 სამოქალაქო პირი იყო. ამჟამად თავდაცვის მინისტრად საკმაოდ ახალგაზრდა პოლკოვნიკი დაინიშნა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს დანიშვნა? რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ პოლიტიკურ თანამდებობაზე “ჩინოსანი” ინიშნება?
- რამდენადაც მესმის, პოლკოვნიკი ჯანელიძე ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია და მისი დანიშვნა, პირველ რიგში, სწორედ ამითაა განპირობებული. ამ ნაბიჯით ღარიბაშვილი ცდილობს, მეტი პირადი კონტროლი გაავრცელოს თავდაცვის სამინისტროზე, რომლის დეფიციტსაც ის ასე მტკივნეულად განიცდიდა ახლო წარსულში.
- ალასანიას, პეტრიაშვილის ან გნებავთ, ფანჯიკიძის მიმართ პიროვნული სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, ისინი ნამდვილად აღიქმებოდნენ პროდასავლურ პოლიტიკოსებად. რამდენად მოსალოდნელია, რეალურად შეიცალოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი და დეკლარირებული, მაგრამ საქმეში გაჯანჯლებული ევროატლანტიკური არჩევანი რუსულ არჩევნად გადაგვექცეს?
- თუ ქართველი ხალხის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს სერიოზული საფრთხე დაემუქრა, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს, იმ პოლიტიკოსების ჩათვლით, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, ვალდებულია, ყველა უთანხმოება გვერდზე გადადოს და ერთიანი ძალისხმევით დაიცვას საკუთარი ქვეყნის ნორმალური მომავალი.
- “მოქალაქემ” შემაჯამებელი სიტყვა გვითხრა, პრემიერს პოლიტიკური სიმწიფე დაუწუნა, მაგრამ თავდაცვის ექსმინისტრს, საქმეში “ჩაუხედავმა” ადამიანმა, პროკურორის ნაცვლად, ღიად დაუსვა კითხვები. ჯერ ერთი, გაუგებარია, ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას რატომ არ უნდა ჰქონდეს თავისი “კაბელი”, და მეორეც, თქვენ ერთი პერიოდი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყავით - დიარეა მარტო ქართულ ჯარში ხდება?
- დიარეის თემა რომ აშკარად ყურით მოთრეული და გაზვიადებულია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. რაც შეეხება კაბელს, ვფიქრობ, სიტუაციაში გასარკვევად თემის სრულ გასაჯაროებას ვეღარ გავექცევით. მხოლოდ ამ შემთხვევაში, კვალიფიციური და მიუკერძოებელი ექსპერტიზის მოშველიებით, შეიძლება დადგინდეს ჭეშმარიტება.
- დაბოლოს, არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ აუცილებელია სამთავრობო კონფიგურაციის შეცვლა - საქართველოს სჭირდება ტექნოკრატიული ხელისუფლება. თუმცა როგორც მოვლენებს ვაკვირდები, საქართველოში არც ერთ ჭკვიანს სხვა ჭკვიანთან ყოფნა არ უნდა - ყველა ერთმანეთს ცოდვებს უხსენებს. ამ პირობებში თქვენი სურვილი სურვილადვე ხომ არ დარჩება?
- იმისთვის, რომ ხელისუფლებაში ტექნოკრატები მოვიდნენ, მათ ერთგვარი გაპოლიტიკოსება, ანუ პოლიტიკურ ძალად ფორმირება მოუწევთ. ეს შესაძლებელია და გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით იდგმება.
გაზეთი „პრემიერი“, გეგა სილაგავა
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |