|
დაიჭერენ თუ არა ალასანიას? ევროატლანტიკური რწმენის სიმბოლო; ფრანგული ბუს კვერცხები; რესპუბლიკელთა საკონტროლო პაკეტი; ლეგენდარული მარიკა ვერულაშვილი; გრიშკა რასპუტინი და კარი ქართულ საბავშო ბაღში; იმერული ყველის ევროპული სტანდარტი; კოკოითიმ დაგვიზუსტა; ქართული ზმნის ევროპული ტრანსვესტიზმი
ფართოდ გავრცელებული შეხედულების შესაბამისად, თავდაცვის ექსმინისტრ ირაკლი ალასანიას დაჭერა-არდაჭერა უკვე მთლიანად “მოქალაქე” ბიძინა ივანიშვილზე, უკიდურეს შემთხვევაში კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზეა დამოკიდებული.
ვინც ასე ფიქრობს და თვლის, წარმოდგენა არ აქვს, როგორ მუშაობს სახელისუფლებო მექანიზმი პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, რომლის განუყოფელი ნაწილია საქართველო. პირველ რიგში მენტალურად. ე.წ. მიშას რეფორმებმა, არათუ რამე შეცვალა ამ მხრივ, არამედ პირიქით _ განამტკიცა ძველი, ჩახავსებული და ჩაბეტონებული მიმართებები ხელისუფლებასა და რეპრესიულ სტრუქტურებს შორის.
სინამდვილეში, ალასანიას “დაჭერა” უკვე მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რას და როგორ “მოტვინავს” მისი გამომძიებელი პროკურორი. მას მისცეს “ჩარჩო” და ზუსტად “მოწვა”, რომ ალასანია მართლა პრობლემებს ქმნიდა, ანუ არასასურველი იყო, ჯერ ერთი, მაღალი რეიტინგის გამო და იმიტომაც, რომ მისი პროვოკაციული ინიციატივები საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით (არაბი ბოევიკების მოსამზადებელი ცენტრი და სხვა) რუსეთის “დაშოშმინების” გენერალურ კურსს სცდებოდა.
მაგრამ ალასანიას მოშორების რა და როგორი ნაბიჯი იქნება კონკრეტულად მიზანშეწონილი, უშუალოდ პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს. თან იმის შიშით, რომ, თუ შეცდა და ააცდინა, თავს მოაძრობენ.
ვითარებაში, როდესაც არც ერთი ხელისუფლება საქართველოში არ არის დაინტერესებული სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობით (ამის მიღწევა კი მხოლოდ ნაფიც მსაჯულთა საყოველთაო ფორსირებული დამკვიდრებითაა, თეორიულად მაინც, შესაძლებელი), პროკურორის ჭმუნვა მუდმივად თან სდევს ამგვარ საქმეებს. ოღონდ საქართველო არ არის ბირთვული რუსეთი და ჩვენს პროკურორს იმედი აქვს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ხელისუფლებათა ხშირი ცვლის შემდეგ, ყოველთვის მოახერხებს, საკუთარი გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობა ზემოთ გადააკისროს _ “იმან დამირეკაო”. მაშინ, როდესაც, სინამდვილეში, არავისაც არ დაურეკავს. მაგრამ რაკი ყველა უეჭველად დაუჯერებს (“ის დაურეკავდა, აბა, სხვაგვარად როგორ იქნებოდაო”), გამოდის, განსახილველ შემთხვევაში, ირაკლი ალასანიას დაპატიმრების ალბათობა ბევრად მეტია, ვიდრე მისი “გარეთ დატოვებისა”.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საოცარია, რომ გადამდგარი მინისტრები და გადამდგარ-უკან მობრუნებული მოადგილეები, ისევე, როგორც საერთოდ არგადამდგარი ქალბატონი წულუკიანი ვერ ხვდებიან და ვერ გრძნობენ, რამდენად კომიკური ხდება ეს გაუთავებელი ლაპარაკი “ევროატლანტიკური კურსის ერთგულებაზე”, როგორც გადადგომა-მობრუნება-არგადადგომის ნამდვილ და ჭეშმარიტ მიზეზზე. მაშინ, როდესაც რეალური მიზეზი ერთ შემთხვევაში ცოლისდობაა, მეორე შემთხვევაში ძმაკაცობა, მესამე შემთხვევაში კი რწმენა, რომ ახალი მინისტრი ძველ მოადგილეებს არ დატოვებდა. მაგრამ რაკი პრემიერმა დაურეკა და დაარწმუნა, “მოადგილედ დაგტოვებთ, ან სულაც დაგაწინაურებთო”, მაშინვე ირწმუნა “ევროატლანტიკური კურსის უცვლელობა”.
მაშასადამე, ეს ყბადაღებული “ევროატლანტიზმი” იქცა რაღაც “რწმენის სიმბოლოდ”, შეუვალ არგუმენტად, ეჭვმიუტანელ დოგმად, რომლის გამოყენება ხდება პირადი მოტივების დასაფარად.
განა კომიკური არ არის: “გადავდექი, რაკი მეგონა, ევროატლანტიკური ორიენტაცია საფრთხეში იყო, მაგრამ პრემიერთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ევროატლანტიკურ ორიენტაციას საფრთხე არ ემუქრებოდა”.
მართლაც კომედიაა, თუმცა იმგვარი “მოვე ტონის” კომედია, რომელიც სულ მალე გყირჭდება ადამიანს და ამრეზასაც იწვევს. თუმცა ხალხი, როგორც ჩანს, მაინც “ჭამს, რაკი აჭმევენ”.
და რამდენადაც თვალთმაქცობაა, თითქოს მინისტრი იმიტომ გადადგა, რომ “ევროატლანტიკური რწმენის სიმბოლო” ერესისგან დაეცვა, ამდენადვე თვალთმაქცობაა მეორე მინისტრის განცხადება, თითქოს იმიტომ გადაწყვიტა დარჩენა, რომ უმაღლეს ხელისუფლებას ერესი ვერ შეატყო და მისი რწმენის სიმტკიცე გამოსცადა.
“საქართველო ბიზანტიას ემსგავსებაო”, _ წერდა ერთი ბლოგერი. ჭეშმარიტად ასეა, რაკი სწორედ ბიზანტიაში ეხერხებოდათ “რწმენის სიმბოლოთი” ერთი ჩვეულებრივი სახელისუფლებო ინტრიგის გადაფარვა. თუმცა მაშინ ტერმინი “პიარი” ჯერ კიდევ არ არსებობდა, ისევე, როგორც “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია”.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ალასანია და მისი გუნდი აცხადებს, თითქოს საფრანგეთში ყოფნისას, თავდაცვის მინისტრმა რაღაც ხელშეკრულება გააფორმა საქართველოსთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა თუ სხვა სახის თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესახებ, მაგრამ სკანდალურმა დაპატიმრებებმა ეს კონტრაქტი ჩაშალა.
დავაკვირდეთ: თვითონ ექსმინისტრი ამბობს, “მოლაპარაკებებს ვაწარმოებდიო”, ხოლო მისი ერთ-ერთი თანაპარტიელი, _ “ხელშეკრულება გაფორმდაო”. ალბათ, უსაყვედურებენ, რაკი ამის შემოწმება ძალიან ადვილია და არასდროს არ უნდა თქვა (თუნდაც “პიარისთვის”) ის, რისი შემოწმებაც იოლია: არავითარი ხელშეკრულება ფრანგულ მხარესთან იარაღის მოწოდების თაობაზე არ გაფორმებულა და თეორიულადაც კი შეუძლებელი იყო, გაფორმებულიყო: უკრაინისთვის არ მიუწოდებიათ ერთი გახვრეტილი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი იმ საცოდავ მთხლეებს, _ “ემანდ ტაიგის დათვი არ გავაღიზიანოთო”, _ და საქართველოს გადასცემენ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს?
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, სულ სხვა საქმეა. მაგალითად, ჩადიხარ პარიზში და ფრანგ კოლეგას ეუბნები: “გთხოვთ, მოგვაწოდოთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები”. ის კი გპასუხობს: “ჩვენ მოგაწოდებთ ბუს კვერცხებს!” არა, ასე პირდაპირ არ ეტყვის, ბუნებრივია, დიპლომატიურად “შეფუთავს”, თუმცა შინაარსი ნამდვილად ეს იქნება: “საზენიტო რაკეტები არა, ბუს კვერცხები!”
სამაგიეროდ, “სათქმელი” მზადაა, რაკი, გინდა-არ გინდა, ამასაც “მოლაპარაკება” ჰქვია: “მე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემათა მოწოდებაზე, პროკურატურამ კი ჩემი თანამშრომლები დააპატიმრა. ახლა აღარ მოგვაწოდებენ, ოღონდ არა იმიტომ, რომ ბუს კვერცხების გარდა, ჩვენთვის არაფერი ემეტებათ და მოსკოვის გაღიზიანება არ სურთ, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს პროკურატურაა პროვოკატორებით სავსე, ხოლო ვიღაცას, უმაღლეს ხელისუფლებაში, ამ კონტრაქტის ჩაშლა სურდა!”.
გენიალურია! რაც მთავარია, შედეგი ხომ მიღწეულია და აბა, აწი ვინღა დაიჯერებს, რომ, თუ საქართველოს შეიარაღებული ძალები ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს (რა თქმა უნდა) ვერ მიიღებს, ამას გეოპოლიტიკური მიზეზები აქვს და “სილქნეტის” მაგისტრალში წვეროების რაოდენობაზე ნამდვილად არაა დამოკიდებული?
ისევე არ დაიჯერებენ, როგორც ჟვანიას “თავისით სიკვდილი” არ სჯერათ. ბრბო ხომ უკვდავია?!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთელი ამ ორომტრიალიდან თუკი ვინმე გამოვიდა მოგებული, პირველ რიგში, “რესპუბლიკური პარტია!” ფაქტობრივად, მან მიიღო “საკონტროლო პაკეტი” ოცნებაში და ამიერიდან, “ოცნების ლიდერები” (“შუშის სასახლის” ბინადრით დაწყებული და კომკავშირის “ცეკადან” ისტორიულად პორტირებული დეპუტატებით დასრულებული) თავს დაჰკანკალებენ, რათა ევროატლანტიკური რწმენის სიმბოლოს მატარებელი პარტია აუცილებლად, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ კოალიციაში.
ყველაფერს შეუსრულებენ _ უინტიმურესი მოთხოვნების ჩათვლით.
ისე, რა ამის პასუხია და გაუთავებლად გვესმის ხელმოცარული პოლიტიკანებისგან: “2-3-პროცენტიანი პარტიააო”. კი ბატონო, რესპუბლიკელებს 2-3%-ზე მეტი მართლა არასდროს აუღიათ დამოუკიდებლად არც ერთ არჩევნებზე, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე, მაგრამ კვლავაც პასუხგაუცემელია კითხვა: თუ ასეა, მაშინ რატომ ცდილობდა უკლებლივ ყველა ხელისუფლება (ზვიად გამსახურდიას ჩათვლით) ისინი თავის კოალიციაში შემოეტყუებინა? იმიტომ, რომ პროდასავლურები არიან და დასავლეთში მხარდაჭერა აქვთ? პროდასავლური პარტიის მეტი რა იყო და რა არის საქართველოში?
ანუ ნამდვილი მიზეზი ის ხომ არაა, რომ სხვებზე უფრო “მაგრები” (ჭკვიანები, დამაჯერებელნი, სოლიდურნი, სერიოზულნი) ჩანან იმ ხალხის თვალშიც კი, ვინც რესპუბლიკელებს ორგანულად ვერ იტანს? ასეთი კი ბევრად მეტია, ვიდრე მათი მიზერული ამომრჩეველი.
ამის მიუხედავად, ყოველი ახალი პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში, სწორედ მათ “შემოტყუებას” ცდილობს საკუთარი ლეგიტიმაციისთვის და თუ გადააგდებს, ცუდად ამთავრებს ხოლმე. მოგვწონს თუ არა, ისტორიული ფაქტია და რა ვქნათ? დღესაც მაქსიმუმი გამოწურეს და საკონტროლო პაკეტი მიიღეს: ესე იგი “თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღიად გავაკრიტიკებთ, მაგრამ თანამდებობებს (მათ შორის სპიკერის პოსტს) მაინც შევინარჩუნებთო”.
მართლაც “ოქროს აქციაა” ოცნების აქციათა სრულ პაკეტში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მიშას “ბედის ირონიას” კონკრეტული გამოხატულებები ჰქონდა. მათ შორის “ჰალსტუხისა” და “გორის” ეპიზოდები (ფოტო უფრო, ვიდრე ვიდეო) ან ყბადაღებული “ცოცხი”, მაგრამ პერსონალური გამოხატულება მაინც მარიკა ვერულაშვილია _ მისი უცნაური, ვითომ მრავლის, სინამდვილეში კი არაფრისმთქმელი ღიმილით 2001 წლიდან დღემდე.
დამოუკიდებელი დეპუტატების ექსტაზში შერწყმა “ოცნების” მანდატნაკლულ უმრავლესობასთან კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მაჟორიტარები (ისევე, როგორც ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და ა.შ) ხელისუფლების ულევი რესურსია. ხოლო ეს ადამიანური რესურსი იმავე მოტივებით სარგებლობს, რითაც ქალბატონი მარიკა სარგებლობდა, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას” მოულოდნელად (სინამდვილეში, ძალიანაც მოსალოდნელად) უგანა.
მიშას აღშფოთებანარევი განცვიფრება ამის გამო ისევე უადგილოა, როგორც იმის მოლოდინი, რომ დოქტორ დოტი საკუთარ ინსტაგრამზე ფოტოებს არ გამოაქვეყნებდა.
“არაფერი პირადული _ მხოლოდ ბიზნესი”. ამერიკაში აღიზარდე და ეს ხომ უნდა გახსოვდეს?!
და მაინც, თუ რაიმეს შეესაბამება ღრმააზროვანი ქართული გამოთქმა (ყველა მოხერხებულ თუ მოუხერხებელ მიმართებაში რომ იყენებენ), _ “ჯვარი ხომ არ მაქვს დაწერილი “ნაციონალურ მოძრაობაზეო”, _ სწორედ ამ სიტუაციას. თანაც, ზედმიწევნითი სიზუსტითა და პირდაპირი მნიშვნელობით
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასულ კვირას, “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ” უჩვენა სიუჟეტი ერთ-ერთ რაიონში, საბავშვო ბაღის შეკეთებისას დადგმული კურიოზის შესახებ: კარი დაამზადეს და შუა ოთახში ჩააყენეს მაშინ, როდესაც ოთახის გამყოფი ტიხრები ამოყვანილი არ იყო. ან ჯერ არ იყო _ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რაკი ხელისუფლება მაშინვე გახდა სასაცილო.
რა საჭიროა კარი ოთახის ცენტრში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობს გამყოფი ტიხრები? ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ინჟინრული თვალსაზრისით გასაკვირი და სასაცილო, სინამდვილეში, არაფერია, ნიჭიერად მომზადებული სიუჟეტი შედგა, გავიდა და თავისი საქმეც ბრწყინვალედ გააკეთა.
აწი ვინღა დაიჯერებს, რომ ეს ხილული იდიოტიზმი “ატკატის”, მექრთამეობისა და “მიშას შემდეგ დაბრუნებული კორუფციის” ხილული ხატი არ არის? არავინ! ამიტომ, ჭკვიანმა ხელისუფლებამ ასეთ რაღაცებს ბევრად მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, ვიდრე თუნდაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შეთანხმებული ვადების დაცვას მშენებლობისას.
ასეთი წარმატებული “საინფორმაციო დარტყმებით” გროვდება, სინამდვილეში, კრიტიკული მასა, რომელიც ხელისუფლებას ამხობს. ედუარდ შევარდნაძის დამხობაში მის დროს გამეფებულ კორუფციაზე ბევრად დიდი წვლილი იმგვარმა სიუჟეტებმა შეიტანა, წალენჯიხაში ბოჩოლებს რომ ეფერებოდა. ხოლო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის დამხობაში, პროვინციულ გაზეთთა კარიკატურებმა: იმპერატრიცათი გრიშკა რასპუტინის მუხლებზე.
რევოლუცია, სინამდვილეში, საზოგადოებრივი ატმოსფეროს პროდუქტია და თუ ასეთ ვითომ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევ, _ რაკი “მთლიანი შიდა პროდუქტის” ზრდის ტემპთან შედარებით უმნიშვნელოდ გეჩვენება, _ ის პროდუქტიც, ხელისუფლებაც და ქვეყანაც სულ მალე დაგემხობა თავზე.
. . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . .
ევროკავშირის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი “ევროპული სტანდარტი” დააწესა: ამჯერად ყველისა, რომელიც მაღაზიაში ვერ გაიყიდება ცენტრალიზებული ლაბორატორიის სერტიფიკატის გარეშე.
ევროპაში ექსპორტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია _ აქაც, ანუ თბილისის მაღაზიებშიც კი ვერ გაიყიდება!
ისევ მეორდება სიტუაცია, როცა ოპოზიცია და მედია მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს, “სისულელეს” უწოდებს (როგორც უცხოელთათვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების შემთხვევაში), მაგრამ უტიფრად არ სურს, აღიაროს, რომ მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ ასრულებს იმ “საგზაო რუკას”, რომელიც “ევროასოცირების” ფარგლებში მომზადდა.
ანუ “რეცეპტებიც”, “ვიზებიც” (შესაბამისად, ვიზიტორთა რაოდენობის შემცირებაც _ პირველად 2005 წლის შემდეგ) და იმერული ყველის საცალო ვაჭრობის ქსელიდან გამოდევნაც სწორედ “ევროასოცირების ფასია”.
დღემდე გაუგებარია, რას იღებს ქვეყანა ამ ფასის გადახდის შედეგად: ევროკავშირმა ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას დაუწესა “ბაზარზე წვდომის გადასახადი” _ “თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმოცველი შეთანხმების” ფარგლებში, რაც ორუელისეული აბსურდია, მაგრამ ვიტანთ, როგორც ჩანს.
ეგება გაგვაგებინოს ვინმემ, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს ყველზე დაწესებულ ამ შეზღუდვებს? რაღაც არ მახსოვს, იმერული ყველით ან სულგუნით ვინმე მოწამლულიყო ამ ქვეყანაში და აწი რატომ მოიწამლებოდა?
ან “ვიზიტორთა” შემცირების ფასს რისთვის ვიხდით, თუკი მაქსიმუმი, რასაც ევროპა გვპირდება, არის ვიზა-ლიბერალიზაცია, რაც უვიზო რეჟიმს კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ ვინც ისედაც იოლად იღებდა ვიზას, კიდევ უფრო იოლად აიღებს და 60 ევროს ნაცვლად 30 ევროს გადაიხდის. მორჩა და გათავდა.
გადამდგარი საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე მიგვანიშნებს: “მე რომ არ გადავმდგარიყავი, ევროკავშირი საცაა, უვიზო რეჟიმის შემოღებას აპირებდა, როგორც მოლდოვასთან შემოიღოო”. თუმცა, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც თავდაცვის გადაყენებული მინისტრის მინიშნებები: “მე რომ არ გადავეყენებინე, საფრანგეთი დღე-დღეზე საზენიტო სისტემებს გადმოგვცემდაო”
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
“შიდა ქართლის” ამაოხრებელმა კოკოითიმ, რომელიც რუსებმა სწორედ დღეს გამოიყვანეს კვლავ ასპარეზზე და “თრუსოს ხეობა-ყაზბეგის” დაპყრობაზე ალაპარაკეს (ჩვენი პოლიტელიტა ამ მოვლენის გამო ყურსაც არ იბერტყავს, რაკი უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არიან ახლა დაკავებულნი), გასულ კვირას დააზუსტა, რატომ არ უნდა შევიდეს “სამხრეთ ოსეთი” (ჯერ) რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში: იმიტომ, რომ, თუკი რუსეთში შევა, ყაზბეგის დაპყრობისთვის პასუხისმგებლობა, მსოფლიოს თვალში, მოსკოვს დაეკისრება მაშინ, როდესაც ბევრად უფრო მოხერხებული იქნება ამ ანექსიის განხორციელება დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის მიერ, _ როგორც “მთიანმა ყარაბახმა” დაიპყრო აზერბაიჯანის დანარჩენი ტერიტორიის 20 პროცენტი და ყურიც არავის შეუბერტყავს მსოფლიოში. ანუ ჯერ დავიბრუნოთ ოსური მიწები (თრუსოს ხეობა და ყაზბეგი ხომ ოსური მიწებია) და მერე შევუერთოთ გაერთიანებული “დიდი ალანია” რუსეთსო, _ ასეთია კოკოითის გზავნილი, რომელსაც მართლა მეტი ყურადღება სჭირდება, ვიდრე დღეს ეთმობა რეალურად.
ამ სისხლიან ფიგურას კრემლი მაინცდამაინც დღეს შემთხვევით არ აამოძრავებდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: “ქალბატონებო და ბატონებო, სიამაყით ვაცხადებ, რომ ვარ გეი!”
ინგლისურად, ალბათ, ასე ჟღერს: I am proud to declare that I am gay! ძახილის ნიშნით, რასაკვირველია.
ერთი სიტყვით, სწრაფად მივექანებით ვითარებისკენ, როცა ხმამაღლა გაიჟღერებს: “სიამაყით ვაცხადებ, რომ ვარ ჰეტეროსექსუალი!”
დღეს არ ჟღერს და “უმცირესობათა დისკრიმინაციადაც” კი ითვლება. მაგრამ ამაყ კონოტაციას უმალ შეიძენს, როცა “ I am proud to be gay! “ უფრო ნორმის გამოხატულებად იქცევა.
ასეთია “სიამაყის განცდის” სოციოფსიქოლოგიური თვისება.
თუმცა, აქ არანაკლებ საინტერესოა ქართული ზმნის ტრანსფორმაცია: 2004 წლიდან, ესე იგი ე. წ. “ვარდების რევოლუციიდან”, ვანო მერაბიშვილმა (სწორედ მან და არ სხვა ვინმემ) დაამკვიდრა ქართულ სემანტიკაში ასეთი გამოთქმა: “მე ვარ ამაყი...” ესე იგი, არა “მე ვამაყობ...” არამედ “მე ვარ ამაყი, რომ...” _ “ I am proud…”
ბუნებრივია, ქართული “რეფორმაცია”, ისევე, როგორც ნებისმიერი რეფორმაცია ლუთერის ეპოქიდან რუსეთის დიდ ორთოგრაფიულ რევოლუციამდე, ჯიუტად მოითხოვს ჩვეული ნორმების დარღვევას თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ... ქართულმა ზმნამ რა დაგიშავათ, თქვე დალოცვილებო? რატომ უნდა ვთქვა: “მე ვარ ამაყი, რომ...”, როცა ჩემი ენა მაძლევს საშუალებას, ვთქვა: “მე ვამაყობ, რომ...”
ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ინგლისელი ან ლატვიელი ასე ლაპარაკობს?
გაზეთი „პრემიერი“, ზურაბ ოღობერიძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |