

|
რედაქციისგან: გაზეთ “პრემიერის” ბეჭდურ ვერსიაში, ამავე ინტერვიუს ქვესათაურში - “ბიძინა ივანიშვილს იმ თემაზე არ უსაუბრია, რასაც გრიფი “საიდუმლო” ადევს”, გაიპარა ტექნიკური შეცდომა და დაიბეჭდა შემდეგი სახით: “ბიძინა ივანიშვილს იმ თემაზე უსაუბრია, რასაც გრიფი “საიდუმლო” ადევს”.
გაზეთ “პრემიერის” რედაქცია აღნიშნულის გამო ბოდიშს უხდის რესპონდენტს, ბატონ დავით საგანელიძესა და მკითხველს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი დავით საგანელიძე კვლავაც გააგრძელებს გაზეთთან თანამშრომლობას.
“ბიძინა ივანიშვილს იმ თემაზე არ უსაუბრია, რასაც გრიფი “საიდუმლო” ადევს”
“სჯობდა, ალექსი პეტრიაშვილს ადრე ესაუბრა ამ თემებზე, თუკი მან ეს ყველაფერი მართლა იცოდა”
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე წარდგება. 14 ნოემბერს პარლამენტის პლენარული სხდომა პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყება. პრეზიდენტის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს და პროცესი პოლიტიკური დებატების გარეშე დასრულდება.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წინადადებაა, რომ პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ პარლამენტის სახელით განცხადება ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის მიმართვა დებატების გამართვის შესახებ გარკვეულ მოსაზრებებს ან რეზოლუციის მიღების სურვილს გააჩენს, ამის თაობაზე შემდგომ საპარლამენტო სხდომებზე იმსჯელებენ.
დავით უსუფაშვილის წინადადების პასუხად, უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე ინიციატივით გამოვიდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, თუკი მისი მიმართვა დეპუტატების პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან პასუხის გაცემის სურვილს გამოიწვევს, შესვენების პროცესში კონსულტაციები გაიმართოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც საპასუხო განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის გამოსვლას უნდა ჰქონდეს პრეზიდენტის მიმართვის დატვირთვა. “პრემიერი” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, დავით საგანელიძეს ესაუბრა:
- გასაგებია, რომ პრეზიდენტს პარლამენტში მისვლა და ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე სიტყვით გამოსვლა სურს. საინტერესოა, რაზე გააკეთებს აქცენტებს, რადგან ოპოზიციის მხრიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ საუბარი რუსეთის აგრესიის თემატიკასაც შეეხება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და რა შედეგის მომტანი უნდა იყოს გასულ კვირაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ასეთი ფორმით გაგრძელება?
- წინასწარი ინფორმაცია არ მაქვს, კონკრეტულად რა საკითხებს შეეხება მისი საუბარი, მაგრამ, ალბათ, ასეც იქნება. სამწუხაროდ, დღეს საქართველო ისეთ პირობებში ცხოვრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც რუსეთთან ურთიერთობა, მისი აგრესია და ის რისკებია, რაც რუსეთთან ურთიერთობაში არსებობს. ცხადია, ვერც პრეზიდენტი და ვერც პარლამენტი ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით.
- პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი მინისტრობის პერიოდში არასწორ მესიჯებს აგზავნიდნენ, უცხოეთში განხორციელებული ვიზიტების დროს კი მიხეილ სააკაშვილის პიარს უფრო ეწეოდნენ, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს ლობირებდნენ. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია, ასე მომხდარიყო, ან რატომ ხდება ამის გასაჯაროება დღეს და არ მოხდა მანამდე, სანამ ისინი კოალიციას დატოვებდნენ?
- მთავრობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩემზე მეტი ინფორმაცია, ბუნებრივია, პრემიერს აქვს, ჩემთვის ძალიან ძნელია, ვიმსჯელო, კონკრეტულად რომელ თემებს გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ განვითარებული მოვლენების ანალიზი ნამდვილად მაძლევს საშუალებას, ვიფიქრო, რომ ბევრ შემთხვევაში, მათი მიწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა, სრულიად ადეკვატური და ისეთი ობიექტური არ ყოფილიყო, როგორიც ქვეყანაში არსებობდა.
- ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს კონტრბრალდებებით უპასუხა. მისი თქმით, ალასანიას გუნდი სახელმწიფოს ევროპულ არჩევანს ლობირებდა. “თავად კი ლობირებდით ზურა ადეიშვილსა და მეგისი ქარდავას, გიორგი ბადაშვილსა და ირაკლი შოთაძეს და მათს საგმირო საქმეებს, შესაბამისად, თქვენ თქვენი მმართველობის პერიოდშიო. ბოლოს და ბოლოს, ალბათ, საერთაშორისო საზოგადოება გაიგებს, ვინ იძალადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე”, - განაცხადა მან. ამის პარალელურად კი მიხეილ სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი დაუმძიმდათ. რაში მდგომარეობს ამ ურთიერთბარლდებების ნამდვილი მიზეზი?
- ნამდვილად არ მინდა მის გამოთქმებზე გარკვეული კომენტარების გაკეთება, მაგრამ სჯობდა, ალექსი პეტრიაშვილს ადრე ესაუბრა ამ თემებზე, თუკი მან ეს ყველაფერი მართლა იცოდა. სურვილი არ მაქვს და არც მართებული იქნება, რომ პროკურატურის საქმეში ჩავერთო, მაგრამ ვალერი გელაშვილის თემასთან დაკავშირებით, უკვე მრავალი წელია, ბევრი რამ არის ნათელი. ვიცით, ვისგან მოდიოდა დაკვეთა, ვინ იყო გარეული და უშუალოდ ჩართული, რომ ეს იყო პირადი ანგარიშსწორება ვალერი გელაშვილზე. ყველამ ყველაფერი იცოდა საქართველოში. უბრალოდ, კონკრეტული საქმეა და საინტერესოა, პროკურატურა როგორ შეაფასებს ამ მოვლენებს, რა კრიტერიუმით იმსჯელებს. არ მიკვირს, რომ ეს თემა მნიშვნელოვანია და ძალიან გახმაურებული იქნება მომავალშიც, რადგან პირადი ანგარიშსწორება პარლამენტარის მიმართ არის განხორციელებული, სადაც პრეზიდენტთან ერთად მაღალი რანგის ჩინოვნიკები იყვნენ ჩართულნი.
- ბიძინა ივანიშვილმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს არასაკმარისი იარაღის მარაგი აქვს. იმის მიუხედავად, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი არ შემცირებულა, მისი ასეთი განცხადება რამდენად დამაჯერებელია, რატომ შეიძლება ჰქონდეს მას ეს ინფორმაცია?
- ბიძინა ივანიშვილი გარკვეული პერიოდი პრემიერ-მინისტრი იყო და მას საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს იმის თაობაზე, რომელი უწყების, მით უმეტეს თავდაცვის სამინისტროს ხარჯები რა მიმართულებით იხარჯება და რა მდგომარეობაა ამ უწყებაში. ბუნებრივია, მან ეს განცხადება ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა. რაც შეეხება, საკმარისია იარაღი თუ არა, თავისთავად ცხადია, რომ, უკეთესია, რაც მეტი გექნება ის, რაზეც მეტი მოთხოვნა არსებობს. ეს მოთხოვნა ვერ არის დაკმაყოფილებული. ბიძინა ივანიშვილს არც ერთი ინფორმაცია არ გაუმჟღავნებია და იმ თემაზე არ უსაუბრია, რასაც გრიფი “საიდუმლო ადევს”.
- იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა უარყოფს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ანალიზმა შთაბეჭდილება დატოვა, რომ ბიძინა ივანიშვილი კულუარებიდან ადევნებს თვალს და მართავს პოლიტიკურ პროცესებს. რამდენად დამაჯერებელია “ქართული ოცნების” პოზიცია, როცა კოალიციის შეკრებას თავადაც დაესწრო?
- საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე კულუარებიდან ადევნებს თვალყურს პოლიტიკურ პროცესებს და მონაწილეობა რაში გამოიხატა? ძალიან კარგია, თვალს თუ ადევნებს, რადგან თავად თქვა, მე არსად არ მივდივარ, არამედ მოვდივარ, როგორც მოქალაქე და საზოგადოების წევრიო. ძალიან კარგია, ბიძინა ივანიშვილმაც რომ იცოდეს, რა ხდება ქვეყანაში და მასზე რეაგირება ჰქონდეს. ვინ არის ასეთი, ვინც ფიქრობს, რომ თვითონ აქვს უფლება, თვალყური ადევნოს და ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ამის უფლება?
- საპარლამენტო უმრავლესობა, “თავისუფალი დემოკრატების” ცალკე, ოპოზიციურ ფრაქციად გასვლის შემდეგ, სხვა დეპუტატების შესვლის ხარჯზე არ დაიშალა. როგორ ფიქრობთ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი კადრის, მარიკა ვერულაშვილის მმართველ გუნდთან გაერთიანება “ქართული ოცნების” პრესტიჟზე რამდენად დადებით გავლენას მოახდენს?
- “ნაციონალები” იყვნენ “რესპუბლიკელები” და ალასანიას გუნდი. 2003 წელს, როცა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში მოვიდა, იმ ბლოკში ძალიან ბევრი პოლიტიკური კადრი იყო, ვისაც დღეს დღევანდელ ხელისუფლებაში ვხედავთ. ვიღაცები ადრე გამოეყვნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, ვიღაცები - გვიან. მე აქ ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ.
- ბოლო კვირაში მომხდარი გადაადგილებების შემდეგ, როგორ გამოიხატება ეს რაოდენობრივად და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ უმრავლესობის შენარჩუნება მმართველმა გუნდმა დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა?
- მოდით, ჯერჯერობით, ციფრებზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან ამ კუთხით გადაადგილებების პერიოდია და ის ჯერ არ დასრულებულა. 7 დეპუტატი გავიდა უმრავლესობიდან, შემდგომ ჩვენი ფრაქციიდან გავიდა შალვა შავგულიძე, რომელმაც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დატოვა პარტია. იმის გამო, რომ “თავისუფალ დემოკრატებს” თავისი კვოტა აღარ ჰქონდათ, ის შემოვიდა პარტია “ქართულ ოცნებაში” და ამ პარტიის კვოტით იყარა კენჭი ვაკეში. ახლა მან მიიღო გადაწყვეტილება, პარტია “ქართული ოცნება” დატოვოს და გადავიდეს “თავისუფალ დემოკრატებში”. ეს მისი გადაწყვეტილებაა, რომელსაც პატივს ვცემ. რაც შეეხება 6 დეპუტატს, რომლებმაც ფრაქცია შექმნეს, ისინი შემოვიდნენ უმრავლესობაში. ამის შესახებ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ჯერ დოკუმენტურად გაფორმებული არ არის. ციფრებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ციფრი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმ დროსთან შედარებით, ვიდრე “თავისუფალი დემოკრატები” უმრავლესობას დატოვებდნენ. დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში ბევრად მეტი წევრი გვყავს, ვიდრე ირაკლი ალასანიას გუნდის წევრების წასვლამდე იყო.
გაზეთი „პრემიერი“,ხათუნა ხატიაშვილი
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |