|
რამდენიმე დღის წინ, “ფეისბუკზე” გამოქვეყნდა მაია ორჯონიკიძის, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო და საგულისხმო ბლოგი საერთო პათოსით - “ვაჰ, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ამ ფარისევლობასა და ტყუილში?”. საქმე ეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას და “დელიკატურ მომენტებს”, რის თაობაზეც არაერთხელ უსაუბრია როგორც მიშა სააკაშვილს, ასევე ჟვანიას სხვა თანამებრძოლებსა და მეგობრებს. თუმცა, მხოლოდ ფრთხილი მინიშნებებით და არა პირდაპირ.
გასაგებია, რომ “დელიკატურ სიმართლეზე” ქარაგმებით ლაპარაკი იმისთვის სჭირდებათ, რათა უთქმელად გაამართლონ აშკარა სისხლის სამართლის დანაშაული (ეს ნებისმიერ შემთხვევაში, ფორმალური დანაშაულია): იმ სურათის შეცვლა, რაც რეალურად დახვდათ ჯერ დაცვის წევრებს, შემდეგ გიორგი ბარამიძესა და სხვა მეგობრებს საბურთალოს ქუჩაზე, კონსპირაციულ ბინაში, სადაც ზურაბ ჟვანია “კვირაში ორჯერ-სამჯერ დადიოდა” - როგორც ეს მისი დაცვის წევრმა, მიხეილ ძაძამიამ აღიარა.
მაია ორჯონიკიძე ჟვანიას მეგობრებს მოუწოდებს, დღეს მაინც პირდაპირ თქვან სათქმელი: “როდესაც შენს მორალურ ბარიერებს ბინძურად იყენებენ ისევ შენს წინააღმდეგ, - მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ, - იმის მაგივრად, რომ მადლიერების განცდა ჰქონდეთ - ამის შემდეგ ეს ყრუ დუმილი წინა ხელისუფლების მხრიდან რა უბედურებაა? ვაშლის მოპარვას ხომ არ გაბრალებენ თქვე კაი ხალხო, კაცისკვლაში გდებენ ბრალს აგერ უკვე რა ხანია!”
ანუ, ქალბატონი მაიასთვის გაუგებარია, რატომ არ ამბობს წინა ხელისუფლება (ესე იგი ჟვანიას მეგობართა წრე) ამ “დელიკატურ სიმართლეს” მაშინ, როდესაც გარდაცვლილის ოჯახი მათ, ფაქტობრივად, მკვლელობას ან მკვლელობის დაფარვას აბრალებს?
“და თუ იმას, ვის სახელსაც და ვის ოჯახსაც გაუფრთხილდით, ჰყოფნის უნამუსობა და იმის მაგივრად, რომ გაჩუმდეს, აქეთ გადანაშაულებთ ჟვანიას არარსებულ მკვლელობაში, დუმილის ვალდებულება ვიღას წინაშე გაქვთ? თუ ოჯახის წინაშე - ამ ოჯახმა დიდი ხანია ნამუსი გაიწყვიტა და აქეთ გადანაშაულებთ საკუთარი ძმის, ქმრისა და შვილის მკვლელობაში, მხოლოდ იმის გამო, რომ როგორმე გადაფაროს ჟვანიას გარდაცვალების გარემოებები”, - წერს ქალბატონი ორჯონიკიძე და კიდევ უფრო მკვეთრად აგრძელებს: “ოჯახს რომ ნამუსი ჰქონოდა, გამოსულიყო და უარეყო ყურით მოთრეული მკვლელობის ბრალდება, მაშინ მიჩუმდებოდა ეს ამბავიც, მაგრამ, რადგან ამდენი წელია, არ ისვენებენ და მიზანმიმართულად მავნებლობენ, ბოლოს და ბოლოს, რატომ არ უნდა ითქვას სიმართლე - დღეს ვიღას უკვირს ....... და მისთანანი?”
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შემდეგ ბლოგის ავტორს სენსაციური ფაქტი მოჰყავს, რომელიც მისთვის გახდა ცნობილი, თუმცა წყაროს არ ასახელებს: “ჟვანიას გარდაცვალების გარემოებები ხომ გადასარევად იცის მისმა ცოლმაც, რომელზეც თვითმხილველებისგან მსმენია, რა გაოგნებული წყევლიდა საკუთარ ქმარს მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ნახა იმ ერთოთახიან “კონსპირაციულ” ბინაში. და მაშინ მისი შვილების სიმშვიდის გამო დამალა წინა ხელისუფლებამ ის, რომ ზურაბ ჟვანია გაზით კი გაიგუდა, მაგრამ ისეთ ვითარებაში, “პატრიარქალურ” საქართველოში რომ მიუღებლად მიიჩნევა”.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც ჩანს, ქალბატონ მაია ორჯონიკიძეს გულწრფელად ჰგონია, რომ, თუ ისინი, ვისაც ოჯახი, ფაქტობრივად, მკვლელობაში, ან მკვლელობის დაფარვაში ადანაშაულებს, დღეს დუმან, ამას მხოლოდ “დელიკატურობის” გამო და ყოფილი მეგობრის ხსოვნისადმი პატივისცემით აკეთებენ. სინამდვილეში, “დელიკატურ სიმართლეს” (“პატრიარქალურ” საქართველოში რომ მიუღებლად მიიჩნევა”) არ ამბობენ სრულიად პრაგმატული მოსაზრებებით! დავსვათ მარტივი კითხვა: ვინ დაზარალდება და ვის წინააღმდეგ “იმუშავებს” ეს “დელიკატური სიმართლე”? წარმოვიდგინოთ, ჩაატარეს დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გიორგი ბარამიძემ, მიშა მაჭავარიანმა, ზურაბ ნოღაიდელმა, სხვებმა და სხვებმა, რომელზეც პირდაპირ თქვეს “სათქმელი”. მერედა, ჩვენს ტრადიციულად ჰომოფობიურ საზოგადოებაში ამით ვინ დაზარალდება - დღევანდელი ხელისუფლება? კი, მაგრამ რატომ? რომელი ზურაბ ჟვანიას მეგობარი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი? ან ბიძინა ივანიშვილი? ან კახი კალაძე, დავით საგანელიძე თუ გია ვოლსკი? იმათ რა დააკლდებათ, თუ ზურაბ ჟვანიაზე მისივე მეგობრები “დელიკატურ სიმართლეს” იტყვიან? განა ძნელი მისახვედრია, რომ ამ “დელიკატური სიმართლით” სწორედ “მეგობრები” დაზარალდებიან და სწორედ მათ დაუსვამენ აღშფოთებული მოქალაქეები ძალიან უხერხულ კითხვებს: “მერედა, თქვენ ეს იცოდით ზურაბ ჟვანიას სიცოცხლეში? თუ არ იცოდით, რომ გცოდნოდათ, მაშინ... და თუ იცოდით, მაშინ (რაც მთავარია) ის “ვარდების რევოლუცია” რა იყო?”
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თავის დროზე სააკაშვილმა და ბურჯანაძემ “დელიკატურობა” იმიტომ დაიცვეს და “ისეთი” დასაფლავებაც იმიტომ მოაწყვეს, რომ არა იმდენად ზურაბ ჟვანიას, რამდენადაც “ვარდების რევოლუციის” იმიჯს გაუფრთხილდნენ, ამ ჩვენს ჰომოფობიურ საზოგადოებაში! ეს აღელვებდათ სინამდვილეში - რომ “დელიკატური სიმართლის” გამჟღავნებით ხალხის თვალში “ვარდების რევოლუციის” დისკრედიტაცია არ მომხდარიყო - და არა “ზურაბ ჟვანიას შვილების სიმშვიდე”, როგორც ქალბატონ ორჯონიკიძეს ჰგონია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხოლო დღეს თუ გამოვა მისი მეგობრების ლეგიონი და “ხმამაღლა იტყვის”, ამით ისევ და ისევ მათი პოლიტიკური გუნდის საბოლოო დისკრედიტაცია მოხდება და არა ახალი ხელისუფლებისა. ამიტომ დღევანდელი მთავრობაც ყველაფერს აკეთებს (თანაც საკმაოდ ჭკვიანურად), რომ თავად კი არ თქვას, - თვითონ ამათ ათქმევინოს. თანაც საკითხავია: რას შეცვლის ნაგულისხმევი “დელიკატური სიმართლე” სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი (თუნდაც ძალიან დელიკატური მოსაზრებებით) ტრაგიკული შემთხვევის ადგილზე ცვლილებებს, გადაადგილებებსა და ა.შ და ა.შ.? ეს ხომ ყველა შემთხვევაში დანაშაულია?! მაგრამ დღეს ამ მუხლს იმიტომ არ უყენებენ, რომ, თუ წაუყენეს, მაშინ დღევანდელი ხელისუფლება გამოვა “დელიკატური სიმართლის” გამჟღავნების ინიციატორი! ხოლო თუ “ესენი თვითონ იტყვიან”, მაშინ ხელისუფლებას, უბრალოდ, აღარ დარჩება არანაირი წინაღობა, რათა სააკაშვილის, ბარამიძის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და სხვათა წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრას (მუხლით: “მტკიცებულებების გაყალბება, - გამოძიებისთვის ბოროტად ხელის შეშლა”) და მთავრობას უკვე ვეღარავინ დაადანაშაულებს, რომ “დელიკატურობის გამო” ახალი საქმის წამოწყებისგან თავი არ შეიკავა: ანუ “თვითონ თქვეს და ჩვენ არ შუაში ვართ?” სისხლის სამართლის კოდექსი კი (ვიმეორებ) არანაირ “დელიკატურობას”, მით უმეტეს პოლიტიკურ მოსაზრებებსა და ე.წ. “ვარდების რევოლუციის იმიჯის გაფრთხილებას” არ ცნობს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამიტომ, თუ ჟვანიას მეგობრები მაია ორჯონიკიძის მოწოდებას გაიზიარებენ და “დელიკატურ სიმართლეს” იტყვიან, “გაცოფებული, ბნელი, ჰომოფობი ხალხი”, ვინც ე.წ. “ვარდების რევოლუციაში” და საერთო ეროვნულ დასაფლავებაში (მერაბ კოსტავასაც რომ არ ღირსებია) აქტიურად მონაწილეობდა, თავს შეურაცხყოფილად ჩათვლის და პირველ რიგში “მეგობრებს”, მათ შორის სააკაშვილს მივარდება ანგარიშის გასასწორებლად - არა დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ჟვანიას საქმეში, არც ერთი თვალსაზრისით (არც “დელიკატური” და არც სხვა რაიმე მხრივ), ნამდვილად არაფერ შუაშია.
გაზეთი „პრემიერი“, მიხეილ გეწაძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |