|
ალასანიას არ გადადგომა “არ არსებობდა”; გიორგი მარგველაშვილმა ვეტო “ჯოკერივით” იხმარა; რას მოითხოვენ რესპუბლიკელები? ბანკებს შესეული დეველოპერები; ცოლისძმების სინდრომი “ევროპულ” საქართველოში; ამალია ჯიბლაძე, როგორც სახალხო ტრიბუნი; კოკოითი ქართული მიწებისთვის ბრძოლას იწყებს; ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის.
ქართული ენის სემანტიკურ სიმდიდრეს, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ.
კი, ფრანგულსა და ინგლისურს ნამდვილად უფრო დიდი ლექსიკური მარაგი აქვს – დაახლოებით ორი მილიონი სიტყვა–ცნება. ქართულ ლექსიკონში ნაკლებია. მაგრამ სემანტიკა სხვა ფენომენია, ხოლო ქართული ზმნა ისეთ რამეს გამოგახატვინებს, რასაც სხვა ენით ვერ გამოხატავ. ან, ყოველ შემთხვევაში, მთელი ფრაზა დაგჭირდება
მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს გარშემო მოხდა თუ დატრიალდა, მინისტრ ალასანიას არგადადგომა უბრალოდ არ არსებობდა!
ნიშანდობლივია, რომ ქართული სემანტიკა ამ დისკურსში კატეგორიულად გამორიცხავს საპირისპირო კორელანტს: «რსებობდა» ან «ძალიან კარგადაც რსებობს».
ბოლო 25 წლის ქართული პოლიტიკური «კარუზელის» შემხედვარეს აბა რა უნდა გაგიკვირდეს კაცს, თუმცა მაინც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თავისუფალი დემოკრატების ლიდერისათვის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკავება «რუბიკონის გადალახვის» ტოლფასი იყო. ანუ უკანმოუბრუნებლობის წერტილი. ოღონდ, იმ აზრით, რომ «რუბიკონი» მის მიმართ სხვამ გადალახა და პატივცემული ალასანიაც ისე გაუშვა ორბიტაზე, უკანმოუბრუნებლობის ხსენებულ ზღავრს მალევე გასცდა. მით უმეტეს მისი ერთმნიშვნელოვანი განცხადებების ფონზე – დაკავებულთა სრული უდანაშაულობის შესახებ.
თუ გახსოვთ, მიშას დროს, ასეთ შემთხვევებში უწყების ხელმძღვანელი თავჩაქინდრული გამოდიოდა ხოლმე პრეს–კონფერენციაზე «მთავარ ანტიკორუფციონერ» თოფურიძესთან ან პროკურატურის რომელიმე მაღალჩინოსანთან ერთად და გულამოსკვნილი ტონით უცხადებდა «უდიდეს მადლობას» სამართალდამცავ ორგანოებს საზიზღარი კორუფციონერების გამოვლენისა და მისი უწყების ამ «შავი ჭირისგან» გაწმენდის გამო. ამგვარი საქციელი, როგორც მინიმუმ, იმის გარანტიას უქმნიდათ, რომ მათ წინააღმდეგ არ აღიძვრებდოა საქმე (თუნდაც გულგრილობის მუხლით) და თანამდებობებსაც შეინარჩუნებდნენ.
ალასანია ასე ვერ მოიქცეოდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მოქმედი და თვითკმარობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსია. თანაც, პარტიის ლიდერი. გარდა ამისა, «სილქნეტთან» ხსენებულ გარიგებაში პირადად მონაწილეობდა. და თუ დაპატიმრებული «ჩვენი ბიჭები» დამნაშავეები არიან, მაშინ თავადაც დამნაშავე გამოდის.
აქ თვით ბრალდების განხილვას, რა თქმა უნდა, აზრი არა აქვს. მით უმეტეს, რომ გასაიდუმლოებულია, ხოლო ორ სახელმწიფო უწყებას შორის, ამის გამო, ღია კინკლაობა მიმდინარეობს მთელი ევროპისა და ნატო–ს სახითხითოდ. თუ ვინმეს ჰგონია, ეს კინკლაობა ჩვენდამი მათ დამოკიდებულებაზე არ აისახება, ძალიან ცდება. ოღონდ სწორედ ეს საჯარო კინკლაობა და არა თვით დაპატიმრების ფაქტი, რაშიც გამაოგნებელი და შემაძრწუნებელი არაფერია. დააპატიმრეს და დააპატიმრეს – ვინ არ დაუპატიმრებაით?
ბევრად მეტად საინტერესოა პოლიტიკური კონფიგურაცია, რაც ამ სკანდალისა და ირაკლი ალსანაის გადადგომის შედეგად იქმნება კოლიციაში.
რა თქმა უნდა, მაინც შეიძლება განვხილოთ ვარიანტი «რსებობდა», ანუ ირაკლი ალასანია არ გადადგებ(ოდა). მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებ(ოდა), თუ დაპატიმრებულებს გაათავისუფლებენ, ხოლო მის მოადგილეს, საბოლოოდ არ დააპატიმრებენ. თანაც, არა «თავდებობით», არამედ დანაშაულის ნიშანთა არარსებობის გამო. ოღონდ, თუ ასე მოხდებოდა, ძალოვან სტრუქტურათა (პროკურატურა–პოლიცია) იმდენად დიდი შეურაცხყოფა იქნებოდა, პრემიერ–მინისტრი მთლიანად დაკარგავდა მათ ნდობასა და ერთგულებას.
ბუნებრივია, ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ამას ვერ და არ დაუშვებენ. აქედან გამოდინარე, რაკი ახალგაზრდა პროკურორს, ვინც ეს საქმე წამოიწყო, თავი «მოსაძრობად» ნამდვილად არ ემეტება და არც კრიმინალებთან უნდა ერთ საკანში აღმოჩენა (გასაგები მიზეზების გამო) წარმოუდგენელია, მას ყველა მოსალოდნელი შედეგი არ ჰქონოდა გათვლილი, როცა ამოდენა პასუხისმგებლობას იღებდა თავზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ნებისმიერ შემთხვევაში, კოალიცია “ქართული ოცნება” უკვე ვეღარ იქნება ის და ისეთი, როგორიც იყო “კაბელების საქმემდე”. სინამდვილეში, ეს არა კაბელების, არამედ “ირაკლი ალასანიას საქმეა”. და ნამდვილად არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ხსენებული “საქმე” (ესოდენ აღრეული მიზეზ-შედეგობრიობით) დაემთხვა ორ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას: პრეზიდენტ მარგველაშვილის ვეტო-სა და “რესპუბლიკელთა” მკვეთრ განცხადებას შიდაკოალიციური რეფორმის აუცილებლობაზე.
რაც შეეხება ვეტო-ს: ვისაც “ჯოკერი” უთამაშია, ეხსომება გამოთქმა: “ხმალივით უნდა იხმაროო”. პრეზიდენტმა მარგველაშვილმაც სწორედ “ჯოკერივით” გამოიყენა ეს უფლება, ანუ ერთ-ერთი ბოლო პრეროგატივა, რაც მას მთავრობამ დაუტოვა: ძალიან ზუსტად შეარჩია დროც, თემაც და ფორმულირებებიც.
დავაკვირდეთ, რამდენად ჭკვიანურად მოიქცა: მხოლოდ გადავადება “დაავეტოვა” და თვით კონცეფციაზე (ე.წ. “გასაღების” შესახებ), პარლამენტისთვის გაგზავნილ დოკუმენტში არაფერი უთქვამს. მხოლოდ ზეპირად თქვა _ ბრიფინგზე. ამით, ერთი მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობა “დააბა”, რათა ვეტო-ს გადალახვა არ ეცადათ და მეორე მხრივ, ე.წ. “სამოქალაქო საზოგადოების”, ანუ “ენჯეოშნიკთა ლეგიონის” გულიც მოიგო.
1-ელ დეკემბრამდე პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, აძლევს თუ არა “მეორე გასაღებს” (რეალურად, მთავარ გასაღებს) მობილურ ოპერატორებს, ანუ ეუბნება თუ არა უარს შინაგან საქმეთა სამინისტროს _ ტექნიკური წვდომის ექსკლუზიურ უფლება-საშუალებაზე.
თუ ამ გასაღებს პარლამენტი მაინც შსს-ს დაუტოვებს, ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფო უწყებას გადასცემს (ვთქვათ, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის” ინსპექტორს, ომბუდსმენს და ა.შ) პრეზიდენტი კანონს კვლავ “დაავეტოვებს”. მაშინ საპარლამენტო უმრავლესობას უკვე ვეტო-ს გადალახვა მოუწევს. თანაც იმ ვითარებაში, როდესაც “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები” უეჭველად წინააღმდეგ მისცემენ ხმას. შესაბამისად, მთავრობის მიერ “ერთი გასაღების” დატოვების მცდელობა კოალიციის დაშლის წინაპირობა გახდება, რაკი “ეროვნული ფორუმის” დეპუტატებიც “ორგასაღებიანობას” იზიარებენ და ამის შესახებ განაცხადეს კიდეც.
არადა, “ორ გასაღებზე” დათანხმება ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება: ამიერიდან, მობილური ოპერატორი, მოსმენის ჩასართავად, მოითხოვს სასამართლოს ნებართვას! თანაც, რაკი ეს მობილური ოპერატორები (სამივე) უცხო ქვეყნის რეზიდენტებს ეკუთვნით, გამოდის, იმ ქვეყანათა სპეცსამსახურებს მუდამ ექნებათ ინფორმაცია, ვის უსმენს ფარულად ქართული კონტრდაზვერვა! ეს კი, წვრილმანი არ გეგონოთ: ასეთი ინფორმაციისთვის (თუ კონკრეტულად ვის უსმენს საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახური სასამართლოს ფარული ნებართვით) უცხო სპეცსამსახურები ბევრს გადაიხდიდნენ. თუმცა ჩვენ უფასოდ ვაძლევთ.
მაგრამ სასწორის მეორე პინაზე ისეთი ეჭვმიუტანელი ღირებულებაა, როგორიც ფარული მოსმენა-თვალთვალის გამორიცხვა. ანუ საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, რა უფრო ღირებულია მისთვის: გარანტირებულად არავინ გვისმინოს უნებართვოდ, თუ ის, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს არ ჰქონდეთ ინფორმაცია, ვის უსმენს ქართული კონტრდაზვერვა?
შეიძლება პირველი ბევრად ღირებულიც იყოს, მაგრამ გამაღიზიანებელია, როცა იგივე “ენჯეოშნიკები”, ჩვეული უტიფრობით გიმტკიცებენ, თითქოს ამგვარი დილემა მოგონილი და ხელოვნურია, ხოლო ზესაიდუმლო ინფორმაცია (თუ ვის უსმენენ სასამართლო სანქციით) _ არც ისე მნიშვნელოვანი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება რესპუბლიკელთა განცხადებას. მან ბევრი დააბნია, რაკი საკმაოდ ოსტატურად იყო შეფუთული დიპლომატიური ფრაზეოლოგიით. ზოგს ეგონა, თითქოს ის დაიყვანებოდა ფორმულაზე: “ან მოგვეცით თანამდებობები და მაშინ გავიზიარებთ საერთო პასუხისმგელობას, ან ვიმოქმედებთ დამოუკიდებლად!”
სინამდვილეში, რესპუბლიკელებს “თანამდებობამანია” არასდროს ახასიათებდათ. ამ პარტიის უნიკალურობა (და მისი მთავარი სხვაობა ქართული პოლიტელიტის ჩვეულებრივი სუბიექტებისგან) ისაა, რომ საკუთარ “პროექტს” ბევრად მეტად უფრთხილდებიან, _ თუნდაც ამ პროექტს სხვას ახორციელებინებდნენ. ივანიშვილთანაც იმიტომ მივიდნენ 2011 წელს, რომ მათი პროექტი და ხედვა მას განეხორციელებინა.
ხოლო რას მოითხოვენ რეალურად, ერთ-ერთ ინტერვიუში, სხვა სიტყვებით თქვა ლევან ბერძენიშვილმა: ჩვენ უნდა გავაფორმოთ შიდაკოალიციური შეთანხმება, რომლითაც ყველანი ვიკისრებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის განვითარების საერთო პროექტზე. ძალიან გვაღიზიანებს, როცა გამოხტება ვიღაც კოალიციის წევრი და წამოაყრანტალებს: “არ გვინდა ნატო”. თუ ჩვენი კოალიციის წევრი ხარ, უნდა გინდოდეს ნატოც!
ბუნებრივია, ლევან ბერძენიშვილი ჯერჯერობით არ უშვებს იმის ალბათობას (რაკი წარმოუდგენლად მიაჩნია), რომ კოალიციამ, შესაძლოა, პირიქით გადაწყვიტოს და “ვისაც ნატო არ უნდოდეს”, სწორედ მათ სასარგებლოდ გააფორმოს ახალი კოალიციური შეთანხმება, ესე იგი კოალიციიდან “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები” გამოაბუნძულონ, მათი იდეური მოწინააღმდეგეების (სოსო ჯაჭვლიანი და ა.შ) ნაცვლად.
ამიტომაც ამბობენ: “ჩვენ (რესპუბლიკელები) კოალიციას ბოლონი დავტოვებთო”, რაკი სჯერათ (და ამაში, ალბათ, არ ცდებიან), რომ კოალიცია ღიად ვერ გაბედავს ბოლო 25 წლის პოლიტიკური მეინსტრიმის წინააღმდეგ წასვლას.
ამის მიუხედავად, მაინც საეჭვოა, ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კალაძის ტანდემმა ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება მიიღოს და ხელ-ფეხი საბოლოოდ შეიკრას. თუნდაც იმავე რუსეთთან ურთიერთობაში. ალბათ, ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყველა საკამათო საკითხზე “რესპუბლიკელები” იტოვებენ უფლებას, განსხვავებული პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ და შესაბამისად, იმოქმედონ კიდეც პარლამენტში.
ეს რაღა კოალიციაა? არც არაფერი! მაგრამ “ქართული ოცნება” ევროპული ტიპის კოალიცია თავიდანვე არ იყო. უფრო გასული საუკუნის 30-იანი წლების “სახალხო ფრონტებს” ჰგავდა, რომელიც საერთო მტრის წინააღმდეგ იქმნებოდა: მემარჯვენე-ლიბერალთა წინაპრები სოციალ-დემოკრატებთან ერთად აწყობდნენ ანტიფაშისტურ მანიფესტაციებს.
ახალი კონფიგურაციის არაფორმალურ ჩამოყალიბებას ეს უკვე ხელს ვერ შეუშლის: “თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკელები”, მარგველაშვილი, “სამოქალაქო საზოგადოება” და მათთან ტაქტიკურად მოთანამშრომლე “ნაციონალები”.
“ოცნების” რეალური ბირთვი ამ ახალ, არაფორმალურ კოალიციას (პირველად “გასაღების” თემაზე რომ გაფორმდა) ვერაფერს დაუპირისპირებს, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისა.
თეორიულად შესაძლებელია, საპარლამენტო უმრავლესობამ სამჯერ ჩააგდოს 2015 წლის ბიუჯეტი, რის შემდეგაც პრეზიდენტი იძულებული იქნება, დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო და დანიშნოს ახალი არჩევნები. შემდეგ კი ახალი პარლამენტით შეცვალონ კონსტიტუცია, ამ გზით მოიშორონ პრეზიდენტი მარგველაშვილი და აირჩიონ ახალი პრეზიდენტი.
თუმცა, მეტისმეტად რთული სქემაა, ბევრ რისკთანაა დაკავშირებული და საეჭვოა, “ოცნებას” ეყოს რესურსი, ამგვარი გეგმის განსახორციელებლად. მაშასადამე, 2018 წლამდე მაინც მოუწევთ გიორგი მარგველაშვილის “მძიმე ჯვრის” ტარება, რაკი ის იმ დონის შეცდომა იყო, რომლის იოლად გამოსწორება ვერ მოხერხდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ცენტრალურმა ბანკმა, _ როგორც ჩანს, მთავრობასთან შეთანხმებით, _ კომერციულ ბანკებს დეველოპერული საქმიანობა აუკრძალა. ანუ ბანკებს ვეღარ ექნებათ საკუთარი დეველოპერული კომპანიები (“მ2”-ის მსგავსი), რომლებიც სწრაფად, შედარებით იაფად და, რაც მთავარია, უეჭველად(!) განახორციელებენ სამშენებლო პროექტებს.
მოტივი, როგორც ჩვენში იტყვიან, “პირდაპირ გადასარევია”: თურმე დეველოპერებს უჩივლიათ, _ “ბანკები კრედიტებს არ გვაძლევენ, რაკი საკუთარი სამშენებლო კომპანიები აქვთო”.
არადა, სინამდვილეში, კრედიტებზე უარს ეუბნებიან არა იმიტომ, რომ საკუთარი კომპანიები აქვთ, არამედ იმიტომ, რომ არ ენდობიან. ხოლო არ ენდობიან იმიტომ, რომ ამ ე.წ. “დეველოპერებმა” ათასობით ადამიანი გაძარცვეს, ნაძარცვი ფულით “იგულავეს”, “ბენტლის” დონის მანქანები იყიდეს, უცხოური ვოიაჟები არ მოიკლეს და ახლა უკვირთ _ “ბანკები რატომ არ გვენდობიანო”.
ხელისუფლება კი, ნაცვლად იმისა, სამშენებლო სექტორი ბანკების მეშვეობით გააცოცხლოს (მათი სამშენებლო პროექტების ჩაფლავების ალბათობა ათასჯერ ნაკლებია) და თაღლითი დეველოპერები დაარწმუნოს, ცოცხალ-მკვდარი პროექტები ბანკებს მიჰყიდონ, საბანკო სექტორს აიძულებს, შეწყვიტოს ინვესტირება მშენებლობაში!
ამაზე მეტი აბსურდი გაგონილა?! ამგვარი მიდგომა შედეგად მხოლოდ იმას მოიტანს, რომ ბანკები მაინც არ მისცემენ თაღლით “დეველოპერებს” სესხს და სამშენებლო სექტორიც ვეღარასოდეს გამოვა კრიზისიდან.
არაფერი საშიში ჩვენი ქვეყნისთვის ბანკების “არაპროფილურ საქმიანობაში” არ არის. დიახაც, საშიშია ათასი ჯურის თაღლითისთვის, ვინც საკუთარი უპასუხისმგებლობითა თუ უნიათობით დარგის დისკრედიტაცია მოახდინა და მცირე ინვესტორთა (იგივე გაუბედურებულ მენაშენეთა) ნდობა დაკარგა, თორემ საბანკო სექტორი დღეს ლამის ერთადერთი ჯანსაღი, სანდო ეკონომიკური ინსტიტუტია ამ ქვეყანაში და მისი გაძლიერება მხოლოდ სასარგებლო იქნებოდა.
თუმცა ძლიერი ლობი, როგორც ჩანს, მუშაობს და არცთუ ქვეყნისთვის სასარგებლოდ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გრძელდება სკანდალები ნათესავების თანამდებობაზე დანიშვნის გამო: “ამან ცოლისძმა დანიშნა, იმან მულისდა, სიდედრის ქვისლი” და ა.შ.
არადა, ძალიან მარტივი კითხვაა: კანონი კრძალავს? თუ კონკურსი არ ჩატარდა, ან ჩატარდა უსამართლოდ, _ კი ბატონო, მაგრამ სხვა შემთხვევაში, თუკი კონკურსი, ატესტაცია და ამგვარი გათვალისწინებული არ არის და თანამდებობის პირმა ნათესავი დანიშნა _ კანონი ირღვევა თუ არა? არ ირღვევა! მაშინ ჩავწეროთ კანონში ასეთი ცნებები, როგორიცაა “ცოლისძმა”, “მულისდა”, “სიდედრის ქვისლი” და ა.შ. ხომ ვერ ჩავწერთ? ვერ ჩავწერთ, იმიტომ, რომ სრული იდიოტიზმი იქნებოდა.
თანაც, დავაკვირდეთ: ხშირად სულ სხვა უწყებაში ინიშნებიან და მაინც სკანდალია. ესე იგი, მინისტრის ცოლისძმა თუ ხარ, “პროფესიაზე აკრძალვა” უნდა დაგიწესდეს, როგორც ფაშიზმისშემდგომ გერმანიაში იყო?! დანაშაული ყოფილა (გაჩენის ფაქტით) და ეგაა.
არსად ევროპაში ამგვარი სასაცილო სკანდალები არ ხდება. იმიტომ, რომ “ცოლისძმისა” და “ცოლისდის” ან თუნდაც “დედმამიშვილების” ინსტიტუტი იქ ასე განვითარებული და ანგაჟირებული (ყანწით ანგაჟირებული) არ არის.
აქედან კი კვლავაც ის უსიამოვნო დასკვნა გამომდინარეობს, რომ რაკი ევროპა, პირველ რიგში, საზოგადოებრივი განვითარების დონეა (და არა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე ან თუნდაც ელექტორალური დემოკრატია და ხელისუფლებათა ცვალებადობა), სანამ “ცოლისდა” ან “ცოლისძმა” თუ “ქვისლ-მაზლნი” და მისთანანი საქართველოში იმას ნიშნავს, რომ მათი სადმე გამოჩენა პოლიტიკური სკანდალი ხდება, მანამ არა ვართ ევროპული საზოგადოება, მაშასადამე, სინამდვილეში, არა ვართ არანაირი ევროპა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
“კონკიობიდან პრინცესად” ქცეული ამალია ჯიბლაძის გულისამაჩუყებელი ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა “მაგარია” “რუსთავი 2”! მართლა ძალიან მაგარია. რატომ და როგორ _ სხვა საკითხია. მაგარია და რა გინდა უქნა?
ეს ისტორიაც (თანამდევი სკანდალებით) ბრწყინვალედ გამოიყენეს მორიგი “სახალხო თაყვანისცემის” ასაფეთქებლად. თანაც მასობრივი ფსიქოლოგიის ზედმიწევნითი ცოდნით. ვერავინ დაამტკიცებს, რომ ყველაფერი დადგმული იყო თავიდან ბოლომდე: ამალიას გამოჩენაც, ტრიუმფალური წარმატებაც (მართლა კარგად მღერის _ ბევრად უკეთ, ვიდრე ჩვეულებრივი რესტორნის მომღერალი), მხილებანიც და ამ მხილებათა მრისხანე უარყოფაც.
შესაძლოა, არ იყო დადგმული ან მხოლოდ ნაწილობრივ იყო, მაგრამ ასე ხომ მხოლოდ “მაგრებს” უმართლებთ!
“ამალია” იქცა გულაჩუყებული ხალხის “ტრიბუნად”, ელიტისადმი მისი ქვეცნობიერი ზიზღის გამოხატულებად, ხოლო “რუსთავი 2”-მა კვლავ დაადასტურა ლიდერობა მძიმე პაექრობაში სხვა მედიასაშუალებებთან.
ისე, რა ამის პასუხია და ხომ თითქოს ღატაკი ქვეყანა ვართ? რაღაც საოცარი ფენომენია, რომ ამ “ღარიბ-ღატაკ ქვეყანაში” ერთდროულად რამდენიმე ასეთი ტელევიზიაა _ ამ დონის პერფორმანსებით! სხვაგან ვერსად (ევროპაშიც კი, აზია-აფრიკაზე ლაპარაკი ზედმეტია) ამ საოცარ ფენომენს ვერ აღმოაჩენთ ასეთი ოდენობითა და ამ დონეზე.
ნიკა გვარამია ახერხებს, “რუსთავი 2” თითქმის არადოტაციური იყოს. ანუ ტელევიზიის პირდაპირ და ირიბ მფლობელებს მისი შენახვა ბევრი არაფერი უჯდებათ და, იმავდროულად, უძლიერეს პოლიტიკურ ბერკეტს ფლობენ, რომელსაც, როცა დასჭირდებათ და როგორც კი დროს იხელთებენ, კომბალივით გამოიყენებენ.
პირველი მოსინჯვა 15 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. მანამდე “თავისუფალ დემოკრატებს” ყრილობა უკვე ჩატარებული ექნებათ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვლადიკავკაზში გამართულ ყრილობაზე ძაღლთაპირმა ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის (და არა რუსეთში შესვლის) მომხრეა, რადგან, თურმე ნუ იტყვით, “ოსი ხალხი აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას უსამართლოდ ჩამორთმეული მიწებისთვის”.
არ იკითხავთ, რომელი მიწებზეა ლაპარაკი? _ თრუსოს ხეობასა და ყაზბეგზე!!!
სანამ საქართველოს ვესტერნიზებული პოლიტელიტა “ნატო”-ს ქიმერებს ეთამაშება და “ევროასოცირებებს” აფორმებს, ხოლო ქვეყნის მთავარ პრობლემად ტრანსგენდერულ შეუწყნარებლობას აცხადებს (აი, მომღერალ წვერებიან ბაყაყზე გული რატომ გერევათო), კრემლი გვიმზადებს მორიგ გაკვეთილს: “უარესის უარესი არ დაილევა”.
ეს ცოფიანი ქოფაკი (გვარად კოკოითი თუ კოკოევი) ასპარეზზე მაშინ გამოიყვანეს, როცა შევარდნაძემ თქვა, “ნატოს კარზე დაკაკუნებას ვაპირებო”. 2008 წლის შემდეგ კი დააბეს მოკლე საბელით, მაგრამ ახლა ისევ უპირებენ, ვგონებ, აშვებას. იმ გათვლით, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი “მოკავშირეების” ჩარევა, რეალურად, იმაზე მეტი კი არა, ნაკლებიც იქნება, ვიდრე 2008 წელს იყო.
რა პასუხი აქვს ამაზე ქართულ პოლიტოკრატიას? როგორც ყოველთვის, არავითარი _ რაღაც მითიურ “ოქროს ბარათზე” უაზრო ლაპარაკის გარდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასულ კვირას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სულაც არ ინაღვლებს, თუ პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი მუქარას შეასრულებს და დიდი ბრიტანეთი მართლაც გავა ევროკავშირიდან. ეს ძალიან სერიოზული ამბავია, რაკი საქმე პიროვნულად მერკელ-კემერონის დაპირისპირებას კი არ ეხება, არამედ ბევრად ღრმა სისტემური მიზეზები აქვს.
მოკლედ აღვწერ: დიდი ბრიტანეთი რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ყოფილიყო, ესე იგი, მაგალითად, 2000 წელს გირვანქაზე უარი ეთქვა და შენგენის ზონას შეერთებოდა, მაშინ შოტლანდიაში ახლახან ჩატარებული რეფერენდუმი სულ სხვაგვარად დასრულდებოდა, რაკი ინლისელებმა შოტლანდიელები იმით დააშინეს, რომ თუ ბრიტანეთის შემადგენლობიდან გავიდოდნენ, ლონდონში სამოგზაუროდ და “ჩელსის” თამაშზე დასასწრებად ვიზის აღება დასჭირდებოდათ, ხოლო გირვანქას სამუდამოდ გამოეთხოვებოდნენ.
დღეს წინააღმდეგობის მიზეზი ის ხდება, რომ ლონდონი აპირებს, გავიდეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებიდან, რომელიც, შეიძლება ითქვას, “შენგენთან” და “ევროსთან” ერთად, ევროკავშირის საყრდენია: კემერონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი ჩაუკეტავს საზღვრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, ვისაც ბრიტანეთში მუშაობა სურს. ანუ პირდაპირ გაილაშქრა თავისუფალი ბაზრის საფუძველთა საფუძვლის წინააღმდეგ, სამუშაო ძალის შეუყოვნებელ გადაადგილებას რომ გულისხმობს.
თუ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, ევროპა შეიძლება კვლავ დაუბრუნდეს წყეული ნაციონალიზმის ეპოქას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შედეგად თითქოს დაამარცხეს. დასავლეთ ევროპაში (ანუ ნამდვილ ევროპაში) უკვე გაისმის ხმები, რომ ყველაფრის მიზეზია აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების მიღება ევროკავშირში, მაშინ როდესაც ეს ქვეყნები არც ერთი თვალსაზრისით ამისთვის მზად არ იყვნენ. არადა, კემერონს სწორედ “პოლონელი სანტექნიკოსის” ეშინია და არა “ფრანგი დიზაინერისა”.
ახლა კი დავსვათ კითხვა: ეს მრისხანე საფრთხე (70 წლით უკან დაბრუნება) რამდენად უფრო აღელვებს ევროპის ელიტას დღეს, ვიდრე უკრაინის კრიზისი? პასუხი: ათჯერ მეტად! ხოლო ამ ჩვენი “ბედკრული ქვეყნის” პრობლემები _ ათასჯერ ნაკლებად!
გაზეთი „პრემიერი“, ზურაბ ღოღობერიძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |