|
“ბევრი ეჭვი და ვარაუდი მაქვს, მაგრამ ჩემს თავს უფლებას არ მივცემ, ვარაუდების საფუძველზე და ფაქტების გარეშე ვილაპარაკო”
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მიმართავენ, სადაც პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების 2015 წლის აპრილამდე შესაძლო გადავადებას აპროტესტებენ.
სამუშაო ჯგუფის წვერებისთვის ცნობილი გახდა, ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში არსებული პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირება ა.წ. 1-ლი ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე გადაიდება.
“გაცნობებთ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფთან შეთანხმების გარეშე, რაც წარმოადგენს იმ სამუშაო ჯგუფის წევრების იგნორირებას, რომელიც კანონის საფუძველზე იურიდიულმა კომიტეტმა სპეციალურად ამ საკითხისთვის შექმნა. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა კანონპროექტის ინიცირება, სამუშაო ჯგუფის რვა წევრმა, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და საქართველოს პარლამენტის ორმა წევრმა: ნინო გოგუაძემ და თამარ კორძაიამ, განცხადებით მივმართეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს და ვითხოვეთ სამუშაო ჯგუფის სასწრაფოდ შეკრება. სამუშაო ჯგუფი არ იქნა მოწვეული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკვე არსებობს ევროსაბჭოს ექსპერტთა არაერთი დასკვნა, სადაც ხაზგასმულია დღევანდელი სისტემის შეცვლის აუცილებლობა, როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წინაპირობაა. 24-25 სექტემბერს საქართველოში ჩამოსულმა ევროპელმა ექსპერტებმა შემაჯამებელი რეკომენდაციები წარმოადგინეს”, - ნათქვამია დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილ მიმართვაში.
სამუშაო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხის გადავადების მხარდაჭერის შემთხვევაში, პარლამენტი სამართალდამცველი ორგანოების მიერ ადამიანების პირადი ცხოვრების დარღვევისა და ღირსების შელახვის სისტემის არსებობას გაახანგრძლივებს.
საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები” პერსონალურ მონაცემებზე წვდომის მექანიზმებთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადების ვადის 6 თვით გადაწევას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისი განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა. მისი შეფასებით, 1-ელ ნოემბრამდე არსებული დრო საკმარისი იყო კანონპროექტის მომზადებისთვის. რაც, დეპუტატის განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა არ გააკეთა.
ე.წ. გასაღების საკითხზე კანონპროექტის მომზადების გადავადების საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცხარე დისკუსიის საგანი გახდა. სამუშაო ჯგუფის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ სათანადო პროექტი მზად აქვთ, მაგრამ ამ დრომდე იმიტომ ვერ წარმოადგინეს, რომ სამუშაო ჯგუფის შეკრებას ელოდნენ. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ავტორი დეპუტატი შალვა შავგულიძე კი განმარტავს, რომ მას ამ დრომდე ფურცელზე დაწერილი პროექტი არ უნახავს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “პრემიერი” სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო გოგუაძეს ესაუბრა:
- რას ემსახურება სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით, დაჩქარებული წესით იურიდიული კომიტეტის მიერ კანონპროექტის ინიცირება, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადების ვადა 1-ელ აპრილამდე გადაიწევს? რატომ მოხდა თქვენივე კოლეგების მხრიდან ჯგუფის მუშაობისა და თქვენი პოზიციის იგნორირება?
- რატომ მოხდა იგნორირება, მეც არ ვიცი. სამუშაო კომისია მაშინ შეიქმნა, როდესაც პარლამენტმა მიიღო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონი და მხოლოდ ორი მუხლის ამოქმედება გადადო 1-ელ ნოემბრამდე ამ გასაღების თემის გამო. საპარლამენტო კომისიას ამ საკითხზე უნდა ემუშავა, რადგან იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ამბობდა, რომ ე.წ. გასაღები უნდა დარჩეს ამ სამინისტროში, ხოლო პარლამენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვა მოსაზრება ჰქონდათ, - გასაღები ამ უწყებიდან უნდა გამოსულიყო. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს შეუზღუდავი წვდომა და ფარული მოსმენების შესაძლებლობა, ეს სისტემა და თემა იმდენად დისკრედიტებულია, რომ თავის თავშივე შეიცავს შესაძლებლობას, უკანონო მოსმენები ყოველგვარი კონტროლის გარეშე განხორციელდეს. სწორედ ამ კომისიას უნდა ემსჯელა, რა იქნებოდა ოპტიმალური ვარიანტი, სად უნდა ყოფილიყო გასაღები განთავსებული, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ შსს-ს არ შექმნოდა დაბრკოლებები მუშაობაში და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ჰქონოდა მოქალაქეების ნდობა, რადგან ეს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია. მოქალაქეებმა, რომლებმაც ათწლეული გაატარეს ისეთ სისტემაში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივად უსმენდა საკუთარ მოქალაქეებს, ამის შეცვლა თავად სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს. სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო საკმაოდ ენთუზიაზმით და ნაყოფიერად, განვიხილავდით კონტროლის სხვადასხვა მექანიზმებს, მაგრამ გასაღების თაობაზე ვერც კი მოვასწარით მსჯელობის დაწყება. ამასობაში ჩამოვიდნენ საერთაშორისო ექსპერტები და ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობს, არის საფრთხის შემცველი პირველ რიგში, თავად სახელმწიფოსთვის.
- აღნიშნული სისტემა წლების განმავლობაში, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების წინააღმდეგ მუდმივ იარაღად გამოიყენებოდა. რატომ გაუჭირდა ახლანდელ ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და რის საფუძველზე გააკეთეს ასეთი განცხადება საერთაშორისო ექსპერტებმა?
- “შავი ყუთების” არსებობა უსაფრთხოების თვალსაზრისით არის ყველაზე მანიპულირებადი სისტემა. სწორედ ამ კონფერენციაზე უცხოელმა ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ჩვენ, სამუშაო ჯგუფს შეგვეძლო გვეფიქრა ორი გასაღების შესახებ, ანუ ერთი არის ერთ სისტემაში, მეორე - მეორე სისტემაში და მხოლოდ ორივეს ერთდროული გადატრიალების შემდეგ ხდება ამ სისტემის ჩართვა, ანუ ფარული მოსმენის განხორციელება. ამავე კონფერენციაზე საკმაოდ ხისტი პოზიცია დააფიქსირა ისევ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ხმამაღლა თქვა, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აზრით, გასაღები მხოლოდ ამ უწყებაში უნდა იყოს. ეს მოხდა 24 სექტემბერს, თვეზე მეტი გავიდა და კომისია საერთოდ არ შეკრებილა.
- რა იყო ამის მიზეზი, გქონდათ თუ არა კომუნიკაცია თავად კანონპროექტის ავტორთან?
- მიზეზი ჩემთვის უცნობია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ შალვა შავგულიძისა და ვახტანგ ხმალაძის წესიერებაში ეჭვი არ მეპარება და არც მათ სურვილში შემაქვს ეჭვი, რომ მაქსიმალურად წესიერად შეიძლება, ამ გასაღების ბედი გადაწყდეს. დაახლოებით ვიცი მათი პოზიცია და ის ემთხვევა კომისიის წევრების უმრავლესობისა და პირადად ჩემს პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ იმისთვის, რომ ნორმალური კანონი მივიღოთ.
- როგორც ვხედავ, ხსენებულ შეკრებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უარყოფითი პოზიცია იკვეთება. ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ ვერ დათმო იარაღი, რომლის მეშვეობითაც მასობრივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები და საპარლამენტო ჯგუფის იგნორირების გზით ცდილობს, საკუთარი ინტერესები მოგახვიოთ?
- ჩემთვის გაურკვეველია, რატომ მოხდა კომისიის შეკრების გარეშე ამ ინიციატივის დარეგისტრირება. ჩემთვის პროცედურული დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გამო, მე კანონს ხმას არ მივცემ. ბევრი ეჭვი და ვარაუდი მაქვს, მაგრამ ჩემს თავს უფლებას არ მივცემ, ვარაუდების საფუძველზე და ფაქტების გარეშე ვილაპარაკო.
- თქვენი ვარაუდები ეხება თუ არა, ხელისუფლების საპარლამენტო გუნდს?
- ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით. იმის გამო, რომ კომისიაზე ამის შესახებ მსჯელობა არ ყოფილა, ხმამაღლა ისიც კი არ შემიძლია ვთქვა, ვის რა პოზიცია აქვს რომელიმე ძალოვან უწყებაში, რადგან შეკრება, ელემენტარულად, არ გამართულა. ჩემს ეჭვებსა და ვარაუდებს, ამ ეტაპზე, ჩემთვის შევინახავ და ხმამაღლა არაფერს ვიტყვი. ყველანაირად შევეცდები, მუშაობა გავაგრძელო, რათა ეს კანონი გავიდეს, მაგრამ მე ვარ ერთი დეპუტატი და საკუთარ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. პარლამენტი გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა მხარი ამ ინიციატივას.
- გქონდათ თუ არა შეხვედრა შალვა შავგულიძესთან და ვახტანგ ხმალაძესთან, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენი გვერდის ავლით მოხდა კანონპროექტის დარეგისტრირება?
- სამწუხაროდ, შალვა შავგულიძე, თავისი ოჯახური მდგომარეობის გამო, საერთოდ ვერ ესწრებოდა ამ სხდომებს. მან ცნობად მიიღო, რომ კომისიამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება და ვერც მიიღებდა, რადგან თვეზე მეტი არ შეკრებილა, ამიტომ მან სხვა გამოსავალი ვერ დაინახა და კანონპროექტი დასარეგისტრირებლად შეიტანა. ვახტანგ ხმალაძის პოზიცია დღეს არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზუსტად იგივე მოტივებით ხელმძღვანელობს, როგორითაც შალვა შავგულიძე.
- გამოდის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაწყვეტილების პირობებში, უმცირესობაში აღმოჩნდით. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი პოზიციის არგუმენტებით გამყარებას ვერ შეძლებთ, რა სახის რეაქციას უნდა ველოდოთ თქვენგან?
- საქართველო უნდა გახდეს ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც უნდა დამკვიდრდეს კანონის უზენაესობის, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და კანონის გარდაუვალობის პრინციპები, რომ ყველა ერთი იყოს კანონის წინაშე და არ მოხდეს ადამიანების დაყოფა, დახარისხება რაიმე ნიშნით, რათა თავისუფალ საქართველოში თავისუფალმა ადამიანებმა იცხოვრონ. ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ იმისთვის, რომ ადამიანი გადავარჩინოთ საქართველოში და გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. სადაც ადამიანს მეორეხარისხოვანი როლი აქვს, ასეთ სახელმწიფოში ტოტალიტარული სახელმწიფო და ჩაკეტილი, იდეოლოგიზებული საზოგადოება ვითარდება. ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ჯგუფის წევრების რაოდენობა არანაირად არ ნიშნავს უპირატესობას მისი წევრებისთვის, რადგან ჩვენ ყოველთვის და ყველგან თანაბარი ვართ კანონის წინაშე, თანაბარი ვართ ჩვენი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის წინაშე.
გაზეთი „პრემიერი“, ხათუნა ხატიაშვილი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |