|
რაღა დროს აფხაზეთის ავტონომიაა? მარგველაშვილ-ღარიბაშვილის ეკვილიბრიუმი; ლედების დიპლომატია; 15 ნოემბერი -რევოლუციის წინათგრძნობა; უცხოელი პროკურორების ვერდიქტი; დავით უსუფაშვილის ალიბი; ბენზინის ფასი, როგორც სამთავრობო ინდიკატორი
საოცარი რამ თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შემაჯამებელ სიტყვაში, რომელიც "ქართული ოცნების" ორწლიან მმართველობას ეძღვნებოდა. სწორედ აფხაზეთის შესახებ გაკეთებული ეს გამაოგნებელი განცხადება გახდა მთავარი მთელ სფიჩში და არა ეკონომიკაზე ან "60 საწარმოზე" მსჯელობა.
რაც სულაც არ ნიშნავს, თითქოს "სათქმელი" სხვა არაფერი ჰქონდა: მაგალითად, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა ახალი ხელისუფლების უდავო მიღწევაა თუნდაც იმიტომ, რომ, როდესაც "ნაციონალები" ამბობენ ხოლმე, "მთავრობამ ყველა დიდი პროექტი შეაჩერა და არსებული სახსრები სხვა მიმართულებით გადაისროლაო", მუდამ ეშინიათ, დააკონკრეტონ: ეს "სხვა მიმართულება", საითაც მილიარდამდე ლარია "გადამისამართებული", სწორედაც ჯანდაცვის ძალიან პოპულარული პროგრამაა.
ამის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრმა საკვანძო "სპიჩი" იმისთვის გამოიყენა, რათა, მისდაუნებურად, ყველა მტრისა და მოწინააღმდეგისთვის (მათ შორის კოალიციის შიგნითაც) მიეცა საბაბი საკრიტიკოდ: "ეს რა საოცრება თქვა აფხაზეთზეო".
არადა, მართლა გამაოგნებელია. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ადრე თვითონ დააანონსა რაღაც განსაკუთრებული ინიციატივა და, როგორც ახლა აღმოჩნდა, ეს განსაკუთრებული ინიციატივა თურმე ავტონომიის შეთავაზება ყოფილა! ამ ფონზე, იმავე აფხაზებს, მოსკოვიდან გამოგზავნილი ახალი ხელშეკრულების პროექტიც კი უდიდეს ბედნიერებად მოეჩვენებათ. საქართველოს შემადგენლობაში ავტონომია 1931 წლიდან ჰქონდათ და რომ არ უნდოდათ, სწორედ იმიტომ დაიწყო ომი 60 წლის შემდეგ.
ომის მერე ჯერ არძინბა სთავაზობდა შევარდნაძეს "ჩეხეთ-სლოვაკეთის" მსგავსი ორსუბიექტური ფედერაციის შექმნას (როგორც ტაქტიკურ კომპრომისს სრულ დამოუკიდებლობამდე), მერე უკვე თვითონ შევარდნაძემ დაიწყო რაღაც ბუნდოვანი ლაპარაკი (როგორც სჩვეოდა): "კონფედერაცია ჰქვია, თორემ ნეტავ შვეიცარიასავით ერთიანი სახელმწიფო ვიყოთო".
ყველაფერი, როგორც მოსალოდნელი იყო, დასრულდა 1999 წლის 2 ოქტომბრის "დამოუკიდებლობის რეფერენდუმით" აფხაზეთში, რომელიც არძინბამ სწორედ მაშინ დანიშნა, როდესაც ეს ჩვენი უბადრუკი "პოლიტელიტა" მორიგი ისტორიული არჩევნებისთვის ემზადებოდა და მეტი არც აღარაფერი ახსოვდა ამქვეყნად.
შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილის მოტივი ის ყოფილიყო, რომ რამდენიმე დღის წინ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც აფხაზებთან დაკავშირებით ტერმინი "თვითგამორკვევა" ახსენა და ამ გზით სცადა შეცდომის გამოსწორება: ავტონომია და მეტი არაფერი!
იმავე მიზანს ისახავდა, როდესაც მეორე, აშკარად შეურიგებელ განცხადებას აკეთებდა: "სხვის მიწაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა არ გაგივათო".
ასეთი რამ საქართველოში ზვიად გამსახურდიას მერე აღარავის უთქვამს. ის ამბობდა ხოლმე მიტინგებზე: "აფსუები ქართულ მიწაზე ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოთრეული ხალხია და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ დაბრუნებას იმავე ჩრდილოეთ კავკასიაშიო". თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად აირჩიეს, ბევრად მოზომილი გახდა და "სხვისი მიწა" ან "მთებში არეკვა" ნამდვილად აღარ უხსენებია. პირიქით -აფხაზურ ენაზეც კი ამეტყველდა და ერთხელ ამ ენაზე მიმართა. თან "საკმაოდ კარგად სცოდნიაო", -ამბობდნენ მერე თვით აფხაზები.
საეჭვოა, ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზური ენა იცოდეს ან ოდესმე ამ განცხადების რაიმენაირად გამოსწორება შეძლოს, რაკი "სხვისი მიწის" ხსენებამ აფხაზებს ყველა ფობია და სიძულვილი გაუღვივა.
განსაკუთრებით კომიკური იყო იმ მომენტში "შერიგება-მორიგების" სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის გამოჩენა ეკრანზე, რომელიც ამ ფრაზას, სახეზე ჩვეული, ბრძნული გამომეტყველებით ისმენდა.
ღარიბაშვილის შეურიგებელმა (სწორედ შეურიგებელმა) განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც ქართულ პოლიტიკურ ელიტას არ შესწევს უნარი, რაიმე სხვა შესთავაზოს აფხაზებს, ამის გარდა: ავტონომია სხვის მიწაზე.
ნინო ბურჯანაძემ მაშინვე გამართა ბრიფინგი -ხელისუფლებას არავითარი პროგრამა არ გააჩნია პრობლემის გადაჭრისო. იგულისხმებოდა: "მე მაქვს ასეთი გენიალური პროგრამა, მაგრამ არავის არ გეტყვით, სანამ პრეზიდენტად არ ამირჩევთო".
ხოლო რაკი არ მირჩევთ -არ გეტყვით. ეგეც თქვენ!
არანაკლებ კომიკური იყო ნაციონალთა აღშფოთება: "არავითარი ხედვა და პროექტი არ გააჩნია დღევანდელ მთავრობას აფხაზეთთან მიმართებაშიო". თითქოს თვითონ ჰქონდათ რამე ან რაიმე არსებითი შესთავაზეს სეპარატისტებს 2004 წლიდან, გარდა კოდორის ხეობაში ჯარის შეყვანის შემდეგ გაკეთებული ბრიყვული განცხადებებისა: "აქედან ჩვენს მრისხანე ბომბდამშენებს სოხუმამდე სულ 5 წუთის ფრენა სჭირდებათო". რაც, 2008 წლის 10 აგვისტოს, იმ ხეობაში იარაღის მთების დატოვებითა და იქიდან სამარცხვინო გამოძურწვით დასრულდა.
თუმცა, რაც არ შეუძლია ამ ჩვენს პოლიტოკრატიას, ნუ მოვთხოვთ, ხოლო ღარიბაშვილის განცხადება დარჩეს სახელმძღვანელოდ: "ავტონომია ქართულ მიწაზე". მორჩა და გათავდა!
სხვა არანაირი იდეის გენერირების შნო და უნარი ქართულ პოლიტიკურ ელიტას არ გააჩნია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა პრემიერ-მინისტრის თანხმობით, დაესწროს პრეზიდენტ მარგველაშვილთან გამართული "ეროვნული უშიშროების საბჭოს" სხდომას.
ირაკლი ღარიბაშვილის თანხმობა იმას ნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ის თანდათან აცნობიერებს რეალობასთან შერიგების აუცილებლობას: არ გამოვა მარგველაშვილის მთლად უმოქმედო "გუდურად" ქცევა! არ გამოვა თუნდაც იმიტომ, რომ რა კანონებიც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, მოქმედი კონსტიტუციით, სახელმწიფოს მეთაურს მაინც დიდი უფლებები რჩება, რომელთა წართმევა, კონსტიტუციის შეუცვლელად, შეუძლებელია.
ამდენად, თუ მეტისმეტად მიაწვებიან, პრეზიდენტ მარგველაშვილს (რომელიც ამბიციითა და გარეგნობით ძალიან ჰგავს 1985 წლის ჯუმბერ პატიაშვილს) შეუძლია, ძნელად გადასალახი პრობლემები შექმნას.
ერთიც საკმარისია, დავასახელოთ: პრეზიდენტს აქვს საშუალება, მთლიანად "ამოაყირავოს" პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში და "ქართული ოცნებაც" აყირავოს თუნდაც იმით, რომ ხელი მოაწეროს ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის შეწყალებას, თან ამის აუცილებლობა ახსნას ისეთი ლეგიტიმური მიზეზით, როგორიცაა ამერიკასთან და ევროპასთან კონსტრუქციული ურთიერთობის სასიცოცხლო აუცილებლობა. ამ აუცილებლობას ხომ ვერავინ უარყოფს? ისევე, როგორც აბსოლუტურად უეჭველია ვაშინგტონისა და ბრიუსელის დაინტერესება, შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ, ჰოდა, თუ მარგველაშვილი ამ ლეგიტიმურ არგუმენტს გამოიყენებს, რას უპასუხებენ "ოცნების" ლიდერები? -ვერც ვერაფერს!
ამდენად, პრემიერის "თანხმობით", იქმნება წონასწორობა ("ეკვილიბრიუმი") ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის. უნდათ თუ არა, სიამოვნებთ თუ არა, ისინი იძულებულნი იქნებიან, ითანამშრომლონ სწორედ ამ "ეკვილიბრიუმის" ფარგლებში: პრეზიდენტის იმპიჩმენტი ან კონსტიტუციის შეცვლა რომ "ოცნებას" არ გამოუვა და საამისო რესურსები არ გააჩნია -ცხადია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაკა ჩიჩუასა და ნუნუკა თამაზაშვილის მზარდი კონკურენცია. ეს არის არა ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რასაკვირველია, არამედ "ქალური კონკურენცია" -საჯარო სივრცეში დომინირებისა და იმიჯისთვის, რაც აუცილებლად აისახება, ამა თუ იმ ხარისხით, მათი მეუღლეების პოზიციებზე.
სოციალურ ქსელებსა თუ ტაბლოიდებში უკვე გამოჩნდა სტატიები, სტატუსები, ფოტოები -პირველი პირების მეუღლეთა "ჩაცმის სტილზე", სხვა სტილურ დეტალებზე, მათ ურთიერთობაზე და ა.შ.
ეს წვრილმანი არავის ეგონოს: ამ თემის აქტუალიზება, მისდამი ფართო ინტერესი აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა. ის დიდწილად განაპირობებს, მთლიანობაში, ხელისუფლებისა თუ მმართველი კლასის ლეგიტიმურობას. თუნდაც იმ უბრალო მიზეზით, რომ ის, რაც აღელვებს ქვეყნის, მინიმუმ, ნახევარს (თანაც, "მშვენიერ ნახევარს") არ შეიძლება, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა არ იყოს.
ამას დიდი ხნის წინ მიხვდნენ ცივილიზებული ერები და სწორედ ამიტომ დაუთმეს ადგილი ქალბატონებს სახელმწიფო ეტიკეტში, თორემ ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ქალსაც და კაცსაც ერთნაირი სამხედრო ჯვალო აცვია და ტერმინი "სტილი" საერთოდ არ გაუგიათ, დღემდე არ იციან, მერამდენე "პირველი ლედი" დააგლეჯინა ძაღლებს მისმა ცოფიანმა და რეგვენმა ქმარმა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
15 ნოემბერს რუსთაველზე დაგეგმილი საყოველთაო მიტინგი რომ მხოლოდ ფორმალურად ეძღვნება აფხაზეთის (ანუ რუსული აგრესიის) პრობლემას, უკვე არავითარ ეჭვს არ იწვევს. ამის დასტურია თუნდაც მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ "რუსთავი 2"-თან. ექსპრეზიდენტმა სრულიად მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად თქვა (სწორედ 15 ნოემბრის მიტინგის კონტექსტში), რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით ვერ შეიცვლება, რაკი ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები და "დააპრივატა ქვეყანა".
გამოდის, სააკაშვილი აღარც მალავს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ ახალი (სასურველია უსისხლო) რევოლუციით! მიშა არ ცდება მთავარში: "ქართულ ოცნებას" ოპოზიცია არჩევნებით ვერ დაამარცხებს. ოღონდ იმიტომ კი არა, თითქოს "ოცნებას" რაიმე "გაყალბება" დასჭირდება ნაციონალთა მოსაგერიებლად საარჩევნო ყუთებთან, არამედ იმავე მიზეზით, რატომ და როგორაც ("ციხის კადრებამდე!") თვით "ნაციონალები" იგებდნენ ყველა არჩევნებს საქართველოში: ამომრჩეველთა უმრავლესობა (განსაკუთრებით ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, რაც რეალური ელექტორატის ლამის მესამედია), 1991 წლიდან დღემდე ხმას აძლევს მას, ვინც "აქ და ახლაა", ანუ მოქმედ ხელისუფლებას! რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს (მაგალითად, "ციხის კადრები" გამოქვეყნდეს და ხელისუფლებამ კი ვერაფერი იღონოს პასუხად), რათა ეს რეალობა შეიცვალოს. მსგავსი სპეცოპერაცია კი ძალზე ძნელად განსახორციელებელია ხელახლა.
ესე იგი, მიშა უკვე პირდაპირ ამბობს: იბრძოლებს რევოლუციური გზით, ოღონდ შეეცდება, მორიგი რევოლუცია კვლავ უსისხლო იყოს.
აქვე, მნიშვნელოვანია, ვუპასუხოთ კითხვას: რატომ არის ასე გააფთრებული მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა? ანუ, რატომ არ შეუძლია, უბრალოდ "დაიკიდოს?" მიზეზი ისაა, რომ მართალია, ეს სისხლის სამართლის საქმეები პირდაპირ არ ემუქრება, ანუ ამერიკელები მის ექსტრადირებას ნამდვილად არ აპირებენ და ვერც მისი ოჯახის წევრებს გაუბედავს ვინმე დაყადაღებული ბინებიდან რეალურად გამოყრას, მაგრამ "ძებნილი ეჭვმიტანილის" სტატუსი მაინც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ამერიკაში: "ტაფტის" უნივერსიტეტის "ფლეტჩერის სკოლამ" უარი განაცხადა, გაეგრძელებინა მასთან კონტრაქტი, რადგან კანონმოშიში ამერიკელებისთვის მიუღებელია საჯარო სივრცეში იმ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელიც დანაშაულშია ეჭვმიტანილი და იძებნება.
საქართველო რომ იგივე ჩრდილოეთ კორეა იყოს, ხოლო სააკაშვილს "დისიდენტის" სტატუსი ჰქონდეს -სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ, რაკი ამერიკის შეერთებული შტატები არათუ აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან, არამედ არასდროს ღიად არ აკრიტიკებს (თუ დიპლომატიურ ქარაგმებს არ ჩავთვლით) და არ ადანაშაულებს დიქტატურაში, მაშასადამე, სააკაშვილის საქმეებს "რაღაც საფუძველი აქვს", ხოლო ხაზინის ქურდობაში ("გაფლანგვა" მათთვის ასე ითარგმნება), აგრეთვე, სხვა მძიმე დანაშაულებში ეჭვმიტანილი სააკაშვილისთვის ხელის ჩამორთმევა უკვე "ტეხავს".
მიშა ამას გრძნობს ურთიერთობებში და ამიტომაც ძალიან, ძალიან გაბრაზებულია.
ნურც იმას იტყვის ვინმე, რომ შანსი საერთოდ არ აქვს: ხელისუფლება სუსტდება -პრეზიდენტისა და პრემიერის "ურთიერჭმა" აბნევს ბიუროკრატიას (ე.წ. "გადაწყვეტილებათა მიმღებებს") და თვალებს აქეთ-იქით აცეცებინებს. ხოლო დაბნეული და "მოყოყმანე" ბიუროკრატია, რომელიც კრიტიკულ მომენტში "სეირის მაყურებლის" როლში დარჩება, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ძალიან საშიშია.
მიშა და მისი გუნდი იმასაც ითვალისწინებს, რომ მთავრობის "დემოკრატიული გადაწყვეტილებით", ადგილობრივი ხელისუფლებები, ესე იგი ადგილობრივი მმართველი ელიტები, უკვე არჩეულნი არიან და არა დანიშნულნი. ამიტომ, "რამე რომ იყოს", ბევრად ნაკლებად მართვადნი იქნებიან "ცენტრიდან".
ეს ფაქტორები გროვდება, ჯამდება და, 2016 წლის მოახლოების კვალობაზე, "საინტერესო ცხოვრება" გარანტირებული გვაქვს. რასაკვირველია, ისევ და ისევ არჩევნების ტოტალური გაყალბების საბაბით, როგორც ვარდების რევოლუციის დროს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
"ნაციონალთა" სფოუქსვუმენი, ჩიორა თაქთაქიშვილი ძალიან აღშფოთებული იყო: პროკურატურამ თვითონ დააფინანსა უცხოელი პროკურორები, რომლებმაც გელაშვილის საქმე შეისწავლეს და მათი ვერდიქტი სააკაშვილის მიმართ ბრალდების დასაბუთებულობის შესახებ, ნეტავ ვის დაარწმუნებსო.
არადა, პროკურატურამ ისინი იმიტომ კი არ ჩამოიყვანა ევროპიდან, ამერიკიდან და ისრაელიდან, ქვეყნის შიგნით ვინმე დაერწმუნებინა. სინამდვილეში, რწმუნება დასავლეთისკენაა მიმართული, რათა იქ ირწმუნონ და ეჭვი აღარ შეეპაროთ, რომ სისხლის სამართლის საქმე დასაბუთებულია.
ეს უცხოელი პროკურორები საკმარისად ავტორიტეტულნი არიან საიმისოდ, რათა მათი ვერდიქტი ერთმნიშვნელოვნად აღიქმებოდეს დასავლეთში: რაკი ესენი ამბობენ, რომ ბიზნესმენ გელაშვილის საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისია გონივრული ეჭვისთვის "მიშას შურისძიების" შესახებ (სანდრას შეურაცხყოფისთვის), მაშასადამე, ასეცაა!
შესაბამისად, დასავლური წნეხიც შერბილდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი გნიასი და კომიკური მსჯელობა მოჰყვა "ნიუ-იორკ თაიმსში" პარლამენტის თავმჯდომარის სტატიას. განსაკუთრებით ამ რაკურსში: "ვინ დააფინანსა, ვინ გადაიხადა ფული სტატიაში, რომელიც სააკაშვილის ლანძღვასა და ივანიშვილის განდიდებას ეძღვნება?" ბიუჯეტიდან მართლა არც ერთი კაპიკი არ დახარჯულა, მაშ ვინ გადაიხადა 75 ათასი ევრო?
ეს იგივეა, სერიოზული დებატები იმართებოდეს საკითხზე, "რამდენია ორჯერ ორი". ასევე, ნათელია და გასაგები, "ვინ გადაიხადა".
თუმცა, საკითხს მეორე მხარეც აქვს, რომელიც, ჩემი აზრით, ბევრად მნიშვნელოვანია: ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებული სტატია, სინამდვილეში, სულაც არ მეტყველებს, რომ დავით უსუფაშვილი "ბიძინას ყურმოჭრილი მონაა". ძალიან ცუდად უნდა იცნობდე არამხოლოდ და არა იმდენად უსუფაშვილს, რამდენადაც, ზოგადად, რესპუბლიკელებს, ასეთი წარმოდგენა შეგექმნას.
"რესპუბლიკელებსაც" და თვით უსუფაშვილსაც, სინამდვილეში მიაჩნიათ, რომ არავისი არაფერი მართებთ. პირიქით -მათი მხარდაჭერის გარეშე ივანიშვილი საქართველოში ვერ გაიმარჯვებდა, რაკი "მიშა მოახრჩობდა".
ხომ გახსოვთ, ლევან ბერძენიშვილმა რომ თქვა 2011 წლის 7 ოქტომბერს (ბიძინას პირველი განცხადების პასუხად), "არ ამალაპარაკოთ, ფული სად იშოვაო". ამიტომ რესპუბლიკელებიც და დავით უსუფაშვილიც სწორედ და მხოლოდ მანამდე არიან ბიძინასთან, სანამ ივანიშვილი მათი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური პროგრამის შესაბამისად მოქმედებს და ვერანაირ საგარეო თუ საშინაო ალტერნატივებს ვერ სთავაზობს ქვეყანას, გარდა იმ კურსისა, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ხორციელდება.
ამ პირობით შეიძლება ბევრი რამ აპატიონ. მათ შორის საკადრო პოლიტიკაც. მაგრამ როგორც კი "გენერალურ კურსს" გადაუხვევს, მაშინვე გამოაჩენენ კლანჭებს, ხოლო დავით უსუფაშვილის სტატია ერთგვარი "ალიბია" საამდროისოდ: "ხომ ხედავთ, როგორი ერთგულები ვიყავით ბიძინასი და როგორ ვედექით მხარში, სანამ ჩვენს ღირებულებებს არ უღალატაო".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ირაკლი ღარიბაშვილის ზემოხსენებული სფიჩი დიდწილად მიღწევებსა და მთავრობის უნარიანობას ეძღვნებოდა. თუმცა ეს უნარიანობა მაინც სერიოზულ ეჭვს ბადებს არა იმ თვალსაზრისით, მოახერხებს თუ არა ხელისუფლება 60 ან 160 საწარმოს შექმნას (ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, მოახერხებს), არამედ საქართველოში მოქმედ კორპორაციათა (იგივე კლანთა) კონტროლის მხრივ.
აი, შესანიშნავი მაგალითი, ინდიკატორი და ტესტი: მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ეცემა. ლოგიკურია (და ნორმალურ ქვეყნებში ასეც ხდება), რომ ბენზინი უნდა გაიაფდეს. ეს კი ძალიან არ აწყობთ კლანებს, რომლებიც "კარტელური გარიგებით" აწესებენ ფასებს ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებში. შეძლებს კი ხელისუფლება, დათრგუნის მათი ინტერესი და მტკიცე ლაგამი ამოსდოს, რათა "ზემოგების" ნაცვლად, კეთილი ინებონ და ბენზინი გააიაფონ?
მთავრობის უნარიანობის ამ საზომით და "ტესტერით" უახლოეს მომავალში ვისარგებლებთ ყველანი. თანაც, ეს ისეთი ტესტია, რომლის გაყალბებას ვერავინ მოახერხებს.
გაზეთი „პრემიერი“, ზურაბ ღოღობერიძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |