

|
“რომ არა თვით აფხაზი საზოგადოების მკაფიო პროტესტი და პოზიცია, რომ არა თქვენ, ჟურნალისტები, ღარიბაშვილის მთავრობა და უსუფაშვილის უმრავლესობა აფხაზეთის ანექსიის თემას ვერც გაიგებდა”
“ჩვენ კი არ უნდა ვურჩიოთ აფხაზებს - არამედ ჩვენ უნდა შევთავაზოთ”
“პრემიერს” ესაუბრა “ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის” პრეზიდენტი, პროფესორი ნეტან კირთაძე:
- ქალბატონო ნესტან, “ლეიბორისტული პარტიის” დატოვების შემდეგ, როდესაც თქვენმა თანაგუნდელებმა, დღევანდელი გადასახედიდან საკმაოდ დაუმსახურებელი წყენა მოგაყენეს, ორ წელზე მეტი გავიდა. თუ არ ჩავთვლით საპრეზიდენტო არჩევნებს, თქვენ, ფაქტობრივად, არ მონაწილეობთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და თქვენი ძირითადი ძალისხმევა მიმართულია “ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის”, ასევე იმ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობისკენ, რომლის დამფუძნებლებიც თქვენ და თქვენი ქალიშვილი - ანა რეხვიაშვილი ბრძანდებით. კონკრეტულად რით ხართ დაკავებული და რამდენად სასარგებლოა ეს საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის?
- მშვიდობა და გამარჯვება მოგეცეთ თქვენ და ჩვენს სამშობლოს - საქართველოს!!!
რა გითხრათ ამ უღიმღამო, ნაცრისფერი და სულშიჩაფურთხებული ქვეყნის შვილმა?! რაზე გელაპარაკოთ, მოტყუებული და უიმედო ხალხის ემოციებზე?
ჩემი გულისტკენა რა მოსატანია, მაგრამ ახლა ხომ ყველა დარწმუნდა, რატომ შემოვიდა 20-წლიანი პოლიტიკური გამოცდილების “ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის” პრეზიდენტი ნესტან კირთაძე საპრეზიდენტო არჩევნებში სახალხო მანდატით, იდეით და სრულიად მკაფიო, მსოფლიოს პოლიტიკურ, დიპლომატიურ ცენტრებთან შეთანხმებული და გაზიარებული ალტერნატიული პროგრამით?!
ახლა ხომ დარწმუნდით, რომ ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტისა და ერთიანობის თემა საარჩევნო ყალბი ლოზუნგების თემა არ არის და სამშობლოსთვის ყოველდღიური შრომაა საჭირო?!
ჩემს საქმიანობაზე კი, მოდით, სხვა დროს ვილაპარაკოთ...
- მე ვესაუბრები პოლიტიკოსს, ისტორიკოსს და შესაბამისად, მაინტერესებს თქვენი შეფასება იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს აფხაზეთში ვითარდება - რუსეთი აფხაზეთის ანექსიას ამზადებს. რამდენად განხორციელებადია კრემლის ეს განზრახვა და არსებობს თუ არა გამოსავალი - ვგულისხმობ სოხუმისა და თბილისის ურთიერთშეთანხმებით, რომელიც კრემლს ამ განზრახვაზე ხელს ააღებინებს?
- შევეცდები, ზუსტად გამოვხატო აფხაზი ხალხისა და აფხაზი საზოგადოების ის ემოციები და ინტერესი, რომელსაც ისინი 2012 წლის გაზაფხულ-ზაფხულში მოსალოდნელ სახელისუფლებო ცვლილებებთან დაკავშირებით იჩენდნენ.
ეს ბუნებრივი იყო და ელოდნენ მკაფიო სიგნალებს, მაგრამ დოკუმენტის სახით მიიღეს კონცეფცია, რომელიც ქართველებისთვისაც კი სრულიად გაუგებარი და სქელი თხზულება იყო და სადაც ყოველი შემდგომი პოსტულატი წინას ეწინააღმდეგებოდა.
ემოციის სახით მიიღეს მორიგი სადღეგრძელოები ძმობასა და ერთიან მომავალზე.
ახალი პოლიტიკური ლიდერისგან კი მიიღეს ურთიერთობების დარეგულირების ახალი “გასაღები” და ფორმულა, რომელიც, არც მეტი და არც ნაკლები, ასე გაჟღერდა: “მე მოსკოვში მყავს რამდენიმე ოლიგარქი მეგობარი, ჩავალ მათთან, მოვიპატიჟებ ჩაიზე და აფხაზეთს დავიბრუნებთო”... ჩვენი ხალხი ამას ტაშისცემით შეხვდა...
არადა ეს დროის ის მონაკვეთი იყო, როცა ყველა სიგნალი მკაფიო და პრაგმატული უნდა ყოფილიყო ჩვენი ნათესავი ხალხისთვის; არადა ეს ის დრო იყო, როცა ქართულ-აფხაზური კულისები ყველაზე აქტიური და პრაგმატული უნდა ყოფილიყო.
მე მაშინ ვუთხარი ბიძინას, შეხვდით ანქვაბის პირად წარმომადგენელს, შეხვედრას მე მოგიწყობთ-მეთქი, ვესაუბრე რამდენიმე იდეაზე, თამამად და თქვენად გააჟღერეთ, თორემ ცოტა ხანში ეს შეთავაზებაც გვიანი იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც-მეთქი.
მე ივანიშვილს მივაწოდე იდეა, რომელიც წერილობით უკვე გაგზავნილი მქონდა ალექსანდრე ანქვაბთან და ეს ორი ქართული სახელმწიფოს ერთიანობის იდეა იყო, რომელსაც ანქვაბის კაბინეტი დიდი ინტერესითა და მოულოდნელობით შეხვდა.
მართალი გითხრათ, ივანიშვილთან ბევრ კონკრეტულ საკითხზე ვისაუბრეთ. მეტიც, მათ შორის “ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ სხდომაზეც, სადაც პოლიტიკოსების, დიპლომატების, ექსპერტებისა და საერთაშორისო მედიის წინაშე გაჟღერდებოდა ალტერნატიული სამშვიდობო პლატფორმის ახალი პაკეტი და ბევრი სხვ.
შეაყარე კედელს ცერცვი... მე ეს იდეა და ალტერნატიული სამშვიდობო პლატფორმა გავაცანი პარიზს, ბერლინს, ბრიუსელს, მოსკოვს, მოგვიანებით ვაშინგტონს...
მახსოვს, მოსკოვში სერგეი კარაგანოვმა მითხრა, - ეს იმდენად უნიკალურია, რომ დაუჯერებელიაო... ანუ დიპლომატიურ ენაზე მითხრა, რომ ქართველებს ამის თავი არ გაქვთ და რუსეთი ამაზე არ წავაო. რუსეთმა დრო ოსტატურად გაიყვანა თავის სასარგებლოდ და იმპერიის აღდგენას ენერგიულად განაგრძობს. ეს კვლავაც გაგრძელდება.
- როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადასახედიდან, რამდენად სწორი იყო ხელისუფლების “მწვანილის პოლიტიკა” და ზოგადად, რა სტრატეგია უნდა ჰქონდეს საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ?
- მაპატიეთ, მაგრამ “მწვანილის პოლიტიკა” მე შევარქვი ამ ხელისუფლების არჩეულ გეზს და გასაგებია ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება. ჯერ ივანიშვილმა, შემდეგ მისი ადგილმონაცვლის კაბინეტმა გაუშვა უდიდესი შანსი იმისა, რომ საქართველო, მისი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი ერთიანობის საკითხი აქტიურად ყოფილიყო სხვადასხვა საერთაშორისო თავყრილობების დღის წესრიგი...
უნდა მოეთხოვა სხვადასხვა მედიაციური მოედნები, უნდა ემუშავა ევროპისა და მსოფლიოს ტვინების საექსპერტო წრეებთან, მათ შორის გაეძლიერებინა კონფლიქტური რეგიონებისადმი ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები და რა ვიცი, რამდენი რამ.
სამაგიეროდ ივანიშვილის კაბინეტმა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების საბაბით დაიწყო რუსეთთან ცალმხრივად დათმობების პოლიტიკა. წიწმატი, ღვინო და ტაშ-ფანდური გახდა რუსეთთან ურთიერთობების მთავარი პოლიტიკა.
ზურა აბაშიძე ლამის რუსული კომპანიების მიერ წარმოებული ქართული ღვინის დისტრიბუტორად იქცა და წიწმატს შიგადაშიგ პრაღის მივლინებებს მარილივით აფრქვევს ხოლმე.
საუბედუროდ, სულ ეს არის თანამედროვე დაშლილი და დაქუცმაცებული საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ერთიანობის სტრატეგიაც, ნებაც და პრაქტიკული პოლიტიკაც.
ამის პარალელურად საქართველოს პრემიერ-მინისტრი აჟღერებს ერთიმეორეზე გაუგებარ განცხადებებს. რომელიც, ერთი მხრივ, მომაკვდინებელია საქართველოსთვის და, მეორე მხრივ, ალტერნატივის ნაცვლად, აფხაზებს რუსებთან ყოფნას ურჩევს. მაპატიეთ, გამიგრძელდა საუბარი.
- 2008 წლის შემდეგ საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ და 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ, ფაქტობრივად, “გვახსოვდეს აფხაზეთის” ნიველირება მოახდინეს. ამის დასტურია ის გარემოებაც, რომ მოსალოდნელი ანექსიის პირობებში ქართველი საზოგადოება მინიმალურ აქტივობას ამჟღავნებს. რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ქართული პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხად იქცეს? თუ არც არის საჭირო ამ თემის გააქტიურება?
- რომ არა ყოფილი ხელისუფლების დიპლომატთა და ექსპერტთა მკვეთრი განცხადებები და შეფასებები, და რაგინდ პარადოქსულიც უნდა იყოს, რომ არა თვით აფხაზი საზოგადოების მკაფიო პროტესტი და პოზიცია, რომ არა თქვენ, ჟურნალისტები, ღარიბაშვილის მთავრობა და უსუფაშვილის უმრავლესობა აფხაზეთის ანექსიის თემას ვერც გაიგებდადა როცა უთხრეს, რომ პოზიცია აუცილებელიაო, ყველამ ვნახეთ, რა უსუსური აღმოჩნდა ხელისუფლება. და ეს ყველაფერი კიდევ უფრო ტრაგიკულია იმიტომ, რომ ეს ბატონები და ქალბატონები საქართველოს სახელმწიფოს სახელით ბჟუტურებენ.
- საქართველოში, ფაქტობრივად, არ არის საკითხი, რომელზეც პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება კონსენსუსს მიაღწევს. 15 ნოემბერს “ნაციონალურმა მოძრაობამ” ანექსიის გასაპროტესტებლად და ამ მიმართულებით ხელისუფლების გასააქტიურებლად აქცია დააანონსა. ხელისუფლებამ საპასუხოდ განაცხადა, რომ “ნაცები” მარგინალიზაციის გზით მიდიან, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ვინც აქციაზე მივა, ის ლუსტრირებას მოახდენს. რამდენად სასარგებლოა ასეთი რადიკალური “პოლიტიკური სოუსი” ქვეყნისთვის და თქვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ფიქრობთ თუ არა, რომ აუცილებელია ყველა ხერხის გამოყენება იმისთვის, რომ არ მოხდეს აფხაზეთის ანექსია?
- სამშობლოს წინაშე დგება საკითხები, თემები, სადაც პოლიტიკური დღის წესრიგი ყველა პოლიტიკური ძალისა და საზოგადოებისთვის ერთიანი უნდა იყოს, ერთიანი პოზიციითა და ერთიანი პასუხისმგებლობით.
დღეს ეს თემა აფხაზეთის ანექსიაა, ცხინვალიც რუსეთის მიერ შეთავაზებულ ასეთ დოკუმენტზე მუშაობს.
როგორ ფასდება ეს ტრაგიკული მომენტი საქართველოს პოლიტიკიაში და საზოგადოებრივი აზრის მეიკერებისგან, თქვენს კითხვაში დევს.
აქ დასკვნა ერთადერთია - თუ კვლავ ამ გზით მიდის სვლა, საქართველო მხოლოდ ინერციით ივლის, მერე სადღაც შეჩერდება, სადღაც გაჩერდება და სადღაც დამთავრდება....
- მოსალოდნელია, რომ თქვენ პირადად მიხვიდეთ ამ აქციაზე, რომელში მონაწილეობასაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მოქალაქეები აპირებენ?
- მგონი, ყველამ დიდი ხანია იცით, რომ ჩემთვის სამშობლო გემოვნების საკითხი არ არის; მგონი, ყველამ დიდი ხანია იცით, რომ გულით, გონებითა და კალმით სამშობლოს დავატარებ; ამით ვცხოვრობ და ვცოცხლობ.
ჟურნალისტების დიდი ნაწილიც ჩემი სტუდენტები იყავით და გაიხსენეთ ჩვენი დამშვიდობება ყოველი ლექციის შემდეგ: “მომალავ შეხვედრამდე, ბატონებო, და გახსოვდეთ - ძალიან გიყვარდეთ თქვენი სამშობლო!!!”, თუმცა ჩვენ თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს.
15 ნოემბერს ჩვენი სამშობლოს დამუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრივი ერთიანობის დაცვის აქციაა. და რომ არა 15 ნოემბრის დაანონსებული აქცია, ეს ხელისუფლება ვერც გაიგებდა, რა დუღაბი დატრიალდა საქართველოს თავზე.
ცხადია, მე, ნესტან კირთაძე, როგორც საქართველოს ერთი მეციხოვნე და “ქართულ-აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის” პრეზიდენტი, სოლიდარული ვარ ამ აქციის მიმართ.
- დაბოლოს, თქვენ აფხაზეთში ძალიან ბევრი მეგობარი გყავთ, რომლებიც აბსოლუტურად სწორად აღიქვამენ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც დგანან ისინი ამჟამად, რას ურჩევდით მათ?
- აფხაზმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე მოიტანა თავისი თვითმყოფადობა, ენა, კულტურა, მითოლოგია, ტრადიციები, ფოლკლორი, უნიკალობა. მათი საუკეთესო მრჩეველი მათივე უზომო პასუხისმგებლობაა გადარჩენისა და განვითარებისთვის. და მათი უნიკალურობა კიდევ იცით, რა არის? ისინი მუდამ მომავალს უსწორებენ თვალს.
აფხაზი არასდროს დათმობს არც დამოუკიდებლობას და არც მომავლისკენ მოიჭრის გზას. რუსიფიკაციის საშიშროება ბოლო 200 წელი აფხაზ ხალხს მუდმივად ჰქონდა და მუდმივად მოქნილად გამოდიოდა ამ საფრთხიდან.
დღეს აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის ფავორიტი და ერთგული საყრდენი ხელისუფლება მართავს. ამის მიუხედავად, დამიჯერეთ, აფხაზი საზოგადოება ამ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რუსეთმა ასე, ერთი ხელის მოსმით მოახდინოს აფხაზეთის ანექსია. დაიწყება რუსეთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული პროექტის ჭრა-კერვა და წინააღმდეგობრივი მოვლენების სხვაგვარი მოსახვევი გაჩნდება. ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. ეს რუსეთისთვის სახიფათო პოლიტიკური მოსახვევი იქნება.
რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ კი არ უნდა ვურჩიოთ მეგობარ აფხაზებს და, ზოგადად, ჩვენს ნათესავ ხალხს, რაც დიდი სიყალბე არის და იქნება ყველასგან, ვინც ახლა ამისთვის ირჯება - არამედ ჩვენ უნდა შევთავაზოთ. შევთავაზოთ გაბედული პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა კონსტიტუციური კანონების დონეზე. შევთავაზოთ მუდმივი მშვიდობის გარანტია კონსტიტუციურ დონეზე - მის პრეამბულაში სათანადო დეფინიციის გაჩენითა და ჩაწერით. შევთავაზოთ არა ღიმილისმომგვრელი ავტონომია, არამედ ორი ქართული სახელმწიფოს ერთიანობის იდეა და ამ თემაზე მედიაციური მოლაპარაკებების დაწყება ნეიტრალურ ადგილებზე...
ეს ხელისუფლება ამის არც გამააზრებელია და არც გამზიარებელი, მაგრამ, დამიჯერეთ, ადრე თუ გვიან, მაინც ეს მოდელი იქნება ჩვენი და აფხაზების თანაარსებობისა და თანაცხოვრების საფუძველი.
გაზეთი „პრემიერი“, ალექსი ნოზაძე
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |