|
შესავალი
კარგა ხანია დავასკვენი – ჩვენ ქართველებს პოლიტიკოსები აშკარად გამოგონილ რეალობაში გვაცხოვრებენ. თქვენით განსაჯეთ: ერის არაფორმალური "მამა-მზე" "ვერ იჯერებს, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა"; იმავე აბსურდს ჯიუტად იმეორებს ამჟამინდელი პრემიერ- მინისტრი; ვიზიტებს მოწყურებული პრეზიდენტიც ამ დუეტს უბამს მხარს და აცხადებს, რომ ის ვ.პუტინთან ჩავა და აუხსნის, რომ დიდ რუსეთს პატარა აფხაზეთი არაფერში სჭირდება. შედეგად, გონებაგანათებული ვლადიმირ ვლადიმირის ძე "უნებლიე" შეცდომის გამო გაწითლდება, თავს მორცხვად დახრის და ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს; იგივე პრემიერ- მინისტრი "ნანო ტექნოლოგიების" დარგში აღმოჩენებს თავს არ ანებებს და რუსეთის ჩექმის ქვეშ მყოფ აფხაზებს, ავტონომიას სთავაზობს; ყველა ერთად, "მამა-მზე", "ნანო ტექნოლოგი" პრემიერი და მარტოობისგან მოწყენილი პრეზიდენტი რუსეთთან "ურთიერთობებს ათბობენ" და მოლაპარაკებად წოდებულ ფორმატში, გ.კარასინისგან მაგიდაზე მორიგი მუშტის დაბრახუნების შიშით ძრწიან – მართალია, პირისპირ, ზედმეტი მოწმეების გარეშე, მაგრამ მაინც...
ამ "ფენტეზის" ჟანრის ლიტერატურიდან ამონარიდების ფონზე ფიქრები მომეძალა: კი მაგრამ, ისტორია ხომ ჯერ კიდევ არსებობს, არც სკოლის სახელმძღვანელოებია თითქოს გაუქმებული... ამხანაგებო, წიგნი რომ პოლიტიკურმა ბატალიებმა დაგავიწყათ, გასაგებია, მაგრამ დამწყებ კლასებშიც არ გივლიათ? საკითხი ხომ ორ საუკუნეზე მეტს ითვლის? თუ ჩვენ გვაბოლებთ?..
რათა დამაბნეველმა დებატებმა, პრობლემისგან შორს არ წაგვიყვანოს, ვცადოთ საქმეს ოდნავ რეალისტურად შევხედოთ. ამისთვის საკმარისია, თუნდაც საქართველოს ისტორიის სკოლის სახელმძღვანელო გადავშალოთ და უმალ დავინახავთ, რომ იქ უფასო ჯანდაცვასა თუ 9 წლიან სისხლიან რეჟიმზე არაფერია ნათქვამი, სამაგიეროდ, მთელი ტომი დათმობილი აქვს ერთადერთ პრობლემას – საქართველო- რუსეთის ურთიერთობას. ისტორიულად ეს საკითხი, იმდენად საჭირბოროტოა ჩვენთვის, რომ ჯერ სხვა საქმეებისთვის, ისე რომ უნდა, ვერც კი მოვიცალეთ.
გაკვეთილი პირველი
ნორჩებო!
დღიდან პოლიტიკურ არენაზე გამოჩენისა, თქვენ შეუდექით რუსეთთან ურთიერთობების დალაგება- დათბობის ქადაგებას, რის გამოც ქართველ ხალხს მორიგი აუხდენელი ოცნება და მავნე ილუზია ჩაესახა. ცხადია, თქვენ ან არ გესმით, ან არ გინდათ გაიგოთ რუსეთის იმპერიის არსი და მის მიერ საუკუნეების მანძილზე გამოვლენილი აგრესიული ბუნება, რამაც მაიძულა თქვენთვის დახმარების ხელი გამომეწვდინა და აღნიშნულ საკითხზე გარკვეული განმარტებები გამეკეთებინა. დასაწყისისთვის შეგახსნებთ ათასჯერ ნათქვამს:
1. რუსეთთან ურთიერთობის 200 წლიანი ისტორია და უკანასკნელი ოცწლეულის, დამოუკიდებელი საქართველოს სამივე, სრულიად განსხვავებული პრეზიდენტის გამოცდილება, მხოლოდ ერთ რამეს გვასწავლის – ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მასთან მოსაუბრე პოლიტიკოსებს, მათ რიტორიკასა თუ კეთილ ზრახვებს, საერთოდ, ყურადღებას არ აქცევს – რუსეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობას ებრძვის და არა პიროვნებებს;
2. რუსეთთან დათმობას, მხოლოდ მისი მადის გაზრდა მოჰყვება – დათვის "ბაბაიას ძახილით" დაშოშმინება საბჭოეთიდან გადმოყოლილი მანკიერი მითია და ის მხოლოდ მონური ოცნების სფეროს განეკუთვნება. რუსეთის იმპერიის ბუნება ასეთია – ის მხოლოდ სხვა სახელმწიფოს მთლიანი დაპყრობითა და ერის სრული დამორჩილებით კმაყოფილდება. ამის დღევანდელი მაგალითებია – უკრაინა, ბელორუსი და მოლდოვა;
3. სახელმწიფო, რომელიც არ ესაუბრება რუსეთს ძლიერი, თანასწორი პარტნიორის პოზიციიდან (ევროატლანტიკურ სამხედრო თუ პოლიტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანება), კეთილმეზობლურ ურთიერთობაშია იმპერიასთან და ამავდროულად, არაა მისი ვასალი, ბუნებაში, უბრალოდ, არ არსებობს – გადახედეთ დსთ-ს ტერიტორიას!
გულუბრყვილო სპლიყვებო!
ჩვენში მესამე კლასის მოსწავლემაც კი იცის – რუსეთისადმი მორჩილებას, დასავლელი პოლიტიკოსებისადმი და წამყვანი დასავლური გამოცემებისადმი აგრესიულ ტონს, მით უფრო ამჟამინდელი თქვენი საგარეო პოლიტიკური პასიურობის ფონზე, ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაციისკენ მივყავართ... ჩვენ რუსეთთან პირისპირ დავრჩებით, რაც საქართველოსთვის დამღუპველია და უპირობოდ თავისუფლების დაკარგვას ნიშნავს – ამას მოწმობს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველი წლების მწარე გაკვეთილები!
დამწყებ კლასებში ჩარჩენილო მოწიფულო ტოტალიტარულო ბიძიებო და დეიდებო!
"ტკბილად მოუბარი" დიპლომატიის ფონზე, ჩვენ მივიღეთ თქვენთვის რატომღაც მოულოდნელი, საქართველოს საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. დღეს კი გსურთ, რომ აბხაზეთის ფაქტობრივ ანექსიას ერი "გაგებით მოეკიდოს". მიუხედავად აშკარა წარუმატებლობისა, თქვენ მაინც იგივეს აგრძელებთ და ბავშვებისთვის კარგად ცნობილ ისტორიულ რეალობას ჯიუტად არ იღებთ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის ფორმირების მოკლე ისტორია ასე გამოიყურება:
XVI საუკუნის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა დასრულდა, რუსეთმა არარუს ხალხთა მიწები - კარელია, კომი, ვოლგისპირეთი, ურალისპირეთი დაიპყრო;
XVII საუკუნეში - ციმბირი, უკრაინა, ბელორუსი დაიკავა;
XVIII საუკუნეში პოლონეთი, ყირიმი და შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპირო მიიერთა;
XIX საუკუნეში იმპერიის შემადგენლობაში კავკასიაც აღმოჩნდა;
XX საუკუნეში რუსეთი აღმოსავლეთ ევროპას გადასწვდა და პოლონეთის, გდრ-ის, ჩეხოსლოვაკიის, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, იუგოსლავიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის ოკუპაცია განახორციელა;
XX საუკუნის მიწურულს კი, რუსეთი, როგორც შუასაუკუნეების კლასიკური დამპყრობელი, 100 ათასიანი არმიით ინდოეთის ოკეანისკენ დაიძრა, წამოიწყო რა სისხლისმღვრელი ომი ავღანეთში;
XXI საუკუნეში იმპერია არ მოერიდა სისხლს, რათა სასტიკად ჩაეხშო ადამაინთა სწრაფვა თავისუფლებისკენ: თბილისი - 1989 წლის 9 აპრილი, ბაქო - 1990 წლის 20 იანვარი; ვილნიუსი - 1991 წლის 13 იანვარი...1992-93 წლებში რუსეთის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერითა და გუდაუთის რუსული გარნიზონის უშუალო მონაწილეობით, საქართველომ დაკარგა შიდა ქართლის ნაწილი და აფხაზეთი, ხოლო 2008 წლის აგვისტოს რუსული არმია შემოიჭრა დამოუკიდებელ საქართველოში და მოახდინა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია.
გაკვეთილი მეორე
პირველ კლასელებო!
გაუგებარია, ყველასათვის ცნობილი ფაქტებიდან სრულიად საპირისპირო და პარადოქსული დასკვნების გამოტანის მიზეზი... ასეა თუ ისე, ყოველივე ზემოთჩამოთვლილს ისიც ემატება, რომ საქართველოსთვის რუსეთთან ძმობა დამღუპველია. ვეცდები მოვიყვანო ამ ურთიერთობის ძირითადი საფრთხეები და ამ მეგობრობაში გადასახდელი ფასი – მოკლედ, რა უნდა დავთმოთ ქართველებმა რუსეთის კეთილგანწყობის სანაცვლოდ:
1. მენტალობა. ამჟამინდელი რუსეთი არა მხოლოდ სსრკ-ს სამართალმემკვიდრეა, არამედ მისი მენტალობის მატარებელიც. რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში კოლექტივიზმს, მისგან გამომდინარე განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ტოტალიტარულ ცნობიერებას.
კოლექტიური აზროვნება, თავისთავად, გამორიცხავს ინდივიდუალიზმს; სწორედ ის წარმოადგენს უმრავლესობის ინდივიდებზე დიქტატის საფუძველს; ის აიძულებს ადამიანებს გაერთიანდნენ "ერთმორწმუნე", უსახურ მასაში, სადაც გარანტირებულია კომფორტული და უპასუხისმგებლო არსებობა. ერთი სიტყვით, კოლექტივში მისი წევრი, ისე დაცულად გრძნობს თავს, როგორც ცხოველი – საკუთარ ჯოგში.
კოლექტიური ფსიქოლოგია კი ასეთია: "ვინც ჩვენს აზრს არ იზიარებს – ის მტერია და უნდა განადგურდეს". ამგავარ სიძულვილზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარება ჩერდება, ის ჩამყაყებულ ჭაობს ემსგავსება და კვდება. კოლექტიური ფსიქოლოგიის სტრუქტურა სრულიად ეწინააღმდეგება ქართველის მკვეთრად გამოხატულ ინდივიდუალიზს, მის ისტორიულად დამოწმებულ ტოლერანტულ ბუნებას, რომლისთვისაც კონკურენციის, ლიბერალიზმის, თავისუფალი ბაზრისა და დემოკრატიის პრინციპები სისხლხორცეული მოთხოვნილებაა. აი, ამ მენტალური განსხავავებების გამო ვართ, ამხანაგო პირველ კლასელებო, ჩვენ და რუსეთი შეუთავსებლები!
2. რწმენა. მართლმადიდებლობის რუსული ინტერპრეტაცია, იგივე "პრავოსლავიე" წარმოადგენს გაქვავებულ დოგმებსა და წეს-ჩვეულებების მექანიკურ აღსრულებაზე დამყარებულ, ე.წ. "ტაძრულ" რწმენას – მას თვით გამოჩენილი რუსი მოაზროვნეები (ვ.სოლოვიოვი, ვ.როზანოვი, ნ.ბერდიაევი) "ბიზანტიურ მძორს" უწოდებდნენ. ის არ ითვალისწინებს კონკრეტული ადამიანის სიყვარულს, პირიქით, სასტიკად დევნის განსხვავებულ აზრს, სძულს ყოველივე უცხო და მხოლოდ არამიწიერ ცხოვრებაზეა ორიენტირებული; ის ხელმძღვანელობს ორმაგი ფარისევლური მორალით – ერთის აღიარებით ეკლესიაში და მეორეს კეთებით გარეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანებს ამგავრი ეკლესია არა სიყვარულითა და ჩაგრულთა დახმარებით იზიდავს, არამედ ტაძრებისა თუ სამღვდელოების მორთულ-მოკაზმულობის ბრწყინვალებით აოცებს; ის ეფუძნება "უზენაესი ავტორიტეტებისადმი" უკრიტიკო, მონურ მორჩილებას და თვით წარმოადგენს სახელმწიფოს დანამატს, ხელისუფალის ტოტალიტარული იდეოლოგიის გამტარებელს.
სრულიად საპირისპიროს გულისხმობს ვახტანგ გორგასლის, გიორგი მთაწმინდელისა და დავით აღმაშენებლის რწმენა, რომელიც ქრისტესა და მოყვასისთვის თავდადებას, ღრმა განსწავლულობასა და ამქვეყნიურ ღვაწლს, სხვა ერებისა და რელიგიებისადმი შემწყნარებლობას, თავმდაბლობასა და გადამეტებული ფუფუნების მანკიერებას ქადაგებს.
თუ დამატებით გადავხედავთ რუსეთთან ორსაუკუნოვანი „ძმობის" მატიანეს და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დღემდე აუხდენელ ოცნებად რჩება ქართველი სამღვდელოების ჩასვლა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, გრძელდება ჩვენი ერის სულიერების აკვანის ხელყოფა – აფხაზეთში ქართული ხუროთმოძღვრების შედევრების ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისა (XIს) და ბედიის მონასტრის (Xს) "ხახვებიანი" გუმბათებით შემკობა, უძველესი ისტორიული წარწერებისა თუ ფრესკების (ბაგრატ III გამოსახულება) მობათქაშება, შეგვიძლია დავასკვათ: "ერთმორწუნე ძმა" აქაც ზედმიწევნით გამიზნულად და აგრესიულად მოქმედებს - მისი მიზანია გააქროს ქართული მართლმადიდებლობის კვალიც კი და ის "ტაძრული რწმენით", იგივე ტოტალიტარული იდეოლოგიით ჩაანაცვლოს. აი, ამ რელიგიური ექსპანსიის გამო, ტოტალიტარულო ნორჩებო, ჩვენი და რუსეთის სარწმუნოებრივი კავშირი ვერ შედგება!
3. ანტიდასავლურობა. რუსეთის იმპერიის იდეოლოგია ეფუძნება მესამე რომის კონცეფციას, რომლის თანახამადაც, რუსეთი დედამიწის ზურგზე ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც გლობალური მასშტაბით, "მსოფლიო მასონიზმი ებრძვის", კერძოდ კი, "ინგლის-ამერიკა ცდილობს მის განადგურებას"! ამ სახელმწიფოებში ხედავს რუსეთის იმპერია ძირითად ისტორიულ კონკურენტს მსოფლიო ჰეგემონობაზე.
რეალობა კი ასეთია – დასავლეთის სახელმწიფოებთან ღია კონკურენციაში რუსეთის აშკარად მარცხდება; ეკონომიკური კრახის წინაშე მდგომ რუსეთს პოლიტიკური სტაბილურობისთვის, მოჩვენებითი დიდების შესანარჩუნებლად და ეკონომიკური სიდუხჭირის გასამართლებლად, შიდა მოხმარების მითი სჭირდება, ანუ მტრის ხატი: "ყველა ჩვენს წინააღმდეგაა, მთელი მსოფლიო ჩვენ გვებრძვის, ამიტომ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ, შევიარაღდეთ და დავიცვათ თავი! – ამ მითის მეშვეობით ხდება ხალხის მომზადება ომისთვის, აქედან მომდინარეობს იმპერიის მოსახლეობის ყოვლისმომცველი ზიზღი და აგრესია ცივილიზებული სამყაროსადმი.
ამ იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ, ქართველები ისტორიულად ევროპული ცივილიზაციის უძველესი ნაწილი ვართ, ჩვენ ამ ცივილიზაციის საწყისებთან ვიდექით და დასავლურ, იგივე ქრისტიანულ ფასეულობებს არა მხოლოდ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ვიზიარებდით, არამედ მათი დაცვისთვის დიდ სისხლსაც ვღვრიდით. რუსეთი კი მხოლოდ ჩამორჩენილობას და ნაციონალ- შოვინიზმს გვთავაზობს – სხვა მან, უბრალოდ, არც იცის. აი, ამის გამო, დამწყებო "ნანო ტექნოლოგებო", ჩვენი ძმური ერთობა გამორიცხულია!
4. ერების ასიმილაცია- განადგურება. დასაწყისში აღწერილი რუსეთის ფედერაციის ფორმირების მოკლე ისტორია გვასწავლის, რომ რუსეთის იმპერიის ხელწერა საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. იმპერია დღესაც რჩება იმ სახელმწიფოდ, რომელიც ახალი მიწების დაპყრობით, მათი შემოერთებით და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ერების შემდგომი ასიმილიაციით, განაგრძობს სწრაფვას გაფართოებისკენ.
დიახ, უდავოა, ამერიკა ზესახელმწიფოა და ის ცდილობს თავისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენა თანამედროვე სამყაროზე განავრცოს. მაგრამ რითი, რა გზებით? კარგად ჩანს, რომ აღნიშნულ ზე-ამოცანას ამერიკელები აღწევენ, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის მხარდაჭერითა და დამკვიდრებით, ადამიანის უფლებების დაცვითა და ცხოვრების დონის ამაღლებით. დასავლეთი დღეს ახორციელებს "კულტურულ ექსპანსიას" და ნერგავს ცივილიზებული თანაცხოვრების წესს, ხოლო ერების ასიმილიაცია-გაქრობა, მათი თვითმყოფადობის, ისტორიული და კულტურული ფესვების წაშლა, სწორედ რუსეთის ხელწერაა და ის დღესაც გრძელდება. შეგახენებსთ, თუნდაც სულ ათეული წლების წინ განხორციელებული ქართული ენის გაუქმების შუასაუკუნოებრივ მცდელობას. აი, სწორედ რუსეთის ბარბაროსული ბუნების გამო, პატარა სპლიყვებო, ჩვენი მეგობრობა წარმოუდგენელია!
5. ...და ბოლოს. ოკუპანტთან და თანამემამულეების მკვლელთან მეგობრობა ამორალურია. ქართველი ხალხი ღირსებას და სამართლიანობის განცდას ამ გზით ვერ აღიდგენს! რუსეთთან უხმო მორჩილება ერს აჩაჩანაკებს, მის მორალურ ძალებს ფიტავს და ქართველბს გადაგვარებას გვიქადის. აი, ამას კი, ბატონო ტოტალიტარულო დეიდებო და ბიძიებო, ჩვენ ვერ შევურიგდებით, მშვიდობასა და მაძღარ ცხოვრებაში ამ ფასის გადახდა ჩვენთვის მიუღებელია!
შემაჯამებელი გაკვეთილი
ამორფული კოალიციის პიონერხელმძღვანელებო!
ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იმპერიის უცვლელად აგრესიულ არსს. მისი პოლიტელიტის ძირითადი საზრუნავი დღესაც საბჭოთა კავშირის აღდგენაა. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს მთავარ ამოცანას – "ბოროტების იმპერიის" ორბიტიდან თავის დაღწევა და დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში დროული ინტეგრაცია წარმოადგენს. ამ ეტაპზე რუსეთთან პირისპირ დარჩენა, იმპერიასთან დაახლოება-მეგობრობა, დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე, მეტად სახიფათოა და პრაქტიკულად შეუძლებლიც. აი, ამიტომ არის არა მხოლოდ ფუჭი, არამედ ღრმად მცდარი და მავნეც, რუსეთთან ძმური ურთიერთობების აღდგენის თქვენს მიერ ერში ზედმეტად გაღვივებული იმედები!
ქართველების წინაშე, აგერ უკვე მესამე საუკუნეა, ერთი ძირითადი საკითხი დგას – რუსეთი! შესაბამისად, მრავალი გარეგნული განსხვავევების მიუხედავად, ამ პრობლემის გარშემო, ორი რადიკალურად დაპირისპირებული ძალა იბრძვის: ერთი – ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული, ხოლო მეორე – იმპერიის ინტერესების გამტარებელი. სხვა, უბრალოდ, ჯერ, არც ყოფილა... ეს უკანასკნელი ძალა, დღესაც ძველთაგან ცნობილ ხრიკს მიმართავს: "ამხანაგები", კონკრეტული გეგმისა და მასში გადასახდელი "ფასის’’ გაცხადების გარეშე, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების "დალაგებით" იწყებენ, ხოლო შემდეგ, ნარნარად, იმპერიის წიაღში დაბრუნებით ამთავრებენ. გახსოვდეთ, ასეთია, ჩრდილოელ მეზობელთან ფლირტით გატაცებული ნორჩი ეკვილიბრისტების ისტორიული გზა...
გაზეთი "პრემიერი", ზურა ოდილავაძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |