|
ალასანიას გუნდი საკუთარ პარტიას იწყებს; ირაკლი ღარიბაშვილის თვითგამორკვევა; აფხაზეთის ქართული ბერკეტი; მერაბიშვილის განაჩენი და გიგი უგულავას გაფრთხილება.
გასული კვირის მთავარი მოვლენა ე.წ. "ალასანიას გუნდის" კონსოლიდირებული პოზიცია იყო როგორც "უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს" სხდომაზე, ასევე მედიაქტივობების თვალსაზრისით.
საბაბი (მაგრამ მხოლოდ საბაბი!) აფხაზეთის პრობლემა და ყბადაღებული "რუსულ-აფხაზური ახალი ხელშეკრულება" გახდა, რომელშიც "ახალი", სინამდვილეში, არაფერია, მაგრამ მძლავრი შეტევისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ისეთი მკვეთრი განცხადებები გააჟღერა, მიშასაც კი შეშურდებოდა: "ჩვენ ვამზადებთ აგრესიულ პასუხს და ვიწყებთ აგრესიულ აქტივობას საერთაშორისო ასპარეზზეო".
ძალიან ჰგავს სააკაშვილის ტექსტს ცხინვალის ერთ-ერთი კრიზისის დროს: "ჩვენ ვიქნებით ძალიან აგრესიულნი მშვიდობის ძიებაში".
საერთოდ, ასეთი ხმამაღალი და ამაყი განცხადებები რომ გააკეთო, რაღაც საფუძველი მაინც უნდა გქონდეს - ან თვით ქვეყანა უნდა იყოს იმდენად ძლიერი, კომიკურად არ გამოჩნდეს, ან ნამდვილი მოკავშირეები უნდა გყავდეს, რომლებიც შენი გულისთვის მზად არიან, თავი შეიწუხონ, ან, ბოლოს და ბოლოს, მოწინააღმდეგე მაინც უნდა იყოს "თანაზომადი".
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, თავის დროზე ირაკლი ალასანია და მისი "დიპლომატთა გუნდი" სააკაშვილს სწორედ "არაადეკვატურობის" გამო დაუპირისპირდა, რაკი მიაჩნდა, რომ სწორედ მიშას არაადეკვატურმა, მატრაკვეცულმა და "ურაპატრიოტულმა" ნაბიჯებმა გამოიწვია, საბოლოოდ, 2008 წლის აგვისტოს საშინელი ტრაგედია და სამარცხვინო კრახი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესოა, მაინც რა "აგრესიული ნაბიჯები" შეიძლება საქართველომ დაუპირისპიროს რუსეთის გადაწყვეტილებას, გააფორმოს ოკუპირებულ აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულება? მაქსიმუმ, ელჩების შეკრება (რაც უკვე ვიხილეთ) და მათი წყალწყალა განცხადებები: "შევისწავლით", "შევატყობინებთ", "გავაცნობთ ჩვენს მთავრობებს" და ა.შ.
იმ საცოდავებს უკრაინის პრობლემისთვის ვერ მოუვლიათ ლამის ევროპის ცენტრში და საქართველოს საერთოდ ახსენებენ მოსკოვთან ურთიერთობაში? 2009 წლის (მოსკოვში ობამა-მედვედევის სამიტის) შემდეგ, არ ყოფილა არც ერთი შეხვედრა რუსეთის ხელისუფლებასთან მრავალმხრივ ან ორმხრივ ფორმატში, დასავლელ ლიდერებს "საქართველო" საერთოდ ეხსენებინოთ. ეს არის ფაქტი. თანაც, ძალიან ჯიუტი ფაქტი!
მაგრამ პოლიტიკურ "სათქმელად" მოხერხებულია, რომ "აგრესიული ნაბიჯების" გადადგმას იწყებ და "აგრესიულ პასუხს ამზადებ", რაც უკვე გამოიყენა რუსულმა გველ-პროპაგანდამ ახალი ანტიქართული ისტერიის გასაჩაღებლად, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს საქართველოში ტურისტული მიზნებით მოგზაურობისგან თავის შეკავება ურჩია.
"აბა, ხმა არ უნდა ამოგვეღოო", - სწორედაც ფრთხილი, დაკვირვებული, არაისტერიული, თავშეკავებული რეაქცია იქნებოდა ბევრად ჭკვიანური. თუ რატომ, - ამაზე ქვემოთ. მანამდე კი ეს საბაბი (მხოლოდ საბაბი!) ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდისთვის გამოსადეგი "პლატფორმაა" ძლიერი პარტიის დასაწყებად იმ ვითარებაში, როდესაც ერთდროულად რამდენიმე მიზეზის გამო, მმართველი კოალიცია სულ უფრო სუსტდება და იოლად მსხვრევადობის შთაბეჭდილებასაც ტოვებს.
ირაკლი ალასანიას რეიტინგი კი ყველაზე მაღალია: ბევრად მაღალი, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილის, ბიძინა ივანიშვილისა თუ გიორგი მარგველაშვილის. ნებისმიერი პოლიტიკოსი, ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, საკუთარი პოზიციების გამყარებაზე იზრუნებდა. ხოლო, რაკი შიდაპოლიტიკური საკითხები თავდაცვის მინისტრის ჩარევას არ გულისხმობს, მაშინ გარეშე აგრესია საუკეთესო საშუალებაა.
ალასანიას, რასაკვირველია, მაშინვე აუბეს მხარი უახლოესმა თანამებრძოლებმა, რომლებიც მასთან ერთად წამოვიდნენ მიშას დიპლომატიური სამსახურიდან: ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ "კარასინ-აბაშიძის ფორმატი უსარგებლოა და მოლაპარაკებები პრაღაში უნდა შეწყდეს".
არადა, გაუგებარია, რატომ (რაც მთავარია, რა მიზნით) უნდა შეწყდეს? 2008 წელს აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ან მოსკოვის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რაიმეთი უკეთესი იყო ახალი ხელშეკრულების იმ პროექტზე, რაც აფხაზებმა გამოაქვეყნეს პროვოკაციული მიზნით? მაშინ ადრე რატომ იყო იგივე გუნდი "რუსეთთან მოლაპარაკებისა და სიფრთხილის" მომხრე?
საერთოდ, ზურაბ აბაშიძე, როგორც ჩანს, "დაბალ ღობედ" მიაჩნიათ მისი ინტელიგენტურობის გამო და როცა მოესურვებათ თუ დასჭირდებათ, მაშინვე წაუთაქებენ ხოლმე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
"გუნდურ შტურმს" მხარი დაუჭირა იმავე გუნდის კიდევ ერთმა წევრმა - საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელმაც არანაკლებ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ჯერჯერობით დუმს და ყოყმანობს თეა წულუკიანი, თუმცა კოალიციასთან მას სხვა ანგარიშები აქვს. საოცარი განცხადება გააკეთა გასულ კვირას: "ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი ქალის მკვლელობაზე საქმე მხოლოდ "სხეულის მძიმედ დაზიანების" გამო რატომ აღიძრაო".
დალოცვილო, იუსტიციის მინისტრი ხარ, დაიბარე შენი "ხელქვეითი" მთავარი პროკურორი და ჰკითხე, რატომ აღიძრა საქმე ამ და არა სხვა მუხლით, თუმცა ეს განცხადება მკაფიო ილუსტრაციაა, რამდენად "ეკითხება" იუსტიციის მინისტრს, რაც სამართალდაცვის სისტემაში ხდება რეალურად. წულუკიანის მენტალობიდან გამომდინარე, ის ამგვარ დამოკიდებულებას დიდხანს ვერ აიტანს. და არ არის გამორიცხული, "სენსაციური პრესკონფერენციაც" ჩაატაროს უახლოეს მომავალში.
ალასანიას გუნდის გააქტიურებას იჭვნეული რეაქცია მოჰყვა ნინო ბურჯანაძის მხრიდან. "ოცნების" დასუსტებას ისიც გრძნობს და სულაც არ ეპიტნავება, ამ პროცესით ირაკლი ალასანიამ ისარგებლოს. ამიტომ, ბურჯანაძემ, ალასანიას განცხადებებს "მავნებლური" უწოდა და საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს საწვრთნელი ბაზის გახსნა გაიხსენა, როგორც ამგვარი "მავნებლური ინიციატივების" ერთ-ერთი მაგალითი.
თუმცა, ქალბატონ ნინოს, როგორც ყოველთვის, დაავიწყდა (რაც არ აწყობს, არასდროს ახსოვს), რომ ნატო-ს საწვრთნელი ბაზისა და ამ ბაზაზე "სირიის თავისუფლებისთვის მებრძოლთა" მომზადების იდეას მისმა მთავარმა პარტნიორმა - ირაკლი ბათიაშვილმა აქტიურად დაუჭირა მხარი. თუ მავნებლობაა, მაშინ მავნებლობის მხარდამჭერთან რატომ პარტნიორობ?
ისევ და ისევ, "ქალბატონი მესამე ნომერი" ლაპარაკობს რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე, თუმცა, დააკვირდით: არასდროს ამბობს კონკრეტულად, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას (თავისთავად, მოლაპარაკება "ნაბიჯი" არ არის), რუსეთის ინტერესების გასათვალისწინებლად.
არადა, მოსკოვის მოთხოვნა მკაფიოა და არანაირ ვაჭრობას ის არ აპირებს:
1) აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობაზე ხელშეკრულების გაფორმება (რაც სამხრეთ კავკასიაში მის უეჭველ პრიორიტეტს დაადასტურებს);
2) დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოსკოვთან;
3) ნატო-ზე ოფიციალურად უარის თქმა და, საბოლოოდ,
4) ევრაზიულ კავშირში შესვლა.
მორჩა და გათავდა - მოთხოვნათა პრეისკურანტი ჩამოწერილია, ხოლო მსჯელობა ფორმითა და შინაარსით: "შენ მე დამიბრუნე (დაკარგული ტერიტორიები) და მე კიდეც შეიძლება... უარი ვთქვა ნატო-ზე", სრულიად ფუჭია.
2004-2005 წლებში, ამას ყველა შეხვედრისას ეუბნებოდა სააკაშვილი პუტინს, მაგრამ ერთსა და იმავე პასუხს იღებდა: "არც არაფერს დაგიბრუნებ, მაინც ვერც ვერანაირ ნატო-ში ვერ შეხვალ, პირობებს ნუ მიყენებ და ჩაიკმინდე ხმა!"
ასეთ პასუხს მივიღებთ მოსკოვისგან ყოველთვის, რაკი სხვა რაიმე არგუმენტი და ზეწოლის ბერკეტი (ასეთი მოკავშირეების პატრონთ), არ გაგვაჩნია, გარდა კომიკური განცხადებებისა რაღაც "აგრესიული აქტივობების თაობაზე".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყველაზე ჭკვიანური ამ აფხაზურ-რუსულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში იქნებოდა არა სრულიად ფუჭი ისტერიკის მოწყობა, არამედ იმის გაანალიზება, რატომ და როგორ მოხდა, რომ აფხაზურმა მხარემ, მოსკოვიდან მიღებული ხელშეკრულების დრაფტი, ანუ, ფაქტობრივად, სამუშაო, შავი ვარიანტი მოულოდნელად გამოაქვეყნა.
რა მიზანს ისახავდა? საქმეც ისაა, რომ ხელშეკრულების ეს ვარიანტი აფხაზებს ძალიან არ მოსწონთ. იმდენად არ მოსწონთ, რომ ცივი უარის სათქმელად ემზადებიან, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს უარი. თუნდაც ფსოუზე საზღვრის სრულ ჩაკეტვად და ახალ ბლოკადად.
ერთადერთი, რითაც შეუძლიათ, წინააღმდეგობა გაუწიონ მოსკოვს, ისაა, რომ დამატებითი პრობლემები შეუქმნან (ყოველ შემთხვევაში სცადონ მაინც შექმნა) დასავლეთთან ურთიერთობაში, ესე იგი, დააბრუნონ აფხაზეთი რუსეთ-დასავლეთის დღის წესრიგში და ამ გზით, ეგება, როგორმე მოახერხონ, მოსკოვმა ხელი აიღოს აფხაზეთის სრული ანექსიის განზრახვაზე, ან ჩაასწოროს, შეამსუბუქოს ხელშეკრულება ისე, რომ ის ნაკლებ გამანადგურებელი იყოს აფხაზებისთვის.
იმ ნაწილში მაინც, სადაც ლაპარაკია ნებისმიერი რუსისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭებაზე. მაგრამ როგორ ჩართონ ამ პროცესში ირიბად დასავლეთი ისე, რომ თვითონ არ მიმართონ მას და ამით ზატულინ-პროხანოვის ტიპის რუსი "დერჟავნიკები" (მათი მუდმივი მოკავშირეები) არ გაანაწყენონ? სულ იოლი ხრიკით: გამოაქვეყნეს დოკუმენტი ჯერ კიდევ ხელმოწერამდე, რაკი იცოდნენ, რა ისტერიკა მოჰყვებოდა თბილისში, ამით ირიბად ჩართეს პროცესში დასავლეთი და იმედი აქვთ, თვით დასავლეთი (ანუ ევროპა და ამერიკა) აიძულებს მოსკოვს, ან მთლიანად აიღოს ხელი ამგვარი ხელშეკრულების გაფორმების იდეაზე, ან თუნდაც დაეთანხმოს იმ პუნქტების ამოღებას დოკუმენტიდან, რომელიც აფხაზურ ნაციონალურ პროექტს ეწინააღმდეგება.
ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, აფხაზებმა კვლავ დიდოსტატურად აქციეს ქართული ფაქტორი საკუთარ ბერკეტად რუსეთზე ზეგავლენისთვის დასავლეთის მეშვეობით. ამაზე მეტი საოცრება გაგონილა? ქართული პოლიტიკური უნიათობის წყალობით, ჩვენს კოზირებს სხვები იყენებენ. ესე იგი, რაღაც პატარა კოზირები რომ გვაქვს, იმასაც კი ვფლანგავთ სეპარატისტთა სასარგებლოდ ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ვიღებთ. და ასე გრძელდება წლობით, ათწლეულობითაც კი!
უნდა ვაღიაროთ: როგორც ყოველთვის და როგორც უამრავჯერ მომხდარა გასული 25 წლის განმავლობაში, ქართველ პოლიტიკოსთა უნიჭობის წყალობით, სეპარატისტებმა კვლავ ბრწყინვალე შედეგი მიიღეს, რაკი ზუსტად გათვალეს და სიტუაციიდან შესაძლებლის მაქსიმუმი გამოწურეს.
ამიტომაც, შექმნილ ვითარებაში, ყველაზე ჭკვიანური იქნებოდა ფრთხილი დაკვირვება თბილისიდან, ანუ დალოდება ვითარებისა, როცა მოსკოვი და სოხუმი ღია "კლინჩში" შევიდოდნენ, აშკარად დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს ამ ხელშეკრულების გამო და მხოლოდ ამის შემდეგ ჩარევა სიტუაციაში ხმამაღალი განცხადებებით.
სულ ერთია, აფხაზეთის არც ამჟამინდელი, არც ნებისმიერი სხვა ხელისუფლება დოკუმენტს ამ სახით ხელს არ მოაწერს. ბოლოს და ბოლოს, უნდა გავიგოთ: აფხაზეთი არ არის სამხრეთ ოსეთი, რომელიც გაბედნიერდება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლით: აფხაზურ ელიტას საკუთარი ამბიციები აქვს. საუბედუროდ, ამ ამბიციებს მეტისმეტად ხშირად იკმაყოფილებს ქართული ელიტის უმეცრების წყალობით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სულ სხვა საქმე იქნებოდა, ქართულ პოლიტიკურ კლასსა და ხელისუფლებას რაიმე ალტერნატივა რომ ჰქონდეს აფხაზეთისთვის. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება "თვითგამორკვევის" თაობაზე, ამ მხრივ, თითქოს, რაღაც ახალი სიტყვა იყო, რასაც შეიძლება ეთანხმებოდე, ან ზოგიერთებივით კატასტროფად ჩათვალო, თუმცა მაინც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მთავრობა მართლა აპირებს რაღაც ახალი ხედვა გამოაქვეყნოს, როგორ გადაიჭრას, ბოლოს და ბოლოს, ეს უმძიმესი მრავალწლიანი პრობლემა ან რა საფუძველზე შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკება სოხუმთან და ა.შ.
რეალურად რა გამოვიდა? არც არაფერი. ჯერჯერობით, არანაირი ახალი ხედვა და წინადადება პრემიერს არ გამოუქვეყნებია. და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მართლა უბრალოდ შეცდომა იყო და არა გაცნობიერებული განცხადება "აფხაზი ხალხის თვითგამორკვევის" თაობაზე, რამაც, სხვათა შორის, უდიდესი რეაქცია გამოიწვია სოხუმში. მით უმეტეს, ხსენებული ხელშეკრულების ფონზე, როცა აფხაზებს აშკარად ეშინიათ, რომ რუსეთი მათზე მრავალმხრივ ზეწოლას აპირებს. მაგალითად, ბლოკადის განახლებას, ემბარგოს და ა.შ.
მაგრამ თუ ამ საქმეში დასავლეთი მართლაც აქტიურად ჩაერთვება თბილისის აგრესიული ნაბიჯების წყალობით, მაშინ მოსკოვი არჩევს, ყველაფერი დარჩეს არსებული "სტატუს კვოს" ფარგლებში, ხოლო შესწორებულ დოკუმენტს ხელი მოეწეროს მხოლოდ და მხოლოდ იმპერიისადმი აფხაზური ლოიალობის დასტურად. ესე იგი, ყოველივე დაიყვანონ სიმბოლურ აქტზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რეალურად, ქართული პოლიტიკური სცენის აქტორებს შიდა ბრძოლები და ამბიციების დაკმაყოფილება ბევრად მეტად აღელვებთ, ვიდრე გადაუწყვეტადი პრობლემების მუსირება. ღიად არ იტყვიან, რასაკვირველია, მაგრამ რეალურად ასეა:
ალასანიას გუნდის გააქტიურება დაემთხვა ვანო მერაბიშვილისთვის მორიგი განაჩენის გამოტანას. შინაგან საქმეთა ექსმინისტრის "სროკი" (ესე იგი, სასჯელის ვადა) 12 წლამდე გაიზარდა. მანამდე, მთლიანობაში, 9 წელი ჰქონდა მისჯილი სხვა საქმეებზე.
თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება, რომ სასამართლომ დადგენილად და დამტკიცებულად მიიჩნია სრულიად ახალი გარემოება გირგვლიანის საქმეში: რომ საბედისწერო სუფრაზე მყოფმა დათა ახალაიამ დაურეკა გერონტი ალანიას, რათა მას დაესაჯა "შემაწუხებელი ახალგაზრდა".
დაურეკა თუ "სმს"-ი გაუგზავნა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს დაფიქსირებული მობილური ოპერატორის არქივში. არის ამგვარი მტკიცებულება საქმეში? გაურკვეველია. რაც მთავარია, კითხვასაც არავინ სვამს. და, ბუნებრივია, პასუხსაც არავინ სცემს.
ჯერჯერობით ყველაფერი ოლეგ მელნიკოვის აღიარებით ჩვენებას ეფუძნება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, სანდრო გირგვლიანი გახდა მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელიც ქვეყანაში სწორედ ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შედეგად შეიქმნა, როდესაც "არაკორუმპირებულმა ბიჭუნებმა" იგდეს ხელში უდიდესი ძალაუფლება და რატომღაც ეგონათ, მხოლოდ იმის გამო, რომ არაკორუმპირებულნი იყვნენ და "ქრთამებს" არ იღებდნენ, ჰქონდათ მორალური უფლება, დედის გინებისთვის ადამიანი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით კი არ დაეკავებინათ, არამედ ოქროყანაში აეყვანათ და იქ მიესიკვდილებინათ.
ვანო მერაბიშვილს, კაცმა რომ თქვას, ამ სიტუაციაში სხვა გამოსავალი, როგორც ჩანს, არც ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ალანიასა და მისი ჯალათებისთვის გარანტიები მიეცა, ფული გადაეხადა (იგულისხმება ხელფასის შენარჩუნება და ოჯახის წევრთა პლასტიკურ ბარათებზე ჩარიცხვა), რათა არ ესარგებლათ რევოლუციური ხელისუფლების იმ მონაპოვარით, როდესაც უფრო მაღალი თანამდებობის პირის მხილება დანაშაულში მის ხელქვეითს პასუხისმგებლობისგან მთლიანად ათავისუფლებს.
იმ სიტუაციაში, რომელიც 2006 წელს ("ტელეიმედის" ფაქტორის გათვალისწინებით) ქვეყანაში მაშინ არსებობდა, ამგვარი მხილება სულაც არ იქნებოდა რთული საქმე. მერე დათა ახალაია ამხელდა ზემდგომ მინისტრს და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთელი ეს მარაზმი რომ წინა ხელისუფლების ყოფილ ლიდერებსაც მოსწყინდათ, კიდევ ერთი ფაქტით დადასტურდა: მიხეილ სააკაშვილის დეკლარაციის პასუხად ("ახალი პლატფორმა ახალი საქართველოსთვის") გიგი უგულავამ, სასამართლო პროცესზე მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა: "ნაციონალური მოძრაობა" არ არის მზად ხელისუფლებაში დასაბრუნებლადო".
ეს განცხადება აშკარად წყენის გამოხატულებაა, რაკი მიაჩნია, რომ თანაპარტიელები ისე აქტიურად არ იცავენ, როგორც მოელოდა. ყოველ შემთხვევაში, ბევრად ნაკლებად, ვიდრე ბაჩო ახალაიას - ანუ სულ სხვა კალიბრის ფიგურას.
ასეთ ვითარებაში მიშას არ დარჩენია სხვა გზა, გარდა ამგვარი "დეკლარაციებით" აქტიურობის შთაბეჭდილების შექმნაა. იმის იმედად, რომ ხელისუფლება აირევა, აიჭრება, "ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობს" და ხალხსაც მოენატრება ხელისუფლება ან ხელისუფალი, რომელმაც იცოდა მაინც, რა უნდოდა, რას ცდილობდა ან საით მიჰყავდა ქვეყანა.
უბედურება (და საშიშროება) ისაა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს, როგორც ჩანს, მართლა არ იცის.
გაზეთი „პრემიერი“, ზურაბ ღოღობერიძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |