|
“ქალების თანასწორობის ჯინი” უკვე ამოშვებულია და სისხლის ფასადაც რომ დაჯდეს, მას უკან ვეღარავინ ჩააბრუნებს”
“მომხდარი ტრაგედიები გაღებული სისხლია იმისთვის, რომ საზოგადოება უკეთესი გახდეს”
ბოლო დროს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე გახშირებული მკვლელობის პარალელურად პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი ნორმების შემოღებას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით ცვლილებები საკუთრივ “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონში და მთელ რიგ სხვა კანონებში შედის.
პროექტის მიხედვით, ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებული პირები დამატებითი უფლებებით ისარგებლებენ. საკანონმდებლო პაკეტით დაზარალებულთათვის უფლებებისა და დაცვის გარანტიების გაზრდა ხდება.
პროექტის თანახმად, მსხვერპლს ენიჭება უფლებამოსილება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, შესაბამის სახელმწიფო ორგანოს მიმართოს, მიიღოს კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით, ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით და ა.შ. ახალი კანონპროექტის მიხედვით, მათ ეძლევათ უფლება, დარჩნენ საკუთარ სახლში იმ შემთხვევაში, თუ მათ ასე ურჩევნიათ, მოძალადე კი, ვალდებული იქნება, მის საკუთრებაში არსებული სახლი დატოვოს ასეთ სიტუაციაში. გარდა ამისა, ცხელი ხაზის უფასო მომსახურება ერთ-ერთი ცვლილებათაგანია, რომელიც დაზარალებულებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
აღნიშნული პრობლემის ზოგად ასპექტებზე და პრობლემის მოგვარების საშუალებებთან დაკავშირებით “პრემიერი” საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, გუგული მაღრაძეს ესაუბრა:
- როგორ აფასებთ ოჯახური კონფლიქტების ტრაგიკული შემთხვევების გახშირების ტენდენციას, სადაც ძალადობა ძირითადად ქალებზე ხორციელდება. ფიქრობთ თუ არა, რომ ახლად მიღებული გამკაცრებული ნორმები რეალურად ხელს შეუწყობს ვითარების შეცვლას?
- კანონმდებლობის არსებობა ქვეყანაში აუცილებელია, რადგან მის გარეშე ასეთ უბედურებასთან და საერთოდ, ნებისმიერ დანაშაულთან ბრძოლა უძნელესია. მეორე საკითხი კანონის აღსრულების შესაძლებლობაა. 2004 წელში მიღებულმა კანონმა გარკვეული მიმართულებით იმუშავა, მაგრამ საჭირო იყო უფრო მეტი რაღაცების დაკონკრეტება, გამკაცრება და დამატებითი მუხლების შეტანა, რაც ჩვენ ახლა გავაკეთეთ. ახლა საქმე იმაზეა, როგორ აღსრულდება კანონი. რა თქმა უნდა, ეს არ არის პრობლემის მთლიანად გადაწყვეტის ერთადერთი გზა, მაგრამ ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას. ადამიანებამდე ინფორმაცია გარკვევით უნდა მივიტანოთ და ხშირად გაშუქდეს არა მხოლოდ ის, რომ ვიღაცამ ვიღაცა მოკლა, არამედ, მერე რა მოხდა, როგორ დაისაჯა მკვლელი, რა დამოკიდებულება არსებობს საზოგადოებაში ასეთი ქცევისადმი, რათა მოძალადისთვის ეს ქცევა თანდათან გახდეს მიუღებელი. მაგალითად, საქართველოში ინცესტი არ არის და ამას კანონიც არ სჭირდება, იმდენად მიუღებელია ადამიანებისთვის, ასეთივე მიუღებლობა უნდა იყოს ოჯახური ძალადობის მიმართ. არავის არა აქვს უფლება, ადამიანი მოკლას და ვიღაცებმა თქვან, ჯერ მიზეზი უნდა შევისწავლოთო, ეს აბსოლუტურად მიუღებელი დამოკიდებულებაა.
- თქვენივე კოლეგამ, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, ყველა მკვლელობას, განსაკუთრებით ოჯახურ ტრაგედიებს, აქვს მიზეზობრივი კავშირი და დასადგენია, რა იყო ამის მიზეზიო. რამდენად კომპეტენტურია ასეთი სპეციფიკის მქონე სტრუქტურის წარმომადგენლისგან ამგვარი შეფასება?
- სულერთია ვინ არის, ვინც არ უნდა თქვას ასეთი რამ, იმას ნიშნავს, რომ მთავარი რაღაც არ გვესმის. მთავარი ის არის, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არ შეიძლება. გამონაკლისი შემთხვევა, როცა სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება არსებობს, გამოიყენება მაშინ, როცა კონკრეტული პირი საშიშროებას უქმნის საზოგადოებას. მაგალითად, ტერორისტი, რომელიც აფეთქებს და მას ხელი უნდა შეუშალონ, ამ დროს, შეიძლება მოკლან კიდეც. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, არაფერი არ ამართლებს მკვლელობას. აქ რელიგიური ამბავიც არის, რომ ღმერთის მიერ მიცემული სიცოცხლის ხელყოფის უფლება არ არსებობს და ეს რამენაირად უნდა ჩავდოთ ადამიანების თავში.
- ნებისმიერი ადამიანის ქვეცნობიერში ისედაც დევს, რომ მკვლელობა დანაშაულია, მაგრამ ოჯახურ ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობებს სხვა მახასიათებლები აქვს. რა მიგაჩნიათ პრობლემის მთავარ გარემოებად?
- ეს, ფაქტობრივად, ბრძოლაა მამაკაცური დომინანტობის დაძლევის წინააღმდეგ. ასეთი რაღაცები მთელ მსოფლიოში ხდება, როგორც სხვადასხვა დროს მონობა, ბატონყმობა, ფერადკანიანების ჩაგვრა გადავარდა, ასევე, მწიფდება იმის დრო, რომ ქალი აღარ მიიჩნევა მეორად სქესად და ხდება მამაკაცის თანაბარი. ოჯახური ძალადობის ფატები, რაც სახეზე გვაქვს, მიუთითებს, რომ რაღაც კულმინაციამდე მივედით. ხდება ისე, რომ რაოდენობრივი ცვლილება თვისობრივში გადადის ხოლმე. ისე მომრავლდა ქალების რაოდენობა, რომლებსაც სურთ, საკუთარი ცხოვრება თავად მოაწყონ, რომ ამას ვერ ეგუება მეორე მხარე და ერთადერთი იარაღი ფიზიკური ძალადობა დარჩა. დახურულ საზოგადოებაში, რაც უწინ გვქონდა, ქალი შეგუებული იყო თავის დაქვემდებარებულ მდგომარეობას, იმის მიუხედავად, რომ საჭმელიც ჰქონდა, კარგი კაბებიც, მისი ქცევა კონტროლდებოდა და თავად არ იყო წამყვანი საკუთარი ქცევის და ეს მენტალობა თუ სტერეოტიპი დღეს უკვე გადალახულია. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ვინმეზე მეტია ან ნაკლები, მაგრამ ქალს სურს, რომ თავისი უფლება და სიტყვა ჰქონდეს. თანაბრობა არის მთავარი და ყველა ვერ აცნობიერებს. მამაკაცების გარკვეული კატეგორია ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ეკარგებათ მართვის სადავეები, რაც უწინ ჰქონდათ და ამის გამოხატულებაა ეს, რაც გაცილებით ფართო პრობლემაა, ვიდრე ის, რომ ვიღაცამ ვიღაცა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
- რა არის საჭირო, რომ ეს პროცესი ნაკლებად ტრაგიკული და მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვის, რაში გამოიხატება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ნამდვილი პრინციპი, რასაც საზოგადოება სწორად ვერ აღიქვამს?
- არათანასწორობაა ის, როცა მოსახლეობის 51% ქალია და მაგალითად, ხელისუფლებაში, სადაც გადაწყვეტილება მიიღება, მხოლოდ 2-3 ქალი მონაწილეობს. ეს ხელოვნური ამბავი კი არ არის, ბუნებრივად დაგროვდა პოტენციალი საიმისოდ, რომ ქალებმა მართვაში მიიღონ მონაწილეობა.
- რაც შეეხება ვითარების მიზეზ-შედეგობრივ გარემოებათა ანალიზს, ხომ არ არის საფიქრებელი, რომ ზოგადად, საზოგადოებრივ წესრიგს სოციალური მდგომარეობა განსაზღვრავს და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის დიდხანს შენარჩუნება ხელს უწყობს ამავე საზოგადოების რეგრესს?
- არ არის ეს მხოლოდ ეკონომიკური კრიზისის ბრალი, რადგან ოჯახური ძალადობა იმ ქვეყნებშიც ხდება, სადაც ეკონომიკური კრიზისი არ არის. ჩვენთან, უბრალოდ, მოკლე პერიოდში 20 და მეტი შემთხვევა მოხდა. მართალია, ეკონომიკური კრიზისი აბოროტებს ადამიანებს, მაგრამ ამ კრიზისმა ქალების მეტად დასაქმება გამოიწვია, ანუ სამუშაო ბაზარი შეიცვალა. დღეს ქალი უფრო შოულობს სამსახურს და ესეც მამაკაცის უმწეობის შენიღბვაა, როდესაც ის ისევ სთხოვს ქალს დაქვემდებარებაში ყოფნას. იმის მიუხედავად, რომ ქალი ოჯახში მეტის შემომტანიც არის, მამაკაცი მაინც მოითხოვს, რომ ის ისეთივე დაქვემდებარებაში იყოს, როგორც დიდი ხნის წინ და ამას ქალი ასე ადვილად უკვე აღარ ეპუება.
- ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოჯახური ძალადობის პროცესი მხოლოდ კანონის გამკაცრებამ შეაკავოს. ფიქრობს თუ არა ქვეყნის ხელისუფლება თავის როლზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ტრანსფორმაციას განსაზღვრავს და აკონტროლებს?
- კანონი ყოველთვის აკავებს რაღაც დონეზე, მაგრამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ კანონი საკმარისი არ არის, რადგან მენტალური ცვლილება უნდა მოხდეს. მაგალითად, ოდესღაც ადამიანის მოტაცება არსებობდა და ეს ფაქტი უფრო ხშირიც კი იყო, ვიდრე ახლა. იმის გარდა, რომ კანონი გამკაცრდა, ადამიანების მენტალობაც შეიცვალა. ადრე გოგონას რომ მოიტაცებდნენ, ისეთ სირცხვილად ითვლებოდა, რომ მას ერჩია იმ კაცთან ყოფილიყო მთელი ცხოვრება, რომელიც არ უყვარდა, ვიდრე გაებედა და ეთქვა, რომ მომტაცებელთან ყოფნა არ უნდოდა. იმ პერიოდში თითო-ოროლა მოტაცებული ქალი თუ ბრუნდებოდა უკან და ამაზე იყო ერთი ამბავი, რომ ოჯახი შერცხვა და ის ვეღარ გათხოვდებოდა. ქალებმაც გადალახეს ეს სტერეოტიპი და მამაკაცებმაც, რადგან მიხვდნენ, იმის გამო, რომ ქალი მოტაცებული იყო, სულაც არ ნიშნავდა ხელისშემშლელ ფაქტორს მისი შემდგომი ცხოვრებისთვის. ქალების წინააღმდეგობამ და მათი ოჯახების დამოკიდებულებამ ეს დანაშაული შეამცირა და დღეს ასეთი პრობლემა პრაქტიკულად აღარც არსებობს. “ქალების თანასწორობის ჯინი” უკვე ამოშვებულია და სისხლის ფასადაც რომ დაჯდეს, მას უკან ვეღარავინ ჩააბრუნებს, ეს პროცესი წინ წავა და, ბოლოს და ბოლოს, მამაკაცებიც მიხვდებიან, რომ ისინი ძალადობით დომინანტურ მდგომარეობას ვერ დაიბრუნებენ. მოძალადეს არანაირი შეღავათები არ უნდა ჰქონდეს, არავითარ წინაპირობაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს, რომ ერთად ცხოვრობდნენ და ქალი წავიდა, უღალატა და ამის გამო მკვლელი შეღავათით დაისაჯოს. ვფიქრობ, ასეთ დამოკიდებულებას საზოგადოება ჩვეულებრივად უნდა შეხვდეს. ისმის ხოლმე საუბარი, რომ აბა, კაცს რა უნდა ექნა, როცა ცოლმა უღალატა? არსებობს ცივილიზებული მექანიზმები, რომელიც მოქმედებს.
- ღალატის მოტივი ბოლოდროინდელ შემთხვევებში ნაკლებად ჩანს, თუმცა დანაშაული მაინც სახეზეა...
- ქალების უმეტესობა, რომელთაც მამაკაცების ხელით მოესწრაფათ სიცოცხლე, იმ მომენტში ცოლები აღარ იყვნენ, ანუ ქალი არ ღალატობს და ღირსებას არ ულახავს მამაკაცს. ის ოდესღაც იყო ცოლი, მაგრამ წავიდა მისგან და სურს, თავისი ცხოვრება გააგრძელოს. ერთადერთ შემთხვევაში კი, ცოლი ორი წელი ითხოვდა განქორწინებას და ქმარი არ უშვებდა. ამ ნიადაგზე ჩადენილ არც ერთ მკვლელობას, უბრალოდ, გამართლება არ აქვს. როგორც კი საზოგადოება დაიწყებს ასეთი სახის მკვლელობების გამართლებას, უნდა ვიცოდეთ, რომ მეტი პრობლემები გვექნება. გამოსავალიც კი არ უნდა დავტოვოთ, რომ ადამიანმა ადამიანზე ხელი აიღოს.
- არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა საქმიანობა და შედეგები საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. ხშირად ქვეყნდება გარკვეული სტატისტიკური მონაცემები, მაგრამ ინფორმაციის გარდა, რა რეალური შედეგი მოაქვს მათ საქმიანობას?
- ჩვენ ადამიანის უფლებებზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს. მამაკაცისა და ქალის თანასწორობა იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ორივემ თეფში უნდა გავრეცხოთ, არამედ ნიშნავს, რომ ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია სქესის განურჩევლად. სწორედ ამაში უნდა იყოს თანასწორობა და უნდა გავაგებინოთ ეს საზოგადოებას. მიმაჩნია, რომ მომხდარი ტრაგედიები გაღებული სისხლია იმისთვის, რომ საზოგადოება გახდეს უკეთესი. ჩვენ ჩაკეტილ სისტემაში ვეღარ დავბრუნდებით, ღია საზოგადოება კი მოითხოვს თანასწორ უფლებებს იმ ადამიანებს შორის, ვინც ამ საზოგადოებაში ცხოვრობს.
- რა უშლის ხელს ქართველ საზოგადოებას, რომ გენდერული თანასწორობა თავისი ნამდვილი მნიშვნელობით სწორად გაიგოს?
- ცივილიზებული სამყარო ჯერჯერობით არის მასკულინური, რაც ნიშნავს იმას, რომ მამაკაცის პრიორიტეტს აღიარებს. ეს მარტო საქართველოში კი არა, ბევრგანაა და ამის გამო დაიწერა, რომ ქალობა მეორადი სქესია. ეს ტრადიცია კი არა, ტრადიციული გაგებაა და ამას ხელს უწყობს გარკვეული სტერეოტიპები, რაც ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს, რომ მამაკაცია მთავარი, ოჯახის გამძღოლი, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობა მაღალია. ამ სტერეოტიპმა გარღვევა დაიწყო იმ გაგებით, რომ აღმოჩნდა რომ ქალები წარმატებას აღწევენ. 21-ე საუკუნეს ქალური უწოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც ქალებმა უნდა განახორციელონ პოლიტიკა, უბრალოდ, ის ნიშნები აქვს პოლიტიკას და მართვას, რაც ქალისთვის არის დამახასიათებელი. უფრო დინამიკურია, მოქნილია, ნაკლებად ორიენტირებულია კონფლიქტების გაღრმავებაზე და ა.შ. როცა ყველა ფაქტორი ერთად მოქმედებს, ტრადიციებში რაღაცები იცვლება. როცა ტრადიცია რეალობასთან შეუსაბამო ხდება, ეს იწვევს ცვლილებას და მსგავსი რამ არაერთხელ გვინახავს. როცა განათლება ერთნაირი გვაქვს, აზროვნება ერთნაირი გვაქვს, რატომ უნდა იყოს ერთი ადამიანი მეორის დაქვემდებარებაში? ამას ვიღაცა ეგუება, ვიღაცა ვერ ეგუება. არჩევანის თავისუფლება ნიშნავს თანასწორობას, რასაც საზოგადოებაში კონკრეტული ადამიანები სხვადასხვანაირად აცნობიერებენ.
გაზეთი „პრემიერი“, ხათუნა ხატიაშვილი
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |