

|
“პრემიერის” კითხვებს ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ უპასუხა:
- ქართული პოლიტიკა ვერა და ვერ დალაგდა. საზოგადოება ისევ სეირით ცხოვრობს, რომელსაც ხელისუფლება თუ მისი ოპონენტები, ასე გულუხვად იმეტებენ მთავარი თემების გადასაფარავად. ამ დროს კი ძალიან რთული ვითარებაა როგორც ეკონომიკაში, ასევე, საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ამ ყველაფერს კი რეალურად ემატება “აფხაზეთის” საკითხი, ანუ ახალი ხელშეკრულება, რუსეთსა და აფხაზეთს შორის, რომლის მთავარი მიზანი, და ეს სათაურიდანაც ჩანს, საქართველოს ამ კუთხის რუსეთის შემადგენლობაში სრული ინტეგრაციაა. რა არის ის მთავარი მიზეზები, რის გამოც ვერც ხელისუფლება და ვერც დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი რეალურად ვერ იცლის თუ ვერ აგვარებს ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემებს?
- მიზეზები არის როგორც სუბიექტური და ობიექტური, ასევე, საშინაო და საგარეო. ქვეყანაში ვერ ჩამოყალიბდა ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული პოლიტიკური კულტურა, რაც არსებული პრობლემების ერთ-ერთი წყაროა. პოლიტიკური მოედანი დაკავებული აქვთ “ქართულ ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას”, რომლებიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ავნონ ერთმანეთს ლამის ყველა სფეროში და ამას ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები ეწირება. “ნაცმოძრაობა” მისი საინფორმაციო-პროპაგანდისტული თუ სხვა აქტივობით აიძულებს ხელისუფლებას, დიდი დრო და რესურსები დაუთმოს მასთან ბრძოლას, მაშინ, როდესაც ეს რესურსები და დრო რეფორმებზე უნდა იხარჯებოდეს. ამას გარდა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, “ქართული ოცნება” უფრო ევოლუციური გზით ამჯობინებს სვლას. შესაბამისად, რეფორმები და პრობლემების მოგვარება დროში იწელება, რაც ხალხის უკმაყოფილების მიზეზია. მაგალითად, ხელისუფლება მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რომ ღრმა რეფორმირებას საჭიროებს სასჯელაღსრულების სისტემა, სადაც ბოლო დროს ბევრი მანკიერი რამ მოხდა, პრემიების სკანდალის ჩათვლით. ხელისუფლებას არცთუ კარგი უნარი აღმოაჩნდა ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებისთვის და ესეც არის არსებული პრობლემების მიზეზი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეკონომიკის სფეროში, ეს ვიცი ეკონომიკის ექსპერტების შეფასებებიდან, მას არცთუ სახარბიელო მემკვიდრეობა დახვდა. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ გამოდგება გასამართლებელ საბუთად.
- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლება ვერ ამჩნევს საზოგადოებას და, პირიქით, საზოგადოებაც არაფერს ითხოვს მისგან?
- ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებში არჩეულ ხელისუფლებას მის ანგარიშვალდებულებას უმეტესწილად საშუალო კლასი ახსენებს, რომელიც ჩვენთან ვერა და ვერ ჩამოყალიბდა. საზოგადოების უმეტესობა ლუმპენიზებულია. სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირისა და დაბალი სამოქალაქო ცნობიერების გამო გააზრებულ სოციალურ აქტივობას სპონტანური საპროტესტო მუხტი ანაცვლებს, რომლითაც ოსტატურად მანიპულირებენ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ძალები.
- ერთგვარად რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება არც საგარეო ფაქტორებს უწევს ანგარიშს?
- საგარეო ფაქტორებიც და ტენდენციებიც არ არის ისე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური, როგორც ხელისუფლება ცდილობს, წარმოაჩინოს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ნატოსთან გაღრმავებული თანამშრომლობა და სხვა კონტაქტები - ეს არის ის, რაც ზედაპირზე დევს. რეალურად კი ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ სკეპტიკოსთა საკმაო რაოდენობა არსებობს როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ამ კუთხით, ძალიან დამაფიქრებელი იყო ევროსაბჭოს საქართველოს შესახებ მომხსენებლის მიქაელ იენსენის ამასწინანდელი ინტერვიუ, სადაც მან სააშკარაოზე გამოიტანა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შიდა სამზარეულოს რამდენიმე დეტალი - საკმაოდ არასასიამოვნო ხელისუფლებისთვის. ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის იმიჯზე, ასევე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე.
- მეტად მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია თავად საზოგადოების რეაქცია ქვეყნის მთავარი თემების განსაზღვრასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რატომ ცხოვრობს მოსახლეობის უმრავლესობა “ყვითელი” ნიუსებით და რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას ხელისუფლების კონტროლზე? თუ ხელისუფლება იმდენად ჯიუტია, რომ მასთან კონსტრუქციულ დიალოგს ცალკეული პრობლემების აღმოსაფხვრელად აზრი არ აქვს?
- ესეც ჩვენი საზოგადოების დღევანდელი მორალურ-ფსიქოლოგიური და მენტალური მახასიათებლების გამოვლინებაა. ზოგადად, ყველა ქვეყანაში საზოგადოება მეტ-ნაკლები ინტენსივობით ეტანება “ყვითელ ნიუსებს” - ეს ფსიქოემოციური განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა და საშუალო სტატისტიკური ადამიანი მასზე უარს ვერ ამბობს. არსებობს მოთხოვნილება, არსებობს მიწოდებაც. სხვა შემთხვევაში “ყვითელ ნიუსებს” საარსებო გარემო მოესპობოდა. რაც შეეხება ხელისუფლებაზე კონტროლს, ყოველ ცალკე აღებულ მოქალაქეს, ბუნებრივია, ვერ მოსთხოვ და ვერ აიძულებ, იაროს საკრებულოს სხდომებზე, ჩაერთოს ბიუჯეტის განხილვაში, შეაწუხოს ხელისუფლება მოუგვარებელი პრობლემების გამო და ა.შ. ეს ინიციატივა თავად მოქალაქეებისგან უნდა მოდიოდეს და ეს მათ შესისხლხორცებული უნდა ჰქონდეთ. ამით განსხვავდებიან სხვა დანარჩენი მოქალაქეებისგან სოციალურად აქტიური მოქალაქეები, რომლებიც ჩვენს სამოქალაქო სექტორს ქმნიან. არიან მოქალაქეები რომლებისთვისაც ხელისუფლებაზე კონტროლის ერთადერთი ფორმა არჩევნებში მონაწილეობაა. დასავლეთში ასეთი ტერმინიც კი შემოიღეს “მოვალეობითი მოქალაქეობრიობა”, როდესაც მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობით იხდი კონსტიტუციურ მოვალეობას, და “მონაწილეობითი მოქალაქეობა”, როდესაც, არჩევნებში მონაწილეობის გარდა, სამოქალაქო აქტივობებში ხარ ჩართული, რომ არჩეული ხელისუფლება გააკონტროლო და ანგარიშვალდებული გახადო. დღევანდელ ხელისუფლებას ამ კუთხით სიჯიუტეს ნამდვილად ვერ დავწამებ. წინამორბედისგან განსხვავებით, ის შეუდარებლად გახსნილია სამოქალაქო სექტორთან დიალოგისთვის. თუმცა ვისურვებდი, რომ დიალოგი უფრო პროდუქტიული და რეგულარული იყოს.
- საზოგადოებრივი აზრი ქართულ სინამდვილეში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. დავარქვათ ამას “თენგიზ ერისთავის სინდრომი” - “ჩაუდეს”, ცნობილი სახეები აღშფოთდნენ და ის გარეთაა. მაგრამ ვისაც არ ჰყავს დამცველად ცნობილი სახეები, მათ ბედზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? აქვე მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ საზოგადოება არ შფოთავს და არ ითხოვს იმის დასჯას, ვინც “ჩაუდო”. ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა და არა გამოძიება “ჩამდების” დასასჯელად. ასეთი ფაქტები იყო წინა და იმის წინა ხელისუფლების დროსაც. ანუ რასთან გვაქვს საქმე, საზოგადოება მზად არის, წავიდეს კომპრომისზე საკუთარი კეთილდღეობისთვის და მსხვერპლად შესწიროს ჩვეულებრივი “ტიპები”?
- ზოგჯერ ჩვენზე დემოკრატიული სახელმწიფოების საზოგადოებებიც წასულან კომპრომისებზე, როდესაც ფსონზე საზოგადოების კეთილდღეობა და სტაბილურობა იდო. გააჩნია, კომპრომისში რას გულისხმობთ. მიზეზი, რატომ არ ითხოვს საზოგადოება “ერისთავის საქმის” ბოლომდე მიყვანას და ყველა დამნაშავის დასჯას, ალბათ, ისევ იმ გარემოებებში უნდა ვეძებოთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ყოველდღიური ყოფითი პრობლემებით არის დამძიმებული და საზოგადოებრივი აქტივობისთვის ვერ იცლის. შესაძლოა, ფართო საზოგადოებამ იმიტომაც არ გაითავისა ეს შემთხვევა, რომ მიიჩნია, ეს “ძლიერთა ამა ქვეყნისა” ჩარევითაც მოგვარდებოდა. გაიხსენეთ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გასაპროტესტებლად სამასიოდე ადამიანი თუ იკრიბებოდა, არადა განვითარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ასეთ დანაშაულს უზარმაზარი რეზონანსი მოჰყვებოდა და მთავრობასაც გადაიყოლებდა. სამაგიეროდ, “ციხის კადრებმა”, რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა მტკივნეულად მიიღო, რადგანაც ბევრს ჰყავდა საპატიმროებში ოჯახის წევრი თუ ახლობელი, საზოგადოებრივი პროტესტის ნამდვილი აფეთქება გამოიწვია.
- “ნაციონალური” ხელისუფლების “ბუა” იყო რუსეთი, “ოცნების” ხელისუფლების “ბუა” არის “ნაციონალური მოძრაობა”. ნუთუ შეუძლებელია, ხელისუფლებებმა ფობიებისა და მტრის ხატის გარეშე მართონ და მიაღწიონ შედეგებს?
- “მტრის ხატების” შექმნა ქართულ პოლიტიკაში ახალი არ არის. ის ერთგვარი “საფირმო სტილია” და მისი ჩამოყალიბება დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო. გამსახურდიას ხელისუფლების დროს “მტრის ხატი” ნომენკლატურული ინტელიგენცია და “სუკის აგენტი” იყო. შევარდნაძის მმართველობის დროს “მოქალაქეთა კავშირმა” და მისმა ე.წ. “რეფორმატორთა ჯგუფმა” ეს პროცესი უფრო დახვეწა. ისინი ასლან აბაშიძისგან და სხვა არასასურველი ადამიანებისგან ქმნიდნენ “მტრის ხატს” მეგობარი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მეშვეობით. ესტაფეტა აიტაცა “ნაცმოძრაობამ” და შემდეგ გადაიბარა “ქართულმა ოცნებამ”. არ ვარ დარწმუნებული, რომ მომავალში ამ კუთხით რამე შეიცვლება, რადგანაც, როგორც საუბრის დასაწყისში გითხარით, დღეს არსებული პოლიტელიტა და საზოგადოებაც, რომელთაც უხვად ეტყობათ წარსულის ატავიზმები, სრულიად გასაგები მიზეზების გამო, არ ჩქარობს ევროპული პოლიტიკური კულტურის სტანდარტების დამკვიდრებას. “მტრის ხატით” ხომ ძალიან იოლია რეალური პრობლემების გადაფარვა.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად ადეკვატურია მედია, რომელიც ხელს უწყობს ცალკეულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს მათი ქმედებების გასამართლებლად თუ, პირიქით, ნეგატიურად წარმოსაჩენად?
- ჩვენი მედია და მისი მუშაობის სტილი ჩვენივე საზოგადოების ანარეკლია. მედიაში ხომ ჩვენი საზოგადოების წევრები მუშაობენ. დიახ, ჩვენ, ტელეაუდიტორიას, გვაქვს იმის ძლიერი განცდა, რომ მედია და ცალკეული ჟურნალისტები ხშირად არაადეკვატურნი და მიკერძოებულნი არიან. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მედიას გაკრიტიკება გაუბედა, სავსებით მართალია, როდესაც ქართული მედიის პროფესიულ სტანდარტებზე საუბრობს და რომ ჟურნალისტმაც ისევე უნდა მიიღოს კრიტიკა, როგორც სხვა იღებს მის კრიტიკას. მედიის ადეკვატურობის ხარისხი კი პირდაპირ კავშირშია ჩვენი საზოგადოების განვითარების დონესთან, მის გემოვნებასთან და მოთხოვნებთან. თუ ამ კუთხით თამასა ცოტა მაღლა აიწევს, მედიაც იძულებული იქნება, თამასა შესაბამის დონეზე ასწიოს.
გაზეთი "პრემიერი", ალექსი ნოზაძე
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |