|
თენგიზ ერისთავის სინდრომი; კულტურული ადამიანის ბედისწერა საქართველოში; ბარბარე რაფალიანცის საქმე; რიჩარდ ნორლანდის კითხვა; ირაკლი ალასანიას “პარტია”; უშიშროების საბჭო და პრეზიდენტის შეწყალების უფლება; როგორ ჩაფლავდა (უკვე?!) ევროინტეგრაცია; რუსეთ-საქართველოს საზღვარი ენგურზე იწევს; ყაზბეგი და ავარო-კახური “როკის გვირაბი”; ქართულ-ოსური ფეხბურთი; “ვარდების რევოლუცია” ჰონკონგში.
“თენგიზ ერისთავის” გამო, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე აღძრა. იგულისხმება იმის გამოძიება, ჩაუდეს თუ არა “წამალი”.
საქმე საერთოდ რომ არ აღეძრათ, გაუგებარი იქნებოდა ამ ახალგაზრდის განთავისუფლება სასამართლომდე მაშინ, როდესაც სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა (უკვე ნამდვილად აღარ ემუქრება), მაგრამ ჟურნალისტებმა ვერაფრით მიიღეს პასუხი კითხვაზე: კონკრეტულად ვინ არიან ის პოლიციელები, ვისაც “მოკვლევა” შეეხება? სწორედ “მოკვლევა” და არა გამოძიება, რაკი თითქმის არავინ აქცევს ყურადღებას, რომ საქმე “ფაქტზეა” აღძრული და არა კონკრეტული პოლიციელების წინააღმდეგ და ესეც მხოლოდ იმისთვის დასჭირდათ, რათა “შეეფუთათ” ერისთავის განთავისუფლება, რაც აშკარად მკვლელობათა სერიას უკავშირდება და არა ნარკოტიკებს.
პოლიციამ იმოქმედა, როგორც შუასაუკუნოვანმა ინკვიზიციამ, რომელიც თვითონ ახორციელებდა “სჯულის კანონის” ინტერპრეტაციას! თუმცა ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა (თენგიზ ერისთავი ხომ არც პირველია და არც უკანასკნელი), რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში, სწორად შეურჩიო ბავშვს სიმღერის მასწავლებელი!
უამრავ ახალგაზრდას აპატიმრებენ ასეთივე ბრალდებით და თითქმის ყველა მათგანი ამბობს, “ჩამიდესო”, მაგრამ რაკი “შუა ქალაქში” არ ცხოვრობენ, “ელიტარული ინტელიგენცია” მათ არ იცავს და მრისხანე განცხადებებს არ აკეთებს. ხელისუფლებას კი არ შეუძლია, ამ პლეადას ანგარიში არ გაუწიოს.
ისევე, როგორც უწევდა ანგარიშს წინა ხელისუფლებაც. ოღონდ, გააჩნია, რომელ ელიტას _ შეგახსენებთ, ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, რომელიც დაახლოებით 2004 თუ 2005 წელს მოხდა: პოლიციამ, ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით, ერთი “ფოტოგენური ახალგაზრდა” მწერლის მამა დააპატიმრა, მაგრამ “ახალგაზრდა ელიტის” ზეწოლით სულ მალე გაათავისუფლა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელსაც, იმ დროს, ჯანსუღ ჩარკვიანისა და გურანდა გაბუნიასი უკვე აღარ ეშინოდა, მაგრამ ლაშა ბუღაძეს ანგარიშს უწევდა.
“სხვანაირად არ გამოვიდოდა”.
დღეს რომ ისევ “ძველ ელიტას” უწევენ ანგარიშს, ყველაზე ზუსტი დადასტურებაა, რომ “რენესანსი” ნამდვილად შედგა და მიშა არ ცდება, როცა ამბობს, “წარსულთან პაემანში ვცხოვრობთო”. თუმცა, როგორც ვხედავთ, არც თვითონ იყო თავისუფალი ამგვარი გავლენებისგან და თავადაც მიდიოდა ხოლმე კომპრომისზე, ესე იგი ახალ სისტემას მაინც ვერ ქმნიდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუ რატომ ვერ ქმნიდა, ძალიან ზუსტად გამოჩნდა ინგა გრიგოლიას, როგორც ყოველთვის, “საინტერესო” თოლქ-შოუში, რომელიც “ფსოუს წყლის დამლევი” ქართული “შოუვუმენების” მოსკოვში კომიკურ ვიზიტს ეხებოდა: გურანდა გაბუნიას ერთი “ბალზაკის ასული” აუხირდა. სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა: “ჩემთვის მიუღებელია”, “ჩემთვის მიუღებელია”, “ჩემთვის მიუღებელია...” ბოლოს ისიც ჰკითხა: “ქმარს რომ იმოწმებ, შენი ქმარი ვინ არისო”.
“ვაი შენს პატრონს”, _ უპასუხა გურანდა გაბუნიამ.
ძალიან საინტერესო ეპიზოდია, რომელიც ბევრ რამეზე მეტყველებს: კაცმარომთქვას, ნებისმიერი კულტურული ადამიანი, ან ადამიანი, ვისაც კულტურულობაზე პრეტენზია აქვს, ვალდებულია, იცოდეს, ვინ იყო (არის) ოთარ მეღვინეთუხუცესი _ დიდი ქართველი მსახიობი, რომელმაც ქართულ თეატრსა და, განსაკუთრებით, კინოში, რამდენიმე დაუვიწყარი სახე შექმნა.
მაგრამ ნამდვილად გაუგებარია, რატომ არის იგივე ადამიანი ასევე ვალდებული, ცნობდეს მისი ოჯახის წევრებს?
ისევ და ისევ, ესაა ქართული ელიტის “სვეცკაობა”, რომელიც “ვიწრო წრის” იდეოლოგიაში გამოიხატება, კულტურულობასთან საერთო არაფერი აქვს და კონკრეტული შედეგი მოაქვს სოციალური თვალსაზრისით. სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებებს მისი “რიდი” არ ექნებოდათ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბარბარე რაფალიანცის ბინძური საქმე, დროთა განმავლობაში, სულ უფრო ამაზრზენი გახდება. პოლიცია დარწმუნებულია, რომ, თუ ეს არ იყო უბედური შემთხვევა, ანუ ბავშვი რაღაცნაირად თვითონ არ ჩავარდა ქვევრში (ძნელად სარწმუნოა, თუმცა ბოლომდე გამორიცხული, თეორიულად მაინც, არ არის), მაშინ ესაა მკვლელობა, რომელიც “ოჯახის შიგნით” მოხდა და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან. მაგრამ რაკი პოლიტიზებულია, მისი გახსნაც პოლიტიკურ პრობლემებს უკავშირდება.
გამოძიება ნამდვილ ვერსიას აშკარად უახლოვდებოდა. ეს იქიდან ჩანს, რომ უკვე დღევანდელი ხელისუფლების დადანაშაულება დაიწყეს.
სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თვისებაც ესაა. სხვაგვარი პოლიტიკა ამ ქვეყანაში შეუძლებელი ჩანს: 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების წინა დღეს კახეთში ასეთივე ტრაგედია რომ დატრიალებულიყო, იმდროინდელი “მთავარი ოპოზიცია” და მისი სწორუპოვარი ლიდერი კიდევ უფრო დიდ გნიასსა და ვაი-უშველებელს ატეხდა.
ასეთია “აქ” თამაშის წესები, ხოლო საზოგადოებას არ შესწევს ძალა და უნარი, აიძულოს პოლიტელიტა, შეეშვას ასეთ ბინძურ მეთოდებს. ბოლოს და ბოლოს, “შავ პიარსაც” ხომ გააჩნია. საცოდავი თოთო ბავშვის სიკვდილით “პიარი” და “კონტრპიარი” კი თანაბრად ამაზრზენია
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა საჯაროდ, ოფიციალური მიღებისას, ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს: “რას უპასუხებთ სკეპტიკოსებს, რომლებიც ამერიკაში ვიზიტისას გკითხავენ: რატომ ხართ დაკავებული წარსულით და არა მომავლით?”
დიპლომატიური ენიდან თუ გადმოვთარგმნით, კითხვა შემდეგი იყო: “რატომ დევნით მიშასა და მის გუნდს, თუ გინდათ იყოთ ამერიკის მეგობარი?”
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კითხვა სწორად გაიგო და ყოფილი ჩინოსნების საქმეებზე დაიწყო ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რომ ნორლანდს არა თუ არც ერთი გვარი არ უხსენებია, არამედ გამოძიებასა და სასამართლო პროცესებზეც არაფერი უთქვამს.
გარდა ამისა: ელჩმა არ შეიძლება არ იცოდეს, რომ არანაირი მოწვევა გიორგი მარგველაშვილს ჯერჯერობით ამერიკიდან არ მიუღია. მას ჰქონდა შანსი, “სამუშაო ვიზიტით” სწვეოდა ვაშინგტონს. არავინ მასთან შეხვედრაზე უარს არ იტყოდა. პრეზიდენტიც კი. მაგრამ ამ შანსით ვერ ისარგებლა, რაკი “ვიზიტი ჩაუშალეს”. სინამდვილეში, ვიზიტი არავის ჩაუშლია და ვერც ვერავინ ჩაშლიდა, მას რომ ჰყოფნოდა ნება და გამბედაობა, “მაინც წასულიყო”.
თუმცა, როგორც უკვე მეტისმეტად ბევრჯერ მოხდა, ბოლო მომენტში უკან დაიხია.
პრეზიდენტის პასუხიც, ნორლანდის კითხვაზე, ამავე სტილში იყო: “მიუსაჯოს სასამართლომ და მე შევიწყალებო”. პირდაპირ არ უთქვამს, თუმცა მკაფიოდ იგულისხმებოდა.
ოღონდ, გიორგი მარგველაშვილმა უნდა გააანალიზოს, რა პროცესები მიმდინარეობს მის ირგვლივ და როგორ “უვიწროვდება” თანდათანობით ძალაუფლება შაგრენის ტყავივით: თუკი მთავრობა “ეროვნული უშიშროების საბჭოშიც” კი ართმევს პრეროგატივებს, ძალზე საეჭვოა, ირაკლი ღარიბაშვილმა მას ისეთი ზემძლავრი პოლიტიკური ბერკეტი დაუტოვოს, როგორიც შეწყალების უფლებაა!
მოსალოდნელია, რომ ამ თემაზეც შევა პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტს დაავალდებულებს, მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილებები, რაც ლოგიკური იქნება, რადგან გიორგი მარგველაშვილს რჩება საშუალება, ერთი ბრძანებულებით ძირფესვიანად გადაატრიალოს პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში.
ვნახოთ, მოასწრებს თუ არა ბაჩო ახალაიას შეწყალებას ამ ცვლილებებამდე. თუ ვერ მოასწრებს, მაშინ ელჩ ნორლანდს უკვე პრემიერ-მინისტრისთვის მოუწევს იგივე კითხვის დასმა რომელიმე მიღებაზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამასობაში, ირაკლი ალასანია გეგმავს ყრილობას და აძლიერებს თავის პარტიას _ “თავისუფალ დემოკრატებს”. როგორც ჩანს, ის საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მოუწევს საკუთარი “პარტიის” დაწყება, რადგან მისი რეიტინგი ლოდად აწვება ივანიშვილ-ღარიბაშვილის სახელისუფლებო სისტემას და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.
რეალური ძალაუფლების მფლობელებმა კი ძალიან კარგად იციან, რომ ალასანიას მაღალი რეიტინგის 95% მისი თანამდებობაა. როგორც კი ეს თანამდებობა აღარ ექნება, რეიტინგიც სწრაფად დაიკლებს. აქედანვე მომდინარეობს აშკარად კულტივირებული ჭორები მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.
საპასუხოდ, ალასანია არა მხოლოდ პარტიის შემომტკიცებას აპირებს (ზოგიერთი თანაპარტიელის, მაგალითად, წულუკიანის ლოიალობა კითხვის ქვეშაა), არამედ სულ უფრო მკვეთრ განცხადებებს აკეთებს ნატოს, ამერიკისა და რუსეთის თემებზე. გავიხსენოთ თუნდაც ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთა მომზადება საქართველოში, რასაც რუსეთის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და ა.შ...
უნდა ითქვას, ასეთი რადიკალური მიშაც კი არ ყოფილა. არადა, ალასანიას “დიპლომატთა გუნდი”, თავის დროზე, მიშას სწორედ იმის გამო დაუპირისპირდა, რომ რუსეთთან კონფრონტაციული ნაბიჯებით (პოლიტიკოსის “განცხადება” იგივე “ნაბიჯია”) ომის პროვოცირება მოახდინაო. თუმცა, ამაზე რადიკალური განცხადებები, რასაც დღეს ალასანია აკეთებს, მიშასაც არ გაუჟღერებია.
მაშინ რას ერჩოდით მიშას?
მოსკოვი უკვე აშკარად იმუქრება და სიტუაცია დაახლოებით 2006 წლის ზღვარს უახლოვდება. მაშინ ომამდე 2 წელი იყო დარჩენილი. უკრაინამ პროცესები დააჩქარა და მოსკოვს ამდენი დროც აღარ აქვს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირთან გაფორმებული “ასოცირების” რევიზიას: “რეცეპტების” გაუქმების შემდეგ, ძველი “სავიზო რეჟიმიც” აღადგინეს, რაკი პრობლემები შექმნა.
ისევ და ისევ, ყველაზე დიდი უსინდისობა და ცრუპენტელობა ისაა, როცა ოპოზიცია ამბობს: “ევროკავშირის საგზაო რუკაში ამგვარი მოთხოვნები არ იყოო”. პირდაპირ მართლა არ წერია, კონკრეტული ნაბიჯები ჩამოთვლილი არ არის, მაგრამ დიახაც, წერია, რომ საქართველოს მთავრობამ “ევროპული ნორმები და სტანდარტები” უნდა დაადგინოს ორივე სფეროში, რათა ჩვენი კანონმდებლობა ევროპულთან შეთავსებადი იყოს.
ეს ნორმები კი ზუსტად ის რეჟიმებია, რაც აფთიაქებსა და საზღვარზე დაწესდა: ბრიუსელის ბიუროკრატია, როგორც ყოველთვის, გაქნილი და ეშმაკია; პირდაპირ, რასაკვირველია, არ ჩაწერს, მაგრამ ყოველთვის მიანიშნებს: “თუ გინდათ, უვიზო რეჟიმზე ლაპარაკი განვაგრძოთ, ევროსტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეთო”. ეს “ევროსტანდარტი” კი, სწორედაც, “რეცეპტი” და “180 დღის განმავლობაში 90-დღიანი ლიმიტია”.
მაგრამ რაკი “პროდასავლური ოპოზიცია” თავად ამბობს: “არაფერი მსგავსი არ წერია ევროკავშირის საგზაო რუკაშიო”, ხელისუფლებაც იოლად აუქმებს საკუთარ გადაწყვეტილებებს: “თუ არ წერია, მაშინ რა პრეტენზია შეიძლება გქონდეთ? ხომ არ წერია რეცეპტები? ჰოდა, ვაუქმებ რეცეპტებს. ხომ ამბობთ, რომ ევროკავშირს არ მოუთხოვია სავიზო რეჟიმის გამკაცრება? ჰოდა, ვაუქმებ ამ რეჟიმს!”
სამაგიეროდ, ევროინტეგრაცია რომ “ფლავდება”, უკვე აღარავის აინტერესებს, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ყბადაღებული “პროევროპული კურსი” ქართული პოლიტიკური “მანტრაა”, “სათქმელია” მხოლოდ და არა რეალური არჩევანი.
ესე იგი, ევროასოცირება მარტოოდენ სიმბოლური აქტი იყო და მეტი არაფერი. არც არავინ აპირებდა ევროკავშირთან რეალური(!) ინტეგრაციისთვის აუცილებელი მძიმე ფასის გადახდას და არც ისინი გეგმავენ რეალურად(!), სადღაც დასაკარგავში მდებარე პატარა, ღარიბ-ღატაკი, ნახევრად ოკუპირებული და ბრინჯივით დაბნეული ქვეყნის ინტეგრაციას.
“ბი-ბი-სი”-ს კორესპონდენტმა, “ჰარდ თოლკში” მარგველაშვილს პირდაპირ ჰკითხა: “სადღაც ჯანდაბაში მდებარეობთ _ რატომ გინდათ მაინცდამაინც ევროკავშირი და არ გინდათ ევრაზიული კავშირიო”.
ასე ჰკითხა, სიტყვასიტყვით, გარდა “ჯანდაბისა”, რა თქმა უნდა.
პრეზიდენტი მარგველაშვილი არ ადგა და სტუდია აღშფოთებულმა არ დატოვა.
“ასე სხვაც არ მოიქცეოდაო”, _ უაზრობაა. იმ “სხვას” ამგვარი კითხვის დასმას ის თავხედი დედაკაცი ვერც გაუბედავდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი “დიდი ხელშეკრულების” პროექტი შევიდა.
რაც უფრო “ახალია” და რაც უფრო “დიდია”, მით უფრო ღრმად შედის აფხაზეთი რუსეთის სივრცეში. ჯერჯერობით, ბინების, მით უმეტეს მიწის თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის თემა აფხაზებმა არ დათმეს. მაგრამ სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, ამიერიდან, აფხაზეთი რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ოლქი ხდება, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარი, ფაქტობრივად, უქმდება იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი საქართველოსთან საზღვარს ენგურზე გადმოიტანს და ყველაფერს გააკონტროლებს.
გალის მოსახლეობის ბედი, ამიერიდან, კარასინ-აბაშიძის კონსულტაციებზე იქნება დამოკიდებული იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე უწინ. ესე იგი მოსკოვი იღებს პირდაპირ ბერკეტს თბილისზე ზეწოლისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რისთვის გამოიყენებს ამ ბერკეტს? რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. დღეს მისი ერთ-ერთი ინტერესია “დაღესტან-საქართველოს”, იგივე “ავარო-კახეთის” ავტომაგისტრალი.
სასაცილოა, რომ ჩვენში დისკუსია ამ თემაზე ისევ და ისევ მიმდინარეობს კითხვით: “რას მიიღებს სანაცვლოდ საქართველო?” ან, უკეთეს შემთხვევაში, “რით ემუქრება ეს საქართველოს?”. არადა, რუსული დისკურსი სულ სხვაა:
“იმსჯელეთ იმაზე, რა მოგივათ, თუ არ დასთანხმდებით, და არა იმაზე, რას მიიღებთ ან ვერ მიიღებთ. თუ არ დაგვთანხმდებით, მაშინ გალელებისთვის ენგური ჩაიკეტება. ისევე, როგორც რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის”.
მაშასადამე, კვლავ გვაყენებენ არჩევანის წინაშე “ცუდსა და უარესს” შორის. ქართული ელიტა კი, უკვე რამდენი ათეული წელია, ჩლუნგად ისწრაფვის არარსებული არჩევანისკენ “ცუდსა და კარგს” შორის.
“ავარო-კახური” გზა კი თუნდაც იმიტომაა საშიში, რომ ფუნქციას უკარგავს საქართველოს სამხედრო გზას, რაც, თავის მხრივ, ხევისა და ყაზბეგის დაცარიელებას გამოიწვევს. ან მის უკვე აშკარად ორიენტაციას რუსეთზე (ვლადიკავკაზზე). ოსებს ეს ხეობა ისედაც “თავისად” მიაჩნიათ. კოკოითი 2008 წლის აგვისტოში მის დაპყრობას გეგმავდა, მაგრამ მაშინ ურჩიეს, “ამის დროც მოვაო”.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვენი ხელისუფლება ამ გამოწვევებს, “ქართულ-ოსური ამხანაგური საფეხბურთო მატჩით” პასუხობს. თითქოსდა ასეთ ამხანაგურ თამაშებს შეუძლია, შეარბილოს ოსური ელიტების მრავალწლიანი უშველებელი ამბიცია თრუსო-ყაზბეგის მიერთებისა და “დიდი ალანიის” შექმნის თაობაზე.
ისე, პაატა ზაქარეიშვილი ამის წინააღმდეგიც კი იყო: “იმ ოსი ფეხბურთელების ოჯახები ცხინვალში ან ვლადიკავკაზში ცხოვრობენ და მათზე ზეწოლა განხორციელდებაო”.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მსოფლიო მნიშვნელობის პროცესი დღეს უკვე არა უკრაინაში (იქ ყველაფერი გარკვეულია), არამედ ჰონკონგში მიმდინარეობს: უსაქმური სტუდენტები “დემოკრატიული არჩევნების დაბრუნებას” მოითხოვენ _ თითქოსდა, ასეთი არჩევნები ბრიტანეთის მმართველობისას ჰქონდათ! მაშინ ჰონკონგის გუბერნატორს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა. მორჩა და მოსვენება!
ჩინეთის კომპარტიას ეყო ჭკუა და პასუხისმგებლობა, თითი არ დაეკარებინა ჰონკონგის კაპიტალისტური წყობისთვის. დღეს თუ რამე დაანგრევს ამ წყობას და თუ რაიმე გააღატაკებს ჰონკონგს, სწორედ დემოკრატიული არჩევნები იქნება. მაშინვე დაემსგავსება ჩინეთის სხვა რეგიონებს ცხოვრების დონითა და ერთ სულზე შემოსავლით.
იქაურ “ვარდების რევოლუციას” 17 წლის ლაწირაკი სარდლობს. გასაგებია მაკედონელი, ნაპოლეონი (თუმცა შედარებით უფროსები იყვნენ), მაგრამ... ახლა 17 წლის ჩინელმა მურთხმა უნდა დაანგრიოს ჰონკონგის ეკონომიკური სასწაული?!! ჰონკონგი დღემდე ინგლისსა და გერმანიაზე მდიდარი იყო!
და საერთოდ, ეს “ვარდების რევოლუციები”, სადაც არ უნდა მოხდეს _ საქართველოში, უკრაინაში, მოზამბიკსა თუ ჰონკონგში, პირწავარდნილი დემაგოგია და მანიპულაციაა: “ხავერდოვანი რევოლუცია” იყო 1989 წელს აღმოსავლეთ ევროპაში, როცა დაინგრა კომუნიზმი და ძირფესვიანად შეიცვალა წყობა. ამის შემდეგ კი მხოლოდ “რეჟიმ-ჩეინჯის” ტექნოლოგიაა და სხვა არაფერი.
თორემ, ჩვენთვის ცუდი კი არ იქნება, თუ 17 წლის “ხელცქვიტი” ჩინეთს დაანგრევს, ესე იგი ნავთობზე ფასს ჩამოაქცევს (რაკი ამ ფასებს, ამჟამად, ჩინური ეკონომიკა ადგენს) და “ვისოლის კალონკაზე” ნახევარ ფასად ჩავასხამთ ბენზინს.
გაზეთი „პრემიერი“, ზურაბ ღოღობერიძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |