კარგად მახსოვს, მამა გაბრიელის საფლავზე რა ხდებოდა საშობაოდ, დედა პარასკევას თითქოს რომ ხილვა ჰქონდა, ეს იგავი როგორ მოედო მთელ საქართველოს და როგორი გამოხმაურებაც ჰპოვა მოსახლეობაში. სურვილებით საქართველოს არაერთი კუთხიდან დაიძრა ხალხი. გვერდი აუარეს სვეტიცხოველს (სვეტიცხოველს იმიტომ ვახსენებ სწორედ ხაზგასმით, რომ შობა იყო), კვართს ჩაუქროლეს და სურვილებით ეწვივნენ ბერის საფლავს. მოსალოცად რომ იყვნენ მისულნი, ეს მათი აზრი იყო, სინამდვილეში კი იყო გაწევ-გამოწევა, გინება, გადათელვა ერთმანეთის და ა.შ. ვერც ის გავიგე, არაერთ ადამიანს თავზე რომ გადაუვლი, ამის ფასად საფლავზე მოხვედრასა და დანთებულ სანთელს რა აზრი აქვს, თან ეს ხომ ის მამა გაბრიელია, რომელიც მუდამდღე გაიძახოდა სიყვარულის უზენაესობაზე და ხალხს ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდებდა. სწორედ ამ დროს დედა პარასკევა ინტერვიუში აცხადებს, რომ მას არავითარი ხილვა არ ჰქონია, არც ორი სურვილის შესახებ დასცდენია სიტყვა. არც მე მომისმენია დედაოს მსგავსი განცხადება, ამიტომ უფლება არ მაქვს, მას მივაწერო ეს ყოველივე. ისე კი არაერთი ვიდეოჩანაწერი მინახავს, სადაც დედა პარასკევა საუბრობს მამა გაბრიელის შესახებ და სხვადასხვა ისტორიებს ყვება. სიმართლე გითხრათ, ამ ისტორიებში ბევრი რამ არის ან არაჯანსაღად გადმოცემული, ან ის ემოცია იწვევს ცდომილებას, რომელიც ახლავს დედა პარასკევას საუბარს, როდესაც მამა გაბრიელის შესახებ საუბრობს.
ჩემი აზრით, საპატრიარქოდან მოხდა მსგავსი ინფორმაციის გავრცელება და დედა პარასკევას სახელი იმიტომ გამოიყენეს, რომ ის ყოველთვის ასოცირდება მამა გაბრიელთან, ანუ მის მიერ თქმულს მეტი «წონა» ექნებოდა, ვიდრე სხვა რომელიმე სასულიერო პირის მიერ ნანახ გამოცხადებას. ამით მოხდა ის, რომ ნიადაგი მოსინჯეს, უფრო სწორედ დააზუსტეს, რამდენად პატივსაცემი იყო ქართველი ხალხისთვის მამა გაბრიელი (ამას გადამოწმება არც სჭირდებოდა, რადგან პატივის მისაგებად მთელი საქართველო ნამყოფია მის საფლავზე). იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა ორგანიზაციისთვის ეს საქმე (ვგულისხმობ იგავს სურვილთა ასრულების შესახებ), რომ დღის წესრიგში დადგა «აღმოყვანების» საკითხი, თან სასწრაფოდ.
მოგეხსენებათ, ქართველ წმინდანთა შორის არიან ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი... ისმის კითხვა, რატომ არ გაიხსნა, მაგალითად, ილია ჭავჭავაძის საფლავი, რომელიც მეტად ადრე ცნეს წმინდანად, ვიდრე ბერი გაბრიელი?!. თუ წმიდა ნაწილთა აღმოყვანება წმინდანად შერაცხვის შემდგომი აუცილებელი პირობაა, მაშინ უნდა იყოს დაცული თანმიმდევრობა, ან წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს გამიზნულად კონკრეტული გარემოებისკენ მიმართული პოლიტიკაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დიდი ილიას საფლავი რომ გაიხსნას, ხალხთა ასეთი მასები არ მიაწყდება იქ, რატომ?!. სხვათა შორის, გინდ ჩემს მოსაზრებად ჩათვალეთ ეს, მაგრამ ძალიან მჯერა, რომ იმ ადამიანთა 70%-მა, რომლებიც მამა გაბრიელის საფლავზე ნამყოფია, არ იცის, სად არის დაკრძალული ილია ჭავჭავაძე. სწორედაც რომ, ილია გახლდათ დიდი სულიერი მკურნალი ქართველი ხალხისა.
არსებობს მოსაზრებები, რომ წმინდანთა ნაწილებთან შეხება დაკავშირებულია რიგ სასწაულებთან, განკურნებასთან თუ სხვ. რის შესახებაც არაერთ მაგალითს გვთავაზობს რელიგიის ისტორია (ისევ ვიმეორებ, ვისთვის რა არის სასწაული, ესეც დასაზუსტებელია. ზოგისთვის, მაგალითად, სასწაულია ოცლარიანს თუ იპოვის დაგდებულს გზად...). ამ მოსაზრების უარყოფა არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სასწაულის დაშვება ხდება ამა თუ იმ წმინდანისადმი პატივისცემის, შენდობის თხოვნის, უპირველეს ყოვლისა რწმენის... და სხვათა საფუძველზე და არა იმის გამო რომ მის ძვლებს ვეხებით (ძველი აღთქმისეული არაერთი ფაქტი საპირისპიროს ამტკიცებს, მაგალითად, ელისე წინასწარმეტყველის შესახებ და ა.შ.). არაერთი ადამიანის სტატია მხვდება სწორედ მამა გაბრიელის წმიდა ნაწილთა აღმოყვანების შესახებ, სხვადასხვა ჭრილში განხილული, ბოლოს კი მიწერილი აქვს ავტორის ვინაობა და სტატუსი _ თეოლოგი. დიდი ბოდიშის მოხდით, მინდა შეგახსენოთ, რომ სასულიერო სემინარიის დამთავრება არ ნიშნავს თეოლოგობას.
თუ მივიღეთ ახალი აღთქმა, მაშინ მივიღოთ ბოლომდე და ნუ დავხტუნაობთ აქეთ-იქით «საჭიროებისამებრ» და რაიმე აზრის გასამყარებლად ძველი აღთქმიდან ნუ ვახდენთ ციტირებას. საკრალური ჩვეულებები სრულიად მიუღებელია ქრისტიანობისთვის და არსად არ წერია ის, რომ რომელიმე წმინდად შერაცხული ადამიანის სხეულის ნაწილებს, რომელიც არ არის ამოსვენებული, ხელი ეშლებოდეს სასწაულების აღვლენაში, როგორც ერთი მეტრი მიწის ქვემოთ მყოფს.
საზოგადოება სარწმუნოებრივად იმდენად უკულტუროა, რომ იმის განმარტება გახდა საჭირო, რომ უხრწნელობა არ არის წმინდანობის დასადასტურებლად აუცილებელი პირობა. ამ მიმართულებით დედა პარასკევას მიერ გაიჟღერა უხრწნელი მანტიისა და ფეხსაცმლის თემამ, რის შესახებაც ვიდეოები არსებობს სოციალურ ქსელებში და მხოლოდ და მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ქრისტიანობასთან მიმართებაში ცოდნის დეფიციტთან გვაქვს საქმე. და საერთოდ, როდესაც ამ მომენტთან დაკავშირებით სხვადასხვა სასულიერო პირთა შეფასებებს ვისმენდი, დავრწმუნდი რომ «ენას ძვალი არ აქვს», წერა-კითხვა უჭირთ და ისე კი არაფერი აკავებთ საუბარში, მედიცინის დოქტორებიც არიან, ექსპერტი _ რამდენიც გინდა და მოკლედ, რაღა გვიჭირს... ექიმები, რომლებიც თავის დროზე გიჟად «ნათლავდნენ» მამა გაბრიელს, ახლა აღაღადდნენ, რომ უხრწნელია იმდროინდელი სინჯად აღებული სისხლი და ა.შ. (სისხლის ჯგუფი და რეზუსიც დააკავშიროთ იქნებ წმინდანობასთან). სხვათა შორის, არაერთ მონასტერში მინახავს, აწ გარდაცვლილი მოღვაწეების თავის ქალები აქვთ თაროებზე შემოლაგებული და დიდი მოწიწებით ქადაგებენ ამ თავის ქალებზე არსებული ბზარების შესახებ, რომ ზოგს თურმე ჯვრის ფორმა აქვს, ზოგს _ ტაძრის და თურმე ეს ყოფილა სასწაული. საერთოდ, ძალიან ბევრი სასწაული შეიძლება ხელოვნურად იყოს შექმნილი, ამიტომ საჭიროა, კარგად იყოს შესწავლილი ის. ნუ ჩავარდებით ცოდვაში. სხვათა შორის, იყო ფაქტები, როდესაც ხელოვნურად შექმნეს «სასწაულები» ცრემლმდინარი ხატების სახით და ა.შ. რაც შეეხება თავის ქალების თემას, ჯერ ერთი, ეს კულტირების ხაზს მიჰყვება. მერე მეორე, ის თავის ქალები შეიძლება სულაც არ იყოს ბერების, არამედ თავისუფლად დასაშვებია, ეს ყოველივე იყოს მტრისა, რომელმაც ეკლესია-მონასტრები დაარბია და ტაძარში მოღვაწეებთან (ბერები, რომლებიც მონასტრებს იცავდნენ) ბრძოლაში დაიღუპა. ამიტომ ამ თავის ქალების განდიდება სრულიად დაუშვებელია, რადგან სრულიად ღვთისმგმობელს მიაგებთ იქნებ პატივს, და მაშინაც კი, მართლაც რომ ბერების იყოს ეს თავის ქალები, მაინც არაქრისტიანულია.
დავუბრუნდეთ მამა გაბრიელის «წმიდა ნაწილთა აღმოყვანების» საკითხს, სადაც არ შეიძლება არ შევეხოთ სპეციალური საშვების დარიგების თემას, რადგან ეს იყო დიდი დანაშაული. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობის მტერს შეიძლება მოაფიქრდეს ასეთი რამ. ისევე, როგორც სხვა თითქმის ყველაფერი, ესეც ჩვენი ჩრდილოელი «მოძმე ერიდან» არის აღებული. რუსეთში მსგავსი ტიპის ქმედებები ფეხმოკიდებული გახლავთ. განმარტება ამის შესახებ არ არსებობს, ანუ რისთვის იყო საჭირო საშვების დარიგება, მთავრობა უყვარდა ხალხზე მეტად მამა გაბრიელს, თუ... რით დადგა ამის აუცილებლობა?!.
ამის შემდეგ ვიხილეთ «წმიდა ნაწილთა» გადმოსვენება სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს შეიარაღებული ძალების თანხლებით, ესეც მეტად უცნაური და მიუღებელი რამ ქრისტიანობისთვის. და თუკი წმინდა ნაწილების მოსახლეობისგან დაცვა იყო საჭირო, მაშინ ეს ძალიან ცუდ რეალობას გვიხატავს, ანუ გამოდის, საზოგადოება ბრბოა (არის კიდეც), რომელიც, რომ არა ჯარისკაცები, თავს დაესხმებოდა ჭურჭელს, რომელშიც მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები იყო (ეს ჩემი არგუმენტია, რომელსაც მე თვითონ ვუყურებ იუმორით და ვერ ვიღებ). თუ ეს ასე არ იქნებოდა, მაშინ რაში დაინახეს სამხედრო პატივით გაცილება-გამოცილების აუცილებლობა?!. მესმის წესრიგის დაცვაზე ზრუნვა, მაგრამ ეს სულ სხვა მომენტი იყო... სხვათა შორის, ეს არის, ალბათ, ერთადერთი რამ, რაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან არ გვაქვს აღებული, იქ არ ხდება მსგავსი რამ ასეთი სიმძაფრით, ბოლო პერიოდში რამდენიმე მსგავსი ტიპის «მკრთალი ლაქა» დაფიქსირდა, თუმცა ჩვენ, ამ მხრივ, გაცილებით ვუსწრებთ მათ... თუ მსგავსი რამ აუცილებელია, გამოდის, საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული, რაც, რა თქმა უნდა, თავისთავად დიდ პრობლემას ქმნის. ვფიქრობ, საბერძნეთის ეკლესიისგან გვაქვს წამოღებული. სწორედ იქ არის დამკვიდრებული მსგავსი რამ და კიდევ უფრო მეტად სიმახინჯეები შეინიშნება ამ კუთხით.
სამებაში გადმოსვენებაში არაფერია უცნაური, მაგრამ აქ ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. მაგალითად, რატომ არ მოხდა ასევე წმინდანად შერაცხული ბეთანიელი ბერების, ივანე მაისურაძისა და გიორგი მხეიძის გადმოსვენება სამებაში?! რომლებიც გახლდნენ მართლაც ძალიან დიდი დამსახურების მქონე სასულიერო პირები (ამას თვით მამა გაბრიელიც ამბობდა ხშირად), თუმცა მათ შესახებ ნაკლებად ინფორმირებული იყო საზოგადოება, არ ისმოდა ლეგენდები, არც სპეციალურად ჯგუფები არსებობდა, რომლებიც რაღაც ისტორიებს მოყვებოდნენ. მაგალითად, მამა გაბრიელის შესახებ ყვებოდნენ ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე, მერე გარდაცვალების შემდეგ უფრო აქტიურად და საბოლოოდ წმინდანად შერაცხვის შედეგად კიდევ არაერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელთაგან ზოგი ახლობლობდა ბერთან თურმე, ზოგმა ისტორიები შეთხზა ახალი და ა.შ.
მე არ ვადარებ წმინდანებს ერთმანეთს, ყველა წმინდანს აქვს გარკვეული დამსახურება, თუმცა ჩემდა გასაკვირად საზოგადოების, ამ, ვითომდა მორწმუნეების, ინტერესი ნაკლები აღმოჩნდა ბეთანიელი ბერების მამა იოანე მაისურაძისა და მამა გიორგი მხეიძის მიმართ. მე ვესწრებოდი მათ წმინდა ნაწილთა აღმოყვანებას და იქ არავითარი ხალხმრავლობა არ ყოფილა.
საბოლოო ჯამში კი, ყველაფერს ერთ რამემდე მივყავართ, როდესაც საპატრიარქომ დაინახა, რომ წმინდანად შერაცხული ბერის ამოსვენება შეიძლება დიდი კაპიტალის შემოდინების საფუძველი გამხდარიყო, არ დააყოვნეს და უმალ შეუდგნენ საქმეს, ამას მოჰყვა ი, რომ მონასტერში ვინმე დედა ქეთევანი მიავლინეს, რომელმაც ყველაფერს ჩამოაშორა დედა პარასკევა, საბოლოოდ კი ისიც იკადრეს, რომ მონასტრიდან გამოაგდეს, რაც იყო უმსგავსი საქციელი, რამეთუ ყველაფრის მიუხედავად, დედა პარასკევა გახლდათ მომვლელი წმინდანის საფლავის და მანამდეც.
თვით მამა გაბრიელსაც გიჟად მიიჩნევდნენ, გარდაცვალებამდე ბოლო 2-3 წლით ადრე დაიწყეს მასთან სიარული. ასევე, საინტერესო დეტალი გახლავთ ის მომენტიც, რომ აწ უკვე წმინდანი ბერისთვის საპატრიარქოს შეწირვის უფლება შეჩერებული ჰქონდა. სწორედ ამის გადაფარვას ცდილობს დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, უფრო სწორად არ არის ბევრისთვის ამ თემის გასაჯაროება ხელსაყრელი, რადგან თუ ეს განხილვის საგანი გახდება, მაშინ აუცილებლად უნდა მივიდეთ იმ პიროვნებამდე, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება აქ.
გიორგი მესხი, გაზეთი პრემიერი#40, 9-15 ოქტომბერი, 2014 წელი