რევოლუციური რეფორმის აუცილებლობა ქრისტიანობაში
ვიწროვდება თუ არა გზა, რომელზეც ქრისტიანობა მიაბიჯებს, არავინ იცის. არც თავს უფლებას მივცემ, ამხელა სიტყვით გამოვიდე და ამ ყოველივეს მტკიცებას შევუდგე, უბრალოდ, იმის თქმა კი შეიძლება დანამდვილებით, რომ ქრისტიანული ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, რეფორმებს საჭიროებს და ეს გარდაუვალია. თუ სურვილი გვაქვს, რომ არ გაჩნდეს ბზარი (უკვე გაჩენილი ბზარი) თანამედროვეობასა და ეკ ლესიას შორის. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დღევანდელი მდგომარეობით ქრისტიანობა საჭიროებს არა ფასადურ, არამედ სიღრმისეულ რეფორმებს არაერთი მიმართულებით. ის რიგ ცვლილებებს განიცდიდა არსებობის მანძილზე და ამ მხრივ მთავარი მოვლენა, რა თქმა უნდა, ძველი აღთქმიდან ახალზე გადასვლის პერიოდია, საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი, რის გამოც არსებობს ქრისტიანობა ძველი აღთქმისეული და მერე უკვე მნიშვნელოვნად განსხვავებული, შეცვლილი, ახალი აღთქმისეული. ეს რომ იყო რეფორმა, უდავოა, მაგრამ არსებობს დღევანდელი გამოწვევები. რელიგიამ, როგორც კულტურამ, მთელი არსებობის მანძილზე არაერთი რამ შეიძინა, ისევე როგორც დაკარგა, ამ ყოველივეში კი გასაპროტესტებელი მხოლოდ და მხოლოდ ის გახლდათ, რომ ის იძენდა ასევე ბევრ არაქრისტიანულ დეტალს. და დღეს ქრისტიანული ეკლესიის თანამედროვე ნაკვალევი დიდ ყურადღებას იქცევს, სწორედ მასში ფეხმოკიდებული რიგი ანტიქრისტიანული რხევებით, რაშიც შეიძლება, თავის მხრივ, მოიაზრებოდეს პიროვნების კულტის თემა, ორი უკიდურესი პოლუსის არსებობა და სხვა მრავალი არაქრისტიანული, სექტებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. საერთოდ, საეკლესიო კულტურის მიმართულებას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ თვით ამ კულტურაშივე მცხოვრები ადამიანები, რისი სისწორეც დამოკიდებულია საეკლესიო კულტურის ხარისხობრივად მართებულ გააზრებაზე, ამიტომ აქ იკვეთება მოძღვრების დიდი როლი, რამეთუ მიუხედავად იმისა, რომ თეოლოგიური ლიტერატურა ცოტა ნამდვილად არ არის, ამ მხრივ განათლების გავრცელება ხდებოდა სიტყვიერი/ზეპირი გზით, ვიდრე კითხვით და დღესაც ეს ტენდენცია შეინიშნება. ყოველივე ზემოხსენებული ქმნიდა ძალიან დიდ პრობლემას, რამეთუ ქრისტიანობა წიგნიერების ენით აღბეჭდილი რელიგიაა და მასათა უწიგნურობა ამახინჯებდა მას.
ქრისტიანობაზე გავლენას ახდენდა სხვადასხვა იმპერიების წარმოქმნა და მერე მათი დაშლა/დაქუცმაცება. როგორც კულტურა, ის სხვადასხვა სახით ფორმირდა სხვადასხვა სახელმწიფოში. იმპერიების წარმოქმნა, ისევე როგორც დაშლა, ცვლიდა საზღვრებს, იხორცებდა სახელმწიფოებს, რაც აისახებოდა სარწმუნოებაზე, რამეთუ ხდებოდა იქნებ ერთი და იგივე, თუმცა განსხვავებულად ფორმირებული კულტურის აღრევა. მიუხედავად იმისა, რომ ანტიოქიაში შეკრებილ წმიდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა კრებულში ერთ-ერთი მუხლი შემდეგი შინაარსის გახლავთ: «ეპისკოპოსი ნუ შევა უცხო ქალაქში, რომელიც თავიდან მის ხელქვეით არ იყო, ნურც იმ სოფელში, რომელიც მის მრევლს არ ეკუთვნის. ხელს ნუ დაასხამს ვისმე, ნურც მღვდელს და დიაკონს დანიშნავს სხვა ეპისკოპოსის განსაგებელ ადგილებში...
თუ ვინმემ გაბედოს ამისი მსგავსი რამ, ხელდასხმა არ უნდა დამტკიცდეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს კრების მიერ საეკლესიო კანონის მიხედვით».
გათვალისწინებულ უნდა იქნას ისიც, რომ კანონის აღნიშნული მუხლი ურთიერთობის რეგულირებას ახდენს არა ერთ, რომელიმე კონკრეტულ სახელმწიფოში არსებულ ეპარქიებს შორის, არამედ მთლიანად ქრისტიანულ სამყაროში შემავალ ეპარქიებს შორის, რაც მეტად თვალნათლივ ჩანს კონსტანტინეპოლის მეორე საეკლესიო კრების მამათა მიერ დადგენილ კანონთა ერთ-ერთი მუხლიდან:
«ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისთვის არც ერთ ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა... კანონთა თანახმად, ალექსანდრიის ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს... აზიის სოფლების ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აზიის ეკლესიებს. პონტოელი ეპისკოპოსნი უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსნი _ მხოლოდ თრაკიის ეკლესიებს». მაგრამ, მაგალითად, საქართველოში შემოჭრილმა ერთმორწმუნე რუსეთმა ათწლიანი დიდი შრომის შედეგად მოახერხა და 1811 წელს გააუქმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, რა თქმა უნდა, შედეგად მოიშალა თბილისში საკათალიკოსო, დიდი რუსეთის მიერ მოვლენილი ეგზარქოსებისთვის კი არც ანტიოქიაში შეკრებილ წმიდა მამათა დადგენილება არსებობდა და არც რამე სხვა ქრისტიანობისეული, ნებაც მათი იყო და ხმალიც, მხოლოდ კისერი გახლდათ ქართველი ხალხის. შესაბამისად, სრულად ჰქონდათ გახსნილი ხელ-ფეხი, ნებისმიერი უკანონობა დაეკანონებიათ. ყველაფერი კეთდებოდა სარწმუნოების სახელით, ანუ ათასგზის აცვეს ჯვარს ქრისტეს სახელით საქართველო.
ზემოთ ვახსენე საეკლესიო კულტურა და მინდა, ისევ დავუბრუნდე. მას ქმნის ადამიანის გონებაში გაზავებული არსი კონკრეტული სარწმუნოების, რაც ცარიზმმა არ დაუშვა. ხშირ შემთხვევაში, საქართველოში მრევლს ადგილობრივი ენის უცოდინარი მღვდელი წინამძღოლობდა, რაც ცხადყოფს იმას, რომ მოსახლეობამდე სარწმუნოება გაშიფრული ვერ მიდიოდა, მრევლს მღვდლის არ ესმოდა და პირიქით...
აღნიშნული პერიოდისთვის სასულიერო პირებს დავალებული ჰქონდათ, გაეთქვათ ყველა იმ ადამიანის აღსარება, რომელიც მიმართული იყო მმართველთა წინააღმდეგ. ესეც ერთგვარი მანკიერებაა ჩანერგილი ეკლესიაში და სხვა ბევრი რამ, რაც ეკლესიის, ქრისტეს სახელით კეთდებოდა. აღსარებათა გათქმის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია და ის სრულად არ გამქრალა...
მართალია, ცოტა გადახვევა გამოვიდა სათაურიდან, მაგრამ ბოლო დროს სარეფორმო რაც კი შეიმჩნევა ქრისტიანულ ეკლესიაში, სწორედ მრავალსაუკუნოვანი ცარიზმის შედეგად დანერგილი, შემორჩენილი მანკიერებებია და ვფიქრობ, გაუმართლებელი იქნებოდა, არ გვეხსენებინა იმპერიათა როლი. არამარტო მართლმადიდებლური ეკლესია, დასავლური _ კათოლიკური საეკლესიო კულტურაც გაჟღენთილი იყო არაქრისტიანობით, არის დღესაც, თუმცა კათოლიკურმა საეკლესიო კულტურამ მეტად დიდი ძვრები განიცადა რეფორმების მხრივ.
საქართველოს ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში გარდამტეხი პერიოდი გახლდათ ასევე გასული საუკუნის 90-იანი წლები, ეს ის დროა, როდესაც ეკლესიას მრევლთა დიდი მასები მიაწყდა, ინსტიტუცია კი მათ სამასპინძლოდ მზად არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგა, შემუშავებულიყო გეგმა, როგორ შეენარჩუნებინათ ეს მასები. შესაბამისად, აქტიურად დაიწყო გავრცელება სხვადასხვა ლეგენდებმა, შემდგომში უკვე სასწაულთა კვალიფიკაციით (აქვე აღვნიშნავ, რაიმე მოვლენას სასწაული რომ ეწოდოს, დიდი სიფრთხილეა საჭირო, თან როცა ქრისტიანობა სულაც არ ტოვებს მის არსს განმარტების გარეშე. მის შესახებ გვამცნობს როგორც წმიდა წერილი, ასევე სხვადასხვა სასულიერო პირები, მათ შორის დახვეწილ განმარტებას გვთავაზობს პროტოპრესვიტერი გრიგორი დიაჩენკო). აღნიშნული პერიოდისთვის, ასევე, წინ წამოიწია სხვადასხვა სასულიერო პირთა მადლმოსილების შესახებ ისტორიებმა. ძირითადად ბერების შესახებ იქმნებოდა ეს ლეგენდები, უკვე შესვენებულ სასულიერო პირთა შესახებ კი ავრცელებდნენ, რომ «...თურმე ერთხელ, როცა ლოცულობდა, როგორ მოფრინდა თეთრი მტრედი და დააჯდა მხარზე, რომელიც მთელი ლოცვის დროს არ მოსცილებია...» «ლოცვით როგორ შეაჩერა ესა თუ ის სტიქია...» და სხვა მრავალი. სხვათა შორის, გაიჟღერა ასევე «მფრინავი ბერების» შესახებ ლეგენდებმა და ათასმა სხვა მოსაზრებამ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ ადამიანის სულზე ბორკილები დაედოთ. ტყუილად არ მომიხმია უკვე გარდაცვლილ ადამიანებთან დაკავშირებული სასწაულების თემა, ამას ამბობდნენ ძალიან მარტივად, რამეთუ არავინ იყო გადამმოწმებელი, ვერავინ შეძლებდა უარყოფითი არგუმენტის მოპოვებას ხსენებულ ფაქტზე...
კომუნისტურ რეჟიმგამოვლილი საზოგადოება იმდენად იყო მოწყურებული სასწაულს, რომ არამცთუ კარგად ისრუტავდნენ ამ ლეგენდებს, არამედ მოთხოვნაც კი გაჩნდა მათში, სასწაულიდან ახალი სასწაულის მოლოდინში. ეს გულისხმობს, რომ მეტად დამძიმდა ამ მხრივ სივრცე, გაჩნდა დაკვეთა, რაც გამოწვეული იყო არსებული საეკლესიო კულტურით, ანუ მისი არარსებობით. აქ წამოიწია საზოგადოების ბრალეულობაც, თუმცა ყოველივეს მაინც თვით ინსტიტუციის ბრალეულობამდე მივყავართ. მრევლის მიერ ტაძრამდე გავლილ გზაში უცნაური არაფერია და არც საბრალდებო, დანაშაული იკვეთება (სასულიერო პირთა) ტაძრიდან სახლისკენ მიმავალი ადამიანის აზრებსა და შეხედულებებში. რა აზრებით მივიდა ტაძრამდე, ეს კარგავს ცენტრს, საყურადღებოა ტაძრიდან მომავლის აზრები.
თავიდან ნებისმიერი მანკიერება საეკლესიო კულტურაში, იქნება ეს ანტიქრისტიანული, წარმართული თუ სხვა, ჩნდება კონკრეტული გარემოების საფუძველზე და აღნიშნული სინთეზი არ გახლავთ მხოლოდ თანამედროვეობის გამოწვევა. ცნება «ანტიქრისტიანული» ისეთივე ძველია, როგორც ქრისტიანობა, თვით ტერმინიც კი «ანტიქრისტიანული» შექმნა სიტყვა «ქრისტიანულმა/ქრისტიანობამ». ასევე, არ არის უცხო ქრისტიანული საეკლესიო კულტურისთვის «წარმართობა», თვით ტერმინი «წარმართი» _ ნიშნავს წაღმა მავალს და არა უკუღმართს (უკუღმა მავალს, არასწორი გზით). ამიტომ უდავოა, რომ ქრისტიანულ კალაპოტში ოდითგანვე მიედინებოდა რაღაც ანტიქრისტიანული, თუმცა ეს სულაც არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დღევანდელ მანკიერებათა არგამომზეურებისთვის.
აწ უკვე წმინდანი ბერის, მამა გაბრიელის ხვედრი გახლდათ, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე შექმნილიყო მასზე სხვადასხვა ლეგენდა, თუმცა საინტერესო ის არის, რომ ამით მამა გაბრიელი სულაც არ იყო დაინტერესებული, არამედ არსებობდა ჯგუფი, რომელიც სპეციალურად მუშაობდა ამ მიმართულებით, თავიანთი საქმით ეწეოდნენ ქრისტიანულ საეკლესიო კულტურაში კულტის თემის პოპულარიზაციას, გამყარებას, მის გაძლიერებას. ამას კი მრევლის სრული მზადყოფნა ერთვოდა, რომელიც დიდი გულისყურით ისმენდა სხვადასხვა ისტორიებს და მერე გადასცემდა ნაცნობებს და ა.შ. (ზემოთ ვახსენე ზეპირი გადაცემის როლი საეკლესიო კულტურაში). ისევ გავიმეორებ, რომ ქრისტიანული ეკლესიის ისტორია სულაც არ განაყენებს მანკიერებებს და მათ უარყოფას სულაც არ ცდილობს, მაგრამ არ შეიძლება ამის ისე გაგება, რომ თითქოს კონკრეტული საქმე/საქმიანობა არ იყოს აცდენილი ქრისტიანობას. ამ საკითხს აქვს ძალზე მნიშვნელოვანი მეორე მხარე _ უდავოა, რაც ზემოთ ვთქვით, არასწორი ფორმირება, ან სულაც ახალი არაქრისტიანული მიდგომის გაჩენა გამოიწვია რაღაც კონკრეტულმა მომენტმა, ქრისტიანობის სახელის გამოყენებამ და ა.შ. მათ შორის კულტის თემამ, მაგრამ ეს ყოველივე ქრისტიანობისთვის მომწამვლელი მას შემდეგ გახდა, რაც ამ მიმართულებით სასულიერო პირებმა სრული გულწრფელობით დაიწყეს ქადაგება. ასევე, საინტერესო ისტორიები დაიბადა მამა გაბრიელის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ, რომელთა შესახებ მანამდე არავის სმენოდა. მაგალითად, როგორ ამოიცნო მამა გაბრიელმა მასთან მისული ადამიანის გასაჭირი და მანვე დაასწრო თქმა... მერე ყველაფერს მოჰყვა სხვადასხვა ისტორიები «მამა გაბრიელის ზეთის» სასწაულმოქმედებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ხალხმაც გაიხსენა (არც არასდროს დავიწყებული) რიტუალები, რომლებსაც ქრისტიანობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, როგორებიც იყო საფლავიდან მიწის აღება, საფლავზე დალაგება სხვადასხვა ნივთების, რომელთა შორის იყო საფულე, მანქანის გასაღები, ბავშვის «მატყუარა სოსკები» და ა.შ.
მამა გაბრიელის სახე სწორედ იმიტომ დავაკავშირე კულტის თემასთან, რომ ის დღეს უკვე კარგად ცნობილი წმინდანია საზოგადოებისთვის, ისე კი სულაც ცალკე განხილვის თემაა მისი მოღვაწეობის ისტორია, საკმაოდ ვრცელი და რთული თითოეული მონაკვეთით. ცხოვრება მისი, სიცოცხლის ბოლო წლები, გარდაცვალება, მერე უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წლები _ გარდაცვალებიდან წმინდანობამდე და ბოლოს «წმინდა ნაწილების ამოსვენების რიტუალი».
ქრისტიანობაში სარეფორმო სფეროს წარმოადგენს ასევე თვით საეკლესიო სწავლება, ასევე სასულიერო პირთა ცუდი ინტერპრეტაცია აპოკალიფსური ხაზის, თუგინდ უარყოფა რომელიმე მეცნიერების, მაგალითად, მედიცინის. დღესაც აქვს არაერთ სასულიერო პირს მოსაზრება, რომ დაავადებისგან განკურნება უნდა მოხდეს არა ექიმის მიერ, არამედ ლოცვით და ა.შ. დღეს ზოგიერთი სექტის მიმდევრების მიერ დაგმობილია სისხლის გადასხმა და მრავალი სხვა რამ, რაც სულაც არ არის მათი მოფიქრებული. ქრისტიანობაშიც იყო მსგავსი რამ (გასული საუკუნის ბოლოდან შეიძლება არგუმენტების მოყვანა) და ცალკეულ შემთხვევებში, კონკრეტულ სასულიერო პირთა მოსაზრებებში ისევ არის. ისევე, როგორც გვხვდება მადლის გადმოსვლის დამახინჯებული ცნება, გაგება. თვით სასულიერო პირები როდესაც იხსენებენ, აწ უკვე რომელიმე წმინდანის ცხოვრების წლებს, მათთან შეხვედრებს, ამბობენ მსგავსს: «მისგან საოცარი მადლი მოდიოდა», აქ თვით წინადადებაა არაქრისტიანული, არ შეიძლება ამ წინადადების მთქმელში არსებობდეს მადლის გააზრებული, დახვეწილი არსი, ანუ გაგება იმის, ვისგან შეიძლება მოხდეს მადლის გადმოსვლა, ან საერთოდ რას შეიძლება ეწოდოს ის. ასევე, როცა რელიგიურ კულტს ვახსენებთ, იქვე უნდა ითქვას, რომ აქ არსებობს კიდევ ერთი ცალკე ხაზი, რომელსაც წარმოადგენს საკრალური დატვირთვის ნივთებისადმი მძაფრი ლტოლვა, რაც ისევ კულტის თემას ავრცობს.
გიორგი მესხი, გაზეთი ”პრემიერი” #39, 2-8 ოქტომბერი