დაფიქრდით _ ”არაერთი ანწუხელიძის” მშობლები გიყურებენ
ღმერთის სამეფო, ანუ სარფიდან წითელ ხიდამდე
ერთადერთი, რასაც ბორკილებს ვერ დაადებ, ადამიანის სულია, არც ჩარჩოებს ცნობს და არც საზღვრებს. აი, გონებით რომ სხვაგან ხარ ზოგჯერ ადამიანი, სული ის არის. სულ ვფიქრობდი, რა მაბრკოლებდა ბავშვობაში ეკლესიისკენ მავალს და ეს იყო განსხვავებული ხედვა სასულიერო პირებისა. სასულიერო პირებთან საუბარი ძალიან მიყვარს და საქართველოს ისტორიიდან რაც კი ვიცი, 70% მათი მონათხრობიდან. დამღამებია ხოლმე, ისევე როგორც დამთენებია, მათთან საუბარში საქართველოს შესახებ, საინტერესოდ საუბრობენ მართლაც, მაგრამ არის რიგ შემთხვევაში დიდი ბარიერები, განათლების პრობლემა მართლაც უდგას მრავალს, არც მიკვირს, ეპისკოპოსები გვყავს 'საშუალო განათლების კმაყოფაზე~, მღვდლებზე რაღა უნდა ვთქვა. ერთმა სასულიერო პირმა ისიც იკადრა და თქვა, საზოგადოება ხართ გაუნათლებელნი, თორემ ჩვენ არა გვიშავსო. მერე, შენ დალოცვილო, ეს საზოგადოება ვისი მრევლია, ჩემი?!. სხვადასხვა მოსაზრება რომ აქვთ სასულიერო პირებს რაიმე საკითხთან მიმართებაში, ეს კი არ მაბრკოლებს, მერე რა მოხდა, განსხვავებული აზრი ხომ შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ სხვა კუთხიდან თუ შევხედავთ საკითხს, თუ ისე განვიხილავთ, როგორც ერთი და იგივე ინსტიტუციის წარმომადგენლებს, უკვე დამაბრკოლებელია მათი განსხვავებულობა, ეს ყოველივე კი იწვევს მასათა დაპირისპირებას (დაპირისპირებაში ტაბურეტების ფრიალს კი არ ვგულისხმობ, უბრალოდ, კამათს). ხშირად შევსწრებივარ ჩემი მეგობრების დავას, რომლებიც ამბობენ რაღაც აზრს და მერე ამოწმებენ შემდეგი სიტყვებით: 'ჩემმა მამაომ ასე თქვა~. მეორეც იგივეს ამბობს და ისიც მამაოს 'იმოწმებს~, აზრს რომ ჭეშმარიტება შეჰმატოს. ამ დროს მესამე მეგობარს გავხედავ, ხმას არ იღებს, მაგრამ ვატყობ, ფიქრობს: 'ღმერთო, ნიშანი მომეცი, რომ მივხვდე, რომლის მამაოა მართალიო~. ეს ერთი და სხვა მრავალი. ისევ ვიმეორებ, განსხვავებულ აზრს არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ თვით ინსტიტუციის შიგნით შეიძლება მოხდეს კამათი, მაგრამ საზოგადოებამდე აზრი უნდა მივიდეს შეჯერებული და შეთანხმებული. ერთის მამაოს სძულს სტალინი, მეორე ჩემი მეგობრის მოძღვარი აქებს და ადიდებს, ამგვარად დამოძღვრილნი კი მერე ერთმანეთში არჩევენ კამათით საქმეს, რაც დამაბრკოლებელია. და საერთოდაც, თუ სასულიერო პირი ხარ, პირადი მოსაზრებების გატარებას კი არ უნდა ცდილობდე მრევლში, არამედ ქრისტიანობის, მოგეთხოვება, საუბრობდე სარწმუნოებიდან გამომდინარე. საზოგადოება ისეთი დაბნეულია, დაცარიელებული, იმდენად გაუაზრებელი, რომ უკვე მაშინებს რეალობა. შუშის თვალები კი ყველას უფასოდ აქვს გამოწერილი, არიან მორწმუნენი, ყოველ შემთხვევაში ასე მიიჩნევენ, ამბობენ, _ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ეს ქრისტიანობა კი თურმე მშობლებმა უბოძეს. არავინ უმარტავს მათ იმას, რომ ქრისტიანულ ოჯახში დაბადება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქრისტიანი გერქვას; არც იმას, რომ სარწმუნოება გააზრებას, შეცნობას მოითხოვს და არა ბრმადმორწმუნეობას. რა ქნან, არავინ ეუბნებათ. ეკლესიაში დგანან წმინდანთა ხატების წინ, პირში კევით, საათობით ლოცულობენ და მერე ტაძრიდან გამოსულს ვინმემ რომ შეაგინოთ, ისე სცემენ, თუ შეძლეს, რომ სიკვდილის პირას მიიყვანენ. ამით იქვე რომ მთავრდება მათი ქრისტიანობა, ამას არავინ ეუბნებათ და ასწავლით. არც ის იციან, რომ არსებობს წესი, რომელი წმინდანის ხატს სად უნდა ვემთხვიოთ. ამათთვის სულერთია, მთავარია, რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ და ეს გადაგვარჩენს თურმე, თითქოს რომს ვერ შეერგო პავლეს ქადაგება. ღმერთი მხოლოდ ქართველებისთვის ყოფილა და ცათა სასუფეველიც, ე.წ. 'ზეციური ივერია~, რომელიც ზუსტად ქართველებზეა გათვლილი და სხვა ეროვნება იქ ვერ გაიჭაჭანებს. ისე, მართლა გულწრფელად მინდა ვიკითხო, ამ ზეციური ივერიის ამბავი ძალიან მესიამოვნა და 'ეტა ოჩენ ინ’წ’ერესნა~, მაგრამ ეს ჩვენი მოძმე რუსები, ბრძენი პუტინითურთ, იქაც მეზობლები იქნებიან ჩვენი თუ იქ 'ვაფშე ობშიაკია~ საზღვრების?!. აწვიმს ამ აზრებს და, მგონი, ტყუილად ველი გამოდარებას. რომელიმე სასულიერო პირმა გააპროტესტა იმ ვითომქრისტიანების საქციელი, გოჭის თავი რომ აუჭედეს კარებზე სხვა არსებობისთვის სრულუფლებიანი რელიგიის მიმდევრებს?! _ რა ვიცი, იქნებ კურთხევაც კი ჰქონდათ, არც გამოვრიცხავ. სხვათა შორის, რა არ ითქვა 'კაზანტიპთან~ დაკავშირებით. როგორ შეიძლება, ამ 'გაგანია მარხვაშიო~, მერე ცოდვააო, არ გვაპატიებს ღმერთიო და ა.შ. მაგრამ ღორის თავის აჭედება არ გაპატიათ ღმერთმა და დაიტბორა ჩვენი აჭარაც, როგორ მაინტერესებს, ეს ვერსია რატომ არ განიხილება? შეგნების საკითხი იყო, უბრალოდ, საკუთარი მრევლის უმსგავსობაზე ბოდიშის მოხდა. ზოგიერთი სასულიერო პირის გასაგონად კი მინდა ვთქვა, იმათი, რომლებმაც 'ბრძნული მოსაზრება გამოთქვეს~ საქართველოში მეჩეთების აშენება საპატრიარქოსთან/ეპარქიებთან უნდა იყოს შეთანხმებულიო. ძალიან მაინტერესებს, რომელი ეპისკოპოსი განაცხადებს თანხმობას მეჩეთის მშენებლობაზე, ან ორი მსგავსი ტიპის ორგანიზაციიდან ერთს რატომ უნდა სჭირდებოდეს მეორეს თანხმობა არსებობისთვის?!. ქრისტიანებსვე ვერ იტანთ (ამ შემთხვევაში კათოლიკეებს ვგულისხმობ) და თქვენ მეჩეთის აშენებას დასთანხმდებით, თქვენი უფლებამოსილება რომ იყოს?!. რომელი ერთიდან შეიძლება დავიწყო და ან სად შეიძლება გაჩერდეს ადამიანი. არ დავიჯერებდი, სხვას რომ ეთქვა, ვიფიქრებდი, ხუმრობს-მეთქი, უბრალოდ, ჩემი თვალით ვნახე სასულიერო პირების რიგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან, რომელიც საბურთალოზე მდებარეობს, რიგი კი სწორედ იმ დღისთვის იდგა, როცა ახალი სანომრე ნიშნების გაცემა დაიწყო, დაახლოებით ოცამდე სასულიერო პირი დავთვალე, მას მერე კი ქუჩებში ვითვლი უკვე მანქანებს ნომრებით IE-777-SO, AM-111-IN... და ასე შემდეგ... დაე, იარონ, ამინ!... დიდ უმრავლესობას ერთი-ორი წიგნის წაკითხვა სიბრძნის შეძენა ჰგონია და უკვე ფრთებს ისხამს სხვის დასამოძღვრად. არ შეიძლება, არ ითქვას სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს სასულიერო პირისგან. მაგალითად, როცა ეკითხები კონკრეტულ ფაქტზე მოსაზრებას, როცა მისი აზრი გაინტერესებს და ის გპასუხობს: 'როგორც იოანე ოქროპირი იტყოდა~... 'პავლე მოციქულის სიტყვებს თუ გავიხსენებთ~... და ა.შ. ვერ ვიგებ, მაინტერესებს მისი მოსაზრება და ის მპასუხობს, რას ამბობდა იოანე ოქროპირი, რაც ისედაც კარგად ვიცი... ევროპული და ამერიკული არაფერი ვარგა თურმე, გარდა 'მკურნალობის ევროტურისა~, რომელიც მისწრებაა, სხვა ყოველმხრივ ვნებს ქართველობას ევროპა და შესაბამისად, სარკმელიც უნდა აიჭედოს მისკენ მზირალი, თურმე... მხოლოდ ჩრდილოელ მეზობელთან გვაქვს ნაკურთხი ურთიერთობა, 'მოძმე ერთან~, პუტინის სიბრძნე ხომ მალამოსავით ეფინება ივერიას. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ჩემსავით დეტალებში ბევრ ისტორიკოსს არ ეცოდინება, უბრალოდ, ახლა საუკუნეებსმიღმა არ წავალ, არც მჭირდება. სულ ახლახან, 2008 წელს პუტინის სიბრძნის გამო დაგვეხოცა ახალგაზრდობა, მხოლოდ გმირებად 'მონათვლა არ კმარა~, დაფასებაა საჭირო მათი და მათი საქმისაც. ძალიან მიკვირს, პუტინის აგრესიის გადაფარვის მცდელობა აქვს ძალიან ბევრს და ომახიანად გაჰყვირის, _ ომი 'ნაციონალური მოძრაობის~ დაუდევრობით გაჩაღდაო. ვინ წამოიწყო ომი, სულ არ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის, ციმბირს კი არ ვედავებოდით ამ ბრძოლით! ჩვენს მიწა-წყალს ვითხოვდით, რომელსაც ასე ნაგლეჯ-ნაგლეჯ გვაცლის ეს 'ბრძენი პუტინი~ ირგვლივ. და ერთი რამ მინდა ვთქვა, როდესაც ზოგიერთი 'პუტინის სიბრძნეზე~ დაიწებთ ქადაგებას, ცოტა დაფიქრდით, თქვენ 'არაერთი ანწუხელიძის~ მშობლები გიყურებენ, რომელთა გულში დღესაც ომია და იქნება მარად... სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი... დიდ რუსეთთან სარწმუნოების ერთობა ყოველთვის უბედურების მიზეზად იყო ქცეული ჩვენი ქვეყნისთვის. ქრისტიანობა, ეს ყველაზე ჰუმანური და კაცთმოყვარე რელიგია, ეგზარქოსებისა და ,,ბლაღოჩინების~ მეოხებით საუკუნეების მანძილზე ცარიზმმა თავისი მიზნებისთვის გამოიყენა, ქრისტიანული რელიგია იდეოლოგიის სამსახურში ჩააყენა და ისევ ქრისტეს სახელით ქრისტესავით აცვა ჯვარს ათასგზის მცირერიცხოვანი ერი... დიახ, საუკუნეების მანძილზე, 1480 წლიდან მოყოლებული მეოცე საუკუნემდე, შეიძლება რომელიმე ისტორიკოსი შემომედავოს და თქვას, 1721 წლამდეო, მაგრამ შეცდებით, ამ დროს მხოლოდ მონარქი შეცვალა წოდება იმპერატორმა, თორემ მმართველობის კურსი არ შეცვლილა. იმ დონემდე ავიწროებდნენ ქართველ ერს მუდამ, რომ სარწმუნოებაზე ესოდენ შეყვარებულ მასებში იმ აზრმაც კი გაიჟღერა, კათოლიკური აღმსარებლობა ხომ არ მიეღოთ, ოღონდ კი ცოტაოდენ მაინც დაეღწიათ თავი რუსთა ყოველმხრივი თვითმპყრობელობისგან. აი, სადამდე მივყავდით ერთმორწმუნეობას _ სარწმუნოებიდან გაქცევის ზღვარზე. რომელი ერთი გავიხსენო და მოვყვე?! _ არ ვიცი, უბრალოდ, რამდენი წელია იმას ვითხოვ, ერთი შემთხვევა დამისახელეთ, როცა რუსეთი ძმურად მოგვექცა-მეთქი და ხმას არავინ იღებს.... მთავარია, ზეციურ ივერიაში კი მიდიხართ და რაღა გვიჭირს აწი... ვინ დაგწყევლათ ასე?
ჩინელებს ჩვენ ვერ ვიტანთ, ამერიკელებს ჩვენ ვერ ვიტანთ, ვაპროტესტებთ ფერადკანიანებს, აზრად კი არავის მოსდის, აბა ერთი ამერიკელებისთვის გვეკითხა, მათ თუ მოსწონთ ამდენი ქართველი მათს სამშობლოში ჩასული (ამერიკა, ეს ისე, პირობითად, თორემ სულ ახლოს, ევროპაში ქვეყანას ვერ ნახავ, ქართველები რომ არ იყვნენ ჩასულნი)... თითქოს ღმერთი აფრიკელისთვის არ არსებობდეს და მხოლოდ ქართველებსა და რუსებს დაგვტრიალებს თავს... ბევრი ისე 'ღაღადებთ~ თითქოს ფერადკანიანები ბუნების შეცდომა იყოს, თან ქრისტეს სახელით... იმდენად დაუკარგეთ შნო ყველაფერს, რომ საპასუხოდ კიდეც მიიღეთ ათეისტი თაობა, სხვათა შორის, მე მყავს ათეისტი მეგობრები და მათ 'არაფერს ვერჩი~, სულ ვცდილობდი ხოლმე, მათთან ქრისტიანულ ღირებულებებზე მესაუბრა, იმის იმედით, რომ იქნებ გამეღვიძებინა მათში ლტოლვა სარწმუნოებისადმი, მაგრამ ყველა გზა მომიჭერით, თქვენი ჯამბაზობით რუსთაველზე ტაბურეტების თანხლებით რომ ბოგინობდით, მამაო ჩვენოს რომ ამბობდით და ამის ფონზე მისდევდით ადამიანებს ჩასაქოლად, ტაბურეტში ვერ დაინახა ვერც ერთმა სიყვარული... მერე საპატრიარქომ თავი იმართლა თითქოს, _ ჩვენგან კურთხევა არ ჰქონდათ აღნიშნულ სასულიერო პირებსო, ესეც ძალიან სულელურად ჟღერს, არ შეიძლება, ვინმე ორგანიზაციის სახელით მოქმედებდეს და ამას ხელმძღვანელობამ კონტროლი ვერ გაუწიოს. გამოდის, ვერ აკონტროლებ შენივე დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანს... წადით და საქართველოს ტერიტორია დაიცავით, მცოცავ ოკუპაციას უთხარით 'არა~ და გააპროტესტეთ, ვითომ ვერ ამჩნევთ, როგორ გვაცლიან ქვეყანას ხელიდან, 'ღმერთმა გამრავლოთ~, იმდენი ხართ უკვე სასულიერო პირები, ცოცხალი ჯაჭვი რომ შეკრათ, 'კაკ მინიმუმ~ ორჯერ შემოარტყამთ წრეს ჩვენს ქვეყანას, წადით და მავთულხლართებთან დადექით, თორემ ვინ ვისთან წევს, ეს არ არის თქვენი საქმე...
გიორგი მესხი