|
“სტილი ადამიანია” - ითქვა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში. ძნელი სათქმელია, სრულად აცნობიერებდა თუ არა ფრანგი ენციკლოპედისტი და ბუნებისმეტყველი, ჟორჟ ბუფონი საკუთარი ფორმულის გენიალობასა და ყოვლისმომცველობას, როცა ამ ფრაზას “აჟღერებდა” საფრანგეთის “უკვდავთა აკადემიაში” არჩევისას, 1763 წელს. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას: საკაცობრიო აზროვნებაში ძალიან ცოტაა გამონათქვამი, რომელიც ესოდენ ზუსტი, მრავალმხრივ წინასწარმეტყველური და, იმავდროულად, პოპულარული გამოდგა საუკუნეთა განმავლობაში.
შეიძლება ფრანგული ენის სემანტიკა “ალაგებს” აზრობრივად ასე და არაფერი იცვლება თითქოს, თუკი სხვაგვარად ვიტყვით: “ადამიანი მისი სტილია”. ესე იგი მთლიანობაში, საქციელიდან გარეგნობამდე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ სულელურ წვრილმანამდეც კი, როგორც ჩაცმულობაა.
ოოოოო, ჩვეულებრივი ქართველი ვერასდროს გაიგებს, რას ნიშნავს, ამ გაგებით, სტილი ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ამერიკაში. მაგრამ ამჯერად ამერიკული სტილის იმ დეტალებზე კი არ ვსაუბრობთ, რომ ჰალსტუხის კვანძზე პერანგი ღილებით არ უნდა იყოს შეკრული და არც ერთი ამერიკელი სენატორი ასეთ “შეცდომას” არ დაუშვებს, არამედ ასევე ნიშანდობლივ წვრილმანებზე, რომელიც გასულ კვირას ირაკლი ალასანიას თავსდამტყდარ მორიგ ფათერაკში (“მე რა ვქნა, მე...”) გადაიზარდა და ამერიკული სტილის მნიშვნელოვან თვისებებს “ხსნის”.
შეგახსენებთ ფაბულას: საქართველოში ჩაკ ჰეიგელის ვიზიტის დროს, ერთი-ერთზე (ანუ იმავე ფრანგულით ტეტ-ა-ტეტ), ესე იგი, დახურულ თუ დაგმანულ კარს მიღმა შეხვედრისას, ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა გააჟღერა იდეა, რომ საქართველოში შეიძლება შეიქმნას საწვრთნელი ბაზა ანტიისლამისტი და “ანტიბაშარისტი” ბოევიკების გასაწვრთნელად. ესე იგი იმათი, ვინც ერთდროულად იბრძვის როგორც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ (ანუ “ისლამური ფრონტის” მხარეს და მათ შორის რა განსხვავებაა, მხოლოდ მუჰამედმა უწყის), ამავდროულად ცდილობს, დაამხოს ბაშარ ასადის რეჟიმი დამასკოში, რომელსაც რუსეთი თავგადაკლულად უჭერს მხარს, რათა ყატარიდან ევროპისკენ დიდი გაზსადენის გაყვანა არ დაუშვას.
ძნელი სათქმელია, რატომ თქვა ან რატომ შესთავაზა ეს ირაკლი ალასანიამ. შესაძლოა, შეთავაზება იყო პასუხი თვით ჩაკ ჰეიგელის მოთხოვნაზე, რომ საქართველოს სახმელეთო ოპერაციაშიც მიეღო მონაწილეობა, რაც აშკარად მზადდება იმ რეგიონში. ირაკლი ალასანიამ კი იცის, რომ ქართველი საზოგადოების მოთმინებასაც აქვს გარკვეული ზღვარი, ხოლო იმ პირობებში, როცა არც MAP-ს გვაძლევენ და არც საქართველოს უსაფრთხოების რაიმე სხვა სამხედრო-პოლიტიკური გარანტიებისთვის იწუხებენ თავს, კიდევ ასეულობით ან ათასობით ჩვენი ახალგაზრდის ისლამისტ ფანატიკოსებთან (ხალხურად თუ ვიტყვით “იმ მამალ გიჟებთან”) საომრად გაგზავნა უკვე მართლა მეტისმეტი იქნებოდა და ამას საქართველოში არავინ დაეთანხმება.
ამდენად, კომპრომისად შესთავაზა: “ძნელი იქნება, საზოგადოებას ავუხსნათ, რატომ უნდა გავაგზავნოთ იმ ჯოჯოხეთში ჩვენი ბიჭები, ამიტომ, ეგება აქ ბოევიკების მომზადებით შევიტანოთ წვლილიო”.
თუმცა, დავუბრუნდეთ სტილს: “ტეტ-ა-ტეტ” საუბრიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ, ჰეიგელისა და ალასანიას კონფიდენციური მოლაპარაკების შინაარსი უკვე იცოდა ამერიკულმა გამოცემა “ფორინ პოლისიმ”. ამიტომაც ატეხა “რეკვა” ვაშინგტონში საქართველოს ელჩთან, რომელმაც ჯერ ცალყბად დაადასტურა (რაკი არ უწყოდა, რა და როგორ ეთქვა და ვაი თუ “გენერალურ ხაზს” ასცდენოდა), შემდეგ კი, როცა თბილისიდან უთხრეს, - “არანაირი გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის და საერთოდაც გამორიცხულიაო”, - კატეგორიულად უარყო. სწორედ აქ გამომჟღავნდა სტილი, რომელიც ქვეყანას არანაკლებ ახასიათებს, ვიდრე ადამიანს.
დავსვათ ელემენტარული კითხვა: როგორ შეიძლება კონფიდენციური, დახურულ კარს მიღმა გამართული საუბრის შინაარსი ჟურნალისტებს შეატყობინო ისე, ვითომც აქ არაფერია? ეს სადაური წესია? სადაური წესია და იქაური წესია!!!
როცა ირაკლი ალასანია ამ “კომპრომისს” სთავაზობდა (რაკი პირდაპირ უარი ვერ შეჰბედა), სთავაზობდა რეფლექსიისა და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მას აშკარად ვერ წარმოედგინა, რომ ამერიკული მხარე მის წინადადებას მაშინვე ქვეყანას მოსდებდა.
ზუსტად, ასევე, 2005 წელს, როცა საქართველოს სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებს ერთგულად შეატყობინეს: “თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტ ბუშის გამოსვლისას ხელყუმბარა აღმოვაჩინეთო”, ვერ წარმოედგინათ, რომ ამერიკელები ამ ინფორმაციასაც მაშინვე პრესას მოსდებდნენ და რუსულ მედიასაც გაახარებდნენ: “პრეზიდენტი ბუში ქართველებს ქართულად მიესალმა “გამარჯობათო” და ქართველებმა კი, პასუხად ხელყუმბარა ესროლეს!” - როგორც აღწერა პროგრამა “ვრემიამ”.
ვიმეორებ, ეს სტილია, რომელიც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
ბუნებრივია, როცა და ვისთანაც “გაუვათ”, თორემ საეჭვოა, იმავე რუსებთან გაბედონ ამგვარი ფოკუსი და კონფიდენციური მოლაპარაკების შინაარსი “ქვეყანას მოასხან”. მაგრამ იციან, საცოდავი საქართველოს საცოდავი თავდაცვის მინისტრი ვერ შეჰკადრებთ: “დალოცვილებო, საჯაროდ თქმა რომ მდომოდა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვიტყოდი, რაკი “დახურულ კარს” მიღმა ვთქვი, ესე იგი გახმაურება არ მინდოდა და ეს რა დღეში ჩამაგდეთო”.
აბა, საიდან უნდა გაეგო “ფორინ პოლისის” ჟურნალისტს? რასაკვირველია, ჩაკ ჰეიგელისგან, რომელმაც თანაშემწეს დაავალა: “თუ ვინმე მოსამადლიერებელი მედიარესურსი გყავს, ეს ექსკლუზივი გადაეციო”.
- “მერე ქართველები?”
- “უჰ, მე ასე მჭირდება და სულ არ მკიდია მაგათ თუ რამე დისკომფორტი შეექმნებათო”.
ეს ამერიკაა და მისი სტილი! ამიტომ უნდა გეყოს ჭკუა, მათთან ურთიერთობისას ეს გაითვალისწინო. მით უმეტეს, როცა ამერიკაში წლობით გიმუშავია, ანუ თითქოს უნდა იცოდე და იცნობდე, ვისთან გაქვს საქმე.
თორემ რა გამოვიდა, ნახეთ: “ამერიკული სტილის” გადამკიდე, ირაკლი ალასანია საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - “ცოლისდა” იძულებულია, ინიციატივა კატეგორიულად უარყოს და, ფაქტობრივად, დაადასტუროს, რომ “ირაკლის” ეს საკითხი არც ღარიბაშვილთან შეუთანხმებია და არც ივანიშვილთან.
ისე, ღარიბაშვილს რომ დრო ხელსაყრელად მიაჩნდეს და კოალიციის დაშლა არ ადარდებდეს (ჯერჯერობით მაინც), ამ ეპიზოდს აუცილებლად გამოყენებდა ვიცე-პრემიერობიდან მინისტრობამდე ჩამოლაბორანტებული ალასანიას საერთოდ “გასაშვებად” მთავრობიდან: “შეუთანხმებელი მოქმედებების გამო”.
არადა ამერიკელებისთვის რა იყო ალასანიას წინადადებაში მოულოდნელი? როგორც ბინ ლადენი გაწვრთნეს და აღჭურვეს თავის დროზე, ასევე წვრთნიან და აიარაღებენ ახლა ათასი ჯურის ბანდიტს საუდის არაბეთის, ყატარისა და სხვა ქვეყნების ბანაკებში - ოღონდ კი “ისლამურ სახელმწიფოსა” და ბაშარ ასადს ეომონ.
სწორედ და მხოლოდ ამ “რიგშია” მათთვის საქართველოც. ანუ ჩვენს ქვეყანას ისინი “დიდი ახლო აღმოსავლეთის” ნაწილად აღიქვამენ, როგორც ეს ბუშმა გაამჟღავნა, ჩვეული “გულუბრყვილო პირდაპირობით”, 2005 წლის 10 მაისს, თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას, როცა ე.წ. “ვარდების რევოლუცია” პოსტსაბჭოური სივრცის ტრანსფორმაციის მაგალითად კი არ დაასახელა (როგორც ჩვენს იმდროინდელ ჭკუისკოლოფსა და მისი “ვესტერნიზებული ბიჭუნების” გუნდს უნდოდათ), არამედ მომავალი “არაბული გაზაფხულის” ნიმუშად. წაიკითხეთ ის “სპიჩი” და სულ იოლად დარწმუნდებით ამაში.
და ესეც “სტილის” შემადგენელია, თანაც განუყოფელი: “გიყიდი იაფად და გაგყიდი ძვირად”. მერე, ის რუსი დათვი რომ დაგტორავს, “გადატვირთვის” წითელ ღილაკს დავაჭერ თითს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად.
მიაქციეთ ყურადღება კიდევ ერთ ნიუანსს: ელჩ არჩილ გეგეშიძის სასოწარკვეთილი უარყოფის შემდეგ, “ფორინ პოლისიმ” დაწერა: “იმიტომ უარყოფენ, რომ საზოგადოების რეაქციას წააწყდნენო”.
ძალიან მეეჭვება, ეს იმ კონკრეტული ჟურნალისტის ანალიზი იყოს. როგორც ჩანს, როცა საქართველოს საელჩოდან პროტესტის წერილი მიიღეს, ჟურნალისტმა ან მისმა რედაქტორმა იმავე წყაროს დაურეკა (ჩაკ ჰეიგელის გარემოცვაში), ვინც თავდაპირველი ინფორმაცია მიაწოდა და იმან აუხსნა: “ყურადღება არ მიაქციოთ, ქართველები იმიტომ უარყოფენ, რომ იდეა არაპოპულარულიაო”. ესეც კიდევ ერთი ილუსტრაცია, რა “პრაგმატული” მოკავშირე გვყავს და რამდენად ითვალისწინებს საკუთარ კლიენტთა ინტერესებს ქართულ პოლიტიკურ ოლიმპზე.
დაბოლოს: ბურჯანაძის უახლოესმა თანამებრძოლმა, ირაკლი ბათიაშვილმა იდეას მხარი დაუჭირა. არადა აბსოლუტურად ნათელია, რომ ასეთი ბანაკებისა თუ ბაზების გაჩენა საქართველოს ტერიტორიაზე არაფრისდიდებით არ შეიძლება მოეწონოს მოსკოვს. პირიქით, პროვოკაციად და მტრულ ნაბიჯადაც ჩაგვითვლის, ახლო მომავალში კი საქართველოს წინააღმდეგ “საინფორმაციო ომის” განსაახლებლად გამოიყენებს, როგორც ადრე “პანკისის ხეობას” იყენებდა.
თვითონ ეს ქალბატონი თუ ეთანხმება იმას, რომ მოსკოვს, თურმე, სულაც არ ანაღვლებს ამგვარი ბაზების შექმნა საქართველოში, სადაც თავზეხელაღებულ ბოევიკებს მოამზადებენ (შინაარსობრივად რომ არაფრით გასხვავდებიან ისლამისტი ბოევიკებისგან), რათა მის მოკავშირე ბაშარ ასადსაც და ისლამურ სახელმწიფოსაც ერთდროულად ეომონ?
ძნელი სათქმელია, რაკი ნინო ბურჯანაძე ამ თემაზე ვითომ მრავალმნიშვნელოვან (სინამდვილეში კი არაფრისმთქმელ) დუმილს ინარჩუნებს. ამდენად, მისი პოზიცია გაუგებარია. ისევე, როგორც თვით ეს ვითომ “რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის” მომხრე ქალბატონია ერთი დიდი პოლიტიკური გაუგებრობა.
გაზეთი „პრემიერი“, მიხეილ გეწაძე
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |