|
განსაკუთრებული ზიზღი, სიძულვილი და სისასტიკე-დაუნდობლობა გამოსჭვივის სასულიერო პირების, სამღვდელოების მიმართ. ათეისტურ საქართველოში რელიგიის მსახურთ ყველა დონეზე ამასხარავებდნენ, დასცინოდნენ, შეურაცხყოფდნენ, ათასგვარ სიბილწესა და სიბინძურეს სწამებდნენ, სასიკვდილოდ იმეტებდნენ ცხოვრებაშიც და იგივე პოზიცია გადმოვიდა პოეზიაში:
„ძირს თქვე წვერებცანცარა!
მაქნისი ხართ არაფრის.
გლებს ჰგევხართ, სხვა არც არას -
გეტყვით მოკლე პარაკლისს:
ხალხში სიბნელე სთესეთ
ბევრ ბრმა სარწმუნოებით!
რა ადათი არ სწერეთ
თქვენი ხელმწყო დროებით?!
მორწმუნეთ აშინებდით
ღმერთ და ჯოჯოხეთებით,
სატანას აცინებდით
ტყუილების ხეთქებით!
გზა მშვიდობისა ეხლა,
გეტყვით თქვენებურ ამინს!
ჩვენთან ვერ ძალგიძთ შეხლა
ნუღარა სწამლავთ ამინდს.
საფლავში! ჰაიდა! თბილად!
ჩვენ გადაგიხდით პანაშვიდს,
დაიძინეთ იქ ტკბილად
„ალილუიას“ გიმღერთ მშვიდს!“
ეს ლექსი, რომელსაც ჰქვია „სამღვდელოებას“ (თუმცა, მას საერთო არაფერი აქვს პოეზიასთან) დაიბეჭდა 1923 წლის 18 თებერვალს გაზეთ „სპარტაკში“ ფსევდონიმით „დ-ა“ და ზუსტად გამოხატავს იმ პოლიტიკას, რომელსაც ამ პერიოდის საქართველოში ბოლშევიკური მთავრობა ახორციელებდა სასულიერო პირების მიმართ.
ჟურნალი „მებრძოლი უღმერთო“ გულანთებული აგრძელებს ანტირელიგიურ პროპაგანდას და ანოს ფსევდონიმით წარმოგვიდგენს გაბაასების (დიალოგის) ფორმით დაწერილ ლექსს „მღვდელი და უღმერთო“, რომელიც და ასე მთავრდება (უღმერთო მიმართავს მღვდელს):
„წადი, წადი შე ღმერთ-ძაღლო!
უღმერთო ვარ, მუშა-ხელი:
მორჩა, ვეღარ მოგვატყუებთ,
ჩვენთის გვინდა აწ საჭმელი.
არც ღმერთია, არცა ხატი,
ორივ ერთად ტყულია.
ხალხთ საყვლეფად მოგონილნი,
ეხლა ჩვენთა ფეხქვეშ ჰყრია!“
ქართულ მწერლობაში შემოიჭრა ანტისაშობაო პროპაგანდა. ამიტომ, ძირითადად, ასეთი პოეზია ემსახურებოდა რელიგიის დისკრეტიდაციას - ეს კი სამთვარობო პოლიტიკის გამოძახილი იყო. ანტირელიგიური ლექსების შეთხზვით ცნობილმა სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილმა, რომელიც ფსევდონიმით „დ-ა“ ბეჭდავდა, გაზეთ „სპარტაკში“ (#69, 1924) ასეთი ლექსი გამოაქვეყნა:
ყველაზე მეტად მაინც ანტისააღდგომო ლირიკის „შედევრები“ შეიქმნა. ამის შესახებ ჩვენ საგანგებოდ ვწერდით წერილში „ანტისააღდგომო პოეზია“, ახლა მხოლოდ შევნიშნავთ იმას, რომ ღმერთთან მებრძოლი პოეტები, უმთავრესად, პროლეტკულტურის წარმომადგენლები იყვნენ და მათს უპირველეს ამოცანას პარტიის გენერალური ხაზის გატარება წარმოადგენდა. ამიტომ ანტირელიგიური პროპაგანდა სწორედ ამ პოლიტიკის მხატვრული განხორციელება იყო!
1923 წლის 7 აპრილის „კომინისტში“ გამოქვეყნდა მუშა გიგო ხეჩუაშვილის ლექსი „წითელი კვერცხი“ თუ შრომის ბაირაღი“:
... „მლოცველნი ხატებს თვალ-მარგალიტს თვალში უყრიან,
„სამოთხეს“ აძევს ჯოჯოხეთის მაგარი კლიტე,
მოჩვენებებით სიმართლეს ღრმა საფლავს უთხრიან,
ორი ათასჯერ დაუმარხავთ „იესო ქრისტე“!
ჰოი, მშრომელო, გაახილე მძინარე თვალი!
კმარა აქამდინ რაც მოსტყუვდი, რამდენიც შერცხვი,
იწამე მხოლოდ სინამდვილე და მომავალი,
შრომის ბაირაღს დააშორე „წითელი კვერცხი!“
ანტისააღდგომო პროპაგანდაში თავისი სიტყვა თქვა მწერლობამ. ამისი ერთი საუცხოო მაგალითია 1923 წლის გაზეთ „სპარტაკში“ გამოქვეყნებული პასქვილი, რომელშიც სააღდგომო წირვაზე მისული კომკავშირელის „გმირული“ სულია გამოხატული, თუ როგორ დააშინა მოძღვარი თავისი მარქსისტული ცოდნით და როგორ გაფანტა რელიგიური სიბნელე. ეს უმწეო „პოეტური შედევრი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა ესთეტიკისა და გემოვნების ავტორები წერდნენ ანტირელიგიურ ქმნილებებს.
1933 წელს სილიბისტრო თოდრიამ გამოსცა 'იუმორისტული ლექსით თქმული~ „ქართლის ცხოვრება“, 106 გვერდი, რომელიც იწყებოდა ქართველი ერის ისტორიის უძველესი პერიოდიდან თამარის ეპოქის ჩათვლით. 1936 წელს გამოვიდა ამ წიგნის მეორე გადამუშავებული გამოცემა, 157 გვერდი, უკვე როგორც სატირული ნაწარმოები. ს. თოდრია ისტორიის გაქილიკებას ამთავრებს მე-15 საუკუნით. ბოლო ისტორიული პირი, რომელიც მას ჰყავს მოხსენიებული, არის ყვარყვარე ათაბაგი. ამ წიგნის ორჯერ გამოცემა სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართულ მწერლობაში არა მხოლოდ თვალშისაცემი უნიჭობით, არამედ წარმოუდგენელი ეროვნული ნიჰილიზმითა და ირონიით. წინასიტყვაობაში ავტორი ასე წერდა: „იმ დროს, როდესაც პარტიისა და ხელისუფლების მიერ, - თანახმად ჩვენი დიდი ბელადის ამხ. სტალინის მითითებისა, დღის წესრიგშია დასმული საკითხი მარქს-ლენინ-სტალინის მოძღვრების საფუძველზე ისტორიის ღრმა და სწორი გაშუქებისა და შესწავლის შესახებ, - მე ვბედავ ჩემი სატირული ნაწარმოების გამოქვეყნებას, რომელიც საქართველოს ისტორიის ზოგიერთ ეპიზოდს შეეხება... აქ მე სატირულად ვაკრიტიკებ მაღალ წოდებათა წარმომადგენელთაგან გაყალბებულ ისტორიულ მასალებს, რომლებშიაც უმთავრესად მაღალ წოდებათა ამბებია მოთხრობილი და სრულებით გამოტოვებული და მივიწყებულია მშრომელი ხალხის ყოფა“. ბუნებრივად გაგახსენდებათ ილია ჭავჭავაძის წერილი დ. ერისთავის მიმართ: „ეგ ოხერი ჩვენი ისტორია... მარტო ომებისა და მეფეების ისტორიაა, ერი არსად ჩანს. მე კი ასეთის აგებულობის ადამიანი ვარ, რომ მეფეების და ომების სახე არ მიზიდავს ხოლმე, საქმე ხალხია და ხალხი კი ჩვენს ისტორიაში არა ჩანს. ვწუხვარ და ვდრტვინავ და განმკითხავი არსაით არი“. ტოტალიტარულ ეპოქაში ს. თოდრიამ ვითომ მშრომელი ხალხის გულისტკივილით (ისე, რომ ილია ჭავჭავაძე არც გახსენებია) დაიწყო ქართველი ერის ისტორიის გაქილიკება, მისი დამუშავება „მარქს-ლენინ-სტალინის თეორიის“ მიხედვით.
წიგნის შესავალ წერილში (ავტორი მითითებული არ არის) გადმოცემულია ს. თოდრიას ბიოგრაფია, საუბარია მის დამსახურებაზე და გულის ტკივილითაა ნათქვამი ისიც, რომ თავად ავტორს ულმობელმა სიკვდილმა არ დააცალა მოსწრებოდა ამ წიგნის მეორედ გამოცემასო. აქვე ისიცაა მინიშნებული, რომ ს. თოდრიამ „საფუძველი ჩაუყარა პროლეტარულ-ლიტერატურულ მოძრაობას საქართველოში... და პარტიის სალიტერატურო პოლიტიკის განუხრელად განხორციელებით რაზმავდა მხატვრული სიტყვის ოსტატთა საუკეთესო ნაწილს სოციალისტური მშენებლობის ამოცანების ირგვლივ“. ფაქტობრივად, მთელი ეს უნიჭოდ შეთითხნილი სატირა, ძირითადად, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის კომუნისტური ვერსიაა ანტირელიგიურ და ანტიეროვნულ ლიტერატურულ დისკურსში წარმოდგენილი. მისეულ „შედევრს“ პოემის სახე აქვს და ყველაფერი დასათაურებულია იმ მიზნით, რომ მკითხველამდე სავალი გზა ადვილად მოძებნოს, „მუშათ კლასსა და მშრომელ გლეხობას“ თავიანთ ენაზე დაელაპარაკოს და განანათლოს.
როდესაც ამ წიგნს ბეჭდავდა (1933 წ.) ის უკვე ცნობილი „უღმერთო“ იყო და გამოცემული ჰქონდა ანტირელიგიური სატირულ-სატანური კრებულები: „დაბადება ანუ ბიბლია“ ორ ტომად (1931), „ყბადადასაღები წყალწასაღები ამბები“ (1932)... უშუალობისა და გულწრფელობის მაღალი ხარისხის მისაღწევად უკვე ანტიეროვნულ „ქართლის ცხოვრებაში“ ეთანხმება მკითხველთა იმ კატეგორიას, რომელბიც უსვამენ ასეთ შეკითხვას:
„შესჩერებიხარ მარტოდენ ზეცას,
ლამის თვალებიც კი დაგებრიცოს,
აღარ მიეცი ღმერთს გასაქანი!
ნუთუ ვერ ნახე სხვა რამ საგანი
დედამიწაზე, ჩვენს ახლო-მახლო,
ბასრი კალამი რასაც შეახო?“
და, აჰა, იპოვა ქართველი ერის ისტორია, - იუმორისტული ლექსით ნათქვამი; „ისტორიკოსებსაც დაუგო მახე“, მივეცი იჭვებს მათი ტრაბახიო და გმირული შემართებით გაგვანდო:
„ხელი მოვკლიდე „ქართლის ცხოვრებას“
და გაბედულად თავს ვაძლევ ნებას,
ის ჩემებურად „დავამუშაო“,
ვგონებ, არ დამრჩეს შრომა ამაო“.
საბა მეტრეველი, გაზეთი ”პრემიერი”, #45 (17 ივლისი - 23 ივლისი, 2014წელი)
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |