|
1921 წელს, საქართველოს ანექსიის შემდეგ, როდესაც ქვეყანა უღმერთობის ეპოქაში შევიდა, სახელმწიფოს ყველა უჯრედი (როგორც იტყოდნენ) ჩაება ანტირელიგიურ პროპაგანდაში. რა თქმა უნდა, თავისი სიტყვა უნდა ეთქვა მწერლობასაც. პერიოდულ პრესაში, ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მდარე ხარისხის, ყოველგვარ ესთეტიკურ კატეგორიას მოკლებული ანტირელიგიური ლირიკის ნიმუშები სეზან ერთაწმინდელის, კოლა გულიაშვილის, ღუტუ იაშვილის, კანდის, ოსიტას, ფირუზას, ა. ახნაზარის (ჩიორას), პ. ირეთელის, ი. ხინველის, სიმონ-აღას, ი. ხ.-ის, გრ. მ-იანის, მ. უზნაძის, გიორგი ღარიბაშვილისა... და მთავარი უღმერთო პოეტის _ ს. თოდრიასი. ეს მკრეხელური კამპანია, ძირითადად, ანტისააღდგომო თემატიკითა და მღვდლების გამასხარავება-გაპამპულავებით დაიწყო. ებრძოდნენ ღმერთს, რელიგიას. ბიბლია, მთლიანად ძველი და ახალი აღთქმა, გამონაგონ და მოჭორილ სამასხარაო ამბად გამოაცხადეს. სილიბისტრო თოდრია წერდა: 'ამ ძველ აღთქმაში კი რა გინდა სულო და გულო, რომ არ შეხვდები, _ დაწყებული პორნოგრაფიიდან და გათავებული ყოველგვარი სისაძაგლით!~ სძულდათ ეკლესია, განსაკუთრებული ზიზღი და სისასტიკე-დაუნდობლობა გამოსჭვივის სასულიერო პირების, მღვდლების, მიმართ. მათ ყველა დონეზე დასცინოდნენ, შეურაცხყოფდნენ, ათასგვარ სიბილწესა და სიბინძურეს სწამებდნენ, სასიკვდილოდ იმეტებდნენ ცხოვრებაშიც და იგივე გაისმოდა პოეზიაშიც. ტოტალური ანტირელიგიური ლირიკული კამპანიით გამოირჩეოდნენ პროლეტმწერლები, რადგან ისინი ამტკიცებდნენ, რომ 'პროლეტარული მწერლისთვის რელიგია _ მსოფლმხედველობა, რწმენა არ არის. არც ერთი პროლეტარული მწერალი არ არის მორწმუნე. წარმოუდგენელია, რომ რომელიმე მათგანს ღმერთი სწამდეს~. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ხელოვნება თავისი ბინძური იდეოლოგიის ნაწილად აქცია. ასე ჩაება მწერლობა აღვირახსნილ ანტირელიგიურ კამპანიაში. პროლეტმწერლობის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგს, ბ. ბუაჩიძეს, აღელვებდა მწერლობაში რელიგიური ლექსიკის გაელვებაც კი: 'რატომ უნდა გაახსენოს პროლეტარულმა პოეტმა ამ ფენებს, ოქტომბრის დახასიათების სახით, 'ურიასტანი, პონტოელი, იუდა, ოცდაათი ვერცხლი, სინედრიონი, ბარაბა~ და წარმოიდგინოს მთელი მუშათა მასა ჯვარცმულ ქრისტეთ. როგორ შეიძლება დასაშვები იყოს პროლეტარული პოეტის ლექსის სათაურათ 'სიკვდილითა-სიკვდილისა~... პოეტს ეს შეიძლება კონტრასტის ხერხად მიაჩნდეს, მაგრამ ასეთი კონტრასტები დაუშვებელი და შეუთავსებელია მუშის წარმოდგენისათვის. რელიგიური სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება მიჩნეული იყო 'ფორმალურ სისუსტედ და მხატვრული ალღოს განუვითარებლობად~. ასეთი მიდგომის გამო, რა თქმა უნდა, გაძლიერდა ანტირელგიური პროპაგანდა, რომელიც დაევალა მწერლობასაც, უფრო სწორად, ეს მისია იტვირთა პროლეტმწერლობამ: 'პროლეტარული მწერლისთვის რელიგია _ მსოფლმხედველობა, რწმენა არ არის. არცერთი პროლეტარული მწერალი არ არის მორწმუნე. წარმოუდგენელია, რომ რომელიმე მათგანს ღმერთი სწამდეს~, _ თავგამოდებით ამტკიცებდა ბენიტო ბუაჩიძე.
როგორც ვთქვით, 1930 წელს მუკ-მა საქართველოში თავისი პერიოდული ორგანოს გამოცემაც დაიწყო. ჟურნალს ერქვა 'მებრძოლი უღმერთო~, რომელიც სპეციალურად ყოველ კვირას გამოდიოდა (ამ ფორმითაც ებრძოდნენ მეშვიდე დღეს). ჟურნალის პასუხისმგებელი რედაქტორი სილიბისტრო თოდრია, ანტირელიგიურ თემაზე პასკვილების წერის გარდა, პოემებსაც თხზავდა. ერთ-ერთ მის 'შედევრს~ 'დაბადება, ანუ ბიბლია~ ერქვა. წიგნის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: 'ამ ძველ აღთქმაში... ღმერთი, რომელიც გამოყვანილია ყოვლის გამჩენად, ყოვლის შემძლეთ, იმავე დროს, შიგა და შიგ, პირდაპირ პამპულას როლს თამაშობს: ლაყბობს, სცრუობს, იჩენს სულმდაბლობას, სიმკაცრეს, მედიდურობას, უვიცობას და სხვა ისეთ ღირსებებს, რომელიც არ შეფერის უბრალო ფარისეველ მოხუცსაც კი~ (საქართველოს უღმერთოთა იდეური წინამძღოლი 1936 წელს გარდაიცვალა და კომუნისტებმა მთაწმინდის პანთეონში, მამა-დავითის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს(!). სხვათა შორის, მთაწმინდაზევე დაკრძალეს ფილიპე მახარაძე და მიხა ცხაკაია, თუმცა საბჭოთა სისტემის ნგრევის ბოლოს, ისინი იქიდან გადაასვენეს: ფილიპე მახარაძე _ ვაკის სასაფლაოზე, სილიბისტრო თოდრია და მიხა ცხაკაია _ კუკიაზე). წიგნი 78-გვერდიანი წიგნია, რომელიც 5000 ტირაჟით გამოვიდა და 50 კაპიკად იყიდებოდა. სამი წლის შემდეგ კი გაზეთი 'მებრძოლი უღმერთო~ მკითხველს ახარებდა: 'იბეჭდება და ამ დღეებში გამოვა ამხ. სილ. თოდრიას იუმორისტული წიგნი 'დაბადება, ანუ ბიბლია~ _ წიგნი 2, გამოცემა 2~. ს. თოდრიას 'ძველი და ახალი აღთქმანი~ სახელგამმა 1935 წელს გამოსცა. შესავალ წერილში პროლეტმწერლობის ცნობილი კრიტიკოსი შ. რადიანი წერდა: (რელიგიისა და ბიბლიის წინააღმდეგ ბრძოლაში) 'უდიდესი როლი ენიჭება მხატვრულ ლიტერატურასა და პოეზიას... საბჭოთა ქვეყნის ლიტერატურამაც, რასაკვირველია, აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს ანტირელიგიურ პროპაგანდაში. მხატვრული სიტყვა უნდა გახდეს შეურყეველი არგუმენტი ანტირელიგიურ მუშაობაში. სამწუხაროდ, დღემდე საბჭოთა მწერლები ძალზე მცირე ყურადღებას აქცევენ რელიგიის წინააღმდეგ მხატვრული სიტყვის საშუალებით ბრძოლას.
ახლა ისიც ვნახოთ, როგორია მხატვრული სიტყვის 'ოსტატის~ _ ს. თოდრიას ნაცოდვილარი:
'ახირებული წიგნია
ეს დაბადება, ანუ ბიბლია!
იქ დაწვრილებით აღწერილია:
ღმერთი, ადამი, მოსე, ილია
და სხვა მრავალნი,
ცაზე და ქვეყნად მფრინავ-მავალნი.
დასაჯერებლად თუმც არის ძნელი
იქ მოთხრობილი ამბავი ძველი,
მაინც შესწავლას მე შევუდექი~
თუმცა არა მწამს, _ ვახსენე ღმერთი!
გაზეთი 'მებრძოლი უღმერთო~ ბეჭდავს მ. უზნაძის ლექსს 'უღმერთკორებო!~: 'უღმერთკორებო, შემოკრბით ირგვლივ, / მახვილი კალმით შევძრათ მთა-ბარი / და კლასიურ მტრებს _ მღვდლებს და კულაკებს, / მჭიდრო რიგებით დავსცეთ თავ-ზარი~.
ჟურნალ 'მებრძოლ უღმერთოში~ დაიბეჭდა 'უღმერთოების სიმღერა~:
'ჩვენ არ გვწამს ქრისტე და მისი შობა,
არ გვწამს და არა, არ გვწამს და არა,
'წმინდა მამების~ მოგონილია:
ის არც შობილა და არც ამდგარა.
კმარა ცდუნება, კმარა ტყუება,
მძლე ოქტომბერმა მათ დაამწარა,
დღეს კი ასი წლის მოხუციც ამბობს:
'ის არც შობილა და არც აღმდგარა~.
წავიდა დრონი ბნელი ძალების,
გაჰქრა, არასდროს არ დაბრუნდება,
ხალხის სამონოდ გამოგონილი
სარწმუნოება ისპობა, კვდება~.
გაცილებით ადრე, 1923 წლის 4 იანვრის გაზეთი 'სპარტაკი~ აქვეყნებს ლექსს სათაურით 'უღმერთოების სიმღერა~, რომლის ავტორია ვინმე 'უღმერთო~:
'ჩვენთვის ერთია მოსე და ბუდა,
მაჰმადი, ქრისტე და ყველა სჯული,
რომლებმაც ხალხებს გზანი უმრუდა,
და სიბნელეთა უდევთ სარჩული.
ჩვენ მოგვაქვს სულ სხვა სარწმუნოება,
ამძივებული სინათლის მთებზე,
ჩვენი კერპია მეცნიერება, _
გადმოფენილი კომუნის ფრთებზე~
ჟურნალ 'მებრძოლ უღმერთოშივე~ დაიბეჭდა მ. უზნაძის 'ჩვენი ლაშქარი~:
'ოდებს მისტიურს
ვეკვეთეთ ისრით,
ნგრევის გუგუნი
ისმის ჩვენს ხმაში
და ახალ სიტყვებს
ნაპერწკლებრ ვისვრით
ცრუმორწმუნეთა აზროვნებაში!
არ არის ღმერთი!
არც წმინდანთ გვამი,
არც ანგელოზნი
თეთრი ფრთიანი,
არის ის, მხოლოდ
სინამდვილეში,
რასაც ჰქმნის და სჭედს
ადამიანი!
სამღვდელოება
ჩვენს მტკიცე რიგებს
ლოცვა-კურთხევით
ვერ დააძინებს:
თუ ძველ მორწმუნეთ
ბორკავდნენ ჯვრებით,
დღეს უღმერთოებს
რა შეაშინებს?!
საყდრის მაგივრად
ჩვენ ქარხნებს ვაგებთ,
შესცვალა ზარი
მწვავე სირენამ;
ლოცვების ნაცვლად
ხუთწლედის გმირებს
ჰიმნებს ულექსავს
ჩარხების ენა~.
საბა მეტრეველი, გაზეთი ”პრემიერი”, #44 (10 ივლისი -16 ივლისი, 2014წელი)
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |