ბუნებრივად დაისმის შეკითხვა: რა იყო ასეთი გაშმაგებისა და აღვირახსნილი კამპანიის მიზეზი? რაში უშლიდა ბოლშევიკურ იდეოლოგიას ხელს ყოვლისმომცველი სიყვარულის რელიგია, ქრისტიანული ეთიკა, მორალი და მარადიულ ფასეულობებზე ფიქრი. კომუნიზმი, ზოგადად, სიძულვილს ქადაგებდა, ყველგან მტრები ელანდებოდა და ის ვერ შეიწყნარებდა იმ მოძღვრებას, მტრის სიყვარულს რომ მოგვიწოდებს. გარდა ამისა, ქრისტიანობა პერსონიფიცირებული რელიგიაა, ის არა მასის, არამედ კონკრეტული ინდივიდის, ადამიანის სრულქმნისთვისაა მოწოდებული, საბჭოთა სისტემა ვერ ეგუებოდა, მისი იდეოლოგია ვერ დაუშვებდა პიროვნებად დაბადებას. მას მოზეიმე მასა, კოლექტივის წევრი სჭირდებოდა, მექანიკური არსება _ დიადი კომუნიზმის იდეით შეპყრობილი, პარტიის მადლობელი და მონა.
საგანგებოდ იწერებოდა ნაშრომები თემაზე კომუნიზმი და რელიგია. ჯერ კიდევ 1920 წელს ქუთაისში ქართულ ენაზე გამოსცეს ს. მინინის 'რელიგია და კომუნიზმი~. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ხდება თავისუფალ საქართველოში. ფაქტია, რომ დამოუკიდებელი მთავრობის პირობებში უკვე დაწყებულია ანტირელიგიური პროპაგანდა. მაშინ, როცა ეს ნაშრომი ითარგმნა და დაიბეჭდა, საქართველო არ იყო ანექსირებული რუსეთის მიერ, თუმცა არდამდგარი შედეგი ამ წიგნითაც ადვილად ვლინდება: 'კომუნიზმი ეს არის დაპყრობა სახელმწიფოს ძალაუფლებისა პროლეტარიატისაგან და მის მხარის დამჭერ რევოლუციონურ გლეხობისაგან კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით~. გარდა ამისა, წიგნში დასმულია შეკითხვა: 'სდევნის კომუნიზმი რწმენის თავისუფლებას თუ არა? _ არა, არ სდევნის! _ გვამშვიდებდა წიგნის ავტორი. ს. მინინის აზრით, ამბობენ, კომუნისტები სულ ამქვეყანაზე ფიქრობენ და აზროვნებენ, ზეცა კი დაავიწყდათო... ჩვენ უამისოთაც ცაზე ვცხოვრობთ~, _ ასეთი ირონიული იყო პასუხიც. 'კომუნიზმი და რელიგია ერთი მეორის მოწინააღმდეგე იდეებია. კომუნიზმი ნიშნავს განათლებას, რელიგია _ სიბნელეს; კომუნიზმი ნიშნავს განთავისუფლებას, რელიგია _ დამორჩილებას~, _ წერდა გაზეთი 'სპარტაკი~.
სისხლიან 1937 წელს დაიბეჭდა ე. იაროსლავსკის 'კომუნიზმი და რელიგია~, რომელშიც საბჭოთა კავშირის მთავარი უღმერთო ასე მსჯელობს: 'ყველა რელიგიური ორგანიზაციის მოძღვრება საზოგადოების შესახებ ეწინააღმდეგება კომუნიზმს. ყოველგვარი რელიგია ადამიანებს უნერგავს აზრს, თითქოს სადღაც არსებობს ღმერთი, რომელიც ვითომ განაგებს ადამიანთა ბედს და მთელ მსოფლიოს ბედ-იღბალს... ღმერთი თავადების, ბატონების უმაღლესი წარმომადგენელია... ღვთის სახელით ეკლესია მიუწოდებს (ადამიანებს. _ ს.მ.) მოთმინებისაკენ, ექსპლოატატორებისადმი დამორჩილებისაკენ. ეკლესია დასტურს აძლევს ქალთა უთანასწორობასა და დამონებას~.
როგორც ვხედავთ, რელიგია გაბატონებული კლასების იდეოლოგიად გამოცხადდა, კაპიტალიზმის დასაყრდენად: 'კაპიტალიზმის ყველაზე ცხოველ ნაშთს ადამიანის შეგნებაში რელიგია წარმოადგენს. რელიგიური ნაშთების დაძლევა მოითხოვს დაჟინებულ და სისტემურ ანტირელიგიურ პროპაგანდას, აგიტაციას, მოსახლეობაში დიდი აღმზრედელობითი მუშაობის გაშლას~. განსხვავებული მიდგომა აქვს თეიმურაზ ფანჯიკიძეს. მისი აზრით, 'კითხვაზე, თუ რატომ დევნიდა კომუნისტური იდეოლოგია ეკლესიას, რატომ ვერ იგუა მან რელიგია, პასუხი ნათელია _ მათი შერიგება არასგზით არ შეიძლებოდა, რადგან კომუნისტური მოძღვრება, როგორც ითქვა, თვითონ მოგვევლინა რელიგიის როლში და მას, ცხადია, სხვა რელიგიის აღიარება არ შეეძლო. ხოლო საკუთარი შეხედულებების გასავრცელებლად და დასანერგად სხვა რწმენის განადგურება იყო საჭირო~. იყო მცდელობა კომუნიზმისა და რელიგიის მორიგებისა. შვეციის კომუნისტური პარტიის წევრმა, ხეგლუნდმა, სცადა ეს შერიგება, მაგრამ მაშინვე თავს დაესხნენ საბჭოთა კომუნისტები, მაშინვე უწოდეს მოღალატე (როგორც ჩვეოდათ), რომელმაც 'უღალატა პროლეტარულ დროშას და გადავიდა კომუნიზმის მოღალატეთა ბანაკში~.
კარლ მარქსი წერდა: 'რელიგია რეალური სამყაროს რეფლექსია. ის ბანგია, რომლითაც გაბატონებული კლასები სწამლავდნენ ხალხის შეგნებას~. მისი ეს დებულება ასე გაახმიანა ლენინმა: 'თანამედროვე რელიგია და ეკლესია ბურჟუაზიული რეაქციის ორგანოა, რომელიც მუშათა კლასის ექსპლოატაციას ემსახურება~. როდესაც ასეთია სახელმწიფოს პოლიტიკა, მაშინ ყველაფერი კეთდება ბელადთა 'შეგონებების~ ხორცშესხმისთვის. ამიტომაც, აღარაა გასაკვირი საბჭოეთში გაჟღერებული ეს დასკვნები: 'ეკლესია ყოველთვის და ყოველმხრივ ამართლებდა ადამიანთა ჩაგვრას და ექსპლოატაციას~; 'მარქსი გვასწავლის, რომ რელიგია მხოლოდ მოჩვენებითი მზეა, რომელიც ადამიანის გარშემო მოძრაობს მანამდე, სანამ იგი თავის თავის გარშემო დაიწყებდეს მოძრაობას; ყველა რელიგია მიბაძვა და პლაგიატია წინანდელი რელიგიისა~.
რით არის უარყოფითი რელიგია და რისთვის ვებრძვით მას? _ ასეთი შეკითხვა დასვა გაზეთმა 'სპარტაკმა~ 1924 წლის 6 იანვრის (#69) ნომერში და ასე უპასუხა: 'რელიგია კლასობრივი ჩაგვრის იარაღია... ფეოდალები ამაგრებდნენ თავის ბატონობას სარწმუნოებით~. ამ თემაზე ფიქრს ვერ ამთავრებს გაზეთი და 25 აპრილის 88-ე ნომერში ბეჭდავს ემელიანე იაროსლავსკის ასეთ სიტყვებს: 'რელიგია არის სულიერი ჩაგვრის ერთი სახეთაგანი, რომელიც შედეგია მდაბიო ხალხის უიმედობისა, რომელთაც სული ამოსდით მუდმივათ სხვის მორჩილებაში და სამსახურში (ლენინი). ჩვენ, მისი (ლენინის. _ ს.მ.) მოწაფეები... ვიქადაგებთ მებრძოლ მატერიალიზმს, ერთ-ერთ აუცილებელ გამოხატულებათაგანს, რომელიც არის ათეიზმი _ უღმერთობა~.
კიდევ ერთი დეტალიც: როდესაც იური გაგარინი 1961 წლის 12 აპრილს მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში, კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით 'ვოსტოკ-1~, მიწაზე დაბრუნებისთანავე განაცხადა: ღმერთი არ არსებობს, რადგან იგი ზეცაში არ მინახავსო. მეორე ვერსიით, ამ სიტყვებს ნიკიტა ხრუშოვს მიაწერენ, გაგარინმა ასე თქვაო. ფაქტი ერთია, ათეისტურ საბჭოთა კავშირში ადამიანის პირველი გაფრენა კოსმოსში ღმერთის არარსებობის სამხილად გამოიყენეს, გახარებულებმა განაცხადეს: 'ღმერთის საბრძანებელი დაპყრობილია!~
აღვირახსნილმა ანტირელიგიურმა პროპაგანდამ თავისი შედეგები გამოიღო. 1931 წელს საქართველოს მასშტაბით უღმერთოების რიცხვმა 75 ათასს გადააჭარბა. 1937 წელს საბჭოთა კავშირში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები კი თავზარდამცემი აღმოჩნდა ბოლშევიკებისთვის. წერა-კითხვის უცოდინართა შორის გამოკითხული 30 მილიონი მოქალაქიდან 84 პროცენტი მორწმუნე აღმოჩნდა, ხოლო 68,5 მილიონ განათლებულ მოქალაქეში ღმერთის არსებობის 45 პროცენტს სჯეროდა. ამის გამო, რელიგიის წინააღმდეგ კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა. სწორედ 1937 წლის შემდეგ დაიწყო მებრძოლ უღმერთოთა კავშირის ზრდა. ტოტალური რეპრესიების პერიოდში მორწმუნეთა და სასულიერო პირთა დაპატიმრებებმა საყოველთაო ხასიათი მიიღო. ხალხი ისე იყო დაშინებული, რომ 1938 წლის აღდგომის ღამეს სიონის ტაძარში მლოცველთა რაოდენობა 100 კაცს არ აღემატებოდა. 1938 წელს საქართველოში უღმერთოთა რიცხვი 150 ათასამდე გაიზარდა. ყველაზე დიდი რაოდენობა კი 1940 წელს დაფიქსირდა. ამ წელს საქართველოში თითქმის ყოველი მე-20 უღმერთო იყო. 'უღმერთოების მანდატს~ 202 ათასზე მეტი ადამიანი ატარებდა.
1932 წლიდან გამოვიდა გაზეთი 'მებრძოლი უღმერთო~, რომელიც საქართველოს მუკ-ის ცენტრალური და 'ტფილისის საბჭოების დეკადური ორგანო~ იყო. გაზეთის დევიზი ზუსტად ასახავდა შექმნილ რეალობასა და პარტიის პოლიტიკას: 'რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა _ სოციალიზმისთვის ბრძოლაა!~ ბოლშევიკების მთავარი იდეური ბელადი, ლენინი, ბევრს წერდა 'რელიგიის ექსპლოატატორული როლის~ შესახებ და სახავდა მისი საბოლოოდ აღმოფხვრის გზებს: 'უნდა შეგვეძლოს რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს ბრძოლა უნდა დაუკავშირდეს კლასობრივი მოძრაობის კონკრეტულ პრაქტიკას, რომელიც მიმართულია რელიგიის სოციალური ფესვების აღმოფხვრისათვის~. ლენინის ეს გეზი საბოლოოდ განავითარა და დაასრულა მეორე დიქტატორმა _ სტალინმა: 'ყველა რელიგია მეცნიერების საწინააღმდეგო მოვლენაა~. ამდენად, გაჩაღდა აღვირახსნილი აგიტაცია-პროპაგანდა. ამისი საუკეთესო მაგალითი იყო მებრძოლ უღმერთოთა კავშირისა და ნორჩი მებრძოლი უღმერთოების გაერთიანების ჩამოყალიბება და მათი სტრატეგიული გეგმების განხორციელება. 1933 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარი ე. ბედია და საქართველოს მუკ-ის თავმჯდომარე გრ. გოგიბერიძე მოუწოდებენ 'საქართველოს ყველა მეცნიერულ ძალებს, მიიღონ უფართოესი მონაწილეობა ყოველდღიურ ანტირელიგიურ მუშაობაში; ხელი შეუწყოთ ადგილებზე ანტირელიგიური უჯრედების ჩამოყალიბებას; მოაწყოთ სეზონური ანტირელიგიური კამპანიები; ჩაატაროთ პოპულარული ანტირელიგიური საუბრები გლეხთა და მუშათა შორის~ _ ასე რომ, პარტიული დავალება ინტელიგენციას უკვე მიღებული ჰქონდა.
ანტირელიგიურმა მუშაობამ მოიცვა ყველაფერი _ სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, ფაბრიკა-ქარხანა, სასოფლო კლუბი და კოლექტივი. ნელ-ნელა იხვეწებოდა და მუშავდებოდა ანტირელიგიური პროპაგანდის მეთოდიკა. რას აღარ გადასწვდა ათეისტური კამპანია. მან მოიცვა ცხოვრების ყველა სფერო და უბანი, შეაღწია ყოველ უჯრედში (როგორც თავად ამბობდნენ):
ანტირელიგიური მუშაობა კოლმეურნეობებში;
ანტირელიგიური აღზრდა ქიმიის სწავლებაში;
ანტირელიგიური პროპაგანდა ბიბლიოთეკაში;
ანტირელიგიური პროპაგანდა ქოხ-სამკითხველოში
ანტირელიგიური აღზრდა საშუალო სკოლაში;
1930 წელს ჟურნალი 'საქართველოს უღმერთო~ ახალ დევიზს აცხადებს: 'ვებრძოლოთ მთავარ საფრთხეს _ იმათ, ვინც ანტირელიგიური მუშაობის მნიშვნელობას ვერ აფასებს~. ეს უკვე ნიშნავდა ბრძოლის გამოცხადებას იმათ წინააღმდეგ, ვინც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და არ ერეოდა ამ მკრეხელობაში.
მებრძოლი უღმერთოები ითხოვენ ანტირელიგიურ სასწავლებლებს. შეშფოთებული საუბრობდა დ. ორაგველიძე: 'ჩვენ ანტირელიგიური სასწავლებლები არა გვაქვს, არც ანტირელიგიური კურსები გვქონდა, წრეები გახსნისთანავე წყვეტენ მუშაობას... თვით ცენტრალურ საბჭოშიაც არ არიან ანტირელიგიური კვალიფიკაციის მუშაკები... 10 წლის განმავლობაში არა მარტო ეკლესიები უნდა გავაუქმოთ, არამედ უნდა აღმოვფხვრათ ყოველგვარი რელიგიური ნაშთები~. გავა დრო და დავინახავთ, რომ ეს ოცნება ოცნებადვე დარჩა!
საბა მეტრეველი, გაზეთი ”პრემიერი”, #42 (26 ივნისი-2 ივლისი, 2014წელი)