მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში ბოლშევიკებმა ანტირელიგიური ხუთწლედი გამოაცხადეს. ამ გეგმის მიხედვით, 1937 წლისთვის საბჭოთა კავშირი მთლიანად უღმერთო ქვეყნად უნდა გადაქცეულიყო:
1933 წელს დაიკეტებოდა ყველა მოქმედი ეკლესია;
1934 წელს უნდა აღმოფხვრილიყო ყველა რელიგიური ტრადიცია;
1935 წელს გაჩაღდებოდა ტოტალური ანტირელიგიური პროპაგანდა;
1936 წელს ქვეყანაში არ უნდა დარჩენილიყო არც ერთი სასულიერო პირი;
1937 წელს კი საბჭოთა კავშირს რელიგიაზე გამარჯვება უნდა ეზეიმა.
გაზეთი 'კომუნისტი~ 1937 წელს გაცხადებული სიძულვილით წერდა: 'რელიგია მშრომელთა სულიერი დამონებისა და დაბეჩავების ერთ-ერთი უსაზიზღრესი სახეა. ექსპლუატატორული კლასების ხელში იგი მშრომელი გონების დახშობის იარაღს წარმოადგენს~.
პარტია მოითხოვდა რელიგიის წინააღმდეგ შეუნელებელ და აქტიურ იდეურ ბრძოლას, თუმცა იდეური ხშირად ადმინისტრაციულსაც მოიცავდა. გაძლიერდა ათეისტური პროპაგანდა. ჯერ კიდევ 1929 წელს სკკპ (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო სპეციალური დადგენილება 'რელიგიასთან ბრძოლის დარგში პარტიული ხაზის დამახინჯების დაუშვებლობის შესახებ~; 1944 წლის ოქტომბერში სკკპ ცკ-მა მიიღო დადგენილება 'სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროპაგანდის მოწყობის შესახებ~; დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ კი მიიღეს გადაწყვეტილებანი, რომლებიც მიზნად ისახავდა რელიგიური იდეოლოგიის ყველა გამოვლენის სრულ აღმოფხვრას;
1954 წელს სკკპ ცკ-მა ორჯერ მიიღო დადგენილება მეცნიერულ-ათეისტური პროპაგანდის საკითხებზე; 'რელიგიის წინააღმდეგ პარტიის იდეური ბრძოლის ახალი, მეოთხე და საბოლოო პერიოდის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენი ქვეყნის შესვლა კომუნიზმის გაშლილი მშენებლობის პერიოდში, როდესაც პარტიის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს პიროვნების განთავისუფლება წარსული მავნე გადმონაშთებისგან, მათ შორის, რელიგიური ცრურწმენებისგან, ყოველმხრივ განვითარებული ადამიანის აღზრდა~, _ ასეთი იყო გაცხადებული სურვილი.
ანტირელიგიური კამპანიისა და პროპაგანდის სერიოზული საფიქრალ-სადარდელი გახდა დიდ საეკლესიო დღესასწაულებთან ბრძოლა. ამ მხრივ, განსაკუთრებულად გაიშალა ანტისაშობაო-სააღდგომო კამპანია. სანამ შობის დღესასწაულის საწინააღმდეგო ღონისძიებების მოწყობა დაიწყებოდა, მანამ თეორიული ნიადაგი შეამზადეს და ასე დასვეს შეკითხვა: ვინ იყო იესო ქრისტე? არსებობს თუ არა ღმერთი? შორს წაგვიყვანს იმ ბინძური კამპანიის სრულად გაშუქება, რაც ამ შეშლილ ეპოქაში ხდებოდა, თუმცა ზოგადი წარმოდგენისთვის რამდენიმე დამახასიათებელ ტიპობრივ პასუხებს მოვიხმობთ:
'ყოველმხრივ განვითარებული ადამიანის აღზრდა გულისხმობს ძველი საზოგადოების გადმონაშთებისაგან, მათ შორის რელიგიური ცრურწმენისაგან ადამიანის შეგნების გათავისუფლებას. ისტორიულმა მეცნიერებამ ურღვევი ფაქტებით ნათელყო, რომ იესო ქრისტე ნამდვილად არასდროს ყოფილა რეალური ადამიანი, ისტორიული ფიგურა, მით უფრო, ხორცშესხმული ღვთაება... ქრისტე მითიური პირია, რომელიც არასდროს არ ცხოვრობდა~.
'მეცნიერებამ დაასაბუთა, რომ ლეგენდარული ქრისტეს შესაქმნელად გამოყენებული იყო მითები (ზღაპრები) და თქმულებები. ცნობილია, რომ საქართველოში შობის დღესასწაულს ყველა ოჯახში ღორის დაკვლით ეგებებოდნენ. ეს იმით უნდა აიხსნას, რომ აქ საქმე გვაქვს მითრაიზმის გადმონაშთთან. ქრისტიანობის წარმოშობამდე 25 დეკემბერი იყო დღესასწაული მითრას შობისა. ღორი კი მითრას წმინდა ცხოველად ითვლებოდა და დაკავშირებული იყო მითრას კულტთან~.
საბჭოეთში ქრისტეს შობის მთავარი მტერი ნ. რუმიანცევი დაბეჯითებით გვარწმუნებდა: 'იესო ქრისტეს, როგორც ისტორიულ მოღვაწეს, არასდროს არ უარსებია~.
1933 წელს დაიბეჭდა ს. შახოვის 'შობა და მისი კლასიური როლი~, რომელიც მეთოდური სახელმძღვანელოა იმისა, როგორ უნდა ესმოდეს შობის მნიშვნელობა პროლეტარიატს, რომ 'მშვიდობის, მიტევებისა და მოყვასისადმი სიყვარულის სარწმუნოებრივი პროპაგანდა, რომელიც ქვეყნის მხსნელის შესახებ სახარებაშია მოთხრობილი ზღაპრის მთავარ შინაარსს წარმოადგენს, საშუალებაა იმისათვის, რომ შეასუსტოს მუშათა კლასისა და მშრომელი გლეხობის აქტიობა კლასობრივ ბრძოლაში, შეარბილოს, მიაფუჩეჩოს მათი კლასობრივი მტრისადმი შეურიგებლობა~. აქვე დასკვნის სახით ნათქვამია, რომ მრავალრიცხოვანი სწავლულების გულდასმით ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაამტკიცეს, რომ არ არსებულა არავითარი ისტორიული პიროვნება ქრისტეს სახელით.
თუ მათი ეს აქსიომები გაზიარებული იქნებოდა ფართო მასების მიერ (როგორც თავად ამბობდნენ), მაშინ ადვილი გახდებოდა ანტირელიგიურ პროპაგანდასთან ერთად ანტირელიგიური კამპანიის წარმოებაც. 1922 წლის გაზეთი 'კომუნისტი~ წერდა, რომ რელიგია ერთი დიდი ბოროტებათაგანია, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა მთელი სიმკაცრით უნდა წარმოებდესო. ამ ბრძოლის ერთ-ერთი სახეობა გახდა კომკავშირული შობა. თავის დროზე გაზეთ 'პრავდაში~ კარგად განიმარტა ამხანაგ სტეპანოვის მიერ კომკავშირული შობის არსი, დანიშნულება და მიზანი. ამიტომ, საქართველოშიც დაიწყო კომკავშირული შობის ნამდვილი ბუმი. 1924 წელს საქართველოს ახალგაზრდა კომკავშირის ცეკას გამომცემლობამ დაბეჭდა 'კომკავშირის მეორე შობა~, რომელშიც ამ ანტირელიგიური ბრძოლის დადებით მეთოდებზე აპელირებით გვამცნობდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება, კომუნისტური პარტია უარყოფს ყოველგვარ სარწმუნოებას, რადგან რელიგია და კომუნიზმი სრულიად მოწინააღმდეგე მოძღვრებაა. პირველი დამყარებულია სიყალბეზე, ცრუმორწმუნეობაზე, ფანტაზიაზე, მეორე კი _ ცხოვრების უმწიკვლო სიმართლეა, მართლრწმენაა მშრომელი ხალხის და აშკარა სინამდვილეა. ამიტომ იყო, რომ 1923 წლის დეკემბრიდან კომკავშირის ენერგიული მონაწილეობით დაიწყო ბრძოლა რელიგიის წინააღმდეგ, როგორც თავად წერდნენ: 'თავხედმა~ ახალგაზრდობამ გაილაშქრა იმ მავნე და საშიში ვეშაპის წინააღმდეგ, რომელსაც სარწმუნოება ეწოდება. უკეთ: გასულ წელს დაუმორჩილებელმა ატეისტურმა, ზეციერ და მიწიერ მამათა წინააღმდეგ ამხედრებულმა ახალგაზრდობამ ომი გამოუცხადა სარწმუნოებას, დაიწყო მის წინააღმდეგ აგიტაცია~.
'პირველად სწორედ 1923 წელს მოეწყო კომკავშირის შობა. ჩვენ გამოვედით ქუჩებზე დარაზმული და სიკვდილის ჰიმნი უგალობეთ დაავადებულ რელიგიას... ჩვენ ვაწარმოებდით გააფთრებულ აგიტაციას ეკლესიების დასახურავათ, ე.წ. წმინდანთა ნეშთების გამოსამზეურებლად და სხვას... ჩვენ ვამზადებთ სარწმუნოებრივ ფანატიკოსების წინააღმდეგ მეცნიერულ 'ფანატიკოსებს~, მივდივართ ნელა, მაგრამ გზადაგზა ვამსხვრევთ სარწმუნოების ციხე-სიმაგრეებს საბოლოოთ და ერთიანად... დავღრღნათ ახალგაზრდა კბილებით მეცნიერების სალი კლდე, გავხდეთ დარწმუნებული ატეისტები~.
ასეთი პროპაგანდისა და მუქარის ფონზე მიმდინარეობდა ანტისაშობაო კამპანია. გაისმოდა თავბრუდამხვევი ანტირელიგიური ლოზუნგები, ქვეყანა შეშლილ უღმერთოთა ნავსაყუდელს ემსგავსებოდა. გაზეთი 'სპარტაკი~ აცხადებდა: 'ჩვენ ვმართავთ კომკავშირის შობას, რათა ამ დღეს ავუხსნათ ყველას, რომ შობა ქრისტიანებს არ ეკუთნით, ის კერპთაყვანისმცემლების გამოგონილია და ამიტომ ზურგი უნდა შეაქციოთ. ქრისტეს შობის დღესასწაული _ ეს კერპთაყვანისმცემლობის პირდაპირი ნაშთია~.
1924 წლის 1-ლი იანვრის 'სპარტაკში~ ასეთი მოწოდება დაიბეჭდა: '7 იანვარს (ძვ. სტილით 25 დეკემბერს) კომკავშირმა მეორე იერიში უნდა მიიტანოს ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ. კომკავშირის შობამ უნდა შეარყიოს რელიგიის საფუძვლები. ამხანაგებო, ემზადეთ ამ დღისთვის!~ შობის წინა დღეს კი გაზეთმა ასე მიმართა მკითხველს: 'ქრისტეს შობას ჩვენ ვუპირდაპირებთ კომკავშირის შობას, ცრუმორწმუნეობას _ მეცნიერებას, ზღაპარს _ სინამდვილეს, სახარების ბოდვას _ ბუნებისმეტყველებას. არა ღმერთმა შექმნა ადამიანი, არამედ ადამიანმა შექმნა ღმერთი. ჩვენ უნდა შევძლოთ რელიგიის ძირბუდიანად აღმოფხვრა. ეს კი შესაძლებელია მეცნიერების შესწავლით, რომელიც დაგვარწმუნებს, თუ საიდან წარმოიშვა მსოფლიო~.
1928 წლის 26 დეკემბრის გაზეთ 'კომუნისტში~ დ. ორაგველიძე გვთავაზობს თეზისებს, როგორ ვებრძოლოთ საეკლესიო უქმეებს: 'ძირს შობა, გაუმარჯოს ტრადიციულ ახალ წელს; ალკოგოლი და რელიგია ორივე უსაშინლესი მტერია მუშათა კლასისა; აიკრძალოს ავანსების გაცემა დაწესებულებებში უქმეების წინ; ბრძოლა 'შობის ხის~ წინააღმდეგ; სასკოლო არდადეგები გადავიტანოთ 20 იანვრისთვის, რათა დღესასწაულის დროს არ გაიშვას მოსწავლეები; გააქტიურდეს უღმერთოთა უჯრედების დაარსება და მუშაობა~.
ანტისაშობაო განწყობა გადავიდა პოეზიაშიც. ანტირელიგიური ლექსების შეთხზვით ცნობილმა სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილმა, რომელიც ფსევდონიმით 'დ-ა~ ბეჭდავდა, გაზეთ 'სპარტაკში~ ლექსიც კი გამოაქვეყნა:
ასეთი იყო ანტისაშობაო პოლიტიკის ფორმები და შედეგები.
საბა მეტრეველი, გაზეთი ”პრემიერი”, (19-25 ივნისი, 2014წელი)