|
ჩემი რესპონდენტი 27 წლის გურამ შეროზიაა. პროფესიით ეკონომისტია, თუმცა არ არსებობს პროფესია, სადაც ძალები არ ჰქონდეს მოსინჯული და რაც მთავარია, ყველაფერი გამოსდის. მოკლედ, ბევრი ქება-დიდება, რომ არ გამომივიდეს, სჯობს, ინტერვიუ წაიკითხოთ და თავად განსაჯოთ.
სათამაშოების გარეშე განვლილი ბავშვობა
გურამი დედისერთაა, თუმცა მიუხედავად ამისა, დედიკოს ბიჭი არასოდეს ყოფილა. ბავშვობაში არ უყვარდა და არ ჰქონია სათამაშო. ერთობოდა როგორც დიდი, თამაშობდა ჭადრაკს, მღეროდა, კითხულობდა წიგნებს. იყო დამჯერი, თუმცა, როგორც ყველა დედისერთა - განებივრებული. მიუხედავად ამისა, ჭირვეულობა მის ხასიათში არ ჯდებოდა. დამოუკიდებლობისკენ სრაფვა ბავშვობიდანვე ჰქონდა, ამიტომაც როგორც კი 17 წლის გახდა, ერთ მშვენიერ დღეს ჩემოდნები ჩაალაგა და გადაწყვიტა, მეგობართან ერთად, ნაქირავებ ბინაში დაედო ბუდე. სტიპენდიასთან ერთად, ჰქონდა პატარა სამსახური და თვეში ოთხას ლარს შოულობდა, რითაც თავი გაჰქონდა. “მიმაჩნია, რომ იმ პერიოდში ეს საკმარისი თანხა იყო იმისთვის, რომ თავი მერჩინა, მაგრამ მე არასოდეს დავკმაყოფილვებულვარ იმით, რაც მქონდა და ამიტომაც მივიწევდი წინ, უფრო დიდი მწვერვალების დასაპყრობად”. ჯერ ყველა მწვერვალი არ აქვს დაპყრობილი, თუმცა მოასწრო და დაიპყრო რამდენიმე გოგონას გული, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, გარკვეულ პერიოდებში უყვარდა. “ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობდი, ერთად ვიყავით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გვინდოდა ერთად ყოფნა, მაგრამ როცა გავაცნობიერეთ, რომ რაღაც ისე ვერ იყო და სიყვარული გაქრა, ცივილიზებულად დავშორდით ერთმანეთს”. დღეს მისი გული თავისუფალია და ბატონი გურამი სოციალური ქსელის დახმარებით ცდილობს სატრფოს შერჩევას. “მართლა დავდე პოსტი და ვთქვი, რომ შანსი ყველას ჰქონდა, თუმცა ეს იყო იუმორნარევი განაცხადი, რაც ბევრმა სერიოზულად მიიღო და პირად წერილებში ფოტოებსაც მიგზავნიდნენ”.
ტელეწამყვანობა მის კარიერაში მოულოდნელად მოვიდა. ტელეკომპანია “იმედში” სტუმრის სტატუსით მიიწვიეს და შემდეგ წამყვანად დატოვეს. თუმცა ახალი სეზონიდან მაყურებელი მას, გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ იხილავს.
- ახალი სეზონიდან, “იმედში” არ გამოჩნდები, რატომ?
- ახალი სეზონიდან “იმედის დილაში” განხორციელდა ცვლილებები და, შესაბამისად, მეც ვქრები ეთერიდან, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, შემდეგ რა იქნება, არ ვიცი.
- რა შეცვალა შენს დღის განრიგში იმან, რომ არ ხარ ტელეწამყვანი?
- პრინციპში, “იმედის დილაში” რომ ვიყავი, მაგან უფრო ბევრი რამე შეცვალა, რადგან მიწევდა დილით ადრე ადგომა და ამასთანავე, წინა ღამის გათენება, რათა ეთერში მომზადებული ვმჯდარიყავი, შესაბამისად, მიწევდა გამოუძინებელს ყოფნა.
- გარდა, “იმედის დილასა”, ვიცი, რომ კიდევ ბევრი სამსახური გაქვს...
- კი, ასეა. ლექციებს ვკითხულიბ ილიას უნივერსიტეტში. ასევე, ვარ ერთ-ერთი კომპანიის კომერციული დირექტორი და თან მაქვს ჩემი პატარა ბიზნესი, რომელსაც, სამწუხაროდ, ცოტა ნაკლებ დროს ვუთმობ.
“არ უარვყოფ, ჩემი სტუდენტი მომწონებია”
მიაჩნია, რომ მკაცრი ლექტორი არ არის, უბრალოდ, სამართლიანია და ლამაზი თვალების გამო ქულებს არავის უწერს. აქვს განსაზღვრული წესები, არასოდეს ეფლირტავება სტუდენტებს, რადგან ფიქრობს, რომ ისედაც ბევრი ლამაზი გოგო დადის თბილისში.
- როგორი ლექტორი ხარ?
- კარგი ლექტორი ვარ. არ მერიდება ამის თქმა. ვარ მეგობრული სტუდენტებთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქულებს მარტივად ვწერ. ყველას რომ დავუწერო ქულა, ამით შეურაცხყოფას მივაყენებ იმათ, ვინც სწავლობენ.
- ლამაზი თვალების გამო არასოდეს დაგიწერია ქულა?
- არა, ლამაზი თვალების გამო არასოდეს დამიწერია ქულა.
- აბა, რის გამო დაგიწერია?
- იმის გამო, რომ კარგად უსწავლიათ.
- გარდა მაგისა?
- დამიწერია მონდომების გამოც. არის ხალხი, რომელიც ვერ ასწრებს სიარულს, მაგრამ ბოლო თვეში ცდილობს, ამოქაჩოს. ასეთ დროს ვწერ ხოლმე, მაგრამ ვინც ბოლო დღეს ტირილით მოდის, იმას ქულებს არ ვჩუქნი.
- სტუდენტები არ გეფლირტავებიან?
- ამ თემაზე არ ვსაუბრობ ხოლმე და ახლაც არ დავარღვევ ჩემს დუმილს.
- შენ?
- შემიძლია ხმამაღლა გითხრა, რომ არასდროს არ ვეფლირტავები სტუდენტებს.
- რატომ, ილიას უნივერსიტეტში ძალიან ბევრი ლამაზი გოგო სწავლობს, დავიჯერო, არასოდეს არც ერთი მათგანი არ მოგწონებია?
- ნამდვილად, ძალიან ბევრი ლამაზი, ჭკვიანი და ყველანაირი ღირსებით დაჯილდოებული გოგო სწავლობს, თუმცა არის ერთგვარი პროფესიული ვალდებულება, რომ არ გადაუხვიო ზღვარს. არანაკლებ ლამაზი გოგო ცხოვრობს თბილისში. თუმცა ეს იმას, არ ნიშნავს, რომ, თუ ოდესღაც ჩემი სტუდენტი ყოფილა, წლების მერე ტაბუდადებული იყოს მასთან ურთიერთობა.
- რატომღაც მგონია, რომ ახლა მატყუებ.
- გეგონოს, არ ვაპირებ თავის მართლებას.
- იცი, რატომ გეუბნები, ყველანი ადამიანები ვართ და რაღაც მომენტში ლამაზ ქალს რომ დაინახავ, ვერ დავიჯერებ, რომ არ მოგეწონება.
- დამინახავს და არ უარვყოფ, რომ მომწონებია კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერე რამე გაგრძელებულა.
- მკაცრი ხარ, მგონი.
- არ ვარ მკაცრი, ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებ კარგად...
ინტერვიუს დროს გურამმა მითხრა, რომ არასოდეს საუბრობს პირად ცხოვრებასა და ინტიმურ დეტალებზე ხმამაღლა. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვაპირებდი, მისთვის ეს კითხვები დამესვა, მაგრამ, რადგან წინააღმდეგობას მიწევდა და თან ხაზგასმით ამბობდა, რომ პირადზე სიტყვა არ წამოსცდებოდა, ჟურნალისტურმა ჟინმა მძლია, ამელაპარაკებინა.
- გურამ, მოდი იმაზე ვისაუბროთ, რაზეც არ საუბრობ. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერს წერ გულახდილად და შენი ცხოვრების დეტალები ყველამ იცის, მაინც მგონია, რომ ბევრ რამეს მალავ.
- იმაზე, როგორ უნდა ვისაუბროთ, რაზეც არ ვსაუბრობ?
- მოდი, მითხარი, პირველად როდის შეგიყვარდა?
- პირველად, რომ შემიყვარდა, მეექვსე კლასში ვიყავი და აქედან დავიწყვე საკუთარ თავზე ზრუნვაც. თუ ადრე არ მაინტერესებდა, რას ვიცვამდი და როგორ გამოვიყურებოდი, მას შემდეგ, რაც ვიგრძენი, რომ ვიღაც მომწონდა, საკუთარ გარეგნობას მეტ დროს ვუთმობდი, თუმცა ეს არ იყო ჩემი რადიკალური შეცვლა, რადიკალური ცვლილება ჩემში 17 წლის ასაკში მოხდა.
- პირველად როდის აკოცე?
- მერვე კლასში ვიყავი.
- რა ემოცია დაგეუფლა?
- ვიფიქრე, რომ ეს ის არ იყო, რაც მე მეგონა. რაღაცნაირად კარგი და ლამაზი იყო, რადგან მეხსიერებაში დღემდე შემომრჩა აბსოლუტურად ყველა დეტალი.
- პირველად, როდის იყავი ქალთან?
- ოოო, ეს იყო მაშინ, როცა 17 წლის ვიყავი და... მორჩა დანარჩენს არ გეტყვი.
- არც ამდენის თქმას არ აპირებდი...
მოხატული საკანი და ქუჩაში გატარებული თავისუფლების ღამე
- მოგზაურობა მისი სუსტი წერტილია და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, მიდის ყველგან, სადაც კი შეიძლება ადამიანმა ფეხი დაადგას. ათვალიერებს ქალაქებს, იცნობს ბევრ ადამიანს და ტკბება თავისუფლებით, არც ღია სასიყვარული ურთიერთობებს ერიდება, მაგრამ როცა სამშობლოში ბრუნდება, გული სწყდება ყველა იმ ქალზე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში დატოვა. ყველა სტილის ქალი მოსწონს, მაგრამ განსაკუთრებით ლათინური სტილის ქალებს ანიჭებს, უპირატესობას, რადგან ჰგონია, რომ მათ ვანილისა და შოკოლადის სუნი აქვთ. “ყოველ ჯერზე მგონია, რომ შევიგრძნობ ვანილისა და შოკოლადის გემოს, თუმცა ყოველთვის იმედი მიცრუვდება”, პირველად სტუდენტური ორგანიზაციის დაფინანსებით გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი და სწორედ მაშინ მოიწამლა მოგზაურობის სურვილით.
- მოდი, შენს მოგზაურობებზე მომიყევი. როდიდან ხარ გატაცებული?
- მას შემდეგ, რაც შევძელი, დაფინანსება მომეპოვებინა, რადგან ოჯახი არ მყავდა ფინანსურად ძლიერი, ადრეულ ასაკში ვერ ვახერხებდი მოგზაურობებს. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსებით დავდიოდი. ეხლა კი ჩემით დავდივარ, ვიზები მაქვს და საკმაოდ მარტივად და იაფად მიწევს მოგზაურობა.
- რომელი იყო პირველი ქვეყანა, სადაც იმოგზაურე და რა შთაბეჭდილება დაგრჩა?
- პირველი ქვეყანა, სადაც წავედი, ეს იყო ყირგიზეთი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბევრად სჯობია, მე მაინც ბედნიერი ვიყავი და მომწონდა აბსოლუტურად ყველაფერი, რადგან ჩემთვის მოგზაურობა არ არის მხოლოდ რომელი კონკრეტული ქვეყნის ან ისტორიული ძეგლების დათვალიერება, მოგზაურობა თავისუფლებაა, რომლითაც მაქსიმალურად ვტკბები.
- როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, რა არის ის, რასაც პირველ რიგში აკეთებ?
- გამოვდივარ თუ არა აეროპორტიდან, ვყიდულობ სტარბაქსის ყავას.
- ბოლო მოგზაურობისას გქონდა არასასურველი ფინალი.
- კი, გეთანხმები ასე იყო, გამომკეტეს საკანში. ზოგადად, მაქვს მოთხოვნები მომსახურების სფეროში, როცა რაღაცას მიგვიანებენ, როცა რაღაცას ისე არ აკეთებენ, როგორც საჭიროა, გამოვხატავ პროტესტს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვწივი და ვკივი, ზრდილობიანად ვითხოვ. როცა შემაყოვნეს, მოვითხოვე, აეხსნათ, რატომ. და მითხრეს: სად გგონია თავი, ახლა საერთოდ არ შეგიშვებთ საზღვარზეო. გამომიყვანეს “ბეზპრიდელი”. მერე მითხრეს, რომ მოვიდოდა ვიღაც და დამელაპარაკებოდი. მე ჩავთვალე, რომ მოვიდოდა ზრდილობიანი გოგონა, ბოდიშს მომიხდიდა და ქალაქში შემიშვებდა. ამის ნაცვლად მოვიდა ორი პოლიციელი, მომკიდეს ხელი და ჩამსვეს საკანში. საბედნიეროდ, დავდივარ ორი ტელეფონით, ამიტომ, როცა ნივთები ჩამაბარებინეს, ერთი ტელეფონი დავუტოვე მხოლოდ და მეორეთი შევძელი სოციალურ ქსელში მეგობრებისთვის მეთხოვა შველა, საკმაოდ ოპერატიულად მიშველეს და საკანში ყოფნა მომიწია მხოლოდ ერთი ღამე და ორი დღე. კიდევ ერთხელ რომ მომეცეს საშუალება, ჩავჯდებოდი საკანში, რადგან კიდევ ერთხელ დამენახე და მეგრძნო ის პოზიტივი ადამიანების მხრიდან, რაც იმ ორი დღის განმავლობაში ვიგრძენი და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ მხოლოდ იმიტომ ჩავჯდებოდი, რომ დამეფასებინა თავისუფლება, რომელსაც თურმე ყველაზე მძაფრად მაშინ გრძნობ, როცა ოთხი კედლიდან გამოდიხარ. იმ ღამეს, როცა გამომიშვეს, სახლში საერთოდ არ წავსულვარ, დავდიოდი სტამბულის ქუჩებში და ვისრუტავდი ჰაერს, რომელიც ასე მაკლდა აყროლებულ საკანში.
- რამე დატოვე საკანში იმის ნიშნად, რომ ორი დღე გაატარე?
- კედლები კი მოვხატე, მაგრამ იქ არსად არ ჩანს გურამ შეროზია და ამის გაკეთება მერე მომინდა. ხვალ შენ რომ მოხვდე მაგ საკანში, ვერც კი მიხვდები, რომ ეგ კედლები ჩემი მოხატულია.
- საუბრისას აღნიშნე, როცა საქართველოდან გავდივარ, თავისუფლების შეგრძნება მიმძაფრდებაო. რომელ ქვეყანაში გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?
- “ვგრძნობ ხოლმე”-ს ვერ ვიტყვი, რადგან ყველგან მივდივარ ერთხელ. აქამდე ყველაზე ბედნიერად, ლაღად და თავისუფლად თავი ვიგრძენი ნიუ-იორკში.
გურამი აქტიური ბლოგერია და მისი პოსტები სუპერრეიტინგულია. არ უყვარს და არ წერს ყვითელ თემებზე, თუმცა
ერთხელ წაუცდა ხელი და სიშიშვლით მიღწეულ პოპულარობაზე გამოთქვა თავისი აზრი.
- რას ერჩოდი იმ გოგოებს, რომლებმაც გაიხადეს?
- ეს იყო იუმორისტული ბლოგპოსტი, სადაც ვამბობდი, რომ საქართველოში პოპულარობის მისაღწევი ყველაზე მარტივი გზა არის სიშიშვლე და რამდენიმე მაგალითი მქონდა მოყვანილი ტოქშოუებიდან. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა და დღემდე ვერ ვხვდება, რატომ გამოიწვია ამ ყველაფერმა ასეთი აგრესია, თითქმის ყველა იმ ადამიანმა მომწერა პირადში, ვისზეც დავწერე და მსუბუქად გამომლანძღეს. პოპულარობის მისაღწევად სიშიშვლის გამოყენებას არ ვეთანხმები, უბრალოდ, და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.
- რატომ არ მოგეწონა შიშველი მერსის მკერდი?
- შიშველი ქალები მომწონს პირადად ჩემთვის.
- არა, მე მერსის მკერდზე გეკითხები, ხომ შეიძლება, ამას სხვა კუთხით შევხედოთ და, უბრალოდ, ესტეთიკური სიამოვნება მივიღოთ?
- ცოტა უფრო მარტივი რამე მკითხე. მთავარია, ადამიანი თვითონ იყოს ყმაყოფილი თავისი სხეულით.
- კი, მაგრამ შენ დაწერე მის სიშიშვლეზე სტატია.
- მე დავწერე, რომ მისი მკერდი გახდა მისი პოპულარობის წყარო, თუმცა მე არ დამიწერია, რომ ის კარგია ან ცუდი.
- ჰო, მაგრამ შენ არ მოგეწონა?
- მოდი, არ გიპასუხებ.
- მოდი, მიპასუხე.
- კარგი, ჩემი პოზიციიდან საშუალო სტატისტიკურად მისაღები მკერდი აქვს მერსის.
P.S. დამშვიდობებისას მისტერ შეროზიამ მითხრა:
- ძალიან მაინტერესებს, როგორი გამოვა სტატია, ასე მგონია, შენნაირი იქნება.
- როგორი ჩემნაირი?
- ინტრიგნული.
P.S.S. მე კი მგონია, ბატონო გურამ, რომ შენნაირი სტატია გამოვიდა.
- როგორი შენნაირი?
- .............................
გაზეთი „პრემიერი“, მარი გულორდავა
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |