|
2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ წნორში ჩასულმა სააკაშვილმა, მჭედლიშვილების ოჯახში სტუმრობისას განაცხადა: "რეალურად ეს ხალხი ეპოტინება, რომ უკან-უკან მოძვრება და პირდაპირ უკვე ბილეთები გვაქვს აღებულიო... ესეთი ის იყო რუსთავში ქურდი შუშანაშვილი, რომელსაც სახლი ჩამოართვეს... "რუსტავსკი" ასე ჰქვია და... ბილეთი მაქვს აღებულიო, სამში საქართველოში რომ ჩამოვიდეო... სამ ოქტომბერსო... დააა, ეხლა... რუსთავი რომ გაიგებს, შუშანაშვილი აპირებს ჩამოსვლას, რა კაი ხასიათზე იქნება, მაგრამ მთელი საქართველოც რეალურად... რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? არის საუბარი იმაზე, რომ ძლივს რაღაცა დამყარდა წესრიგი"...
მჭედლიშვილებმა, ალბათ, არ იცოდნენ, შუშანაშვილი ამ დროს საბერძნეთის ციხეში რომ იჯდა, მაგრამ სააკაშვილმა ეს ზუსტად რომ იცოდა, წყალი თუნდაც იმიტომ არ გაუვა, რომ მისი მაღალსკამოსანი, მისი უდიდებულესობა ეკა ზღულაძე (ახლა რომ გაუსკდა სამართლიანობის ბუშტი და აღიარა, რომ თურმე ნაციონალური პირადი შემადგენლობა ადამიანებს უკანონოდ და სასტიკი მეთოდებით აკავებდა) რამდენჯერმე იყო ჩასული ლაშა შუშანაშვილის "ევროპისგან გამოსახსნელად", მაგრამ ამაოდ...
კარგით, არ ღირს მიშას კვანტებსა და წარმოსახვებზე ლაპარაკი. მთავარია, რუსთავი და სრულიად საქართველო ჯერ კიდევ მშვიდადაა, შუშანაშვილი ისევ საბერძნეთში ზის, ბილეთი, ალბათ, შენახული აქვს, სამი ოქტომბერი ყოველ წელიწადში ერთხელ დგება და ვინ იცის, რომელ სამ ოქტომბერს მოუნდება რუსთავის დათვალიერება. ისე, ცნობისთვის, თუ ადამიანი დანაშაულს არ სჩადის, მის მიმართ მსგავსი განცხადებების გაკეთება იურისტს, მით უმეტეს იურისტ პრეზიდენტს, რბილად რომ ვთქვათ, არ ეკადრებოდა... და კიდევ ერთი, მაშინ როცა სააკაშვილი შუშანაშვილის ბილეთს "დასდევდა", სოდ-ში იდო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ვერ (ან არ) გადაეცა სასამართლოს განსახილველად...
"პრემიერი" აგრძელებს ლაშა შუშანაშვილის საქმის მასალების გამოქვეყნებას:
2006 წლის 5 ივნისს შსს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში შსს-ს სოდ-ის უფროსს ერეკლე კოდუას უგზავნის #21/4/5-4063 წერილს და აცნობებს, რომ უგზავნის "ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ ქვემოაღნიშნული პირების მიმართ გაცემულ მწვანე ცირკულარის ასლებს", სადაც დასახელებულ 13 პირში მეცხრე ადგილს ლაშა შუშანაშვილი იკავებს. რას ნიშნავს მწვანე ცირკულარი? "უზრუნველყოს გამაფრთხილებელი ინფორმაციის მიწოდება იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული და არსებობს პოტენციური საფრთხე იმისა, რომ ეს დანაშაული განმეორდეს სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისი ინდექსი: c". მოგვიანებით, 2008 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა #636 ბრძანებას, რომლითაც ცვლილება შევიდა 2007 წლის 12 თებერვლის #99 ბრძანებულებაში და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ნაცვლად: "3. საქართველოს გენერალური პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ინტერპოლის ეცბ-ს გენერალური სამდივნოს მეშვეობით წითელი ცირკულარის გამოცემის შესახებ, როდესაც პირი იძებნება დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით. ლურჯი, მწვანე, ყვითელი, შავი და ნარინჯისფერი ცირკულარების გამოცემის მოთხოვნა ასევე შეუძლია სხვა საქმის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანოს/თანამდებობის პირს".
ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "3. საქართველოს მთავარი პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ინტერპოლის ეცბ-ს გენერალური სამდივნოს მეშვეობით წითელი ცირკულარის გამოცემის შესახებ, როდესაც პირი იძებნება დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით. ლურჯი, მწვანე, ყვითელი, შავი და ნარინჯისფერი ცირკულარების გამოცემის მოთხოვნა ასევე შეუძლია სხვა საქმის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანოს/თანამდებობის პირს".
სოდ-მა ლაშა შუშანაშვილის საქმეში თარგმანის გარეშე ჩააკერა ინგლისურენოვანი შესაბამისი ცნობა (კონსტიტუციით სამართალწარმოების ენა ქართულია). ცოტა უფრო ადრე 2006 წლის 8 მაისს #18/3/1-1164 წერილით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სპეციალურ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსი გურგენიძე მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფროსს ფორჩხიძეს. ეს წერილი გარდა იმისა, რომ თავისი შინაარსითაა უცნაური, საეჭვოა ასევე მისი ნომერიც. ეს წერილი საქმის ფურცელი #61 და საქმის ფურცელი #53 დათარიღებულია ასევე 8 მაისით. საქმე ისაა, რომ 8 მაისით დათარიღებული საქმის ფურცელი 53-ის რეგისტრაციის ნომერი არის 18/3/1-1227. სხვაობა ძალიან, ზედმეტად თვალშისაცემია. საინტერესოა, როგორ მოახერხა სოდ-მა, ერთი დღის განმავლობაში შეედგინა ორი წერილი 63-ნომრიანი სხვაობით? რაოდენ "მეტეორული სისწრაფითაც" არ უნდა ემუშავა კოდუას უწყებას ორ წერილს შორის, დილიდან საღამომდე გამორიცხულია სარეგისტრაციო ნომრებს შორის ასეთი სხვაობა. კარგით, ამას თავი დავანებოთ, რაც შეეხება #18/3/1-1164 წერილის შინაარსს. ამ წერილით სააგენტოს უფროსს აცნობეს: "ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე, გთხოვთ, აიყვანოთ საპასპორტო კონტროლზე საქართველოს მოქალაქე შუშანაშვილი ლაშა პავლეს ძე, დაბ. 1961 წელს და მის მიერ საქართველოს ეროვნული პასპორტის აღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოთ (გაცემული პასპორტის ნომრის მითითებით) შსს სოდ-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სპეციალურ დავალებათა მთავარ სამმართველოს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე 8(იმ დროს ინდექსი 8-იანი იყო)99472228, 899342808 და 899352808". საინტერესოა არა? ოფიციალურ პასუხს, ერთი ოფიციალური უწყება მეორე ოფიციალურ უწყებას სატელეფონო კავშირით სთხოვს და თან იმ ადამიანზე, ვისაც საქართველოს საზღვარი 2003 წლის შემდეგ არ გადმოუკვეთია და ყველაზე მთავარი, ვინც საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე წლით ადრე გამოძიების დაწყებამდე მიმართა საქართველოს მოქალაქეობაზე უარით. მეტიც, საქმის შემდეგი დოკუმენტი არის ინტერპოლის წერილი #21/4/5-6368, რომელიც შედგენილია 2006 წლის 23 აგვისტოს და რომლის თანახმადაც ინტერპოლი სოდ-ს უგზავნის "მოსკოვის ინტერპოლიდან შემოსულ წერილის ასლს". გარდა იმისა, რომ არც ამ წერილის თარგმანი დევს საქმეში თვალშისაცემია უმნიშვნელოვანესი მომენტი _ მოსკოვის ინტერპოლის წერილი. მოსკოვის ინტერპოლის წერილი რომ არის ამას მხოლოდ ქართული ინტერპოლის საერთაშორისო სამმართველოს უფროსი "ადასტურებს", თორემ მოსკოვის ინტერპოლიდან შემოსულ წერილს არც ხელმოწერა აქვს, არც ბეჭედი, არც რეგისტრაციის ნომერი და ზოგადად, ასეთი ფურცლის ამობეჭდვა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია! ხოლო თარიღად მითითებულია 2006 წლის 28 აგვისტო, როგორ მოახერხა ქართულმა ინტერპოლმა მოსკოვის ინტერპოლის 28 აგვისტოს წერილის მოპოვება 23 აგვისტოს, საინტერესო კი არის, მაგრამ... აი, აბუ-დაბის ინტერპოლიდან შემოსული წერილი კი მოსკოვის ინტერპოლისგან შემოსული წერილისგან განსხვავებით საქმეში თავისი თარგმანით დევს: "გაცნობებთ, რომ ლაშა პავლეს ძე შუშანაშვილი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში 8.11.2003 წელს და იმყოფებოდა 3.12.2003 წლამდე".
ერთ-ერთი აწ უკვე ყოფილი მაღალი რანგის ჩინოსნის (გვარსა და სახელს ვერ მივუთითებ) ჩვენება:
"მოგახსენებთ, რომ ვმუშაობდი... ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფლობდი ოპერატიულ ინფორმაციებს დამნაშავეთა სამყაროს ლიდერებზე, კანონიერ ქურდებზე, რამდენადაც მახსოვს, კანონიერ ქურდებთან პირადი ნაცნობობა არ მქონია... ჩემი თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ისევ და ისევ ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე ვიცნობდი იმ პერიოდისთვის ე.წ. "კანონიერ ქურდებს" რომელთა სახელებისა და გვარების ჩამოთვლა ჩემი მხრიდან შეუძლებელია, მას შემდეგ გავიდა დიდი დრო. დღეის მდგომარეობით მე არ ვიცნობ არც ერთ კანონიერ ქურდს, ვინაიდან აღარ ვმუშაობს შს ორგანოებში და შესაბამისად, არ ვფლობ არანაირ ინფორმაციას კანონიერი ქურდების შესახებ... იმ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, კანონიერი ქურდები იყვნენ ლაშა შუშანაშვილი, გიორგი (გოგი) ჩიქოვანი და სხვა, მაგრამ მე პირადი ნაცნობობა არასდროს მქონია... ჩემთვის უცნობია, არიან თუ არა დღეის მდგომარეობით კანონიერი ქურდები ლაშა შუშანაშვილი, გოგი ჩიქოვანი და სხვა პირები. მე არასდროს არ მქონია მათთან არასამსახურებრივი ურთიერთობები, არასდროს შევხვედრივარ მათ რაიმე სადღესასწაულო სუფრებზე და ა.შ. ვინაიდან აღარ ვმუშაობ შს ორგანოებში, მოკლებული ვარ ყოველგვარ ინფორმაციას კანონიერი ქურდების შესახებ და სურვილიც არ მაქვს, რაიმე სახით მაინც ვფლობდე მათ შესახებ ინფორმაციებს... ჩემთვის უცნობია, ყოფილ შს მინისტრებს კობა ნარჩემაშვილსა და კახა თარგამაძეს, მათ ყოფილ მოადგილეებს რუბენ ასანიძეს, თემურ ჩხაიძეს, თენგიზ შოშიაშვილს, დავით თოდუას, ასევე, თბილისის სამმართველოს შს მთავარი სამმართველოს უფროსს სოსო (იოსებ) ალავიძესა და შს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რეზო ფოჩხუას ჰქონდათ თუ არა რაიმე ურთიერთობა კანონიერ ქურდებთან. თუ ჰქონდათ, ალბათ, ისევ და ისევ სამსახურებრივი". მოკლედ, როგორც ვთქვი, ეს არის ერთ-ერთი ჩინოსნის ჩვენება, არაფერს ვამბობ, რომ ამ ჩინოსანს, ისევე როგორც სხვებს, "სმენიათ", რომ ე.წ. კანონიერი ქურდები იყვნენ შუშანაშვილი, ჩიქოვანი და ასე შემდეგ, არც იმაზე ვამბობ არაფერს, რომ "სმენიათ" არ ნიშნავს მტკიცებულებას, უბრალოდ, შედარებისთვის მოვიყვან მეორე ჩვენებას და აქვე აღვნიშნავ, რომ ამ "მეორე ჩვენების" ავტორი კრიმინალი, ნასამართლობის მქონე პირია: "ვცხოვრობ... დაახლოებით... წლებში... ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, რომელიც დაქირავებული ჰქონდა ჩემს ახლო ნაცნობს, მეგობარს შაქრო კალაშოვს. გავიცანი ასევე კანონიერი ქურდი რუსთავში დაბადებული (დაბადების მოწმობაც შეუმოწმებია უცებ, გაცნობისთანავე. _ დ.მ.), ასევე, კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი. გაცნობის დღიდან მე ლაშა შუშანაშვილს ხშირად ვხვდებოდი... კალაშოვსა და შუშანაშვილს დაქირავებული ჰქონდათ სახლი, ჩემთვის უცნობია, შეისყიდეს ეს სახლი თუ არა დაბა წყნეთში... ჩემთვის ცნობილია, რომ ლაშა შუშანაშვილი ამჟამად იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, იგი ამჟამადაც არის კანონიერი ქურდი... (დასახელებულია რამდენიმე გვარი) არიან კანონიერი ქურდები, ხოლო ისოიანი, მეტსახელად "აბულიკა" აღარ არის კანონიერი ქურდი, რამდენადაც ვიცი ე.წ. არაქურდული საქციელისთვის ჩემს მიერ უცნობი კანონიერი ქურდების მიერ "დატოვებულ იქნა არაქურდად", ანუ ქურდული ჟარგონით იგი გაჩერებულია".
საინტერესო ჩვენებებია, არა? ერთი ჩვენება ჩინმა დაწერა, მეორე კრიმინალმა, მაგრამ ორივემ ერთნაირად იცის, გაუგიათ, რომ შუშანაშვილი და სხვები კანონიერი ქურდები არიან. აი, კრიმინალმა-მოწმემ არ იცის, სად ცხოვრობს შუშანაშვილი, მაგრამ იცის, რომ ის "ვორ ვ ზაკონეა". ჩინმაც იცის, შუშანაშვილს "ჩინი" რომ აქვს, თუმცა არანაირი შეხება მასთან არ ჰქონია (წესით, უნდა ჰქონოდა, ისეთი თანამდებობა ეკავა). საინტერესო მოცემულობაა... საქმეში მოიპოვება ძალიან ბევრი და შეიძლება ვთქვათ, აბსურდული ჩვენება, რომელთაც გამოძიებას ყოფილი მაღალჩინოსნები აძლევენ, მაგრამ რაკი ჯერ სასამართლო პროცესი არ გამართულა და მოწმეებს პროცესზე დაკითხვა ელოდებათ, ჩვენ არ ვიყენებთ ჟურნალისტის უფლებას, სრულიად გამოვაქვეყნოთ მოპოვებული მასალები, მაგრამ საქმეში არის აწ გარდაცვლილი, სადახლოს გამშვებ პუნქტზე მოკლული მერაბ კალანდაძის ჩვენება. რაკი მერაბ კალანდაძე სასამართლოს წინაშე ვეღარ წარდგება, გთავაზობთ მის ჩვენებას (და არამხოლოდ ჩვენებას, საქმეში დევს ბევრი საინტერესო დოკუმენტი, რაც კალანდაძეს ეხება), რომელიც გამოძიებას მისცა 2007 წლის 19 თებერვალს. დაკითხვა დაიწყო 20.20 საათზე და დასრულდა 21.20 წუთზე, მერაბ კალანდაძეს ჩვენება ჩამოართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა დავით ბართაიამ:
"თქვენ მიერ დასმული კითხვების ირგვლივ გიჩვენებთ შემდეგს: ვცხოვრობ და ვმუშაობ ზემოაღნიშნულ მისამართზე, რამდენადაც მახსოვს, 1995 წელს რუსთავში ჩემი მეგობრის, კობა შუშანაშვილის სახლში წვეულებაზე ხსენებული მეგობრის ძმა ლაშა შუშანაშვილი, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, იყო კანონიერი ქურდი"... აქ დროებით შევწყვეტ ჩვენების გამოქვეყნებას და გავიმეორებ: მერაბ კალანდაძე ახლობლობდა შუშანაშვილებთან (ასე წერია ჩვენებაში), მაგრამ რატომღაც ლაშა შუშანაშვილის ძმის სახელი არევია _ კახას ნაცვლად კობა დაუწერია! კარგით, ეს არაფერი, გავიაროთ "პატარა" შეუსაბამობა (ფაქტობრივად, კალანდაძე ვიღაც მესამე პირზე საუბრობს, სახელის შეცვლა ბევრ რამეს ცვლის), კალანდაძე წერს, რომ 1995 წელს გაიცნო ლაშა შუშანაშვილი. ჩემი არც ერთი ახლობელი იქ არ ყოფილა და "რიტუალს" არ დასწრებია, მაგრამ ისე, როგორც სხვებს (მათ შორის გენერლებს, რომელთაც ჩვენებები აქვთ მიცემული) მეც მაქვს რაღაცები წაკითხულ-გაგონილი და როგორც ამბობენ, ლაშა შუშანაშვილი 1003 წელს "აკურთხეს". ყოჩაღ შუშანაშვილს, პირველსავე შემხვედრს (მან ხომ წინასწარ არ იცოდა, დაუმეგობრდებოდა თუ არა კალანდაძეს) თუ თავს, მაგალითად, ასე აცნობდა: გამარჯობა, მე ვარ კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი...
კარგი, ანეკდოტებს თავი დავანებოთ და გავაგრძელოთ მერაბ კალანდაძის ჩვენება: "გაცნობის დღიდან მე და ლაშა შუშანაშვილს ჩამოგვიყალიბდა ახლო მეგობრული ურთიერთობა და დღემდე ვმეგობრობ მასთან. ლაშას ვხედავდი საქართველოში ძალიან იშვიათად, რადგან ის ძირითადად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვში. როდესაც ლაშა თბილისში ჩამოდიოდა, მე მას აეროპორტში ვხვდებოდი და სახლში ვაცილებდი. საქართველოში ყოფნის განმავლობაში ჩვენ ძირითადად დროს ვატარებდით სხვადასხვა რესტორანში, მხოლოდ ერთადერთხელ, 2000 წელს, მე და ლაშა ერთი კვირის განმავლობაში ვისვენებდით დაბა ჩაქვში, რის შემდეგაც ის თავის ოჯახთან ერთად ბათუმის პორტიდან გაემგზავრა სოჭში. 2003 წელს სექტემბრის თვეში ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, რამდენადაც მახსოვს, დუბაიდან ჩამოფრინდა თბილისში, შემდეგ დაახლოებით სამი დღის განმავლობაში დაჰყო თავის ძმასთან და ნათესავებთან, რის შემდეგაც კვლავ გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში და მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლაშა შუშანაშვილი ამჟამად იმყოფება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ხოლო კონკრეტულად რომელ ქალაქში, ჩემთვის უცნობია.
კითხვაზე გიპასუხებთ: დაახლოებით 2000-2001 წლებში ზაფხულში დაქირავებული ჰქონდა საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთში ლაშა შუშანაშვილს და სურდა ხსენებული სახლის შეძენა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, ხსენებული სახლის შეძენასთან დაკავშირებით მას შეექმნა პრობლემები, ვინაიდან სახლი ეკუთვნოდა ორ პიროვნებას და მათ შორის წარმოიშვა დავა სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით, ასევე ხსენებული სახლის ტერიტორიაზე მოქცეული იყო დაუკანონებელი მიწის ნაკვეთი, რაც ასევე აფერხებდა ლაშას მიერ სახლის შეძენის პროცესს და საბოლოოდ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩემს მიერ ხსენებული სახლი დაბა წყნეთში ლაშას არ შეუძენია. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღნიშნული სახლის ზუსტი მისამართი ჩემთვის უცნობია, ჩემთვის უცნობია, ლაშა შუშანაშვილს აქვს თუ არა შეძენილი საცხოვრებელი სახლი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ლაშა შუშანაშვილი ამჟამადაც არის კანონიერი ქურდი. ის იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ ჩემთვის უცნობია, კონკრეტულად, რომელ ქალაქში, დაბაში ან მხარეში იმყოფება".
დაბოლოს, გამომძიებელი კალანდაძეს ეკითხება, იცნობს თუ არა ის კანონიერ ქურდებს ჩიქოვანს (პაპაშა), ისოიანს (აბულიკა), ბუხნიკაშვილს (პეწო), ოდიშარიას (ბუია) და სხვებს, რაზედაც კალანდაძე პასუხობს: "მე არ ვიცნობ თქვენ მიერ ჩამოთვლილ არც ერთ პიროვნებას და ჩემთვის უცნობია, არიან თუ არა ისინი კანონიერი ქურდები". ამ პასუხით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, სხვა კანონიერი ქურდების შესახებ ისე, გაკვრით და შემთხვევითაც კი არაფერი სცოდნია კალანდაძეს. ისე, საინტერესო კია, როგორ შეიძლება არ იცოდე, ვინ იყო გოგი ჩიქოვანი... ამ დაკითხვას მოწმის ფარული ჩაწერა მოჰყვა.
საქმეში ჩაკრულია დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გამო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების "ფარული ვიდეოგადაღების" განხორციელების თაობაზე, რომელიც თარიღდება 2007 წლის 13 მარტით: "მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარების მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები _ მოწმეთა დაკითხვა. 2007 წლის 19 თებერვალს მოწმის სახით დაიკითხა მერაბ კალანდაძე, რომელმაც აჩვენა, რომ ლაშა შუშანაშვილი არის კანონიერი ქურდი და მას რაიმე საცხოვრებელი სახლი დაბა წყნეთში არ გააჩნია. 2007 წლის 13 მარტს კალანდაძე გამოცხადდა შსს #2 ადმინისტრაციულ შენობაში, შსს სოდ-ში, რათა ის მოწმის სახით დამატებით დაკითხულიყო ლაშა შუშანაშვილის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებულ დაბა წყნეთში მდებარე საცხოვრებელი სახლების დადგენა-დაზუსტების მიზნით. ვინაიდან არსებობდა საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოწმე კალანდაძემ შესაძლოა, არ დაადასტუროს კანონიერი ქურდის შუშანაშვილის ფაქტობრივ საკუთრებაში დაბა წყნეთში საცხოვრებელი სახლის არსებობის ფაქტი, ამ უკანასკნელთან ახლო მეგობრული ურთიერთობის გამო, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით საჭიროა, მოწმე კალანდაძის შსს სოდ-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სპეციალურ დავალებათა მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების საუბრისას განხორციელებულ იქნას ოპერატიულ-სამძებრო "ფარული ვიდეოგადაღება". 13 მარტსავე კალანდაძე ფარულად ჩაწერეს და პროკურორმა ქეთევან ჩომახაშვილმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე შავლიაშვილს, დაეკანონებინა ეს ფარული ჩანაწერი. სასამართლომ ჩანაწერი დააკანონა და ამის შემდეგ მოპოვებული მასალები ერეკლე-ირაკლი კოდუას გადაეგზავნა.
ფარული ჩანაწერის გაშიფრულ ტექსტს, რომელშიც ძალიან საინტერესო დეტალებს ამოიკითხავთ, შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ და აქვე დავამატებ, რომ, პრინციპში, სოდ-მა გამოძიება სწორედ წყნეთში სახლის მისი მესაკუთრისთვის წართმევის გამო დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლი შუშანაშვილის არ იყო. რატომ ასე კატეგორიულად? მე ვფიქრობ, ამ ფაქტს ზემომოყვანილი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ სტატიის მკითხველი ეჭვქვეშ არ დააყენებს...
გაზეთი „პრემიერი“,დარეჯან მეფარიშვილი
გაგრძელება იქნება
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |