|
რუსეთისთვის უკვე დაწესებული თუ სამომავლოდ დასაწესებელი სანქციებიდან ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მისი საბანკო ანგარიშსწორების ელექტრონული სისტემიდან, ე. წ. SWIFT-იდან გათიშვაა. ეს საკითხი ევროკავშირის წინაშე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დააყენა, თუმცა ახლახან დამტკიცებულ სანქციებში ეს ზომა გათვალისწინებული არ არის. რატომ შეიკავეს ამისგან თავი და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას საქართველოს საბანკო და არამხოლოდ საბანკო სისტემას მისი ამოქმედების შემთხვევაში? ამ კითხვაზე პასუხი ვთხოვეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ეკონომიკის ექსპერტს, რომან გოცირიძეს.
- ბატონო რომან, იქნებ ორიოდე სიტყვით გვითხრათ, რას წარმოადგენს სვიფტი, რამდენად უალტერნატივოა ის დღევანდელ ელექტრონულ ერაში და რამდენად სწრაფად შეიძლება მისი ჩანაცვლება? როგორც რუსული პრესიდან გახდა ცნობილი, რუსეთმა უკვე დაიწყო მზადება მსგავსი საკუთარი სისტემის შესაქმნელად და კიდევაც დაევალა მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს ამის თაობაზე წინადადებების მომზადება.
- ჯერ ორიოდე სიტყვით იმ სანქციებზე, რაც ევროპამ და, განსაკუთრებით, ამერიკამ რუსეთს დაუწესა. ეს უკვე ძალიან სერიოზული რამაა. ამით რომ დაეწყოთ, დღეს ბევრი რამ სხვანაირად იქნებოდა უკრაინაში. ამ დაგვიანებულმა ნაბიჯებმა თავისთავად გამოავლინა დასავლეთის ქვეყნებისა და მათი ინსტიტუტების სისუსტეები საერთაშორისო საფრთხეების პრევენციის კუთხით. რომ არა სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება და უამრავი მსხვერპლი უკრაინაში, დღესაც რაღაც პერსონალური თუ არაფრისმომცემი სანქციები იქნებოდა მოქმედებაში.
- გამოდის, რუსეთმა პირველად იგრძნო იმის საფრთხე, რომ მართლაც შეიძლება უფრო მძიმე ზომებს მიმართოს დასავლეთმა და სვიფტის გათიშვის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ?
- კი, ეს ასეა. ამიტომაც დაიწყეს მის ალტერნატივაზე ფიქრი. რუსული ბანკები ასევე გამალებით ხსნიან ანგარიშებს ჩინეთის, ჰონკონგის, სინგაპურისა და აზიის სხვა ქვეყნების ბანკებში. ეს, ერთი მხრივ, მიუთითებს მათ მიერ რისკების ადეკვატურად შეფასებაზე, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ფლობენ ინსაიდერულ ინფორმაციას და არ ელიან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საომარი მოქმედებების რეალურად შეწყვეტას. ასეა თუ ისე, რუსეთის ფინანსურ წრეებში პანიკაა.
- რამდენად რეალურია, რომ რუსეთმა სვიფტის ალტერნატივა შექმნას?
- რაღაც სუროგატი შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად, რუსეთის ბანკებმა შეძლონ ერთმანეთში თანხების გადარიცხვა არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ უცხოურ ვალუტაშიც, მაგრამ საერთაშორისო სისტემაში მაინც ვერ ჩაერთვებიან და მოუწევთ უამრავი სირთულის გადალახვა, შემოვლითი გზების ძიება და დიდი ზარალის ფასად საერთაშორისო ტრანსაქციების წარმოება.
- იყო თუ არა ასეთი პრეცედენტი სხვა ქვეყნებთან მიმართებაში?
- კი, ერთადერთხელ. ირანს დაუბლოკეს სვიფტის სისტემა და ტომრებით გადაჰქონდათ ნაღდი ფული. ახლა რაღაც გზებით, წვალებ-წვალებით ახერხებენ ანგარიშსწორებას, ხან შენიღბულად, ხან აზიის ბანკების მეშვეობით. მაგრამ ირანის საბანკო სისტემა ერთია და რუსეთის - მეორე. სხვაობა დიდია მასშტაბებში.
- ორიოდე სიტყვით იქნებ აგვიხსნათ, რას წარმოადგენს საერთაშორისო ანგარიშსწორების ეს სისტემა?
- სვიფტი (SWIFT _- Society for Worldwide Interbank Financial Telecommunications) იშიფრება როგორც “ორგანიზაცია მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციებისთვის”. მისი ფუნქციაა ინფორმაციის გადაცემა და საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება. ის დაარსდა 1973 წელს. მისი დამფუძნებლები იყვნენ 15 ქვეყნის 239 ბანკი. ფუნქციონირებს ბელგიური კანონმდებლობის საფუძველზე. სათავო ოფისი მდებარეობს ბრიუსელში. მის საქმიანობაში რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ევროკავშირს შეუძლია. დღეისთვის მასში გაერთიანებულია 10 500 საფინანსო ორგანიზაცია მსოფლიოს 215 ქვეყნიდან. ამ სისტემაში ჩართული ბანკი ფლობს თავის უნიკალურ კოდს, ე.წ. სვიფტკოდს. ერთი დღის განმავლობაში ხდება გადახდები 6 ტრილიონ დოლარზე მეტი ოდენობით.
სვიფტი არის ყველაზე საიმედო და სწრაფი სისტემა. ფაქტობრივად, ის მონოპოლისტია და სერიოზული ალტერნატივა არ გააჩნია. არის ძველი, ტელექსის სისტემა, მაგრამ ის, ალბათ, არც აქვს უკვე სერიოზულ ბანკებს და საეჭვოა სპეციალურად დაუბრუნდნენ მას რუსეთისათვის. და ასე რომც მოხდეს, ეს უკვე წინა საუკუნის ოთხმოციანი წლების ტექნოლოგიაა. საბანკო ურემია. “ზაპოროჟეციც” კი არ არის. სვიფტის გათიშვა პირდაპირი დარტყმაა ინვესტიციებსა ან ვაჭრობაზე. მაგალითად, როგორ უნდა გადაუხადოს ფული ევროპულმა კომპანიებმა “გაზპრომს” მიწოდებული გაზის სანაცვლოდ? ვაგონებით? სასაცილოა ხომ?
- საქართველოში ბანკებს შორის შიდა გადარიცხვებიც სვიფტის მეშვეობით ხორციელდება?
- არა. ლარებში ოპერაციების განხორციელება ეროვნული ბანკის სპეციალური საანგარიშსწორებო სისტემის მეშვეობით ხდება. თუ ბანკები ერთმანეთს ფულს ურიცხავენ უცხოურ ვალუტაში, მაშინ გამოიყენება სვიფტი.
- რა ზარალი შეიძლება მიადგეს საქართველოს, თუ რუსეთს სვიფტს გაუთიშავენ?
- სამწუხაროდ, სერიოზული პრობლემები წარმოიშობა. რუსეთიდან მხოლოდ მოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხების მოცულობა დაახლოებით 800 მილიონი დოლარია (სულ 1,55 მილიარდი იყო შარშან მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან). მარტო რუსეთიდან მიღებული ვალუტა უფრო მეტია, ვიდრე მიმდინარე წელს ქვეყანაში მოსალოდნელი უცხოური ინვესტიციები ერთად აღებული. ეს თანხა შემოდის როგორც საბანკო გადარიცხვების, ასევე სწრაფი ფულადი გზავნილობების სისტემის მეშვეობით. იქ, სადაც სვიფტის იაფი სისტემა გამოიყენებოდა, იძულებული გახდებიან უფრო ძვირადღირებულს მიმართონ. შეფერხებები აუცილებლად იქნება სატრანსფერო ოპერაციების დიდი რაოდენობისა და თანხის დიდი მოცულობის გამო. კვლავ ამოქმედდება ფულის ჯიბით გადმოტანის სისტემა (თვითმფრინავით, ავტომობილებით), რაც საბანკო სფეროსაც დააზარალებს. ლარის სტაბილურობასაც შეუქმნის საფრთხეს. ვნახოთ, რა იქნება. მთავარია, ახლა რუსეთი გააჩერონ ნებისმიერი ხერხებით და ჩვენც უნდა გავიზიაროთ სოლიდარობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალი გაცილებით მეტი იქნება ყველასთვის. სხვათა შორის, ივლისში საქართველოში კერძო პირების გადმორიცხვებმა უკრაინიდან იკლო 29 პროცენტით, რუსეთიდან 3 პროცენტით. მთლიანი გადმორიცხვები არ შემცირებულა ევროპის ქვეყნების ხარჯზე. რუსეთის სანქციები აუცილებლად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და იქ დასაქმებულთა შემოსავლებზეც. მათ შორის იმათზეც, ვინ ჩვენთან გზავნის ფულს. ომის გაგრძელება არავის აწყობს, გარდა რუსეთის არაადეკვატური ლიდერისა.
- თქვენი პროგნოზი მაინც როგორია. წავლენ თუ არა სვიფტის გამორთვაზე?
- ეს მსოფლიო საბანკო სისტემისთვისაც დიდი ზარალი იქნება, ამიტომ უფრო მგონია, რომ არა, ვიდრე კი. ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, რა მასშტაბებს მიიღებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და მოხდება თუ არ თუნდაც მყიფე მშვიდობის დამყარება. ვნახოთ!
გაზეთი „პრემიერი“, ლაშა ნოდია
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |