|
"პრემიერი" აგრძელებს ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის მიმართ არსებული საქმის მასალების გამოქვეყნებას.
არის გამოძიებები, რომელთაც ისტორიული საქმეები ჰქვია და ამ ისტორიულ საქმეებში ისტორიულად (ისტერიულადაც) საინტერესო ფაქტებია მოყვანილი. ამ ისტორიულ საქმეებს ხშირად იმ პერიოდისთვის უცნობი ადამიანები აწარმოებდნენ და ამ საქმეებით შედიოდნენ ისტორიაში.
არის გამოძიებები, რომლებიც ისტორიაში თავისი უნიკალური “გმირებით” შევიდნენ და ეს საქმეები უნიკალური დოკუმენტებით, ამა თუ იმ პირის მიმართ მოპოვებული მტკიცებულებებითაა სახელგანთქმული.
არის საქმეები, რომლებიც თავის წრეში ისტორიული პირების მიმართ ნაწარმოები გამოძიებითაა ცნობილი. “პრემიერი” ამ ტიპის საქმის მასალებს აქვეყნებს უკვე მესამე კვირაა. ეს საქმე “ვარდების რევოლუციის” მთავარი მონაპოვარით “მოტივირებული პოლიციის” “მოტივირებული გამოძიების” სახელით შევა ისტორიაში. საქმე ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა შუშანაშვილს ეხება და ამ საქმეში ჩაკერებული დოკუმენტები მიანიშნებს იმაზე, როგორ არ უნდა აწარმოო გამოძიება. ამ საქმის მასალების გაცნობისას პირველკურსელი კი არა, იურისტობაზე მეოცნებე აბიტურიენტიც კი მიხვდება, რომ “ეშმაკები დეტალებშია” და ეს დეტალები ვარდების რევოლუციონერ “შერლოკ ჰოლმსებისთვის” მიანიშნებს მათს უვიცობასა და დილეტანტიზმზე, მათს დამოკიდებულებას “ზემოთ” მყოფთა მითითებებსა და ინტერესებზე. ამ საქმით, ფაქტობრივად, “გათეთრებულია” პირი, რომლის მიმართაც ათასი ჭორი თუ მართალი გაგვიგია.
მივყვეთ საქმის მასალებს:
შეგახსენებთ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი _ სისხლის სამართლის საქმე #090060045, ბრალდებისა გამო: ლაშა პავლეს ძე შუშანაშვილის, კახაბერ პავლეს ძე შუშანაშვილისა და გელა ნიკოლოზის ძე ლალიაშვილის მიმართ, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 233-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 5-181-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით. დაიწყო 18 იანვარი, 2006 წელი. დამთავრდა 12 ოქტომბერი, 2011 წელი. ტომი პირველი. გრიფი _ ძებნილია, საპატიმრო. წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერენ გამომძიებელი მასხულია და პროკურორი ჭიღლაძე (ხელმოწერებთან თარიღი თვალშისაცემად გადაკეთებულია 2005 წელი 2006 წლად), ვიგებთ, რომ ლაშა პავლეს ძე შუშანაშვილის მიმართ სოდ-ი იწყებს კანონიერი ქურდობის ფაქტზე (და არა პირის მიმართ) გამოძიებას.
საქმეში ჩაკერებული დოკუმენტით ირკვევა, რომ: “ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქ. რუსთავში მდებარე ავტომანქანის გაზის გასამართ სადგურს და, ასევე, რუსთავში მდებარე ხრახნილისა და კუთხოვანას დამამზადებელ ქარხანას, მფარველობს და არის ერთ-ერთი მეწილე “კანონიერი ქურდი” ლაშა პავლეს ძე შუშანაშვილი, მეტსახელად პავლოვჩი”. მართალია, ეს ცნობა რეგისტრირებული არაა კანცელარიაში და სათანადო ნომერი არ აქვს მინიჭებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ “დვიჟენიაში” არ ყოფილა. ცნობა დაწერა 2006 წლის 12 თებერვალს შსს სოდ-ის, ოდბ და სს მთავარი სამმართველოს, ოდბ სამმართველოს, 1-ლი სამსახურის უფროსმა ოპერთანამშრომელმა გაგნიძემ, გაგნიძიდან წიქორიძესთან აღმოჩნდა, წიქორიძიდან _ ბართაიასთან, მაგრამ თავად გაგნიძემ ვის შეუტანა “სვოდკა” კაბინეტში და ვის აცნობა შუშანაშვილის ინტერესების შესახებ, ცნობილი არაა. შეგახსენებთ, ლაშა შუშანაშვილს, ოფიციალური ინფორმაციით, 2003 წლიდან დღემდე საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. რა გამოდის? 2006 წელს როგორ შეეძლო შუშანაშვილს “დაეკრიშა” გაზგასამართი სადგური და ქარხანა, მრავალუცნობიანი განტოლებაა. მოკლედ, ირაკლი კოდუა, ეს “ძალიან გმირი გენერალი” ისე შევიდა როლებში, დაავიწყდა, რომ 2006 წელს საქართველოს “ნაციონალური მოძრაობა” მართავდა და რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ დროს მსოფლიოს ეკეკლუცებოდა და თავს აწონებდა იმით, რომ კანონიერი ქურდებიც აღგავა პირისაგან მიწისა და მათი ბიზნესინტერესებიც დაასაფლავა. და კიდევ ერთი, აქამდე რა დოკუმენტებიც გამოვაქვეყნეთ, ყველა დოკუმენტში სოდ-ის ჩინოსნებს ტერმინი კანონიერი ქურდი ბრჭყალებში აქვს ჩასმული, არადა კანონში ეს ტერმინი “კავიჩკებში” არ “ზის”. ეს დარღვევა არაა და რა მოსატანია დაუნომრავ დოკუმენტებად წოდებულ ფურცლებთან, მაგრამ საინტერესო მომენტი ნამდვილად არის.
გამოძიების დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სპეციალურ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსი გურგენიძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსს ყამარაულს უგზავნის წერილს. #18/3/1-572-ით, რომელიც დათარიღებულია 2006 წლის 14 მარტით, ვიგებთ, რომ უწყება დაინტერესდა, ლაშა შუშანაშვილი არის თუ არა საქართველოს მოქალაქე და “ხომ არ განუცხადებია უარი საქართველოს მოქალაქეობაზე”. ამის შემდეგ სოდ-ი ერთი თვე ისვენებს და 2006 წლის 7 აპრილს მიმართავს “მაგთიკომის” გენერალურ დირექტორს #18/8/1-838 წერილით. წერილში ჩამოთვლილია 31 ადამიანის (მათ შორის ქალების) გვარები, მისამართები და დასმულია კითხვა: “არის თუ არა გაფორმებული თქვენდამი დაქვემდებარებულ შპს-ში მობილური ტელეფონები” სიაში ჩამოთვლილ პირთა გვარებზე. წერილს ხელს აწერს სოდ-ის, ოდბ და სპეციალურ დავალებათა მთავარი სამმართველოს, ოდბ სამმართველოს სამსახურის უფროსი მჭედლიშვილი. შემდეგი დოკუმენტით ირკვევა, რომ იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეებისა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტი აგვიანებს იმ დოკუმენტის სოდ-ისთვის მიწოდებას, რომლითაც გაირკვევა, ლაშა შუშანაშვილი არის თუ არა საქართველოს მოქალაქე. მოგვიანებით სამინისტრომ სოდ-ს აცნობა, რომ შუშანაშვილი “ითვლება საქართველოს მოქალაქედ”. ამასობაში, საქმის მასალებში ჩნდება პირველი დაკითხვის ოქმი, გამოძიების დაწყებიდან მეოთხე თვეში, როგორც იქნა, პირველი მოწმე დაიკითხა, რომელსაც დაუსვეს ორად ორი კითხვა: იცნობ თუ არა ლაშა შუშანაშვილს, თუ იცნობ, როდის და როგორ გაიცანი? და მეორე კითხვა: აქვს თუ არა ლაშა შუშანაშვილს ბიზნესი. მოწმე აცხადებს, რომ არ იცის, აქვს თუ არა ბიზნესი შუშანაშვილს, რომ მას არ იცნობს იმდენად, იცოდეს მისი საქმიანობის შესახებ, მაგრამ მოწმემ ზუსტად იცის, რომ “ლაშა შუშანაშვილი არის კანონიერი ქურდი”. არავინ იცის, საიდან იცოდა ამ მოწმემ შუშანაშვილის “ზვანია”, ეს კითხვა მისთვის არავის დაუსვამს, საქმეში ასევე არაა თუნდაც ერთი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება ვინ, სად და რა ვითარებაში “ამოთხარა” ეს მოწმე, რატომ დაკითხეს ის და არა, ვთქვათ, სხვა და ასე შემდეგ. საქმეში მითითებულია, რომ ეს მოწმე (გვარს არ ვასახელებ შეგნებულად) ადრე ნასამართლები არ ყოფილა, არადა, ეს ადამიანი 2006 წელს დაკავებული ჰყავდათ ადამიანის გატაცების ფაქტზე, ანუ ნასამართლებია.
საქმეში არა ერთი საინტერესო დოკუმენტი დევს, არის სასაცილო დოკუმენტებიც და საინტერესოდ სასაცილოც. ერთი საინტერესოდ სასაცილო დოკუმენტი დათარიღებულია 2006 წლის 4 მაისით, წერილი #18/3/1-1128 იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტოსა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის ერგემლიძის სახელზე გაგზავნილია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სპეციალურ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსის გურგენიძის მიერ, წერილში ჩამოთვლილია 20 ე.წ. კანონიერი ქურდი. გურგენიძე ერგემლიძეს სთხოვს, “ოპერატიული საჭიროებიდან გამომდინარე, გთხოვთ მოგვაწოდოთ ქვემოთ ჩამოთვლილ პირთა ფორმა #1-ის ქსეროასლები” და ეს “ქვემოთ ჩამოთვლილი პირები” არიან: ზაქარია კალაშოვი, ლაშა შუშანაშვილი, დავით სებისკვერაძე, გიორგი ჩიქოვანი, ვახტანგ ჩაჩანიძე, ალბერტ უსოიანი, მამუკა მიქელაძე, რევაზ ბუხნიკაშვილი, ალექსანდრე ქარცივაძე, გოგი მაისურაძე, თეიმურაზ დათუნაშვილი, ვლადიმერ ჯიბლაძე, გიორგი ნიჟარაძე, ემზარ ჯაფარიძე, გურამ ოდიშარია, გიორგი ხმელიძე, გელა ქარდავა, ირაკლი ფიფია, სანდრო ქურასბედიანი და ტარიელ ონიანი. ვინმე თუ იტყვის, რა არის ამაში საინტერესოდ სასაცილოო, მართალიც იქნება, მაგრამ ამ საქმეში ყველა დოკუმენტს (ერთობლიობაში კი საქმეს) აქვს თავისი “სუსტი წერტილი”. გურგენიძის წერილის აქილევსის ქუსლი მდგომარეობს იმაში, რომ მან “ქვემოთ ჩამოთვლილი პირების” “კლიჩკები” მიუთითა ოფიციალურ დოკუმენტში და ცნობილი ფაქტია, რომ ფორმა #1-ში “კლიჩკები” არ იწერება, ფორმა #1-ში მხოლოდ დაბადების მოწმობაში ფიქსირებული სახელი, მამის სახელი და გვარი იწერება. კარგით, როგორც იტყვიან, ეს იაღლიშიც გავატაროთ, რა ხდება ამის შემდეგ: ერგემლიძემ გურგენიძეს მოთხოვნილი 20 პირის ნაცვლად 14 პირის ფორმა #1-ის ქსეროასლები გაუგზავნა და იქვე მიუთითა, რომ კალაშოვის, უსოიანის, დათუნაშვილისა და ჯიბლაძის შესახებ მონაცემები არ ჰქონდათ. და კიდევ ერთი, ერგემლიძემ გურგენიძისგან განსხვავებით, გაცემულ ცნობაში ყველა პირი “რადნოი” გვარ-სახელით მოიხსენია და არა “კლიჩკით”. მიუხედავად გამოგზავნილი 14 ფორმა #1-სა, საქმეში მხოლოდ ერთი, ლაშა შუშანაშვილის ფორმა #1 დევს. თუ შუშანაშვილის საქმესთან 19 პირის ფორმა #1-ს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა, მაშინ რატომ გამოითხოვეს, და მეორე, რაკი გამოითხოვეს, ჩათვალეს, რომ შუშანაშვილის ფორმა #1-ს პირდაპირი შემხებლობა ჰქონდა დანარჩენი 19-ის საქმესთან, მაშინ ისმის კითხვა: რატომ დევს საქმეში მხოლოდ ერთი პირის ფორმა #1? სადაა დანარჩენი 13 ფორმა #1, რომელიც სააგენტომ სოდ-ს გაუგზავნა? თუმცა, ეს იმასთან შედარებით არაფერია, რაც წინ გველოდება: 2006 წლის 4 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსს გიორგაძეს სოდ-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სპეციალურ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსი გურგენიძე, მიმართავს წერილით #18/03/1-1114-ით, წერილში ვკითხულობთ: “შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის წარმოებაშია სისხლის სამართლის #090060045 საქმე 1961 წლის 25 ივლისს დაბადებული, კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის მიმართ, კანონიერი ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით. 1979-1991 წლებში ლაშა შუშანაშვილი ოთხჯერ იქნა ნასამართლევი სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 252-ე მუხლის მესამე ნაწილით, 152-2-1 პუნქტით და 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. შემოსული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პიროვნება უნდა იმყოფებოდეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ მოსკოვში, სადაც ის აკონტროლებს და ხელმძღვანელობს საქართველოდან წასული პირებისგან შემდგარ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, რომლებიც დაკავებულნი არიან ადამიანის გატაცებით, ფულადი თანხების გამოძალვით და სხვა დანაშაულებრივი საქმიანობით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ გვაცნობოთ, გამოცხადებულია თუ არა აღნიშნულ პიროვნებაზე საერთაშორისო ძებნა და თქვენი დახმარებით რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა სამსახურებმა მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მასალები ლაშა შუშანაშვილის საქმიანობისა და მისი გარშემომყოფი პირების შესახებ”. დავიწყოთ იმით, რომ ამ დოკუმენტში მოყვანილი შუშანაშვილის ოთხგზის ნასამართლობა სიმართლეა, მაგრამ იმ პერიოდისთვის როცა ეს წერილი დაიწერა, შუშანაშვილს ყველა ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. სხვა თემაა, რა გზით, რატომ, რის გამო, კანონიერად თუ უკანონოდ (ზოგადად და კონკრეტულად ხანდაზმულობის გამო), მაგრამ ფაქტია, 2006 წლისთვის შუშანაშვილის პირადი საქმე სუფთა იყო და ეს თუ არ იცოდა სოდ-მა, გამოდის, რომ კოდუას სამსახურში ძალიან დაბალი კვალიფიკაციის კადრები ჰყავდა, თავად კოდუაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. შსს-დან, რომლის ქვემდებარეც სოდ-ი იყო, შესაბამისი დოკუმენტის გამოთხოვას წინ არაფერი ედგა. ამდენად, დოკუმენტი უკვე გაყალბებულია და ამ დოკუმენტით ინტერპოლი შეგნებულად შეჰყავს “ვიღაცას, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომ ჰქვია, და რომლის არ ითქმის სახელი”, შეცდომაში. ეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება თუ არაა, მონაცემების (ანუ დოკუმენტის) გაყალბება რომ არის, ცხადზე ცხადია. მე არ ვამბობ, რომ ლაშა შუშანაშვილი (არც მოსამართლე ვარ და არც გამომძიებელი) ფრთიანი ანგელოზია, მაგრამ დოკუმენტი რომ კანონის დაცვით უნდა იქნას შედგენილი, ეს ზუსტად ვიცი. სოდ-ის შემდეგი “იაღლიში”: თავისთავად საინტერესოა, საგამოძიებო ორგანო რა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში შუშანაშვილი დანაშაულს სჩადის. მსგავსი დოკუმენტი საქმეში არ არსებობს და თუ, ვთქვათ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს ეყრდნობიან, ეს ინფორმაციები მაინც უნდა იყოს მითითებული საქმეში. კარგით, ეს არაფერი, შემდეგი “იაღლიში”: გიორგაძეს, მისი თანამდებობის მიუხედავად, არ ჰქონდა კანონით უფლებამოსილება იმისა, რომ მოსკოვიდან გამოეთხოვა ლაშა შუშანაშვილის “გარშემომყოფი პირების შესახებ” ინფორმაცია. ამდენად, მას რომ სოდ-ის დავალება შეესრულებინა, “შავი ხვრელებით” (ფაქტობრივად, არალეგალურად) უნდა მოეპოვებინა ეს მასალები, მაგრამ საინტერესოა, როგორ შეძლებდა ამ გზით მიწოდებულ ინფორმაციას სოდ-ი? ჩავთვალოთ, რომ ესეც არაფერია, შემდეგ დოკუმენტს რა უნდა დავარქვათ, მე არ ვიცი და ეგებ თქვენ, მკითხველმა, გამოუძებნოთ ფორმა: 2006 წლის 8 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსს გიორგაძეს #18/3/1-1227 წერილით გურგენიძე ისევ მიმართავს და აცნობებს: “გეგზავნებათ ზაქარია (ზაქრო) კალაშოვის, ლაშა შუშანაშვილის, რევაზ ბუხნიკაშვილის, ალბერტ ისოიანის, ალექსანდრე ქარცივაძის, გიორგი ნიჟარაძის, გურამ ოდიშარიას, გელა ქარდავას, თეიმურაზ დათუნაშვილის, ვახტანგ ჩაჩანიძის, დავით სებისკვერაძის, მამუკა მიქელაძის, გიორგი მაისურაძის, ვლადიმერ ჯიბლაძის, ემზარ ჯაფარიძის, გიორგი ხმელიძის, ირაკლი ფიფიას და სანდრო ქურასბედიანის დაქტილობარათები და ფოტოსურათები”. ზემდგომთაგან არავინ ჰკითხა გურგენიძეს, რატომ უგზავნიდა გიორგაძეს 34 ფურცელს. დიახ, დანართი 34 ფურცელზე იყო, ასეა მითითებული #18/3/1-1227 წერილში, მაგრამ საქმეში მხოლოდ ორი ფურცელი დევს. არც ის იკითხა არავინ, საიდან მოიპოვა სოდ-მა ეს მონაცემები, რომელიც არანაირად არ იქნებოდა სოდ-ში. თავის მხრივ, არც გიორგაძე დაინტერესებულა, რატომ გაუგზავნეს მას დაქტილობარათები და ფოტოსურათები. მოკლედ, რომ იტყვიან, სრული ჰარმონია, ოჯახური იდილია სუფევდა...
შემდეგი წერილი უფრო საინტერესოა. ეს წერილი გურგენიძემ გიორგაძეს 2006 წლის 22 მაისს გაუგზავნა, წერილის ნომერია 18/3/1-1640: “ჩვენ მიერ გამოგზავნილ წერილებთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ: ფიფია ირაკლი ამჟამად იმყოფება მოსკოვში, სადაც ეწევა ბინის ქურდობებს და ჰყავს ორგანიზებული დაჯგუფება ევროპაში რომლებიც სჩადიან ავტომანქანებიდან მოქალაქეთა პირადი ნივთების ქურდობას; ხმელიძე გია გასამართლებულია სსკ 144-ე მუხლით _ “შრომის კანონმდებლობის დარღვევა”. ამჟამად იმყოფება დონეცკში, სადაც აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი, აკონტროლებს დონეცკში ქვის ბიზნესს და ჰყავს დაჯგუფებები ევროპასა და რუსეთში, რომლებიც ეწევიან რეკეტს; ჯაფარიძე ემზარი ამჟამად იმყოფება მოსკოვში, სადაც კანონიერ ქურდ ელგუჯა კიკაჩეიშვილი-ლევკინთან ერთად ჩამოყალიბებული აქვს ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ეწევიან რეკეტს და ადამიანების გატაცებას გამოძალვის მიზნით; მაისურაძე გოგი ამჟამად იმყოფება ვორონეჟში, სადაც ჩამოყალიბებული აქვს ორგანიზებული ჯგუფი და მათთან ერთად ეწევა ბინის ქურდობას; მიქელაძე მამუკა დაახლოებით 15 წელია იმყოფება მოსკოვში, ჩამოყალიბებული აქვს ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ეწევიან რეკეტს; დათუნაშვილი თეიმურაზი ნასამართლევია 1972 წელს _ “სხვისი ქონების დაუფლება”, 1978 წელს _ “ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებათა საექსპლუატაციოდ გაშვება და მათი ექსპლუატაციის წესების სხვა დარღვევა”, 2003 წელს _ “ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გადატანა და გადაზიდვა”, ამჟამად ცხოვრობს მოსკოვში, სადაც ჩამოყალიბებული აქვს ორგანიზებული ჯგუფი და საქართველოდან ჩასული ბიზნესმენებისგან ეწევა ფულის გამოძალვას; ნიჟარაძე გია ამჟამად იმყოფება რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში, სადაც ჩამოყალიბებული აქვს ორგანიზებული ჯგუფი და მათთან ერთად ეწევა ბინის ქურდობასა და მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვას; ქარცივაძე ალექსანდრე ამჟამად იმყოფება შუა აზიაში, ზუსტი ადგილსამყოფელი ჩვენთვის უცნობია, ჩამოყალიბებული აქვს ორგანიზებული ჯგუფი და ეწევა რეკეტსა და ბინის ქურდობას; ბუხნიკაშვილი რეზო _ ჰყავს კრიმინალური დაჯგუფება უკრაინასა და ევროპაში, ძირითადად ეწევა ყაჩაღურ თავდასხმებს; ისოიანი ალბერტი _ ამჟამად იმყოფება სოჭში, სადაც ჩამოყალიბებული აქვს კრიმინალური დაჯგუფება და მათთან ერთად ეწევა რეკეტსა და ყაჩაღურ თავდასხმებს, საქართველოში ნასამართლებია ბანდიტიზმის მუხლით, აგრეთვე, ნასამართლევია სომხეთსა და უკრაინაში; შუშანაშვილი ლაშა _ ამჟამად იმყოფება მოსკოვში, სადაც ჩამოყალიბებული აქვს კრიმინალური დაჯგუფება და მათთან ერთად აკონტროლებს სათამაშო ბიზნესს და ბიზნესმენებს სძალავს ფულს, მჭიდრო კავშირი აქვს კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვთან; ოდიშარია გურამი _ ამჟამად იმყოფება მოსკოვში, არის ჩეჩენ კრიმინალთა დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი და მათთან ერთად ეწევა რეკეტსა და ფულის გამოძალვას; ქარდავა გელა _ ამჟამად იმყოფება მოსკოვში, ჩამოყალიბებული აქვს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც ეწევიან რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ბინების ქურდობას; ჯიბლაძე ვლადიმერი _ ამჟამად იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, სადაც ჩამოყალიბებული აქვს ორგანიზებული ჯგუფი და მათთან ერთად მოგზაურობს რუსეთისა და ევროპის ქვეყნებში, სადაც ახორციელებს ყაჩაღურ თავდასხმებს და მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვას”. დოკუმენტი (და არამხოლოდ ეს) გაუმართავი ქართულითაა შედგენილი, მაგრამ ეს სამართლებრივად არაფერია, უბრალოდ, ვინც რა დონეზე ფლობს მშობლიურ ენას, ისე მეტყველებს და ისე წერს. აქ საინტერესოა ის ფაქტი, რატომ უგზავნის ერთი უწყება მეორეს დოკუმენტს? რა დატვირთვით და ზოგადად, რა მონაცემებს ეყრდნობიან, როცა კონკრეტულ დანაშაულზე აკეთებენ აქცენტს. ის, რაც დადგენილია, ანუ რაზეც სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი არსებობს, გასაგებია, უტყუარად უნდა მიიღო და აღიარო, მაგრამ დაუდგენელ დანაშაულზე როგორ შეიძლება ადამიანი პოტენციურ დამნაშავედ გამოაცხადო საგამოძიებო უწყებამ, ეს, ცოტა არ იყოს, გაურკვეველია.
დარეჯან მეფარიშვილი, გაზეთი „პრემიერი“
გაგრძელება იქნება
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |