|
სისხლის სამართლის მესამე საქმის კომენტირებისას მიშა უჩვეულოდ აღელვებული ჩანდა. მიზეზი იოლად მისახვედრია: “პიარი” მას არასდროს ეშლებოდა და შესანიშნავად იცის, რომ არც 7 ნოემბრის დარბევები და გრიგოლიასთვის ნასროლი რეზინის ტყვია, არც ვალერი გელაშვილის ცემა (რაზეც ბევრი ამბობს: “მართლა საცემი იყო ქალის შეურაცხყოფისთვისო”) ქართველებს არ გააღიზიანებდა ისე, როგორც, მაგალითად, “დოქტორ დოტის” ისტორია.
განსაკუთრებით ქართველობის “მშვენიერ ნახევარს”.
ასეთია ადამიანის ბუნება.
ნიშანდობლივია, რომ “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ”, ნიუ-იორკიდან ჩართვისას, მიშას ყველაფერი ჰკითხა, გარდა მასაჟისტი ქალის ეპიზოდისა. რატომ? ხომ ძალიან კარგად იციან (როცა სჭირდებათ, არაფერი გამოეპარებათ), რომ სწორედ ეს ეპიზოდია ყველაზე სკანდალური.
მაშ, რატომ არ ჰკითხა ზალიკომ მიშას? იმიტომ, რომ (დარწმუნებული ვარ) არსებობდა წინასწარი თხოვნა: “ყველაფერი მკითხე, ამის გარდაო”.
მართლაც, ყველაფერზე შეიძლება პასუხი მოიფიქრო. მაგალითად, ინგლისელი ავანგარდისტი მხატვრის, მერედიტ ოსტრომის უკანალით შესრულებული ნახატის შეძენა ახსნა საქართველოს სამხედრო-სამრეწველო პოტენციალის გამაგრების სურვილით, მაგრამ “დოქტორ დოტი”?
ამასთან დაკავშირებით, დავსვათ რამდენიმე მარტივი კითხვა. იქნებ ვცადოთ და წარმოვიდგინოთ, რა მოხდება საფრანგეთში, უცბად რომ გაირკვეს: პრეზიდენტმა ოლანდმა სკანდალურად ცნობილი მასაჟისტი ქალი საიდუმლოდ მოიწვია ელისეის სასახლეში, ჩამოიყვანა საპრეზიდენტო თვითმფრინავით, არ გაატარა საზღვარზე კონტროლი და გადაუხადა ბიუჯეტიდან?
წარმოიდგინეთ? მაშინ არც იმის წარმოდგენა გაგიჭირდებათ, რომ, თუ ელისეის მინდვრებზე გამართული გრანდიოზული საპროტესტო მიტინგის შემდეგ იმ სასახლეში არ შეუვარდებოდნენ და იქვე არ ჩამოახრჩობდნენ, ან “კონკორდის” მოედანზე გილიოტინას არ აღადგენდნენ და თავს არ მოჰკვეთდნენ, მაშინ ციხეში ნამდვილად ამოალპობდნენ!
მეორე: “პრეზიდენტს მასაჟი სჭირდებაო”. კი ბატონო, შეიძლება სჭირდებოდეს, მაგრამ, როგორც მერედიტ ოსტრომის უკანალით შესრულებული ნახატის მხატვრული ღირებულებაა ჩვეულებრივი “ფეიკი”, ასევე ვერავინ დამაჯერებს, რომ ის აპოკალიპსური მეძავი, რომლის ბერლინიდან ჩამოყვანა ასეულობით ათასი დოლარი დაჯდა, რაღაც ისეთი სპეციალისტია მანუალური თერაპიისა, რომ მის გარდა, ვერავინ გააკეთებდა: თბილისში არსებულ პრესტიჟულ სპა-მასაჟის სალონთა პროფესიონალებით დაწყებული, ორთაჭალის აბანოს რომელიმე გამოცდილი მექისით დამთავრებული.
ხომ ნათელია, რომ აქ სულ სხვა და ბევრად უარეს ფენომენთან გვაქვს საქმე? კერძოდ, საკუთარი, მძვინვარე სურვილისა და აკვიატება-ახირების დაკმაყოფილებასთან, რომელიც მით უფრო დაუოკებელი და მწველი ხდება, როცა მისი დაკმაყოფილების საშუალება(!) გაქვს.
რა თქმა უნდა, სუსტია ადამიანი, მაგრამ იგივე ქალბატონი შტეინი წერს: მიშა ჩემი პირველი პრეზიდენტი-პაციენტი იყოო.
რატომ, რა, სხვა პრეზიდენტებს აწყენთ ასეთი “მასაჟი”, თუ მისი გემო არ იციან?
დოქტორ დოტს უამრავი ცნობილი პაციენტი ჰყოლია, მაგრამ არა პრეზიდენტები! იმიტომ, რომ პრეზიდენტს მოთმენა ევალება და არ შეიძლება იქცეოდეს ისე, როგორც ჩვეულებრივი “სელებრითი”.
აქ ყველაზე გამაოგნებელი მაინც სწორედ ეს დეტალია, რომელიც უეჭველად მეტყველებს, რომ 9 წლის განმავლობაში, მართლა გვყავდა ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ მძვინვარე სურვილებს ვერ ერეოდა და იმგვარ რისკზეც კი მიდიოდა, როგორიცაა სკანდალური მასაჟისტი ქალის ჩამოყვანა სახელმწიფო თვითმფრინავით, საზღვრის გვერდის ავლით, თანაც სახელმწიფოს ხარჯზე, ანუ სახელმწიფო ფულით.
თანაც, დავაკვირდეთ კიდევ ერთ ნიუანსს: მიშას რომ ეს იმავე “პიარისთვის” დასჭირვებოდა, როგორც, მაგალითად, შერონ სტოუნის წივილ-კივილი ავლაბრის სასახლის “შუშის ჭაზე”, ან ლონდონელ, პარიზელ და მილანელ კუტიურიეთა კოსტიუმები, მაშინ კიდევ გასაგები იქნებოდა. არა მისაღები, არამედ გასაგები: რას ვიზამთ, თუკი ქვეყანას, ე.წ. “ვარდების რევოლუციით” მოევლინა ასეთი ეპატაჟური სტილის პოლიტიკოსი, რომელიც ყველგან და ყველაფერს “პიარისთვის” იყენებს: მათ შორის პრესტიჟულ მასაჟსაც ყველაზე ძვირადღირებულ და სკანდალურ “სპეციალისტთან”.
მაგრამ საქმეც სწორედ ისაა (და ბევრად უარესია), რომ მიშას ამ საქმის გახმაურება არ უნდოდა!!! ამიტომ შემოიყვანა საიდუმლოდ – სასაზღვრო კონტროლის გარეშე. როგორც ჩანს, იმედი ჰქონდა, რომ ის აპოკალიპსური მეძავი ენას კბილს დააჭერდა, საკუთარ ბლოგზე სკანდალურ ტექსტებს არ გამოაქვეყნებდა, ამ ისტორიას ქვეყანას არ “მოასხამდა” და თავისი ბიზნესის პრომოუშენისთვის არ გამოიყენებდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ქალბატონი დოროთი ასეთ ისტორიას აღწერს: ერთხელ, მოულოდნელად, მიშასთან სასტუმრო “ადლონში” დამიბარესო.
აქვე: Adlon – ბერლინის ცენტრში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან მდებარე, გერმანიისა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო, უძვირესი, ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო. ის გასული საუკუნის მოვლენათა მემატიანეა, იქ დიდწილად მხოლოდ პრეზიდენტები და მილიარდერები ჩერდებიან. ამიტომ განსაკუთრებული დაცვა ჰყავს.
ჰოდა, ქალბატონი შტეინი წერს: მივედი, თუმცა დაცვა არ მიშვებდა, ვუთხარი “საქართველოს პრეზიდენტთან ვარ მასაჟზე დაბარებული-მეთქი”, არ დამიჯერეს, დიდხანს არ მატარებდნენ მაინც, ბოლოს მიშას დაცვასთან დარეკეს და ძლივს გამატარესო.
არ იჯერებდნენ და არ ატარებდნენ, რადგან “ადლონში” ამგვარი რამ წარმოუდგენელია!
ამაზე მეტი თავლაფდასხმა გაგონილა?
მიაქციეთ ყურადღება, რა დონის პროფესიონალები იყვნენ “ადლონის” ის მცველები, რომ ეს ისტორია მხოლოდ საკუთარ უფროსობას შეატყობინეს (ქალბატონ ანგელას იმ დილითვე ეცოდინებოდა და ზიზღით ჩაიღიმებდა), ხოლო ტელევიზიებმა, საბედნიეროდ, ვერაფერი შეიტყვეს, თორემ გრანდიოზული სკანდალი მაშინვე გარანტირებული იქნებოდა.
აბა, სად გაგონილა, Adlon-ში სტუმრად მყოფ პრეზიდენტს სკანდალური მასაჟისტი აკითხავდეს? მაგრამ, ისევ და ისევ, ის ინფანტილური, დაუოკებელი სურვილი, რომელიც მით უმეტეს მწველი და დაუძლეველი ხდება, როცა პრეზიდენტი ხარ, ანუ გაქვს მისი დაკმაყოფილების საშუალება. მაშინაც კი ვერ ძლევ, როცა იცი, რომ შეიძლება გახმაურდეს და სერიოზული პრობლემები შეგიქმნას. სწორედ ეს არის აქ ყველაზე შემაშფოთებელი, რადგან ასეთი ფსიქოტიპის პრეზიდენტი ქვეყნისთვის, უბრალოდ, საშიშია. თანაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ საშიში!
თორემ, კი ბატონო, შეიძლება დაუსრულებლად ვიდავოთ იმაზე, უნდა ჩერდებოდეს თუ არა ღარიბ-ღატაკი ქვეყნის პრეზიდენტი მაინცდამაინც Adlon-ში, სადაც საპრეზიდენტო აპარტამენტი დღეში 2000 ევრო ღირს და არა რომელიმე სხვა სასტუმროში, სადაც შეიძლება, ვთქვათ, 1000 ევრო ღირდეს. უნდა იცვამდეს თუ არა (განსხვავებით ჩვენზე ბევრად მდიდარი ესტონეთის ან ფინეთის პრეზიდენტებისგან, რომლებიც, როგორც ჩანს, “გოიმები” არიან) 20-ათასდოლარიან კოსტიუმებს, უნდა იკეთებდეს თუ არა “ბოტოქსის” ინექციას და ა.შ.
ვიღაც იტყვის, რომ ეს ყოველივე ქვეყნის პრომოუშენს სჭირდებოდა, რომ ის კოსტიუმი მიშას კი არ ეცვა, არამედ საქართველოს პრეზიდენტს ეცვა და როცა CNN-ზე ამ კოსტიუმში გამოჩნდებოდა, სადღაც ავსტრალიაში ან პერუში იმას კი არ იტყოდნენ: “მიშას რა მაგარი კოსტიუმი აცვიაო”, არამედ “საქართველოს პრეზიდენტს რა დახვეწილი გემოვნება აქვსო”.
ყველაფერს შეიძლება მოუძებნო ლეგიტიმური ახსნა, სალაპარაკოდ და “სათქმელად” მაინც. სხვა საქმეა, გაიზიარებს თუ არა ამგვარ ლოგიკას საქართველოს, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის სახელმწიფო აუდიტორული სამსახური იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონით არ არის განსაზღვრული, რამდენი შეიძლება დახარჯონ პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ (შეგახსენებთ: “პროფესიით მედდამ”) საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. დღეში 1000 ევრო თუ 5000 ევრო. ეს ყოველივე საკამათო თემებია და იურიდიულად შეიძლება ძნელად დასამტკიცებელიც იყოს კრიმინალი, თუკი კანონი ამ ხარჯებს ზუსტად არ განსაზღვრავს. ხოლო მორალური მხარე მიშას სულ კიდია და ყოველთვის ეკიდა.
მაგრამ “დოქტორ დოტის” ისტორია ისეთი გამაოგნებელი ფენომენია, რომელსაც ლეგიტიმურ ახსნას, უბრალოდ, ვერ მოუძებნი და ვერც ერთ, თუნდაც არქიდემაგოგიურ არგუმენტს ვერ “მოარგებ”.
სწორედ ამიტომ არ ჰკითხა ამაზე არაფერი “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ”.
სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ძალიან საეჭვოდ დუმს პროკურატურა მარიამ საჯაიასა და თინათინ ბოკუჩავასთვის გადაცემულ საჩუქრებთან დაკავშირებით. ირინა იმერლიშვილის თქმით, საქმეში ნამდვილად არსებობს ქვითრები და სხვა დოკუმენტები, მაგრამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა. რატომ? როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ ქართულ დელიკატურობას, ტრადიციებსა და ღირსებას ასე უფრო შეესაბამება.
მიხეილ გეწაძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |