|
დოქტორ დოტი და ზვიად გამსახურდიას “მერსედესები”; პრეზიდენტი მარგველაშვილი მალე დასაბმელი გაგიხდებათ; ეკა წამალაშვილის Khuilo; რუსეთის ჰუმანიტარული ტროას ცხენი; რა უნდოდა ირაკლი ალასანიას ნახჭევანში?
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული მორიგი “საქმის” თაობაზე ატეხილ გნიასში ყველაზე კომიკური იყო 23 წლის წინანდელ მოვლენათა ექსტრაპოლირება და პირწავარდნილად დემაგოგიური პარალელები: “იგივე ხალხი, ზუსტად იგივე არგუმენტებით, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ბრალად სდებდა, რომ... მან თურმე “მერსედესები” იყიდა...”
კომიკურობა მაშინვე იწყება, როცა დავაკვირდებით და ამ ფსევდოარგუმენტის დღევანდელ ავტორებში იმდროინდელ “ანტიზვიადისტებს” აღმოვაჩენთ, რომლებიც იმით სარგებლობენ, რომ ზოგადად, ჩვენს საზოგადოებას ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერება აქვს. ანუ მაშინ თვითონ ამბობდნენ: “როგორ შეიძლება პრეზიდენტი “მერსედესით” დადიოდესო”, და ახლა თავადვე გვმოძღვრავენ: როგორ შეიძლება პრეზიდენტს ერთი მკერდბარაქიანი მასაჟისტი დაამადლოო.
“ხალხის” სიჩლუნგეზეა გათვლა. ანუ იმის იმედად, რომ “ხალხი” ვერ შეამჩნევს, ვერ აღიქვამს, ვერ მიხვდება, ანუ, თბილისური ჟარგონით, “ვერ მოწვავს” თვისებრივ, კარდინალურ, კატეგორიულ სხვაობას “მერსედესსა” და “დოქტორ დოტს” შორის. არადა, სხვაობა, სინამდვილეში, კოსმიურია.
ისე, ხუმრობით: შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ზვიად გამსახურდია და დოქტორ დოტი ერთ მოცემულობაში? ეს ორი ფენომენი იმდენად შეუთავსებელია, არა უბრალოდ სხვადასხვა გალაქტიკაში, არამედ სხვადასხვა სამყაროში მდებარეობდნენ.
ის საცოდავი ამას როგორ გაბედავდა? ჯერ ხომ ქალბატონი მანანა დაახრჩობდა საკუთარი ხელით “კოლხურ კოშკში”.
“დრონი იცვლებიანო”. ჰოდა, თუ დრონი იცვლებიან, მაშინ დაანებეთ თავი ამ დემაგოგიას: “არაფერ შუაში” კი არა, “კიდეშიც” არ არის აქ ზვიად გამსახურდიას “მერსედესები”. და მათი გაიგივება (ესე იგი იმდროინდელი ე.წ. “ინტელიგენციისა” და “მხედრიონის” კრიმინალური ბანდის გარშემო დარაზმულთა არგუმენტების ექსტრაპოლირება სულ სხვა ეპოქაზე) ელემენტარული ცრუპენტელობა და უსინდისობაა!
“მერსედესების” დაპარალელება შეიძლება პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალათა სხვა ჰაილაითებიდანაც ვცადოთ, რაც მათ აბსურდულობას კიდევ უფრო ცხადყოფს. მაგრამ პროკურატურამ ყველაფერი ვერ გამოაქვეყნა. “არ გამოაქვეყნა” კი არა, “ვერ გამოაქვეყნა”.
რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ბოლოს კი მოხსნა გრიფი “საიდუმლო” დოკუმენტების ნაწილს, მაგრამ ყველაფერს როდი მოხსნა!
ესაა საქმე, თუმცა საზოგადოება პირდაღებული შეჰყურებს, უფრო ზუსტად, ყურებაწითლებული ისმენს ფაქტებს და ვერ ხვდება, რომ ყველაზე სკანდალური ფაქტები კვლავ გასაიდუმლოებულია დღევანდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით. მათ შორის ოჯახის წევრთა სწავლაზე გადახდილი თანხები და ძვირფასი საჩუქრები პარლამენტის წევრი გოგონებისთვის.
გიორგი მარგველაშვილმა ჩათვალა, რომ ამ მასალებს გრიფი “საიდუმლო” არ უნდა მოეხსნას.
ასე ჩათვალა, მორჩა და გათავდა.
შესაბამისად, პროკურატურამაც ვერ გამოაქვეყნა, თორემ დოქტორ დოტზე ნაკლებად სენსაციური როდი იქნებოდა. რატომ ჩათვალა და რა მოსაზრებებით მიიჩნია ასე საჭიროდ პრეზიდენტმა, სხვა საქმეა. მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ უახლოეს მომავალში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ირინა იმერლიშვილი სკანდალურ განცხადებას გააკეთებს გადადგომის შესახებ, რადგან გამოდის, რომ მან ყველა მოგვატყუა, როცა გვიყვებოდა, რომ პარლამენტის ორმა წევრმა პრეზიდენტისგან ძვირფასი საჩუქრები მიიღო და იმ სქელ საქაღალდესაც ნაზად უთათუნებდა ხელს, სადაც თემურ ჯანაშიას ხელნაწერები და ქვითრები ინახებოდა.
დარწმუნებული ვარ, ირინა იმერლიშვილს ეს არ მოუგონია და ამგვარი მტკიცებულებები ნამდვილად არსებობს. მაშ, რატომ არ აქვეყნებს პროკურატურა? იმიტომ, რომ კვლავაც გასაიდუმლოებულია. ასე მიიჩნია მიზანშეწონილად დღევანდელმა პრეზიდენტმა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისევე, როგორც ჩათვალა საჭიროდ, მოქალაქეობა არ მიენიჭებინა კახა თარგამაძისთვის, რაც გასული კვირის კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
ეს უკანასკნელი თავის დროზე შეიძლება კარგი პოლიციელი იყო, მაგრამ ჭკუით არასდროს გამოირჩეოდა. გაუგებარია, რა ჯანდაბად უნდა და რატომ აქცია კვლავ თავი თითით საჩვენებელ მაჯლაჯუნად მაშინ, როდესაც მის წინააღმდეგ 2000-2001 წლებში აგორებული ტალღა დიდწილად ჟვანიას, კიწმარიშვილისა და მიშას პიარი იყო, რომელსაც რეალობასთან საერთო ბევრი არაფერი ჰქონდა?
არანაირი “რუხი კარდინალი” და “ბოროტი გენია” კახა თარგამაძე არ ყოფილა. არავითარი განსაკუთრებული გავლენა შევარდნაძეზე მას არ ჰქონია. უბრალოდ, კარგი პოლიციელი იყო და 1995 წელს ჯაბა დაიჭირა, მას შემდეგ, რაც ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 29 აგვისტოს განხორციელებული ტერაქტი გახსნა.
ეს არის და ეს.
ე.წ. “ვარდების რევოლუციის” პერიოდში, “რუსთავი 2”-ის თვალებანთებულმა, ბრიყვმა გოგონებმა ლამის ლუციფერად აქციეს, თუმცა თანამდებობიდან უკვე ორი წლის გადამდგარი იყო. ამის მიუხედავად, “რკინის კაცი თარგამაძე” ხელშეუხებელი სიმბოლო გახდა და, უბრალოდ, გამორიცხული იყო, გიორგი მარგველაშვილს მისთვის მოქალაქეობა მიენიჭებინა, რაკი ეს მთელი თაობისა და მტკიცედ ჩამოყალიბებული სტერეოტიპების ღალატად აღიქმებოდა: “წარსულში ვბრუნდებით”, “ძველი სისხლისმსმელები ბრუნდებიან”, რისთვის მოხდა რევოლუცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ისიც საკითხავია, ვინ უფრო სისხლისმსმელი ურჩხული იყო: კახა თარგამაძე თუ ირაკლი ოქრუაშვილი? მაგრამ რევოლუციის თვისება ასეთია: ლუი მეთექვსმეტის ლაყე მინისტრები მონსტრებად წარმოაჩინეს, ხოლო რევოლუციის შემდეგ მოვიდა რობესპიერი, რომელმაც ისეთი ვაი-უშველებელი დააწია, რომ სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მის საფლავზე ასეთი ტრაგიკომიკური ეპიტაფიაა: “გამვლელო, ჩემს ბედზე დიდად ნუ იდარდებ _ მე რომ ცოცხლად დავრჩენილიყავი, შენ არ დაიბადებოდი”.
ეს ისე, მცირე გადახვევის სახით. რაც შეეხება მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, ნუ დავივიწყებთ, რომ განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილისგან, 2003 წლის რევოლუციაში გიორგი მარგველაშვილს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული, როგორც იმ თაობის, იმ სოციალური გენერაციის წარმომადგენელს, რომელმაც გატეხა და წარსულის უკუნეთს ჩააბარა ძველი, პოსტსაბჭოური ელიტა _ თავისი “ინტელიგენციითა” და საბჭოთა ნომენკლატურით.
უეჭველია, რომ კახა თარგამაძეს წინასწარ ექნებოდა მოლაპარაკება მოქალაქეობის თაობაზე “ოცნების” ლიდერებთან ან თვით ბიძინა ივანიშვილთან და შესაძლოა, გარკვეული გარანტიებიც მიიღო, მაგრამ პრეზიდენტმა ეს გარანტიები ჩაშალა.
ამასთანავე, გიორგი მარგველაშვილმა ზუსტად გათვალა, სად და როგორ შეეძლო, განეხორციელებინა საპასუხო დარტყმა გაუთავებელი დაცინვისა და დამცირების გამო, რაც თავს დაატყდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. შესაბამისად, კახა თარგამაძისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმა პრემიერ-მინისტრის გუნდის დამარცხებად აღიქმება. უარესიც: ამით მარგველაშვილმა ეს გუნდი და თვით პრემიერი ქარაგმულად იმავე სოციალურ კატეგორიას მიაკუთვნა და მათზე იგივე თაობა, იგივე ენჯეოშნიკები “დაგეშა”, რომლებმაც 13 წლის წინათ საშუალო გაქანების მილიციელ თარგამაძისგან ლამის ველზევული შექმნეს.
მთლიანობაში ძალიან ძლიერი სვლა გამოდგა პრეზიდენტის მხრიდან და ახლა რას იზამენ მისი ოპონენტები? გამოვლენ და იტყვიან (როგორც “ავლაბრის სასახლისა” თუ მოწმეთა სასამართლოზე დაკითხვის შემთხვევაში თქვეს): “ეს რა გვიქნა, რასაც მოველოდით, სულ სხვა ღირებულებების მატარებელი აღმოჩნდაო”.
ბოლოს და ბოლოს, თუ “ღირებულებებში” რაიმე სხვა იგულისხმება, გარდა უსიტყვო მორჩილებისა, მაშინ მარგველაშვილმა სწორედაც საკუთარ ღირებულებებს უერთგულა თარგამაძისთვის უარის თქმით. და ამ უხერხული სიტუაციიდან გამოსვლა ივანიშვილ-ღარიბაშვილის გუნდს ძალიან გაუჭირდება.
თანაც, ეს მხოლოდ დასაწყისია: ბევრჯერ ითქვა, რომ მარგველაშვილი, მისი სოციალური წარმოშობისა და მენტალობის გამო, აგრეთვე, უშველებელი ინტელექტუალური ამბიციიდან გამომდინარე, არაფრისდიდებით არ შეურიგდებოდა და არც არასდროს შეურიგდება “გუდურა პრეზიდენტის” როლს.
ჰოდა, როცა ასეთი ტიპის პიროვნებას ასახელებდით პრეზიდენტობის კანდიდატად, რა გეგონათ? ვითომ რატომ არ შეიძლებოდა, მაგალითად, ეკონომიკის მინისტრ კვირიკაშვილის ტიპისა მოგეძებნათ ვინმე, ვინც პრობლემებს არც ერთ შემთხვევაში არ შექმნიდა?
მაგრამ ახლა უკვე აღარ არსებობს იოლი გამოსავალი ამ ჩიხიდან: გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებამ, თარგამაძესთან დაკავშირებით, მას ბევრი ქულა ჩაუწერა განსაკუთრებულ სოციალურ ფენაში, ანუ ახალ საზოგადოებრივ ელიტაში, რომელიც პოსტსაბჭოური ელიტის განადგურების შემდეგ მოექცა ქვეყნის სათავეში. თუ არ გჯერათ, წაიკითხეთ, რას წერენ სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე და ა.შ.: “ყოჩაღ, გიორგი”, “შენი ფანი გავხდი”, “მაგარი ხარ”, “არც კი მოველოდი” და ა.შ.
შესაბამისად, ამგვარი გადაწყვეტილებები გახშირდება.
ალასანია-რესპუბლიკელთა დაჯგუფებაც, მორიგი საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე, სულ უფრო ყოყმანით დაუჭერს მხარს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა შეზღუდვას საკანონმდებლო ცვლილებებით. ამის სიმპტომები უკვე იგრძნობა.
მაშინ ივანიშვილ-ღარიბაშვილის გუნდი, რომელმაც 2012 წლის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მოიგო (მარგველაშვილი და მისი გენერაცია თურმე მხოლოდ დიზაინისთვის სჭირდებოდათ), უბრალოდ, იძულებული გახდება, ძალიან სერიოზულ რისკზე წავიდეს და კონსტიტუციური ცვლილება მოითხოვოს. ესე იგი დღევანდელი პრეზიდენტის გადადგომა (თუნდაც იმპიჩმენტის გზით) და ახალი პრეზიდენტის პარლამენტში არჩევა, ანუ სრულყოფილ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა.
მაგრამ ეს პროექტი ნამდვილი პოლიტიკური (ვინ იცის, იქნებ არამხოლოდ პოლიტიკური) ომის გაჩაღებას გულისხმობს და აქვს კი ამის რესურსი პარტია “ქართულ ოცნებას”? მას ხომ ჯერ ისე არ გაუმაგრებია პოზიციები, კოალიციურ პარტნიორთა და შესაბამის სოციალურ ჯგუფთა მხარდაჭერა არ სჭირდებოდეს, თორემ აგერ არის მიშა და მისი გუნდი. ისინი სულაც არ მომკვდარან, არ განადგურებულან და მათი საბოლოო ჩამოწერა ძალიან ადრეა.
მით უმეტეს, თუ ისინი შეძლებენ მარგველაშვილთან იდეურ დაახლოებას, სიტუაციურ მოკავშირეობას (კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით), ხოლო დაპირისპირება შეიძენს “ძველთა და ახალთა ბრძოლის” ხასიათს.
ასეთი შედეგი მოჰყვა კატასტროფულ შეცდომას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაუშვა მარგველაშვილის “შერჩევით” პრეზიდენტობაზე. თუმცა, ამ შეცდომის პირველწყაროც გასაგებია: საქმე ის გახლავთ, რომ რესპუბლიკელები და ალასანია გიორგი კვირიკაშვილის ტიპის პრეზიდენტს (პირობითად “კვირიკაშვილის ტიპის”, ასეთები კი ივანიშვილის გუნდში ბევრი მოიძევებოდა) მხარს არ დაუჭერდნენ და კოალიციაში პრობლემები მაშინვე შეიქმნებოდა. ხოლო გიორგი მარგველაშვილი ძმებმა ბერძენიშვილებმა მაშინვე იცნეს, როგორც “თავისიანი”.
თუმცა, ის პრობლემები არაფერია იმასთან შედარებით, რაც ახლა ეწყება ივანიშვილის გუნდს. და კაცმა არ იცის, რა სჯობდა. ამას საბოლოო შედეგი გვიჩვენებს.
აწ უკვე რაც არ უნდა გააკეთონ, რა კანონიც არ უნდა მიიღონ, გიორგი მარგველაშვილს რჩება უმძლავრესი ბერკეტი ვეტოს სახით, რაც კონსტიტუციური ცვლილების გარეშე ვერ დაიძლევა. კონსტიტუციის შეცვლა კი, პარლამენტში ძალთა დღევანდელი განლაგების პირობებში, აბსოლუტურად გამორიცხულია. ბოლოს და ბოლოს, ამისთვის უკვე არა ორი მესამედი, არამედ სამი მეოთხედია(!) საჭირო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პროკურატურაში პოსტპატარკაციშვილისეული “ტელეიმედის” “საინფორმაციოს” ყოფილი უფროსის, ეკა წამალაშვილის დაბარებამ “მოდელირებული ქრონიკის” სამარცხვინო ისტორია ყველას გაგვახსენა.
თუმცა, თვით ქალბატონი ეკას ვერბალური და იმიჯური დემარშებიც არანაკლებ საინტერესო იყო. მაგალითად, მაისური წარწერით: “პუტინ _ ხუილო!”
როგორც ჩანს, ქალბატონ ეკას მიაჩნია, რომ, თუ ამ სიტყვებს ინგლისურად დაწერდა (Putin – khuilo), უფრო სტილურად გამოჩნდებოდა, ვიდრე ორიგინალში, ანუ რუსულად!!!
რაც შეეხება საკუთრივ მოდელირებულ “ქრონიკას”, როდესაც მიშას ბრძანებით (სხვათა შორის, გიგი უგულავას წინააღმდეგობის მიუხედავად), მისმა ერთგულმა “ჰუნვეიბინმა” გიორგი არველაძემ რუსეთის სცენარი გაათამაშა ვირტუალურად, მართლა სამარცხვინოდ დასრულდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ ის ვირტუალური სცენარი არათუ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად განუხორციელებელი იყო.
როგორ გეკადრებათ: ზუსტად, ლამის სიტყვასიტყვით, ნაბიჯ-ნაბიჯ, მისხალ-მისხალ განხორციელდა ჯერ ყირგიზეთში, სადაც უცნობი სნაიპერები (მათზე იყო აქცენტი არველაძე-წამალაშვილის “ქრონიკაში”) ესროდნენ ორივე მხარეს და საშინელი სისხლისღვრის პროვოცირება შეძლეს, შემდეგ კიევის “მაიდანზე”, სადაც აგრეთვე უცნობი სნაიპერები ესროდნენ როგორც მომიტინგეებს, აგრეთვე, პოლიციას, რამაც, საბოლოოდ, სამოქალაქო ომი და უკრაინის დაშლა გამოიწვია.
სინამდვილეში, სამარცხვინო იყო უფრო მეტად იმ რეაქციის გამო, რაც ამ მოდელირებას მოჰყვა: მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ის დაიჯერა, მაგრამ ნაცვლად ძველქართული შეძახილისა, “ქართველო, ხელი ხმალს იკარ” (ბავშვობაში რომ გვიყვებოდნენ ზღაპრებად ლევან სანიკიძის “უქარქაშო ხმლების” მოტივებზე), ერი მაღაზიებს მიაწყდა მაკარონის მოსამარაგებლად და წითელი ხიდისკენ მიმავალი გზაც გაიჭედა.
ყველამ დაიჯერა ის მოდელირებული “ქრონიკა” იმიტომ, რომ არარეალური და განუხორციელებელი (როგორც შემდეგ დავრწმუნდით ყირგიზეთსა და კიევში) იქ არაფერი იყო, მაგრამ საზოგადოებრივმა რეაქციამ დაადასტურა, რომ ერის განწყობა სრულიად კაპიტულანტურია და დოროთი შტეინს რა ვუთხარი, თორემ მიშა მაშინვე უნდა გადამდგარიყო, როცა დარწმუნდა, რომ იმ “ქრონიკის” შედეგად მის სასახლესთან და რუსთაველის გამზირზე გულ და თვალებანთებულ პატრიოტთა ბობოქარი სპონტანური მიტინგის ნაცვლად, ჩვენი უტახტო სატახტო ქალაქი სპეციფიკურად არასასიამოვნო არომატმა მოიცვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გრძელდება რუსული სპექტაკლი უკრაინის საზღვრებთან და კვლავ დასტურდება, რამდენად უფრო ძლიერი, უფრო პროფესიული, რამდენად უფრო გაქნილი და ჭკვიანია დღეს რუსული დიპლომატია, მის ნაქებ ევრო-ამერიკელ ვიზავისთან შედარებით:
მოსკოვმა უკრაინის აღმოსავლეთში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა: სამასი თეთრად შეღებილი სამხედრო “კამაზი”, ჟურნალისტებთან ერთად, პოდმოსკოვიედან დაიძრა და უკვე მერამდენე კვირაა, მთელი მსოფლიო თავს იმტვრევს, ნეტავ რა უნდა და რას აპირებს პუტინი.
“სინამდვილეში იარაღი მიაქვთო”.
პასუხად რუსებმა: “მობრძანდით, ნახეთ, არანაირი იარაღი არ მიგვაქვსო”.
მართლაც არ მიაქვთ.
“უკრაინელებმა განაბაჟონ, უკრაინული ნომრები გავუკეთოთ მანქანებს, წითელმა ჯვარმა ჩაიბაროს საქონელი, აღრიცხოს, დაარიგოს და ა.შ.”
“კი ბატონო, კი ბატონო, რაზეა ლაპარაკი”, _ ყველაფერზე პასუხობს მოსკოვი.
მაშ, რა უნდა? არადა ეს ხომ ელემენტარულია? ის უნდა, რომ ხელი შეუშალოს კიევის სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულებას!
ეს ხომ ელემენტარულია? სანამ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების დარიგება მიმდინარეობს, სანამ იქ ამ პროცესის მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები იმყოფებიან, სანამ მთელი მსოფლიოს არხები გადმოსცემენ, როგორ ურიგდებათ საბრალო, გაწამებულ ბავშვებს (მართლა საბრალო და მართლა გაწამებულთ!!!) რძე, მანამ უკრაინის არმია ხელფეხშეკრულია და ოპერაციებს, უბრალოდ, ვერ გააგძელებს.
არ შეუშვან გაწამებულ ბავშვებთან დახმარება? მერედა ჰუმანისტური ევროპა ამგვარ ნაძირალობას ხელს მოაწერს, რა “სათქმლიც” არ უნდა ჰქონდეს რუსეთის “ჰიბრიდული აგრესიის” თაობაზე?
ხოლო თუ უმწეო ადამიანებისთვის რძისა და პურის დასარიგებლად შესულთ ვინმე ცეცხლს გაუხსნის, დაბომბავს და ა.შ. _ ეს ღია აგრესიის ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზეზი გახდება.
გარდა ამისა, მოსკოვშიც აქვთ იმედი (ეს იმედი ჯერ არ დაუკარგავთ საბოლოოდ), რომ ის 300 სამხედრო მანქანა “ოპოლჩენცებს” გამოადგებათ კიევისკენ მიმავალ ჰაი-ვეიზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასულ კვირას ძალიან უცნაურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა: შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანია ნახჭევანში(!) იმყოფებოდა, სადაც შეხვდა თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს, ყვავილებით შეამკო არა მხოლოდ ჰეიდარ ალიევის, არამედ სომხეთთან ომში დაღუპული აზერბაიჯანელი “ასკერების” სასაფლაო და, ზოგიერთი ცნობით, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილიც მოინახულა.
და ეს ხდება იმ დროს, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი ახალი ომის წკიპზე იმყოფებიან.
ისმის ბუნებრივი კითხვა: კი ბატონო, დავუშვათ, საქართველოს უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, აზერბაიჯანთან და თურქეთთან სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება, თუნდაც ეს ძალიან არ მოეწონოთ ჩვენს სომეხ მეზობლებს.
მაგრამ, თავის მხრივ, აზერბაიჯანელი და თურქი მოკავშირეები რა პასუხისმგებლობას კისრულობენ საქართველო-რუსეთის დისკურსში? ჩვენ რამე შეთანხმება გვაქვს, ვთქვათ, საჰაერო სივრცის ან საზღვაო სივრცის ერთობლივი დაცვის შესახებ ისეთი, რაც მოსკოვს არ მოეწონებოდა?
როგორ გეკადრებათ, მოსკოვს ტკბილად “ეკურკურებიან” ორივენი და როცა საქართველოს სჭირდება, საერთოდ არ ვახსოვართ. კიდევ უარესი: თურქეთში აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებიც კი ტარდება იმ დროს, როცა ნახჭევანში “სამთა ერთობის” დემონსტრაცია მიმდინარეობს.
უბრალოდ, ამ შემთხვევაში, კვლავ ვიმყოფებით (გვამყოფებენ ქართველი პოლიტიკოსები) იმ სიტუაციაში, როცა ვაკეთებთ იმას, რაც მხოლოდ სხვას სჭირდება: ახლა სჭირდებოდათ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მათთან ყოფნა ეჩვენებინათ სომხებისთვის, მაგრამ ამგვარი დემონსტრაციების სანაცვლოდ ჩვენ რეალურად არაფერს ვიღებთ ისეთს, რაც ჩვენ გვჭირდება და ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი.
ეს ქართული პოლიტიკის საერთო ტრენდია ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც დღემდე გრძელდება. მაგალითად, ავღანეთში ჩვენი ბიჭების მსხვერპლშეწირვა, “ნატოს” ოპერაციისთვის მაშინ, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარი ქვეყნის ლიდერი აცხადებს, რომ იმ “გზაზეც კი არ ვდგავართ, რომელიც ნატოსკენ მიდის”.
“ოქროს კანონია”: უნდა ატარებდე ცინიკურ, ბინძურ პოლიტიკას, მაგრამ სულ “თეთრებში გამოწყობილი” ჩანდე. ანუ, ამერიკული პოლი-მაქსიმის შესაბამისად, “იყიდო იაფად, გაყიდო ძვირად”.
ჩვენი ჭკუისკოლოფი პოლიტიკოსები კი ყველაფერს აკეთებენ უკვე 25 წელია, რათა საქართველოს შემთხვევაში პირიქით იყოს.
ზურაბ ღოღობერიძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |