“2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, პრემიერის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის ხელშია”
პრეზიდენტი პროკურატურას სახელმწიფო საიდუმლოების უკანონოდ გასაჯაროებაში ადანაშაულებს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის განცხადებას არ ეთანხმება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი პროკურატურა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონს არღვევს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზე არაეფექტურად რეაგირებს. საქმე ეხება პროკურატურის მიერ რვა აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც უწყება პრეზიდენტისგან ითხოვდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ ინფორმაციისთვის მოეხსნა გრიფი “საიდუმლო”. პროკურატურის განცხადების თანახმად, საქმეს გრიფი აღარ ადევს, ვინაიდან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა არსებობს, რომ ეს მასალები არ წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებას და გრიფი “საიდუმლო” არასწორად ჰქონდა დადებული. პროკურატურის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დოკუმენტებს გრიფი “საიდუმლო” მოხსნა, თუმცა ამავე დროს შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ პროკურატურამ საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროვა. ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ “პროკურატურამ, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევით, გაასაჯაროვა საიდუმლო ინფორმაცია პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმოწერის შესახებ”, რის გამოც პრეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებდა.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ პროკურატურას სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონი არ დაურღვევია.
მთავარი პროკურატურის მტკიცებით, გრიფი “საიდუმლო” ედო იმ დოკუმენტებს, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2009-2013 წლებში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გაუგებარია, რას ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია”. აღნიშნულ წერილებს მინიჭებული ჰქონდა გრიფი და მათი გაგზავნა მოხდა საიდუმლო წარმოების ფორმატით. თუ გრიფის მინიჭება არ უნდა მომხდარიყო, მაშინ რატომ მიანიჭა ის თავად პროკურატურამ?
აღნიშნული საკითხის სამართლებრივ და პოლიტიკურ მხარეებთან დაკავშირებით, “პრემიერი” კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:
_ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება იყო ძალიან ზოგადი და არ შეიცავდა არანაირ კონკრეტულ ფაქტს, რომელიც ისაუბრებდა სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციაზე, საზოგადოებისთვის ბევრი რამ გაურკვეველი რჩება. რეალურად რაში მდგომარეობს ამ სახის დაპირისპირების მიზეზი და რატომ გახდა პრეზიდენტი იძულებული, მსგავსი საჯარო განცხადებები გაეკეთებინა კანონდამცავი სტრუქტურების მიმართ?
_ ეს სკანდალი ორი ნაწილისგან შედგება. 1. დაკავშირებულია სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურების საიდუმლო ხარჯებთან და ამ საქმის მასალებზე გრიფის მოხსნასთან, რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია, ან დაკავშირებული უნდა იყოს სწორედ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიებასთან. 2. დაკავშირებულია პრეზიდენტსა და მთავარი პროკურატურას შორის მიმოწერის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევასთან. ორივე საკითხში გარკვეული დოზით ფიგურირებს კანონი “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”. პირველ ნაწილში ფიგურირებს იმ კუთხით, რომ მთავარმა პროკურატურამ, რომელიც გამოძიებას აწარმოებს საიდუმლო ხარჯებთან დაკავშირებით, პრეზიდენტს მოსთხოვა გრიფის მოხსნა გარკვეულ, მიხეილ სააკაშვილის პერიოდის დოკუმენტაციაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, იმ პერიოდის მაღალჩინოსნებმა, ან თავად პრეზიდენტმა მიანიჭეს გრიფი.
_ რის საფუძველზე ითხოვს პროკურატურა პრეზიდენტისგან ამგვარი ქმედების განხორციელებას?
_ კანონი “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”, რომლის მიხედვითაც, თუკი დაუსაბუთებელია ამა თუ იმ დოკუმენტისთვის, ან ინფორმაციისთვის გრიფის მინიჭება, ყველას, მათ შორის რიგით მოქალაქეებსაც, პირველ რიგში კი სახელმწიფო დაწესებულებებს უფლება აქვთ, მიმართონ იმ თანამდებობის პირს, ან ორგანიზაციას, რომელმაც მიანიჭა გრიფი “საიდუმლო” დოკუმენტს. ასეთი მიმართვის შემთხვევაში, ეს ორგანო ვალდებულია, განიხილოს მიმართვა ერთი თვის ვადაში და მიიღოს გადაწყვეტილება. თუმცა, აქვე ეს კანონი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დასაბუთების შესახებ გადაწყვეტილება, აღნიშნული საშუალების გარდა, ყველაზე ობიექტური თუკი გინდათო, ეს არის სასამართლოსთვის მიმართვაო, რაც გულისხმობს, რომ სასამართლო განიხილავს დაუსაბუთებლად გასაიდუმლოებული ინფორმაციისთვის გრიფის მოხსნის საკითხს.
_ აღნიშნულ სკანდალში იურიდიული მხარე არის ერთი, მაგრამ მეორეა _ პოლიტიკური, რომლის ნიშნებიც შეიმჩნევა პრეზიდენტსა და მთავარ პროკურატურას შორის წარმოებულ საჯარო მიმოწერაში. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ამ ფორმის ურთიერთობა სახელმწიფოს პირველ პირსა და მთავარ პროკურატურას შორის, რომელსაც, წესით, პოლიტიკური ინტერესები არ უნდა ჰქონდეს?
_ ინსტიტუციური თვალსაზრისით, არ არის გამართლებული, წინამორბედის გადაწყვეტილებების რევიზია მოახდინონ, მით უმეტეს, იმ ნაწილში, სადაც სუბიექტურ მსჯელობებს აქვს ადგილი. ერთი და იგივე ინფორმაციის მიმართ მისი გასაიდუმლოების საკითხზე შესაძლებელია, სხვადასხვაგვარი მოსაზრებები არსებობდეს, დღესაც და ხვალაც. მთავარია, რომ ჩარჩო დაცული იყოს, მაგრამ სუბიექტური გადაწყვეტილებებისგან დაცვის მექანიზმი სწორედ სასამართლო მექანიზმია. დღეს რეალურად, თუკი შეიქმნებოდა პრეცედენტი, როდესაც ამჟამინდელი მაღალჩინოსანი ახდენს წინამორბედის გადაწყვეტილებების სუბიექტური მსჯელობის რევიზიას. ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივად არ ვიქნებით დაცული იმისგან, რომ შემდგომში, ახალი არჩეული პრეზიდენტი იქნება თუ სხვა მაღალჩინოსანი, არ მოახდენს წინამორბედის გადაწყვეტილებების რევიზიას ამავე საფუძვლით და ამავე წესით. ეს არ არის სწორი და ჩემი პოზიციით ამოვდივარ სწორედ სახელმწიფოებრივი, ინსტიტუციონალური დემოკრატიის დამკვიდრების ინტერესებიდან. კანონთან ფორმალური დამოკიდებულების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შეუძლია იგივე გიორგი მარგველაშვილს და ალბათ, ეს საფუძველი გამოიყენა კიდეც, რომ მოეხსნა გრიფი ძველი მასალისთვის.
_ მთავარ პროკურატურას, გამოძიებისთვის კანონით მინიჭებული ყველა საშუალება აქვს, მათ შორის, მოიპოვოს, მიიღოს და გაეცნოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. ანუ გრიფი ედო თუ არ ედო, გამოძიებას ეს ხელს არ უშლიდა. ფიქრობთ, რომ ძიების პროცესში შეიძლებოდა შეფერხება არსებულიყო, რის გამოც პროკურატურა იძულებული გახდა, პრეზიდენტისთვის მიემართა?
_ გამოძიების დროს, გამომძიებელი იქნება, პროკურორი თუ სხვა, ვინც გამოძიების პროცესშია ჩართული ბრალდების მხარეს, ყველას აქვს წვდომა ამ საიდუმლოებასთან. თუკი დაცვის მხარეს ეცნობა, რომ ბრალდებულს, ან ადვოკატს უნდა გაეცნოს ეს მასალები, გაცნობამდე მას ნებაყოფლობის საფუძველზე ჩამოართმევენ ხელწერილს, რომ ვალდებულია, დაიცვას იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მას გააცნეს. თუკი არ უნდა, ის არ აიღებს ამ ვალდებულებას და ბუნებრივია, ვერც გაეცნობა. სხვათა შორის, უახლეს ისტორიაში არაერთი გახმაურებული პროცესი იყო, როდესაც დაცვის მხარეს, ადვოკატს გააცნეს სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის შემცველი მასალები და არაერთმა საჯაროდაც თქვა, რომ კომენტარს ვერ გააკეთებდა, იმის გამო, რომ ვალდებულება ჰქონდა აღებული, არ გაემჟღავნებინა ის. გამოძიების პროცესის შემდგომ ხდება სასამართლო განხილვა. ყველა მოსამართლეს უპირობო წვდომა აქვს ნებისმიერ ინფორმაციასთან, ამის გარდა, სასამართლოს წრეს შეუძლია დახუროს სხდომა, თუკი განიხილება რაიმე საიდუმლოების შემცველი საკითხი, ან ინფორმაცია და ამის პრეცედენტიც გვაქვს უახლეს ისტორიაში. ამის შესახებ პროკურატურამ ყველაზე კარგად იცის. ანუ სასამართლოში განხილვის დროს შემაფერხებელიც არაფერია. მას უფლება აქვს, მთლიანად განაჩენი, მისი შინაარსობრივი, ან რომელიმე ნაწილი დატოვოს საიდუმლოდ. რეალურად სრული ეს პროცესი კანონმდებლობით რომ გავიაროთ, პროკურატურას დამაჯერებლად არ წარმოუდგენია არგუმენტი, რატომ სჭირდება გრიფის მოხსნა. ერთადერთი ეჭვისა და ვარაუდის საფუძველი რჩება, რომ “გამოძიების” დროს, ხვალ შეიძლება ვიღაცის ხელში აღმოჩნდეს და მედიაში გამოქვეყნდეს რაღაც ინფორმაცია, რომელიც საქმის მასალებში დევს. ამის სამწუხარო მაგალითებიც გვაქვს ბოლო გახმაურებულ საქმეებზე და ასეთი გახლდათ ჟვანიას საქმე. თუ ახლაც ამისთვის სჭირდება გრიფის მოხსნა, არ ყოფილა ჩვენი საშველი, რადგან იურიდიულად პრობლემა არ აქვს. მეტი განმარტება მას არ გაუკეთებია ამ მასალებისთვის გრიფ “საიდუმლოს” მოხსნასთან დაკავშირებით რა არის შემაფერხებელი, რაში სჭირდება ასეთი რაღაც, ვერ იძიებს და საქმის სასამართლოში გაგზავნა უჭირს? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. კრიტიკული ვარაუდი კი, სამწუხაროდ, არის ის, იქნებ, იმიტომ უნდა პროკურატურას გრიფის მოხსნა, რომ მერე მედიაში ვიღაცის მეშვეობით გავრცელდეს ეს დოკუმენტაცია და ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს. არ არის ეს კარგი საქმე.
_ პრეზიდენტსა და მთავარ პროკურატურას შორის არსებული ურთიერთობის ფონზე, პროკურატურისადმი ნდობის საკითხი ეჭვქვეშ დგება. რა მიგაჩნიათ ამის საფუძვლად და უღირს თუ არა, სახელმწიფოსთვის ასეთ მნიშვნელოვან უწყებას საკუთარი თავის დისკრედიტაცია?
_ სამწუხაროდ, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია ჩემთვის, რადგან პროკურატურამ ყველაზე კარგად უნდა იცოდეს, კანონში რა წერია და როგორ დაიცვას ის. სხვანაირად ის ვერ დაიცავს ვერც სახელმწიფოს და ვერც ადამიანის უფლებებს. კანონში კი წერია: თუკი შენ გრიფს მიანიჭებ, ან ხელთ გაქვს დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი აქვს, მისი შექმნისა თუ წარმოებული პროცედურების შესახებ ინფორმაცია არის სახელმწიფო საიდუმლო. მაგალითად, შეგიძლიათ შეხვიდეთ მთავრობის ვებგვერდზე და ნახოთ მთავრობის არაერთი სხდომის დღის წესრიგი, სადაც არის გარკვეული საკითხები, სახელწოდებით “საიდუმლო” და მეტი იქ არაფერი წერია. მთავრობა სწორად იქცევა, მაგრამ ქიშპობაში პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოგიკა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. როგორც კი მთავარმა პროკურატურამ თქვა, რას შეეხებოდა საიდუმლო მიმოწერა, იმ მომენტშივე დაირღვა კანონი “სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ”. მოხდა თუ არა სახელმწიფო საიდუმლოს გახმაურება, საიდუმლოს წესების დარღვევა ადმინისტრაციული, ან დისციპლინური, ეს უკვე შესწავლის, ან გამოკვლევის საგანი უნდა ყოფილიყო. ამის სანაცვლოდ, შსს-მ ქვეყნის უმაღლეს პირს, პრეზიდენტს უთხრა, არაფერს არ გამოვიძიებო. საღამოს 9 საათზე გააკეთა პრეზიდენტმა განცხადება და დილის 10 საათზე განცხადებით უპასუხა, ისე, რომ ფიზიკურად წერილიც კი არ ექნებოდა ნანახი.
_ თქვენი აზრით, რით არის განპირობებული პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედება, არის ეს არაკვალიფიციურობის ბრალი, თუ სრულდება პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც აღნიშნული სტრუქტურები კანონის იგნორირების გზით ახორციელებენ?
_ ამ შემთხვევაში ორი ლოგიკაა, მთავარი პროკურატურა, იმის მიუხედავად, რომ პირველ ორ წერილს გრიფი თავად მიანიჭა, შსს და პროკურატურა ამბობს, რომ საიდუმლო არ გაუმჟღავნებია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, გრიფის არსებობის მიუხედავად, შინაარსით ეს სახელმწიფო საიდუმლოება არ იყოო. ეს კანონის ენაზე ნიშნავს, რომ მთავარ პროკურატურას, დასაბუთებისა და საჭიროების გარეშე საიდუმლოების კანონის დარღვევით მიუნიჭებია გრიფი თავისივე წერილისთვის და ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს. მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერში პოლიტიკური შემადგენელი მაინც არის და ამას მაფიქრებინებს ის, რომ ეს გახმაურებული საქმე მიხეილ სააკაშვილთან კავშირშია. ამ მიმოწერით და შემდეგ ამ მიმოწერის გასაჯაროებით ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ე.წ. მარგინალიზაცია სურდათ, რაც ძალიან ცუდია. დეკლარირების მიუხედავად, რომ პროკურატურა არის პოლიტიკის მიღმა, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკაში უკვე პროკურატურაც და შინაგან საქმეთა სამინისტროც პოლიტიკურად თამაშობს.
_ გამოდის, რომ პროკურატურამ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოიყენა საკუთარი პოლიტიკური დამოკიდებულების დემონსტრირებისთვის?
_ მათ დააყენეს პირობა, მოხსნი თუ არა გრიფს მიხეილ სააკაშვილის წერილებს, რომ გამოვიძიოთ, _ აი, ეს არის ყველაფერი. კვლავ ვიმეორებ, გამოძიებას სამართლებრივი პრობლემა არ ექნებოდა არც ერთი წუთით, რომ საქმე ბოლომდე გამოეძიებინა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ არის პოლიტიკური შემადგენელი და ალბათ, ეს კიდევ ერთი პოლიტიკური დაპირისპირების საკითხი იყო გიორგი მარგველაშვილთან, თორემ სამართლებრივად პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალი იყო იმაში, რაც საჯაროდ განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, იყო მცდელობა, რომ პრეზიდენტს საჯარო სივრცეში ან დაედასტურებინა, ან უარეყო თავისი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილისა და მისი მმართველობის პერიოდისადმი. თუკი, გიორგი მარგველაშვილი ნებისმიერი საფუძვლით დაასაბუთებდა, რომ არ მოხსნიდა გრიფს, ამ შემთხვევაში ვიღაცა მმართველი კოალიციიდან გამოვიდოდა და იტყოდა, აი, გიორგი მარგველაშვილი იცავს მიხეილ სააკაშვილს. პრეზიდენტის განცხადების შინაარსი მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან პოლიტიკოსები არიან, მაგრამ ეს ასე მოხდებოდა.
_ თქვენი აზრით, რატომ უწყობენ ხელს ხელისუფლებიდან პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ამ სახის ურთიერთობის დემონსტრირებას, ეს ხდება პიროვნული ფაქტორის გამო, ემსახურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობას, თუ სხვა რამეშია საქმე?
_ სიმბოლოები და სიმბოლური სვლები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოლიტიკაში. მსჯელობისთვის ძალიან სიმბოლური იყო, როდესაც პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ორი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური რამ მოხდა ამ დღეს: მმართველმა კოალიციამ საჯაროდ ჩაუგდო ნომინანტი მოსამართლეობის კანდიდატები სახელმწიფოს მეთაურს მაშინ, როცა რამდენიმე თვის წინ თავად უჭერდა მხარს საჯაროდ გიორგი მარგველაშვილს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს. იმავე დღეს, უკვე სამ საათზე პრემიერი არ მივიდა არც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც ნატოს სამიტთან დაკავშირებული საკითხები იხილებოდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში კეთდებოდა კომენტარები, რომ იყო კომუნიკაცია პრემიერთან და ა.შ. იქ მისულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კი, სხდომიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა კომენტარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა: არის მცდელობა ქვეყნის არჩეული უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირის, სამხედრო ძალების მთავარსარდლის საჯაროდ დაუმორჩილებლობისა და ამ გზით დისკრედიტაციისა, მაგრამ სინამდვილეში ვერც კანონმდებლები და ვერც სხვა აღმასრულებელი რგოლიდან, რომლებიც ამ მიმართულებას ემხრობიან, ვერ ხვდებიან, რომ, საბოლოო ჯამში, ამით საკუთარ თავსავე აყენებენ უხერხულ მდგომარეობაში. ზოგადად, სახელმწიფო ინსიტუტებისადმი ასეთი დამოკიდებულება და დისკრედიტაციის მცდელობა, საშუალო, ან გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოებრივად არსად არ დამდგარა. ისინი თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ, რადგან ვინმეს უნდა თუ არ უნდა, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი იქნება 5 წლის განმავლობაში. სხვათა შორის, ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს პარლამენტი და ეს მთავრობაც 2016 წლამდე იქნება, მაგრამ გიორგი მარგველაშვილი, როგორც პრეზიდენტი, თავის უფლებამოსილებაში 2017 წლამდე იქნება. ამასთანავე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, პრემიერის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის ხელშია. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ თუ ჩვენი სახელმწიფოებრიობა ინსტიტუციურად ასე გაგრძელდა, ის შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდეს.
ხათუნა ხატიაშვილი გაზეთი „პრემიერი“