|
რა იქნებოდა, კოდუა რომ ყოფილიყო მიშას შინაგან საქმეთა მინისტრი?
“რუსთავი 2”-ის ეთერში ერეკლე კოდუას გამოჩენა ყველაზე საინტერესო ბოლოდროინდელ მოვლენად იქცა. მიშას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არავის გაჰკვირვებია და სიახლეც არ იყო _ ამას ყველა ელოდა. ერეკლე კოდუა კი პირველად გამოჩნდა ტელეეკრანზე და მაშინვე ცხადი გახდა, რა საბედისწერო შეცდომა დაუშვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, როდესაც კოდუასა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირებაში ამ უკანასკნელის მხარე დაიჭირა.
ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი მგელი _ მთლიანად ძალაუფლებისგან ნაქსოვი, ძალაუფლების ფანატიკური წყურვილითა და მხეცური ინსტინქტით, რომელსაც არაფერი აინტერესებდა ოდესმე, გარდა ძალაუფლებისა და “პროფესიული ჟილკისა”.
ეს გამოდგა, აგრეთვე, ბადრი პატარკაციშვილის კატასტროფული შეცდომაც. მას ეგონა, შეეძლო, თუნდაც 100 მილიონ დოლარად ეყიდა ისეთი მენტალობის ადამიანი, როგორიც კოდუაა. აქ სწორედ მენტალიტეტთა სხვაობა გამომჟღავნდა. გასული საუკუნის უდიდესი პოეტი, იოსებ ბროდსკი წერდა: “ღორმუცელა მირჩევნია სისხლისმსმელსო”. ბადრი პატარკაციშვილი, ბუნებითა და მენტალობით, სისხლისმსმელი არ ყოფილა _ ყველა იმ ბრიყვული მითის მიუხედავად, რაც მის შესახებ ვრცელდებოდა. ამიტომ მას გულწრფელად სწამდა ყოველთვის, რომ მოუსყიდველი ადამიანები არ არსებობენ. მთავარია, იმდენი შესთავაზო, უარი ვერ თქვას. 100 მილიონ დოლარზე მეტი კი რა უნდა იყოს?
მაგრამ ირაკლი კოდუა არ იყო ბროდსკისეული ღორმუცელა და (ვიმეორებ) ძალაუფლება, აგრეთვე, პროფესიული წარმატება, მსხვერპლზე ნადირობა, “პროფესიული ჟილკისა” და ამბიციის დაკმაყოფილება ბევრად მეტად აინტერესებდა, ვიდრე ფული.
ასეთები მიშამ იპოვა, შექმნა, გაწვრთნა, დაგეშა, თუმცა მისი შეცდომა ისაა, რომ ერეკლე კოდუას მაგვარ “მგელს” უფროსად ვანო მერაბიშვილის მსგავსი სუსტი, ბუნებით მხდალი და დაბნეული მინისტრი დაუნიშნა. ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც ვანოს ძალიან კარგად იცნობდა, მას “ერთუჯრედიანი” უწოდა. მისი ბრიყვული შეცდომებიც (მაგალითად, “ორი ტრუპი” მომიტანეთო _ ტელეკამერების წინ რომ დააბრეხვა) სწორედ სისუსტიდან და ფეთიანობიდან გამომდინარეობდა. თორემ, აბა, ერეკლე კოდუა თუ იტყოდა და თუ დაუშვებდა ასეთ შეცდომებს?!
დარწმუნებული ვარ, მიშას ეს მგელი რომ დაენიშნა თავის დროზე მინისტრად ვანოს ნაცვლად, “ციხის კადრების” საქმე არ იქნებოდა და “ბედუკაძეც” ვერ იარსებებდა, რადგან კოდუა, მისი პროფესიული “ხვატკით” და “ოპერატივნიკის” ბუნებრივი ნიჭით, იგრძნობდა, “ისქესებდა”, “მოტვინავდა”. ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც მიაღწევდა, რომ ყველაზე საშიში პოზიცია _ ციხე არა იმ ჭკუასუსტი დედაკაცის სამინისტროს, არამედ შსს-ს კონტროლის ქვეშ ყოფილიყო, ზედამხედველობის თვალსაზრისით მაინც.
რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის სახლში ჩატარებულ შეხვედრას, კოდუამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბადრის შანსი არ ჰქონდა _ ისე ჭკვიანურად და ეშმაკურად იყო ეს ყოველივე მოფიქრებული: ფეხსაცმელზე მეტალის დეტალთა ჩათვლით.
ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ოპერაციის შესახებ წინასწარ იცოდა თურმე ბრიტანულმა სპეცსამსახურმა, მაგრამ პატარკაციშვილს არ შეატყობინა. გასაგებია: სპეცსამსახურები თავისი ლოგიკით მოქმედებენ მუდამ და ირაკლი კოდუას “ჩაშვება” ბრიტანელებს შეიძლებოდა ძვირად დასჯდომოდათ არა საქართველოსთან, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან საიდუმლო თანამშრომლობის თვალსაზრისით.
ძალაუფლებისა და პროფესიული ამბიციის დაკმაყოფილების ფანატიკური წყურვილი, რომელიც კოდუას ყოველ ნაკვთში, თითოეულ ჟესტსა თუ გამოხედვაში კრთოდა, მას არ უშლიდა, იმავდროულად, ძალიან ჭკვიანურად ემოქმედა. რა თქმა უნდა, პატარკაციშვილი არ ეძებდა მასთან მისასვლელ გზებს _ თვითონ იმუშავა, რათა საერთო ნაცნობი ეპოვა ვალერი გელბახიანთან და დღეს ღიმილის მომგვრელია გელბახიანის იმდროინდელი თავდაჯერება კოდუას სახლში შეხვედრისას: “პოლიტიკა ისეთი რამაა, ტყავს გაგაძრობს, თუ სადმე გაქვს ჩასვრილიო”. ამ დროს იქვე უზის ნამდვილი მგელი, რომელიც თავს იკატუნებს, მაგრამ თვალები ოდნავ შესამჩნევად უელავს და ეშვებიც უცახცახებს, რათა ეცეს, კისერი გამოღადროს და სისხლი შეხვრიპოს.
ასეთ “ტიპს” ვერ იყიდი. ასი მილიონი კი არა, ასი მილიარდი რომ გადაუხადო. ბადრი ამას ვერ მიხვდა, ვერ იგრძნო და სასტიკად დამარცხდა. ის შეცდომაში შეიყვანა კოდუას დაპირისპირებამ მერაბიშვილთან, რის შესახებაც იცოდა. თანაც ზუსტად იყო ცნობილი, რომ ეს დაპირისპირება არ იყო გათამაშებული. მართლა არ ყოფილა გათამაშებული, მაგრამ კოდუას ის ამოძრავებდა, რომ მინისტრს პროფესიულ სისუსტეს ამჩნევდა და უცდომელი “მგლური გუმანით” ხვდებოდა, ამას ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვებოდა იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც ის ემსახურებოდა.
რაც შეეხება გოგა ხაინდრავას მკვლელობის შეკვეთას. რა თქმა უნდა, ზღაპარია: თუკი ბადრი პატარკაციშვილმა, ფაქტობრივად, ვანოს მკვლელობა შეუკვეთა (აბა, “დაძინება” სხვას რას ნიშნავდა რეალურად?), მაშინ ხაინდრავას მკვლელობა რა ისეთი ამბავია, მაინცდამაინც ყურში ჩაეჩურჩულებინა აივანზე?
თუმცა, აქ ისევ და ისევ კოდუას პროფესიული ამბიცია გამჟღავნდა. ის უკმაყოფილო იყო, რომ ხელისუფლებამ (ვანომ) საქმე ბოლომდე არ მიაყვანინა იმ აზრით, რომ შეიძლებოდა ბადრის კიდევ უფრო ღრმად “შემოტყუება” და მისი დაპატიმრება-მოტაცებაც კი მესამე ქვეყანაში. მაშინ კოდუა თავის პროფესიულ ჟილკასა და ამბიციას ბოლომდე დაკმაყოფილებულად ჩათვლიდა.
ძნელი სათქმელია, ჰყავს თუ არა დღევანდელ ხელისუფლებას ასეთი პროფესიონალები. ამაზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება, რაკი ჯერჯერობით ამ დონის ოპერაციები არაფერში დასჭირვებიათ.
“რუსთავი 2”-ის ეთერში კი, აწ უკვე წარსული ეპოქის შემაძრწუნებელ სიმბოლოდ ისმის ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში მომწყვდეული, სისხლმოშიებული მგლის ყმუილი...
გელა კალანდაძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |