|
2008 წლის 7 აგვისტოს, სამხედრო მეთაურის ბრძანებით, სერჟანტები ნანა ბასლანძე და ნანა ცხადაძე ცხინვალის რეგიონში მიავლინეს. მათ ღამე ავნევში გაატარეს. რვა აგვისტოს დილა გათენდა.
ქართული საჯარისო ნაწილები ცხინვალისკენ მიიწევენ. მოწინავე რაზმები უკვე მტერთან გააფთრებულ შეტაკებებში ებმებიან. მეოთხე ბრიგადა, სოფელ ხეთაგუროვოს გავლით გადაადგილდება. ბრიგადას უკან სამედიცინო ნაწილი მიჰყვება. მანქანაში სხედან ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი, სერჟანტები ნანა ცხადაძე და ნანა ბასლანძე. გვერდით ლეიტენანტი ავთანდილ ხოზრევანიძე ფეხით მოდის.
უცებ ზურაბ ბეგიაშვილმა მიტოვებული სახლის ფანჯარაში, ფარდის შერხევა შენიშნა.
_ ჩასაფრებაა!
მანქანაში მსხდომნი სწრაფად გადმოდიან. სამედიცინო ქვედანაყოფი ბრძოლაში ებმება. ორმხრივი სროლა. მტერი განადგურებულია _ პირველი გამარჯვება და პირველი მსხვერპლი.
ლეიტენანტები ბეგიაშვილი და ხოზრევანიძე ცხინვალისკენ გზას აგრძელებენ. ნანა ცხადაძე და ნანა ბასლანძე რჩებიან, რათა სოფლის ოს მოსახლეობას სამედიცინო დახმარება გაუწიონ. წამოსვლის წინ ბინტს, ბამბასა და სპირტს უტოვებენ.
დაწინაურებული ბეგიაშვილისგან ნანა ცხადაძე რადიოგადამცემით იღებს ბრძანებას, რომ ექთან ნანა ბასლანძესთან ერთად, სამხედრო ნაწილებს გადაასწრონ და წინა ხაზზე, ცხინვალის მიმართულებით გადაიწიონ, სადაც ამ დროისთვის უკვე ბევრი დაჭრილია.
ცხინვალის მისადგომებთან, ტყის განაპირას მეოთხე ბრიგადის სამედიცინო ნაწილი იწყებს საველე-სამედიცინო პუნქტის გაშლას. ტყეში კი ჩვენს მებრძოლებს უკავიათ პოზიციები. მიდის ინტენსიური სროლა. ირგვლივ უამრავი ჭურვი სკდება. მედიკოსები დაჭრილებს იღებენ და პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ.
სისხლისმღვრელი შეტაკებებია ცხინვალშიც. მრავალი დაშავებული შველას ითხოვს. მდგომარეობა კრიტიკულია. სამედიცინო ნაწილში გადაწყვეტილებას იღებენ, რომ დროებით სამედიცინო პუნქტი მიატოვონ და უშუალოდ, ქალაქის ქუჩებში დაეშვან. არადა, ტყიდან ქალაქამდე ჩამოსასვლელ ფერდობს, მტრის სნაიპერი აკონტროლებს. ის ამ ფერდობის გადაღმა მდებარე შენობაშია ჩამჯდარი და დამიზნებით ისვრის.
ლეიტენანტები ზურაბ ბეგიაშვილი და ავთანდილ ხოზრევანიძე, სერჟანტები ნანა ბასლანძე და ნანა ცხადაძე ტანკში სხდებიან და ქალაქში ჩადიან. ცხინვალი ძლიერ საარტილერიო ცეცხლშია გახვეული, აქა-იქ ფეთქდება ჭურვები. ქალაქის თავზე მტრის თვითმფრინავები ტრიალებენ და ქუჩებს, შენობებს ინტენსიურად ბომბავენ. გააფთრებული ქუჩის ბრძოლები მიდის. ირგვლივ ცეცხლის წვიმაა.
სამედიცინო ნაწილი იწყებს თავისი სამხედრო და პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ტრავმის ძირითადი სახეობაა კიდურების ნაღმ-ფეთქებადი ამპუტაცია, რომელსაც ძლიერი არტერიული სისხლდენა ახლავს. სისხლდენის შესაჩერებლად, მოგლეჯილ კიდურზე, მედიკოსები “ჟგუტს” ადებენ და დაჭრილებს ტყისკენ ევაკუაციაში ეხმარებიან. დაჭრილების უვნებლად გადაადგილებისთვის, ექთნები ხელში ავტომატებს იღებენ, ცეცხლს ხსნიან და დაშავებულებს უსაფრთხოების დერეფანს უწყობენ. მერე მედიკოსები დაჭრილებთან ერთად ტყესთან მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ადიან. მხოლოდ ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი რჩება ქალაქში. ამის შემდეგ ის არავის უნახავს...
სროლა უფრო ძლიერდება. ტყე კვლავ იბომბება, წარამარა ჭურვები სკდება. მებრძოლებს შემდგომი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება უტარდებათ. კაპიტანი დავით ცენტერაძე მძიმედაა დაშავებული. ლეიტენანტი, იურისტი ამირან ნადარეიშვილი სიკვდილის პირას იმყოფება. ნანა ცხადაძე და სამხედრო ექიმი ავთანდილ ხოზრევანიძე, ინტენსიურ გადასხმებს აკეთებენ, რათა დასახიჩრებული მეომრები შოკიდან გამოიყვანონ. მედიკოსები თავიდან ფეხებამდე სისხლში არიან ამოსვრილები...
კიდურზე “ჟგუტის” გადაჭერის მაქსიმალური ვადა _ ორი საათი იწურება. თუ დროზე არ მოხსენი, კიდური დანეკროზებას იწყებს და დაჭრილი სისხლის მოწამვლისგან მოკვდება. ბრიგადის სამედიცინო დახმარების სპეცმანქანები, “ამბულანსები” აგვიანებენ... ნანა ბასლანძე ითხოვს, რომ დაჭრილები ადგილობრივი ძალებით გადაარჩინონ. სერჟანტი გიორგი ძებისაშვილი თანახმაა. დაშავებულ მებრძოლებს, გორის ჰოსპიტალში გადასაყვანად, სამხედრო პიკაპ ,,ჰაი ლუქსზე“ ათავსებენ.
ტყის თავზე მტრის თვითმფრინავები გამოჩნდა. რუსი პილოტები წითელ ჯვრებს, რომლებითაც აღნიშნულია სამედიცინო პუნქტი, არად აგდებენ და ავიაჭურვებს ყრიან... ისმის თავისებური წუილი... სერჟანტი ნანა ცხადაძე აფეთქების ტალღამ რამდენიმე მეტრზე გადაისროლა და გონება დააკარგვინა. მძიმედ დაიჭრა ექიმი ავთანდილ ხოზრევანიძეც. ამ ვერაგულ ავიადაბომბვას ორმოცდაათამდე ქართველი გმირი შეეწირა, მათ შორის იყო კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი...
ნანა ცხადაძე გონზე რომ მოვიდა და თვალი გაახილა, დაინახა, რომ მხარშია დაჭრილი... გარშემო ბევრი დასახიჩრებული გვამია. გვერდით, მოგლეჯილი თავი და ხელი გდია...
სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა საევაკუაციო მანქანასთან მდგარი სერჟანტი ნანა ბასლანძეც. ის სნაიპერს მიზანში ჰყავდა ამოღებული და ნანას, საბედისწერო გასროლისგან, ჩახმახის დასხლეტაღა აშორებდა, როდესაც დაჭრილებით სავსე ავტომანქანას ჭურვი მოხვდა. აფეთქების ტალღამ ექთანი უკან გადაისროლა, რის გამოც ზურგში ნასროლმა სნაიპერის ტყვიამ მხოლოდ მხარზე გაკაწრა და თითი დაუზიანა!
ამ აფეთქების შედეგად ორივე ნანამ ავტომატები დაკარგა და დაჭრილ ქალებს ერთი ფიქრიღა ჰქონდათ _ მტერს არ ჩავარდნოდნენ ტყვედ. მერე იყო გორის ჰოსპიტალი და ქარელის საავადმყოფო. ოპერაციები. მკურნალობა...
ამჟამად ორივე ნანა აგრძელებს სამხედრო სამსახურს: ნანა ცხადაძემ კონტრაქტი განაახლა. ნანა ბასლანძე სამშობლოს ორ ვაჟკაცს უზრდის. არც ერთი ნანა არ ითხოვს არაფერს, მხოლოდ ერთი ოცნება აქვთ _ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, თუ ის მომავალში გარდაუვალი გახდება, მონაწილეობა კვლავ მიიღონ. მანამ კი, წელიწადში ერთხელ მაინც, მუხათგვერდის მემორიალურ სასაფლაოზე, გარდაცვლილი მეგობრების საფლავებს მოინახულებენ და გულს მათთან საუბრით მოიოხებენ.
ნანა გურამის ასული ბასლანძე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამედიცინო ოცეულის სერჟანტი, ექთანი. ლტოლვილი ოჩამჩირიდან, ცხოვრობს თბილისში. ახლახან გარდაეცვალა მეუღლე და მარტოხელა დედა ზრდის ორ შვილს.
სამედიცინო დიაგნოზი: მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა რბილი ქსოვილების დეფექტით და უცხო სხეულებით, თითის ფალანგის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი დაზიანების ხარისხი: ნაკლებად მძიმე.
სახელმწიფო ჯილდო: მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის.
ნანა გივის ასული ცხადაძე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის სამედიცინო ოცეულის სერჟანტი, სამედიცინო პუნქტის უფროსი. ექიმი-ფარმაცევტი. 2006 წელს კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადის შემადგენლობაში, ძმასთან, სერჟანტ ზვიად ცხადაძესთან ერთად შვიდი თვის განმავლობაში მსახურობდა ერაყში, ქალაქ ბაქურბას წითელ ზოლში, შემდეგ მესამე სამშვიდობო ბატალიონის შემადგენლობაში.
სამედიცინო დიაგნოზი: მარცხენა მხრის ნაღმ-ფეთქებადი მოტეხილობა, რბილი ქსოვილისა და ძვლის დეფექტით; რადიალური ნერვის დაზიანება სახსრის ფუნქციის ნაწილობრივი მოშლით.
სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადგენილი დაზიანების ხარისხი: მძიმე.
სახელმწიფო ჯილდო: მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის.
ომის გმირების მონათხრობი ჩაიწერა ზურა ოდილავაძემ. თბილისი, 2009-2010 წლები.
ზურაბ ოდილავაძე, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |