

|
მილიარდერმა ექსპრემიერმა შვებით ამოისუნთქა. როგორც იქნა, “არის, აღსრულდა ოცნება” - მიშას ბრალი წაუყენეს. უაზრობაა ახლა იმაზე მსჯელობა, ეს პუტინის დავალებით მოხდა თუ “ბიძინა ძგვიბინას” ძახილი არ აპატია ექსპრეზიდენტის მომხრეებს ბიძინა ივანიშვილმა. ფაქტია, რომ მიშას ბრალი წაუყენენეს და ეს სრულად შეესაბამება მილიარდერის სურვილებს. ხოლო ემთხვევა თუ არა პუტინის მოთხოვნებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ასეთი მოთხოვნა მართლაც არსებობდა, მაშინ ახლა ივანიშვილი ნირვანაში უნდა იყოს - полезное с приятным. თუმცა სამომავლოდ რა იქნება სასარგებლო და რა - სასიამოვნო, ჯერაც არავინ იცის. სამომავლო ათვლა კი უელსიდან იწყება.
-------
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თანამედროვე სამართლის საფუძვლებს სათავე ჯერ კიდევ მარკუს ავრელუისმა დაუდო. მისი და თანამოაზრეების ლიბერალური რეფორმები რომის იმპერიაში ორ ფორმულას თუ ჭეშმარიტებას ეფუძნებოდა - თანასწორობა და არავითარი შურისძიება.
იცით, ვინ იყვნენ თანასწორობის წინააღმდეგი? ჩაგრულები - მონები, გლადიატორები... შურისძიებაზე უარის თქმა კი ყოვლად მიუღებელი სენატორების, რომის მმართველებისა და იმ ეპოქის “სვეტსკი” პერსონებისთვის აღმოჩნდა. ათასწლეულების შემდეგ, პარალელებს თუ გავავლებთ და ცალკეული ანალოგიებითაც ვიხელმძღვანელებთ, მარკუს ავრელიუსის დროინდელი რომაელების მენტალობა დიდად არ განსხვავდება თანამედროვე საქართველოს მოსახლეობის მენტალობისგან. უბრალოდ, იქ მაშინ გულწრფელობის ხარისხი ბევრად დიდი იყო - დაახლოებით ისეთი, რა ხარისხისაცაა ჩვენთან დღეს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი აფერისტობა და ფარისევლობა.
-------
როგორ ფიქრობთ, რა გახდა სწორედ ახლა სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების მიზეზი? ივანიშვილი და მისი ფანატები დიდი ხანია, ამას ითხოვენ და რატომ მაინცდამაინც ახლა? ჩვენ გვჩვევია საკუთარი ფიქრების ლაბირინთებში გახვევა და ამიტომაც ვირთულებთ ხოლმე ცხოვრებას. რეალურად კი მოვლენებს თუ უფრო მარტივად შევხედავთ - მით უფრო ვითარება ამის საშუალებას იძლევა - ადვილად დავასკვნით, რომ ახლა “ოცნების” ელიტამ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებით თავი გადაირჩინა.
მივყვეთ თანმიმდევრობით. მარგველაშვილის 65% რომ რეალურად ამომრჩეველთა 65% არ იყო და არც 2012 წლის არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობის %-თან ჰქონდა რამე საერთო, ეს ივანიშვილმა 2013 წელსაც შენიშნა და თანაგუნდელებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის რესურსების უფრო მეტი მობილიზება დაავალა.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის კი დავალება კონკრეტულად და ნათლად იყო ჩამოყალიბებული - ნაციონალები უნდა განადგურდნენ. კი არ დამარცხდნენ, უნდა განადგურდნენ და თუ ისინი ამა თუ იმ რაიონში მინიმალურ გამარჯვებას მოიპოვებდნენ, ამით მმართველი პარტია დასავლეთს შეაყრიდა თვალში “დემოკრატიის” ნაცარს. მაგრამ “ქართული ოცნების” ოფისში ნაადრევად გახსნილი შამპანური საკმაოდ “მჟავე” აღმოჩნდა. მეორე ტურის წინ ივანიშვილმა თანაგუნდელები სკაიპით დატუქსა. პოლიტსაბჭის სხდომაზე “ჩაერთო” და პირდაპირ იკითხა: სად გაანიავეთ ჩემი 2012 წლის 30%? არა, დედა არავისთვის უგინებია, თუმცა ერთი-ორს ნამდვილად ერჩივნა - ოღონდ მანდ არ ყოფილიყვნენ და...
“პრემიერის” ინფორმაციით, მეორე ტურის წინ საკმაოდ ასარასიამოვნო საუბარი ჰქონდათ ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერებს. სწორედ მაშინ მოითხოვა ღარიბაშვილმა მთავრობის გადახალისების უფლება, რაზეც ივანიშვილისგან პასუხად მიიღო: რაც გინდა, ის გააკეთე, სიტუაციას მოუარე!..
ეს ფრაზა ღარიბაშვილისთვის ერთგვარი კარტბლანშიც იყო შემდგომი მოქმედებისთვის, თუმცა მისი რენომეს რეაბილიტაციას ივანიშვილის თვალში მხოლოდ გადახალისება ვერ უშველიდა. ამიტომაც მიიღეს ჯერ უგულავას დაკავების, შემდგომ კი სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილება. და არანაირი მომენტი არ აკავშირებს ამ საქმეებს სამართლიანობის აღდგენასთან. ეს საქმეები და განსაკუთრებით “მიშას საქმე” ღარიბაშვილისთვის პატივმოყვარეობის ქეისიდანაა. ამ საქმეს იურიდიული საფუძვლები რომ ჰქონდეს, ადრეც დაძრავდნენ, ან კიდევ ერთხელ მოატყუებდნენ ბიძინას, რომ “პროკურატურა თავაუღებლად მუშაობს”... რა, ჯერაც არ მოუტყუებიათ? მარტო თვითმმართველობის არჩევნებზე მოტეხილი ფულით რამდენმა “მეოცნებემ” მოიწყო ცხოვრება. ჰოდა, ეს ფული ვისი იყო, თუ ბიძინასი არა? იმავე თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამო, რამდენმა აფერისტმა “მეოცნებემ” დაიბრალა საკუთარ თავზე “უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება”. ერთხელაც “გადააყლაპებდნენ” პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. მაგრამ ბიძინას წამმზომი ჰქონდა ჩართული და მოქმედება იყო საჭირო.
ჰო, რაც შეეხება ივანიშვილს, “სააკაშვილის საქმე” მისთვის კლასიკური შურისძიებაა. თან საქმე - “იმედი”. როგორ ფიქრობთ, პატარკაციშვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მაშინ ეს საქმე იარსებებდა ივანიშვილისთვის? მაგრამ ახლა, ექსპრემიერი მილიარდერი, რომელიც დასანახად ვერ იტანდა გარდაცვლილ მილიარდერს, საზოგადოების ინტერესების “ადვოკატია”.
რა სისულელეა, ვინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ მიშა ნეტარცხებული ანგელოზია. არც არავინ! დამნაშავე? სანამ ბრალი არ დაუმტკიცდება და სასამართლოს ყველა ინსტანცია ამას არ დაადასტურებს, მანამ ვერავინ. ასეც რომ მოხდეს, მერე სტრასბურგი და მერწმუნეთ, საქართველოს წინააღმდეგ “მოქალაქე სააკაშვილი” საქმეს მოიგებს. და ეს არ იქნება მხოლოდ სამართლებლივი რეაბილიტაცია. საქართველოს მილიონებს დააკისრებენ გადასახდელად. ვინ გადაიხდის ამ თანხას? არც ივანიშვილი და არც ღარიბაშვილი, მით უფრო არც “მოქალაქე” ფარცხალაძე, არამედ ჩვენ - საქართველოს მოქალაქეები. ისინი, ვინც ტაშს უკრავენ და ტრანსში არიან მიშასთვის ბრალის წაყენებისა და მომავალში მისი გისოსებს მიღმა ნახვის სურვილის გამო (ეს არ მოხდება არასოდეს); ისინი, ვინც თავგადაკლული იცავენ თავიანთ “ბელადს” და 9 წლის განმავლობაში ყრუები და ბრმები იყვნენ; ისინიც, ვისაც ერთნიც და მეორენიც ფეხებზე ჰკიდიათ, მაგრამ რეალურად თავად არიან დაკიდებული.
მოკლედ, საქართველოს მოსახლეობას ივანიშვილმა პერსპექტივაში მორიგი მილიონები აჰკიდა გადასახდელად. თუმცა ამაზე ახლა არავინ ფიქრობს. მთავარია, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჭრაქზე გაზრდილი, დაღვინებულ-დავაჟკაცებული, დაჩაჩანაკებული “persone”, რომელიც “ბრძენის” სტატუსით სარგებლობს (“ხალხი ბრძენია”), იმ persone-ბისგან არაფრით განსხვავდება, მარკუს ავრელიუსი თანასწორობას რომ ჰპირდებოდა, და ისინი დედას აგინებდნენ, - ბატონი თუ არ გვეყოლება, მშივრები დავიხოცებითო.
მილიარდერი ნირვანაშია - ის ფიქრობს, რომ გაფლანგული 30% “დაივაზვრატა”. პოლიტიკა სულაც არა არის შესაძლებლობის ხელოვნება. პოლიტიკა შეუძლების შეძლებაა. ივანიშვილმა კი მართლაც შეძლო შეუძლებელი - სცენიდან ჩასულ სააკაშვილს კვლავ მთავარი როლი უბოძა.
ბოლოს კი ჩემს კოლეგას მიშა გეწაძეს დავესესხები: “ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: სააკაშვილი საკმარისად ჭკვიანია, რათა ეს პროცესიც თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დაუსწრებლად გასამართლება მოითხოვოს. თანაც ღია სასამართლო სხდომაზე და მის მიერ გამოგზავნილი საუკეთესო ადვოკატების მონაწილეობით, რომელთაც ხელფასს თუნდაც იგივე “ევროპის სახალხო პარტია” გადაუხდის, თვითონ კი ნიუ-იორკიდან SKYPE-ით ჩაერთვება.
მისთვის ეს წაუგებელი თამაში იქნება: თუ გაამტყუნებენ, იტყვის, რომ მოსამართლემ “რუსი ოლიგარქის ზეწოლას ვერ გაუძლო და პუტინის დავალება შეასრულა”. თუ გაამართლებენ და - “ოცნების” კრახი ამით დაიწყება.
საერთოდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ერთი რამ უნდა გაიგოს: სააკაშვილი შეიძლება მართლა გიჟია, მაგრამ ჭკვიანი გიჟია! არის ასეთი კატეგორია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში: “ჭკვიანი გიჟები”. მიშას შეიძლება (ისიც “შეიძლება”) მოუგო ტაქტიკურად, მოუგო კონკრეტული “კლინჩის” დროს, აქ შესაძლოა, სერიოზული შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ სტრატეგიაში ის ძალიან ძლიერია და მისი სტრატეგიულად დამარცხება ხელისუფლებას აშკარად გაუჭირდება”.
გეგა სილაგავა, გაზეთი „პრემიერი“
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |