|
ზაზა სინაურიძე:
_ არანაირი სამსახური და სამსახურებრივი პოზიცია პაციენტების ვირტუალურ საფრთხედ არ ღირს. განთავისუფლებაზე განცხადება ორშაბათ დილას დავწერე და სამშაბათს გამათავისუფლეს. იურისტი არ ვარ და ვერ გეტყვით, ჩემს განცხადებას დაადეს რეზოლუცია თუ მათი სურვილით მოხდა ეს. დავწერე, რომ გამათავისუფლეთ-მეთქი და მიზეზებიც ჩამოვწერე, რატომ ვითხოვდი ამას.
_ მიზეზებში რა ჩაწერეთ?
_ ასეთი მენეჯმენტის პირობებში მუშაობა არ შემეძლო. სამედიცინო დაწესებულების მართვის ხედვა არ ჰქონდათ ისე დალაგებული, როგორც უნდა იყოს. შეიძლება ვერ აკეთებდნენ, ან არ აკეთებდნენ, თუმცა მაინც მინდა ვიფიქრო, რომ ვერ აკეთებდნენ საქმეს უკეთესად. აქედან გამომდინარე, კლინიკაში არის შესაბამისი მდგომარეობა _ სამედიცინო პროცესის ხარისხი მცირდება, დგება პაციენტის სიცოცხლის საფრთხე, რაზედაც პასუხს მედპერსონალი ვაგებთ. გვეშინია იმისი, რომ პაციენტი დადგება რისკის ქვეშ. რაღაც რომ მოხდეს, მერე არავინ კითხულობს ხოლმე, ვინ არის მმართველი ან მფლობელი, კითხულობენ, ვინ გააკეთა ოპერაცია და ვინ მიხედა პაციენტს. შესაბამისად, დგება ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობის საქმე. 27 წელია ჩემს პროფესიულ კარიერასა და სახელს ვაშენებ და ნამდვილად არ მინდა ვიღაც “ნიჭიერი” მენეჯერის გამო ჩემი პროფესიონალური რენომე საფრთხის ქვეშ დადგეს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რამაც გამოიწვია მედპერსონალის პროტესტი და მე დავწერე განცხადება დირექტორობიდან გადადგომაზე. მგონი, ნორმალური რეაქციაა. ამ საქმეს გავერიდეთ და პაციენტებსაც ავარიდეთ საფრთხე.
_ მიზეზები გკითხეთ, რას სთხოვდით მფლობელებს და რა ვერ გაითავისეს მათ? იქნებ ჩამომითვალოთ?
_ ყველა მიზეზი ეხება სამედიცინო პროცესის უწყვეტობასა და ხარისხს. უბის წიგნაკში მაქვს სია ამ მოთხოვნების, მაგრამ ყველა მათგანზე რომ გესაუბროთ რამდენიმე დღე დაგვჭირდება. პრობლემები იყო მედიკამენტებზე, რომელიც გვჭირდებოდა და იგვიანებდა მისი მოწოდება. ეს არის სამშობიარო სახლი და როგორც ქარხანაში შეიძლება დაგეგმო დღეში 40 სკამის დამზადება, აქ ამას ვერ გააკეთებ. ერთ დღეს შეიძლება 5-მა ქალმა იმშობიაროს და მეორე დღეს 20-მა. 5 მშობიარეს რამდენი მედპერსონალიც სჭირდება, იმდენი არ ეყოფა 25-ს, ამას უნდა ფინანსური გადაწყვეტა და ა.შ. 4 თვეა, ვერ მივაღწიე, გამეგო წყარო, ვინ გადაუხდიდა დამატებით მედპერსონალს თანხას. ჩვენს კლინიკაში აუცილებელია ისეთი მაღალტექნოლოგიური დანადგარები, რომელიც იწერს ნაყოფის გულისცემას მშობიარობის დროს. არსებობს სტანდარტები, სადაც ასეთი გულის რიტმის ჩამწერი მოწყობილობები თითო პაციენტზე მინიშნებულია თითო. ჩვენ გვაქვს ეს აპარატი, მაგრამ ერთი ცალი. არის დღეები, როცა ერთდროულად რამდენიმე მშობიარე გვყავს და ერთი აპარატი რას გვიშველის?! ვიძახეთ, გვჭირდება, გვჭირდებაო, მაგრამ ამაოდ. პრობლემად იქცა შეთავსებებიც. ზაფხულში მედპერსონალს უნდა შვებულებებში გასვლა. ასეთ დროს უნდა მოიყვანო სხვა ადამიანი, მაგრამ მას აუცილებლად დასჭირდება დატრენინგება, სიტუაციაში ჩართვა, ამიტომაც ითავსებს ხოლმე კლინიკაში მომუშავე სხვა ექიმი ან ექთანი საქმეს. ამ შეთავსების თემამ ძალიან ნეგატიური რეაქცია გამოიწვია მმართველ კომპანიაში.
_ ყველა დეტალს მმართველ კომპანიას რატომ უთანხმებდით, თქვენ ხომ კლინიკის დირექტორი იყავით?
_ ეგ რომ ვიცოდე, რატომ გამოიწვია ამან ასეთი რეაქცია, კარგი იქნებოდა. საქმე ისაა, რომ ფინანსური სამსახური “ახალ სიცოცხლეს” ცალკე არა აქვს. “ერექსი” თავად წყვეტს 36 კლინიკის ფინანსურ და ყველა ტიპის საკითხს, რადგან უკვე ამდენი კლინიკა აქვს მფლობელობაში. ჩემი ხედვით, ერთი ცენტრიდან ამდენი და ტერიტორიულად ასე დაცილებული კლინიკების მართვა არის შეუძლებელი. ხობშიც კი აქვს საავადმყოფო. არ ვიცი, შეიძლება მათ უფრო ესმით და მე არ მესმის ეს ყველაფერი. როგორ შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ექიმმა თავის თავზე აიღოს ხარისხის პასუხისმგებლობა?! გაჩვენებთ ბლოკნოტს სადაც 15 ფურცელზე მაქვს ჩამოწერილი ხარვეზები და ამ საკითხებზე თითქმის ყოველდღე ვესაუბრებოდი კომპანიაში მენეჯერს, რომლისკენაც მიგვითითა კომპანიის უფროსობამ. ეს ადამიანი პიროვნულად ცუდი არ არის, უბრალოდ ვერ, თუ არ წყვეტს ამ საკითხებს, მე არ ვიცი. ამასობაში კი შეიძლება მდგომარეობა გართულდეს და არც ეგ მინდა, რომ ეს გართულება ზაზა სინაურიძეს დაეწეროს. მერე არავინ არ იკითხავს არც “ევექსს” და არც “ავენტესს”, იტყვიან, ზაზამ ცუდად გააკეთა ოპერაციაო. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროფესიული თავდაცვის მიზნით გავრიდებოდით ამ პროცესსაც და კლინიკასაც.
_ მედპერსონალიდან ვინ მოგყვებათ? ანუ თქვენნაირად ვინ ფიქრობს კლინიკაში?
_ ყოველდღე ემატება განცხადებები განთავისუფლების მოთხოვნით. კლინიკის სამედიცინო პერსონალის 80 პროცენტი ფიქრობს ასე. გამოდის, რომ კლინიკა ამ შემადგენლობით მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. თავდაპირველად წასვლაზე გადაწყვეტილება კოლექტივმა მიიღო. ორშაბათს ეს რომ გავიგე, მეც მათ გვერდით დავდექი, რაც გამოიხატა განცხადების დაწერაში, რომლის მერეც მომხსნეს. მათთან საუბრის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ე.წ. მენეჯერული ხედვა შეეცვალათ და ქარ-ცეცხლში გაეტარებინათ საკუთარი მენეჯმენტი, ყველაფერი მე გადამაბრალეს. თქვეს, რომ თურმე მე მქონდა რაღაც ინტერესები, მაგრამ თქვენი გაზეთის მეშვეობით ვიტყვი, რომ მაქვს ერთი ინტერესი, ეს არის პაციენტის უსაფრთხოება და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. მეტი ინტერესი არ მაქვს და თუ ვინმე დედამიწის ზურგზე მეტყვის, რომ ექიმსა და ადამიანს ეს ინტერესი არ უნდა ჰქონდეს, ექიმობასაც გავანებებ თავს.
_ როგორც ვიცი, ექიმები იმ ხელშეკრულების გამო გაბრაზდნენ, რომელიც ამ კომპანიამ ხელმოსაწერად რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა და განა რა ეწერა იქ ასეთი?
_ ეს ხელშეკრულება იყო უბრალოდ ბოლო წვეთი. ჩემი სტაფის წევრები პროფესიონალი მედიცინის მუშაკები არიან და პროფესიონალებზე დიდი მოთხოვნაა. ზოგი რამდენიმე დაწესებულებაში მუშაობს და ეს არის გავრცელებული პრაქტიკა ჩვენს მედიცინაში. ხელშეკრულებაში კი მათ ეკრძალებოდათ სხვა საავადმყოფოებში, პარალელურ რეჟიმში მუშაობა. თუ დატოვე სამუშაო და გაგათავისუფლეს, 6 თვის განმავლობაში სხვაგან მუშაობის უფლება გეკრძალება. ექიმი, რომელიც ამდენი ხანი არ აკეთებს ოპერაციას და არ იღებს მშობიარობას, არის თავიდან დასატრენინგებელი, რადგან მისი კვალიფიკაცია ქვევით ვარდება. აქ ანაზღაურებასა და ფულზე არ არის ლაპარაკი, ფული არ არის ამოსავალი, ჩვენ ვსაუბრობთ მიდგომებზე. არ ვიცნობ მსოფლიოში ისეთ ექიმს, რომელიც დასთანხმდება იმაზე, მილიონს გადაუხდიან და მოკლავს, ან არ მიაქცევს ყურადღებას პაციენტს. სტერეოტიპად აქციეს ის, რომ, თუ ექიმი პროტესტს აცხადებს, ამას აკეთებს ფულის გამო, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ არის.
_ რამდენი ხანია, რაც “ევექსი” შემოვიდა მმართველობაში და “ავენტეს ჰოსპიტალების ჯგუფისგან” იყიდა კომპანია? მანამდეც გქონდათ პრობლემები?
_ ორწელიწად-ნახევარია, რაც ეს კლინიკა არსებობს და რა თქმა უნდა, ეს პრობლემებიც ნელ-ნელა გროვდებოდა. წინათაც იყო პრობლემები, თუმცა მაშინ პაციენტების ნაკადი არ იყო ასეთი დიდი, რადგან ახალი გახსნილები ვიყავით. მაშინ 100 მშობიარე გვყავდა თვეში და დღეს 250 და მეტია. ამან განაპირობა სწორედ ის, რომ პრობლემებმა მწვავე ხასიათი მიიღო.
იმის შემდეგ, რაც მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი არის ჩემი ბრალი და მასმედიით გავრცელდა ეს ინფორმაცია, დაახლოებით 20-ზე მეტი კლინიკის წარმომადგენელმა დამირეკა მეგობრული თანადგომით. ყველა იმ კლინიკაში, სადაც ინვესტორი ერევა სამედიცინო პროცესებში, ანალოგიური პრობლემებია. არადა კლინიკების 90 პროცენტში ერევიან, რაც არის დამღუპველი. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდება იმ შემთხვევაში, როცა ინვესტორი ექიმი არ არის. ასეთ დროს მათი მიდგომა სამედიცინო კლინიკების მიმართ აის ძალიან მარტივია: გაყიდვებითა და მოგების პროცენტით ფასდება კლინიკის მუშაობა. დირექტორი ვიყავი, მაგრამ, პირველ რიგში, ექიმი ვარ და ჩემთვის კლინიკის მუშაობის შეფასება სულ სხვა ღირებულებებითა და ციფრებით ხდება. ეს არის გართულებები, სიკვდილიანობა, რეჰოსპიტალიზაცია, პაციენტის უკან მობრუნება და ა.შ. როცა გამოჩნდა პაციენტებისგან უკმაყოფილობები, ჩვენ მაშინ გადავწყვიტეთ ასეთი ნაბიჯის გადადგმა.
_ მაინც რას ჩიოდნენ პაციენტები?
_ კიდევ ვიმეორებ, ერთ ექთანს 25 პაციენტის მიხედვა გაუჭირდება. რაც უნდა რეაქტიული სისწრაფით მოძრაობდეს ის, ამდენ ადამიანს ვერ მოუვლის. მენეჯერებს რომ ჰკითხოთ, კლინიკის სამედიცინო საქმიანობაში არ ვერევითო, მაგრამ ჩარევა არის, აბა, რა არის?! ბოლოს, როცა ამის შესახებ ვესაუბრე ამ ადამიანებს, ისე მიიღეს, თითქოს ეს პრობლემები არ იყო და ჩვენ მიგვაჩნდა პრობლემად და დავწერეთ კიდეც განცხადებები.
_ თქვენ გაგათავისუფლეს, მედპერსონალი კი 11 ივლისს გეგმავს კლინიკის დატოვებას. ეს რიცხვი რას უკავშირდება?
_ ჩვენ ვზრუნავთ პაციენტებზე, ყველას მოვეფერებით, სათანადო დახმარებას გავუწევთ და მერე ნელ-ნელა დავტოვებთ აქაურობას, პაციენტი რომ არ დაზარალდეს. დირექტორი უკვე დანიშნეს, გიორგი ბერიშვილი, რომელიც პროფესიით არის იურისტი. არ ვიცი, რას აპირებენ აწი, ახალ კოლექტივს მოიყვანენ თუ რას იზამენ, რადგან მე უკვე არაფერს არ მითანხმებენ.
_ სად აპირებთ ახლა წასვლას, ალბათ, უკვე გეცოდინებათ?
_ 20-მა საავადმყოფომ დაგვირეკა და აქედან 7-მა შემოგვთავაზა, მთელ კოლექტივს გელოდებითო. არჩევანს გავაკეთებთ.
“პრემიერი” თავდაპირველად “ალდაგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, მაია ივჩენკოს დაუკავშირდა და ამ საქმეში “ალდაგის” როლზე ჰკითხა. მას არ დაუმალავს, რომ “ევექსი” მათი შვილობილი კომპანიაა, თუმცა მას ცალკე გენერალური დირექტორი ჰყავს, ცალკე პიარი და მენეჯმენტზე პასუხისმგებლობაც მათი პრეროგატივააო. მან ამ ფირმის პიარის, თეონა ვალიშვილის პირადი ტელეფონიც მოგვცა, თუმცა თეონამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ამავდროულად კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს დამოკიდებულება ამ ბაკქანალიის მიმართ. როგორც სერგეენკო აცხადებს, კარგმა მენეჯერმა საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანოს, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს და ღია პროტესტი გამოთქვას.
“ამის შესახებ ინფორმირებული ვარ. რამდენიმე დღის წინ მოგვმართა კლინიკის ხელმძღვანელმა, შეხვდა მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს, განიხილეს ყველა საკითხი. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ორი შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის კონფლიქტებში ჩაერიოს პირველი _ საფრთხე უნდა შეექმნას სამედიცინო დახმარების უწყვეტობას, პაციენტს, და ვალდებული ვართ, რომ ამის პრევენციაც გავაკეთოთ და მყისიერი რეაგირებაც მოვახდინოთ. მეორე _ თუ აღიძრა კოლექტიური შრომითი დავა, ესეც ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა გახდა და სამმხრივი კომისიის მიერ დამტკიცებული მედიატორი იწყებს ამ საკითხის მოგვარებას კანონით დადგენილ ფარგლებში. სხვა შემთხვევაში ეს არის კერძო დაწესებულება და დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის მოლაპარაკების საგანი. ეს არის ფორმალური მხარე.
ვნახოთ, რით დამთავრდება ექიმებისა და ფულზე გაღორებული კომპანიების “ჭიდაობა”, თუმცა სახელმწიფო რომ აქ უდიდეს როლს თამაშობს, ესეც ფაქტია. ერთ კომპანიას 32 კლინიკის შესყიდვის უფლებას რომ აძლევ, ძნელი გამოსაცნობია, რაც შეიძლება დატრიალდეს?!
ანკა ბაზერაშვილი, გაზეთი „პრემიერი“
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |