|
რისთვის გაასამართლებდა მიშა შევარდნაძეს? ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამიტზე პრეზიდენტს გზავნის; გიგი უგულავა, როგორც საბაბი ევროკავშირისთვის; ერგენთის საცდური და მოსკოვთან "მოჩურჩულე" ხელისუფლება; უკრაინა და პუტინის ვიზიტი დასავლეთ ნახევარსფეროში; მეგი ტეტჩერის ეპიტაფია გერმანელ ერს.
პოლიტიკოსის ნიჭი სწორი მიგნებით განისაზღვრება. ასე იყო ეგვიპტის ფარაონებისას, ასეა დღესაც. უბრალოდ, ადრე PR-ი სხვა ფორმებით ხორციელდებოდა, მაგრამ არსი ამით არ იცვლება. თუმცა ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, მიაგნებდა თუ არა "ხელმწიფე" (მაკიაველისეული ფართო გაგებით) სწორ სიტყვებს კრიტიკულ ან გადამწყვეტ მომენტებში.
სწორედ ასეთი "მიგნება" იყო დიდი უინსტონ ჩერჩილის სიტყვები: "We shall never surrender!" – ჩვენ არასდროს დავნებდებით – იმ მომენტში, როცა ჰერმან ჰერინგის "ლუფტვაფე", მუდმივი დამომბვებით, სასიცოცხლო საფრთხეს უქმნიდა ბრიტანეთს 1940 წელს და გერმანიის (მაშინ ჯერ კიდევ) უძლეველი არმიის კუნძულზე შეჭრის საფრთხეც სულ უფრო რეალური ჩანდა.
68 წლის შემდეგ, ეს უკვდავი სიტყვები მიშა სააკაშვილმა გაიმეორა იმ მომენტში, როცა საქართველოს რეგიონთა გუბერნატორები რუსი გენერლების მძღოლთა ფუნქციას ასრულებდნენ. ამის გამო, გერმანელებმა და ინგლისელებმა ერთობლივად ბევრი იხითხითეს.
და იმავე ჩერჩილის სიტყვები, აფრიკაში ინგლისური კორპუსის გამარჯვების შემდეგ: "ეს დასასრული როდია, ეს დასასრულის დასაწყისიც კი არ არის, მაგრამ არის დასაწყისის დასასრული!" (this is not the end. It is not even the beginning of the end. But it is the end of the beginning).
გთხოვთ, კიდევ ერთხელ წაიკითხოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ამის მთქმელი მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. თანაც, "სპიჩრაიტერებს" ნამდვილად არ დაუწერიათ.
ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიშა სააკაშვილმა ძალიან საინტერესო ფრაზა დაწერა "ფეისბუკზე": შინაარსობრივად ასე ჟღერდა: ისტორიაში ედუარდ შევარდნაძის ადგილის განსაზღვრისთვის მეცნიერებს დიდი ტვინის ჭყლეტა მოუწევთო. თან იქვე დაამატა, ასევე შინაარსობრივად: მე არ დავიჭირე, როცა შემეძლო და ხალხი ამას მოითხოვდა, ეგ კი მუდამ ჩემს დაპატიმრებას ითხოვდა ცხოვრების ბოლომდეო.
მაგრამ რისთვის უნდა დაეჭირა და როგორ? არა, "დასაჭერის" მეტი და ბრალდების მეტი რა იქნებოდა – შევარდნაძის ბობოქარი კარიერის მანძილზე, მათ შორის პრეზიდენტობის განმავლობაში. მაგრამ, მაინც კონკრეტულად რა ბრალდება უნდა წარედგინა მიშას ხელისუფლებას, რომელიც უშუალოდ შევარდნაძის ფრთის ქვეშ გამოიჩეკა და დაფრთიანდა?
კორუფციული შინაარსის საქმეთა "თითიდან გამოწოვა" კი მოხერხდებოდა (მაგალითად, "მაგთისა" და "სიძე ჯოხთაბერიძის" გამო). მაგრამ შევარდნაძის მასშტაბთან შედარებით მაინც არასერიოზული და მეტისმეტად წვრილმანი გამოჩნდებოდა.
წვრილმანი და "ყურით მოთრეული" – დასავლეთის თვალში!
სწორედ დასავლეთის შესაძლო რეაქციას მოერიდა მაშინ მიშა, თორემ სიმბოლურ "შინაპატიმრობას" შევარდნაძეს არ მოაკლებდა. დასავლეთი კი, პრეზიდენტის "მშვიდობიან დამხობას" (სინამდვილეში, 2003 წლის 22 ნოემბერს ორი ადამიანი დაიღუპა ჯავშნოსანთან მსუბუქი ავტომობილის შეტაკების შედეგად) კიდევ ჩათვლიდა "ახალგაზრდულ ანცობად" და შიდა ინტრიგების გამოვლინებად, მაგრამ "გერმანიის გამაერთიანებლისა" და "პერესტროიკის" ერთ-ერთი არქიტექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მით უმეტეს დაპატიმრებას (თუნდაც შინაპატიმრობას) – ნურას უკაცრავად!
ეს შევარდნაძის დასაფლავებაზეც გამოჩნდა: გენშერისა და ბეიკერის სიტყვებში, რომლებსაც არ დაუმალავთ, რომ ბერლინისა და ვაშინგტონის თხოვნით ჩამოვიდნენ, თორემ "შორიდან" სამძიმრითაც შემოიფარგლებოდნენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მიშასა და მისი გუნდისთვის (გიგი, ვანო, ბაჩო და ა.შ) საუბედუროდ, ედუარდ შევარდნაძის რესურსი ("პერესტროიკა", საბჭოთა იმპერიის დანგრევაში შეტანილი წვლილი, ცივი ომის დასრულება, გორბაჩოვთან მეგობრობა, აღმოსავლეთ ევროპიდან ჯარების გამოყვანა) ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მიშას ანალოგიური რესურსი: ე.წ. "ვარდების რევოლუცია", სადღაც დასაკარგავში მდებარე ქვეყნის მოდერნიზაცია და "ქართული რეფორმები".
2003 წლის "რევოლუცია" ამერიკელმა პოლიტტექნოლოგებმა მართლაც გამოიყენეს "არაბული გაზაფხულის" ერთ-ერთ ნიმუშად და სიმბოლოდ, მიშას რეფორმებსაც "აპიარებდნენ" პოსტსაბჭოური სივრცისთვის, მაგრამ როგორც კი 2008 წელს დარწმუნდნენ, რომ რუსეთის გავლენის სფეროში ასე შორს "შეტოპვა" მათგან რეალურ რისკზე წასვლას მოითხოვდა, მაშინვე ჩაიქნიეს ხელი და ახლა მიშასა თუ მის გუნდს ტყუილად აქვთ იმედი, რომ მათთვის ისევე შეიწუხებენ თავს, როგორც შევარდნაძის დაპატიმრების შემთხვევაში.
უბრალოდ, ედუარდ შევარდნაძე, გლობალურად, ბევრად მეტისა და ბევრად მნიშვნელოვანის სიმბოლო(!) იყო, ხოლო მიშა, როგორც აღმოჩნდა, არც ისე ბევრისა და მნიშვნელოვანის.
ვიმეორებ: როგორც კი მიხვდნენ, "ვარდების რევოლუციისა" და რეფორმების უმტკივნეულო (რუსეთთან შეუჯახებელი) ექსპორტი არ გამოვიდოდა პოსტსაბჭოურ სივრცეზე, მაშინვე ჩაიქნიეს ხელი. ამიტომაცაა წყალწყალა დასავლეთის ამჟამინდელი რეაქციები დაპატიმრებებზე.
ეს ყოფილი მმართველი გუნდის ტრაგედიაა, რაკი არათუ გიგისა და ვანოს დაპატიმრების, არამედ თვით სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამოც არ ექნება დასავლეთს რაიმე ქმედითი რეაქცია.
გასულ კვირას ფილიპ დიმიტროვის განცხადება, რომ "უგულავას დაპატიმრებამ შეიძლება შეაფერხოს საქართველოსთვის ევროპული ვიზების გაუქმება", არა დასავლეთის განსაკუთრებული დაინტერესების, არამედ გაიძვერული დემაგოგიის ბრწყინვალე ნიმუშია!
სინამდვილეში, მოლდოვასგან განსხვავებით, ევროკავშირი ისედაც არ აპირებდა ვიზების გაუქმებას (მათი აზრით) "აზიაში მდებარე" საქართველოსთვის, რათა სხვა აზიური და აფრიკული სახელმწიფოებისთვის არ მიეცა "სათქმელი", ვისთანაც უკვე გააფორმა ან აპირებს გააფორმოს "ასოცირების ხელშეკრულება". გიგი უგულავას საქმე კი მოხერხებული საბაბია. "მოხერხებული", რაკი ოპოზიცია ("ნაციონალური მოძრაობა"), რასაკვირველია, სავიზო ბლოკადის იმავე მიზეზს დაასახელებს, რასაც ფილიპ დიმიტროვი და ევროკავშირი.
მმართველი კოალიცია ამ თამაშებს, ასე თუ ისე, ხვდება და თანდათან სწავლობს "წერტილოვანი პასუხის" დიპლომატიურ ხელოვნებას. ასეთი ოსტატური სვლა იყო, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, უარი თქვას ნატო-ს სამიტში მონაწილეობაზე. უელსში, მის ნაცვლად, პრეზიდენტი გაემგზავრება.
ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ერთდროულად სამი განზომილება აქვს, რაც ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, როცა პოლიტიკოსის სვლა ოსტატურია:
ჯერ ერთი, ნატო-ს მიანიშნებს, რომ თბილისი უკმაყოფილოა ალიანსის უარით, მისცეს საგზაო რუკა – MAP, ანუ "პროტესტი ჩვენც შეგვიძლია". თანაც დიპლომატიური ფორმით, როცა არავის მოუვა აზრად, პრეზიდენტის რანგი და წარმომადგენლობა დააყენოს ეჭვქვეშ. ის ხომ, ფორმალურად მაინც, სახელმწიფოს მეთაურია?!
თუმცა, ვინც საჭიროა, ძალიან კარგად იცის: რეალური ძალაუფლება ეკუთვნის არა პრეზიდენტს, არამედ პრემიერ-მინისტრს, რომელიც თითქოს ეუბნება პარტნიორებს: "თუ თქვენ სიმბოლურ გადაწყვეტილებას იღებთ და MAP-ის ნაცვლად არაფრისმომცემ "გაძლიერებულ პარტნიორობას" გვთავაზობთ, მაშინ მეც სიმბოლურ ფიგურას გიგზავნით სამიტზე"
მეორე: ეს ჟესტი აუცილებლად იქნება გაგებული მოსკოვში, როგორც შემრიგებლური რუსეთის მიმართ და საქართველოს ქარაგმული მინიშნება საგარეო პოლიტიკის კორექტირების შესახებ. თანაც ისე, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციას "სათქმელი" ბევრი არაფერი ექნება: "განა თქვენ თვითონ არ მოითხოვდით, მარგველაშვილს მოეწერა ხელი ევროასოცირებისთვის? ჰოდა, ნატო-ს სამიტზეც სწორედ პრეზიდენტს ვგზავნი, რა პრეტენზია გაქვთ?"
დაბოლოს, მესამე: ღარიბაშვილი პირადად გაემგზავრა საქართველოსთვის წარმატებულ ბრიუსელის სამიტზე, რათა ევროასოცრება გაეფორმებინა, ხოლო უელსში, ჩვენი ქვეყნისთვის ა-პრიორი წარუმატებელ ფორუმზე (რაკი MAP-ს არ გვაძლევენ) მარგველაშვილს გზავნის, რაც კიდევ უფრო აკნინებს კონკურენტის ავტორიტეტსა და გავლენას ქვეყნის შიგნით.
სწორედ ასეთი ეშმაკური ნაბიჯებით (ზოგჯერ ედუარდ შევარდნაძის უბადლო "ბალანსირების ტექნოლოგიას" რომ გვაგონებს) აიხსნება ის უცნაურობა, რომ განსხვავებით იმავე მოლდოვისა და უკრაინისგან, რუსეთი არ ჩქარობს სანქციების შემოღებას საქართველოს წინააღმდეგ და არათუ კრძალავს ქართული პროდუქციის იმპორტს, არამედ გასულ კვირას საერთოდ გააუქმა უკანასკნელი შეზღუდვაც ბოსტნეულზე და სექტემბრიდან საავიაციო ფრენებსაც აახლებს.
მიშას გუნდისთვის სამწუხაროდ, ეს ტექნოლოგია, ჯერჯერობით, მართლა ისე ოსტატურად ხორციელდება, რომ სათქმელიც ბევრი არაფერი აქვთ, მაგრამ თუ უკრაინის მიმართ მთავრობის პოზიციითა და პრემიერის განცხადებებით ვიმსჯელებთ, ასეთი პრორუსული (ანუ რუსეთისადმი ლოიალური, რაც ჩვენს შემთხვევაში ერთი და იგივეა) ხელისუფლება საქართველოს ძალიან დიდი ხანია, არ ჰყოლია.
ეს არის ფაქტი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია ამას პირდაპირ ვერაფერს უპირისპირებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხელისუფლება არ აძლევს "სათქმელს" და ეშმაკურად მოქმედებს. გარდა ამისა, ქართველი საზოგადოებაც სრულიად გულგრილია ამგვარი არგუმენტების მიმართ, რაკი მართლა დაიღალა ბოლო 25 წლის მუდმივი დაძაბულობით და 2008 წლის საზარელმა, სამარცხვინო მარცხმაც "გატეხა" დიდი ისტორიული ხნით, თუ სამუდამოდ არა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
იმავე სერიიდანაა "ერგნეთის ბაზრობის" აღდგენის იდეა: ესეც ერთგვარი "პაროლია", რომლითაც ივანიშვილ-ღარიბაშვილის გუნდი მოსკოვს ესაუბრება. რა თქმა უნდა, არანაირი "ერგენთის ბაზრობა" იმ გაგებით და ისე, როგორც ის არსებობდა 1990-იან წლებში, დღეს არ იარსებებს და ვერც იქნება.
არა მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ადგილზე 2008 წლის ომი იყო, შერეული მოსახლეობა, ფაქტობრივად, აღარ არის და ქართველები "სამხრეთ ოსეთიდან" გამოყარეს, არამედ წმინდად ეკონომიკური მიზეზების გამოც: ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ დიდ "სუპერმარკეტზე", რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიხსნება. მაგრამ თუ იქ საგადასახადო ორგანოები იმუშავებენ, ის ვერ გახდება მიმზიდველი, რაკი წინამორბედი "ერგენთის ბაზრობა" მიმზიდველი სწორედ და მხოლოდ იმიტომ იყო, რომ სრული უკონტროლობის პირობებში მუშაობდა, რასაც დღევანდელი მთავრობა არ დაუშვებს, თორემ ისევე დაენგრევა თავზე ბიუჯეტი, როგორც შევარდნაძის ხელისუფლებას დაემხო თავზე 2000-2002 წლებისთვის.
სამაგიეროდ, "ერგნეთი" ისევ და ისევ პაროლი და სიმბოლოა, ანუ მოსკოვისთვის გაგზავნილი კიდევ ერთი სიგნალი, ოღონდ (როგორც ნატო-ს სამიტის შემთხვევაში) ისეთი სიმბოლო, რომლის წინააღმდეგ გალაშქრება "ნაციონალებს" არ გამოუვათ -ამას დასავლეთი არ ჩაუთვლით სწორ პოზიციად.
მივაქციოთ ყურადღება კიდევ ერთ ნიუანსს: ზუსტად მაშინ, როცა "ერგნეთზე" დაიწყო საუბარი, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა: ოკუპაციის კანონი უნდა გადაიხედოს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების "დღის წესრიგის" შესაბამისადო. და რომ, თურმე, სწორედ ეს "დღის წესრიგი" მოითხოვს ჩვენგან, გავხსნათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საგარეო ინვესტირებისთვის.
პრეტენზიები გაქვთ ზაქარეიშვილის (სინამდვილეში ივანიშვილ-ღარიბაშვილის) გეგმასთან? კი ბატონო, მაგრამ მაშინ ეს პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ გამოთქვით -მათი გეგმა და მათი წინადადებაა ხომ?!
"ევროკავშირს აქედან მიაწოდეს და ისიც იმეორებს, რაც თბილისიდან უთხრესო", -მეტისმეტად რთული სქემა გამოდის. იგივეა, ნაციონალებმა რომ თქვან: "ბრიუსელში დებილები სხედან და რასაც ივანიშვილის "შუშის სასახლიდან" ეტყვიან, იმას აჟღერებენო".
არ გამოვა და რაკი არ გამოვა, მთავრობა სულ უფრო ხშირად გამოიყენებს ამ "დუპლეტს" რუსეთის მიმართ ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად და იმგვარი სიგნალების გასაგზავნად, რასაც ვერ შეედავები.
დარწმუნებული ვარ, შორს აღარ არის დრო, როცა რომელიმე პრესკონფერენციაზე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იტყვის: "ჩვენ დიდად მოხარულნი ვიქნებოდით და მივესალმებოდით საქართველოს გადაწყვეტილებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებო" და მთავრობაც აუცილებლად აიტაცებს.
პრეტენზია ექნებათ მიშასა და მის თანაგუნდელებს? მერედა, ვის მიმართ – ანგელა მერკელის, ესე იგი ევროკავშირის?! და თუ ევროკავშირი დასვამს საკითხს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან "თავდაუსხმელობის პაქტის" თაობაზე, მაშინ?
ახლა კი ამბობენ ვაჟკაცურად მიშას თანაგუნდელები: "ჩვენ ევროკავშირის ყველა მითითებას როდი ვასრულებდითო", მაგრამ როცა არ ასრულებდნენ, მაშინ ასე ხმამაღლა არ ყვებოდნენ, რას ასრულებდნენ და რას – არა.
საქმეც ესაა! სწორედ ამიტომ გამოიყურება მართლა ძალიან ოსტატურად მთავრობის ბოლოდროინდელი ტაქტიკა და უკვე ისიც ნათელი ხდება, რომ მართლა არ არის შემთხვევითი ირაკლი ღარიბაშვილის რამდენჯერმე განმეორებული განცხადება: "ყირიმსა და აფხაზეთს შორის საერთო არაფერიაო".
ესეც სიმბოლო და მოსკოვში ჭკვიანურად გაგზავნილი მესიჯია. არ ვამბობ, "ჭკვიანური მესიჯი", არამედ "ჭკვიანურად შეფუთული მესიჯი", რაც ჩვენს დისკურსში ერთი და იგივე არ არის, თუმცა შედეგი ნამდვილად მოაქვს.
რა შედეგი? -ფაქტია, რუსული ბაზარი ჯერჯერობით არ იკეტება, პირიქით, იხსნება, ფრონტის ხაზზე კი დაძაბულობა იკლებს. მივაქციოთ ყურადღება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ცხინვალთან რუსული ვერტმფრენის გამოჩენის შესახებ.
სინამდვილეში, ეს არა რუსული არმიის მოქმედი ვერტმფრენი, არამედ, დიახაც, ოს სეპარატისტთა ვერტმფრენი იყო, რომელიც თავის დროზე მათ იმავე რუსეთმა გადასცა.
ადრე (ივანიშვილ-ღარიბაშვილის "ჩაჩურჩულებამდე") რუსეთის "თავდაცვითი უწყება", თბილისის პრეტენზიათა პასუხად, აუცილებლად განაცხადებდა: "არავითარი საზღვრის დარღვევა არ ყოფილა და თბილისი რაღაცას ჩმახავსო". ახლა კი სულ სხვა რამ თქვა: "კი, დაირღვა საზღვარი, მაგრამ ჩვენი ვერტმფრენი არ იყოო". ანუ სეპარატისტებს მიანიშნა: ნუ ცდილობთ, ჩაშალოთ მოსკოვსა და თბილისს შორის მიმდინარე "საჭადრაკო პარტია", ესე იგი ჟესტებითა და სიმბოლოებით მიმდინარე დიალოგი ქართველებთან, თორემ დაისჯებითო.
უნდა ვაღიაროთ, მთავრობა, ჯერჯერობით ამ ეშმაკურ პოლიტიკას მართლა ისე ოსტატურად ახორციელებს, რომ აწ განსვენებული "ბაბუ", ალბათ, იქიდან (სადაც იმყოფება) მცირედ ხარობს მისეული "ბალანსირების პოლიტიკის" აღდგენის გამო, რომელსაც, კაცმა რომ თქვას, ალტერნატივა არც ჰქონია, თორემ მიშას პირდაპირობამ და სწორხაზოვნებამ (რაც "ვარდების რევოლუციის" იმანენტური შინაარსიდან აუცილებლად გამომდინარეობდა) 2008 წლის გამანადგურებლად სამარცხვინო დამარცხების გარდა, არაფერი მოგვიტანა.
ესეც ისტორიული რეალობაა და ვისაც ის არ მოსწონს, იმავე რეალობას ეკამათოს, ესე იგი ახალოს კედელს თავი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ერთადერთი კვანძი, რამაც შეიძლება ეს "ქსოვილი" დაშალოს, იმავე ევროპის რადიკალურად ანტირუსული მიდგომა იქნებოდა, მაგრამ ივანიშვილის დოქტრინა იმიტომაც მუშაობს ასე წარმატებით და ღარიბაშვილის ტაქტიკა იმიტომაც აღწევს მიზანს, რომ ევროპას უკრაინისთვისაც კი ვერ მოუვლია და საქართველოსთვის შეიწუხებს თავს?
მოსკოვი სულ უფრო და უფრო ღიად ეხმარება სეპარატისტებს, აწვდის უახლეს რაკეტულ და ანტისატანკო იარაღს, გზავნის ათასობით გამოცდილ მებრძოლს, რომლებიც მანამდე "კაზაკთა დრუჟინებში" ან სამხედრო-სპორტულ კლუბებში ჰყავდა გაფორმებული, ხელფასს უხდიდა და ამ "ისტორიული მომენტისთვის" ამზადებდა.
ევროპა-ამერიკამ კი რაო? არც არაფერი! ყოველი შემთხვევისთვის პუტინი მაინც გაემგზავრა სამხრეთ ამერიკაში, რადგან, თუ დასავლეთი, ბოლოს და ბოლოს, სანქციებს აამოქმედებს, აუცილებლად დასჭირდება ალტერნატივა ეკონომიკური ომის საწარმოებლად.
ბრაზილიაში რუსეთის პრეზიდენტი ანგელა მერკელს შეხვდა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერკელი გადადგომას აპირებს, რაკი "კეთილი ბებია" დაიღალა და გერმანიის საბოლოო აღორძინების ისტორიული მისიაც შესრულებულად ჩათვალა მარიო გიონცეს ბრწყინვალე გოლის შემდეგ.
გამორიცხულია, გერმანია რაიმე ანტირუსული კოალიციის ლიდერი გახდეს. არადა, ამ ქვეყნის როლი ევროპაში და მთელ ევროატლანტიკურ სისტემაში იმდენად დიდია, მის გარეშე არც არაფერი გამოვა. ფეხბურთს კი მოიგებენ, მაგრამ... ერთხელ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მეგი ტეტჩერს ჰკითხეს: "რა ხდება, ჩვენს ეროვნულ სპორტში (ფეხბურთში), გერმანელებთან სულ ვაგებთო" და მანაც მიუგო: "სამაგიეროდ ჩვენ გერმანელები ორჯერ დავამარცხეთ მათ ეროვნულ სპორტში!".
თუმცა, თვით გერმანელებმა ხომ ძალიან კარგად იციან, სინამდვილეში ვისთან დამარცხდნენ 1945 წელს. ამიტომ პუტინის მიერ აწყობილი მთელი ამ პარადიგმის (მათ შორის ქართული "ჩურჩულის") დანგრევა დღეს მხოლოდ უკრაინელ ჯარისკაცს შეუძლია.
თუ ის გაიმარჯვებს, მთელ ევროპაში მართლა სულ სხვა რეალობა დამკვიდრდება. თუ დამარცხდა -პუტინისეული იმპერიის აღდგენა უკვე შეუქცევადი გახდება. ხოლო საქართველოში "ჩათრევის ნაცვლად ჩაყოლის" მომხრე ხელისუფლებაც ზუსტად დროის რელევანტური აღმოჩნდება.
ზურაბ ღოღობერიძე, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |