

|
"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლისა და ყოფილი თანამფლობელის მოულოდნელი და უცნაური გარდაცვალების გამო დიდი პოლიტიკური ინტრიგები იწყება. სხვაგვარად შეუძლებელიც იქნებოდა, რაკი ეროსიმ არა მხოლოდ უახლეს ისტორიაში შეასრულა მნიშვნელოვანი როლი, არამედ დღემდე ანგარიშგასაწევ და შემძლე ფიგურად რჩებოდა.
რუსთავში ჩატარებული არჩევნების შედეგმა შეცდომაში არავინ შეიყვანოს: იმ არჩევნებში მონაწილეობით, კიწმარიშვილი ელიტას აფრთხილებდა, რომ ცოცხალია და არ მომკვდარა, თორემ "ხალხი" რას და როგორ გაიგებდა, მას არც არასდროს აინტერესებდა - დღეს არ მისცემდა ხმას ერთ ქალაქში, ხვალ მისცემდა რომელიმე დიდი გაერთიანების თუ საარჩევნო კოალიციის წევრს, საპარლამენტო არჩევნებში...
ანუ ქალაქი რუსთავი კიწმარიშვილისთვის ტრამპლინი იყო. ისევე, როგორც შორეულ 1994 წელს, როდესაც თავისი დიდი პარტია დაიწყო - პატარა ტელევიზიის დაფუძნებით.
ასეთი "პოლიტიკური ცხოველი", ანუ რუსულად თუ ვიტყვით ამგვარი "ხვატკის" მქონე პერსონა ქართულ პოლიტელიტაში არც ისე ბევრია. ჩვენი "პოლიტოკრატიის" უმრავლესობა შედგება კაი ჭამა-სმის მოყვარული, გატლეკილი და არაფრის მაქნისი ლუარსაბ თათქარიძეებისგან. სულ რამდენიმეა (მიშა, ოქრუაშვილი, ეროსი, ბურჯანაძე, განსვენებული ჟვანია), ვისაც ესმის ძალაუფლების ნამდვილი ძალა და მადლი - როგორც სუფთა ჰეროინისა ნახარშების გარეშე. არა აქვს მნიშვნელობა, ტელევიზიის მეშვეობით ხორციელდება ის თუ უშუალოდ ხელისუფლებაში მოსვლით და ამ ძალაუფლების გაფორმებით.
ეროსი კიწმარიშვილს სწორედ ის ანათესავებს ან განასხვავებს სხვებისგან, რომ მისთვის ფული თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ფული, ისევე, როგორც ტელევიზია, მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების ინსტრუმენტი იყო!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბუნებრივია, ასეთი ფიგურის სიკვდილი უდიდეს ყურადღებას მიიპყრობდა, სერიოზული არგუმენტიც გახდებოდა მიმდინარე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, რაც კვლავ გრძელდება და ალბათ, სწორედ ამითაა განპირობებული უცნაურობები, რაც პირველივე წუთიდან ახლავს საქმეს.
სულ მცირე დროის შემდეგ, რაც სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ დაცვამ(!) ეროსი კიწმარიშვილის გვამი მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში, საკუთარ მანქანაში იპოვა და იქვეა აღმოჩენილი იარაღიც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აუცილებლად მიიჩნია, დაეზუსტებინა მუხლი, რომლითაც საქმე აღიძრა: "115 - თვითმკვლელობამდე მიყვანა".
მაშასადამე, უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ საქმე გვაქვს ბოროტგანზრახულ დანაშაულთან და არა შემთხვევითობასთან ან უბრალო თვითმკვლელობასთან, რაკი ბოროტგანზრახული დანაშაული, რაც სიკვდილს იწვევს, იგივე მკვლელობის ფორმაა.
რა აუცილებელი იყო ამ ვერსიის დაბეჯითებითი გავრცელება მომხდარიდან სულ რამდენიმე წუთში?
ბუნებრივია, საქმე უნდა აღძრულიყო, მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა აღძრულიყო სიკვდილის ფაქტზე ან ცხედრის აღმოჩენის ფაქტზე, როგორც ხდება ხოლმე, როცა პოლიციელებს აქვთ ეჭვი, რომ სწორედ თვითმკვლელობა მოხდა და არა მკვლელობა?
კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ამ მომენტს: რატომღაც (ჯერ გაუგებარია, რატომ) გამოძიებამ არა უბრალოდ და არა მხოლოდ გარდაცვალების ან ცხედრის აღმოჩენის ფაქტზე აღძრა საქმე, არამედ აუცილებლად მიიჩნია, დაეზუსტებინა: ეს იყო არა უბრალოდ თვითმკვლელობა, არამედ თვითმკვლელობამდე მიყვანა!
მოგვიანებით, პროკურატურის განცხადებაში ყველა ვერსია ჩამოთვალეს. თუმცა პირველი რეაქცია და თვითმკვლელობამდე მიყვანის ხსენება უკვე ფაქტად დარჩა, რასაც ვეღარაფერი შეცვლის.
შემდეგ, ეროსი კიწმარიშვილის ერთ-ერთმა პარტნიორმა განაცხადა, რომ სწორედ იმ დღეს(!) მან იარაღი შეიძინა, რათა ძმისთვის ეჩუქებინა. ესეც, თავისთავად, საინტერესო ფაქტია იმის გათვალისწინებით, რომ იარაღის ყიდვა ასე იოლი არ არის - მიხვიდე და იყიდო. მით უმეტეს, კიწმარიშვილმა იცოდა, რომ, როდესაც იარაღს "სელებრითი" ყიდულობს, სპეცსამსახურები ამას აუცილებლად შეიტყობენ: მაღაზია შეატყობინებს, ვალდებულიც რომ არ იყოს. თუმცა კი ვალდებულია.
მართლა ძმისთვის იყიდა? თუ ეს საბაბი იყო, რათა იარაღი ეყიდა? მაგრამ, თუ თავის მოკვლა უნდოდა, ასეთი წარსულის მქონე ფიგურას ვითომ სხვა იარაღი არ ექნებოდა მაშინ, როდესაც უამრავი მტერი ჰყავდა, ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ფრონტზე ომში იყო ჩართული და ყველა ფრონტზე მილიონებს ედავებოდა ვიღაცას, ან ვიღაც მას ედავებოდა ასეთივე თანხებს?
"გაუვარდაო". დავუშვათ, ასეა. მერედა, ისევ და ისევ, რა შუაშია აქ "თვითმკვლელობამდე მიყვანა"? საკმარისია, ერთმა ჩვეულებრივმა პოლიციელმა შეხედოს ცხედარს, მით უმეტეს, როცა იარაღი იქვე გდია, და თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით იტყვის, გაუვარდა თუ თავი მოიკლა.
ნუთუ ის, ვინც ცხედარი ნახა, ვერ გაარკვევდა (ჭრილობის ადგილით და სხვა ნიუანსებით), რამდენად დიდია თვითმკვლელობისა თუ იარაღის გავარდნის ალბათობა? მეორე შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს სპეციალური მუხლი: გაუფრთხილებლობა იარაღის მოხმარებისას. ჰოდა, რა შუაშია არათუ თვითმკვლელობა, არამედ, მაინცდამაინც, თვითმკვლელობამდე მიყვანა?
ვიმეორებ კითხვას: რატომ არა სიკვდილის ფაქტზე, რატომ არა გაუფრთხილებლობით, არამედ სწორედ თვითმკვლელობამდე მიყვანის?
ერთადერთი ახსნა: გამოდის, სამართალდამცავ ორგანოებს წინასწარ ჰქონდათ რაღაც ინფორმაცია და ამ ინფორმაციის რეალიზება მოხდა მაშინვე, როგორც კი ცხედარი აღმოაჩინეს.
კვლავ დავაკვირდეთ: რამდენიმე დღის შემდეგ რომ აღძრულიყო საქმე ამ ფორმულირებით, ვიტყოდით ან გვეგონებოდა, რომ "ცხელ კვალზე", წინასწარი გამოძიებისას მიიღეს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ, როცა მაშინვე, ესე იგი დაუყოვნებლივ ცხადდება ეს ვერსია - აქ აშკარად "რაღაცაშია საქმე".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მეორე მხრივ, საუბარი იმის შესახებ, რომ "ეროსი თავს არ მოიკლავდა", რომ "უდიდესი გეგმები ჰქონდა", "ასეთი ტიპი არ იყო", "რამდენიმე საათით ადრე ვესაუბრე და არაფერი ეტყობოდა", - თავისთავად არადამაჯერებელი არგუმენტია თვითმკვლელობის ვერსიის საწინააღმდეგოდ.
სუიციდიზმი მთელი მეცნიერებაა, რომლის ყველაზე დიდმა და წარჩინებულმა წარმომადგენლებმა დიდი ხნის წინათ ათასობით მაგალითით დაადასტურეს: თვითმკვლელის სოციალური აქტივობა, თუნდაც სუიციდამდე რამდენიმე საათით ადრე, არაფერს ნიშნავს, ხოლო რადიკალური გადაწყვეტილება მიიღება პერიოდში ერთი საათიდან რამდენიმე წუთამდე, ე.წ. "ფეთქებადად განვითარებული დეპრესიის" დროს, რომელსაც კონკრეტული მაპროვოცირებელი მიზეზი შეიძლება არც ჰქონდეს და ზოგადი დეპრესიის გამოვლინება იყოს, რაც იმავე სოციალური აქტივობით ინიღბებოდა თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში.
სხვაგვარად თუ ვიტყვით, წუთიერი მიზეზი (რაიმე "ცხლად" მიღებული ინფორმაცია) შესაძლოა, არც არსებულიყო, არამედ იყო ზოგადი, დროში გაწელილი მოტივი და მის მიერ გამოწვეული ფსიქოლოგიური წნეხი.
რაც შეეხება მკვლელობას. ისეთ გარემოში, სადაც ეროსის ცხედარი იპოვეს, თვითმკვლელობისა და მკვლელობის დადგენა იმდენად იოლია (ავტოფარეხი, უამრავი სათვალთვალო კამერა და ა.შ), რომ საეჭვოა, პოლიციას ასე გაერისკა და "თვითმკვლელობამდე მიყვანის" მუხლი გამოეცხადებინა, თუ არსებობდა თუნდაც მცირე ალბათობა იმისა, რომ დასჭირდებოდათ მუხლის გადაკვალიფიცირება მკვლელობად.
მთელი ამ უცნაურობების ახსნა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ მან, ვინც პირველი ინფორმაციის გავრცელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, დანამდვილებით იცოდა, რა პოლიტიკურ რეაქციებსა და ინტენციებს წარმოშობდა ეროსი კიწმარიშვილის ასეთი(!) გარდაცვალება:
ჯერ ერთი, ქართული მასა და საზოგადოება (ჩვენში, სამწუხაროდ, ხშირად ერთი და იგივეა) ისევე არ დაიჯერებს ეროსი კიწმარიშვილის "თავისით სიკვდილს" (თვითმკვლელობით თუ იარაღთან გაუფრთხილებლობით), როგორც ზურაბ ჟვანიას შემთხვევით სიკვდილს არ იჯერებს. ამიტომ აქ სპეკულაციები გარდაუვალია.
ამასთანავე, ყველამ იცოდა, რომ ეროსი კიწმარიშვილს ფანატიკურად სურდა "რუსთავი 2"-ის დაბრუნება. ყველაფერი, რასაც 2007 წლიდან აკეთებდა (მიშას მეორე საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვით დაწყებული, ოპოზიციაში გადასვლით დამთავრებული), სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. კიწმარიშვილის ინტერესთა გათვალისწინების გარეშე კი, საუკეთესო ქართული ტელეარხის ვერც "ხელში ჩაგდება" მოხერხდებოდა და ვერც "შენარჩუნება".
არადა, ხელისუფლება, ისევე როგორც ოპოზიცია, ამაზე ნამდვილად ზრუნავს: ეს კალაძის უცნაურმა განცხადებამაც დაადასტურა: "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს დაუბრუნდებაო". რომელ კანონიერ მფლობელს? - ხალვაშს? აქიმიძეს? დვალს? მაგრამ "რუსთავი" ხომ სწორედ ეროსის პირმშოა? რამე რომ იყოს, - მისი "ხვატკის" გათვალისწინებით, - სულ ერთ კვირაში შეძლებდა თავისი "მშვენიერი გვარდიის" ისევ შეკრებას და, მათთან ერთად, 1999 წელში დაბრუნებას!
სასაცილოა ლაპარაკი რაღაც ვალებზე, რაც თითქოს მძიმე ტვირთად აწვა არჩევნების წაგების შემდეგ.
ჯერ ერთი, მიცვალებულს პასუხისმგებლობის გრძნობა იმ დონეზე არ ჰქონდა განვითარებული (ამ აზრით "ნიცშეანელი" გახლდათ), ამის გამო თავი მოეკლა ან, მით უმეტეს, ვინმესი ასე შეშინებოდა. გარდა ამისა, საკმარისად მდიდარი იყო, რათა არცთუ ისე დიდი ხარჯები, რაც "რუსთავის" საარჩევნო კამპანიას სჭირდებოდა, თვითონ გაეწია.
სინამდვილეში, ერთადერთი, რაც მართლა აწუხებდა, მაინც ის იყო, რომ მისი ცხოვრების მიზანი, მისი მთავარი ვნება - ტელევიზია, აღარ გამოსდიოდა და ვეღარც მოიხელთა რაიმე საშუალება, ეს ვნება დაეკმაყოფილებინა, რაკი არც ერთი ხელისუფლება, მიშათი დაწყებული და ბიძინათი დამთავრებული, მას აღარ დაუთმობდა ამ უძლიერეს იარაღს (ეროსის ხელში გაათმაგებულს) ისე, როგორც შევარდნაძემ დაუთმო 1996 წელს.
ნიკა იმნაიშვილი, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |