![](/theme/ghn//img/Georgia.png)
![](/theme/ghn//img/uk.png)
|
ედუარდ შევარდნაძის საფლავი; პოლიტიკური ინტრიგები მიცვალებულის გარშემო; გიგი უგულავას ხელბორკილები და "აფხაზ სომეხთა" განცხადება; უკრაინა "X-დღეს" უახლოვდება; ამაზრზენი ანტიფეხბურთი ბრაზილიაში
ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებიდან ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ კრწანისის რეზიდენციასთან ბალზაკის ასაკის ქალბატონთა მიტინგი დაიწყო: "ჩაძაღლდი იუდაააააა?" - ისმოდა რეფრენად.
საერთოდ, საქართველოში ასეთი რამ თითქოს მიუღებელია, მაგრამ პოლიტიკამ ბევრი რამ ასწავლა ქართველებს, უშრეტმა სიძულვილმა კი ტრადიციული პოლიტკორექტულობისთვის ადგილი აღარ დატოვა.
ეს ქალბატონები ამ რეზიდენციასთან (სხვათა შორის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის საელჩოთა მოპირდაპირე მხარესაა) მრავალი წლის განმავლობაში აწყობდნენ აქციებს. მოდიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად 2003 წლიდან, იდგნენ და ყვიროდნენ ერთსა და იმავეს: "იუდა", "გამყიდველო", "მოღალატე", "მკვლელო".
გასაგებია, რომ "მკვლელო" - ზვიად გამსახურდიასი. და მათ ვერაფრით შეასმენდი, რომ, თუ მეტად არა, არანაკლებ ცხარე მიტინგები და დემონსტრაციები პირველი პრეზიდენტის დამხობისთვის თენგიზ სიგუასა და თენგიზ კიტოვანის სახლებთან უნდა მოეწყოთ, რომლებმაც ზვიად გამსახურდია დაამხვეს 1992 წლის იანვარში, ხოლო შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, სანამ "ელიტარულმა ინტელიგენციამ" და ჯაბა იოსელიანმა ულტიმატუმი არ წაუყენათ, ხოლო რუსეთმა ვეტო არ დაადო საქართველოს გაეროში მიღებას.
მხოლოდ ამის შემდეგ დასთანხმდნენ და ბუნებრივად ისმის კითხვა: თუ სწორედ შევარდნაძე იყო ე.წ. "დეკემბერ-იანვრის გადატრიალების" ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი, მაშინ ამდენი ინტრიგა, ინტრიგების დიდოსტატს, რატომ დასჭირდებოდა საქართველოში დასაბრუნებლად?
ჯერჯერობით უცნობია, სად იქნება "შევარდნაძის საფლავი". საქართველოში ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია. მით უმეტეს, მიცვალებულის არაერთგვაროვანი აღქმის გათვალისწინებით. ედუარდ შევარდნაძის მეუღლე ამავე რეზიდენციის ეზოშია დაკრძალული. ბუნებრივია, აწ გარდაცვლილსაც მის გვერდით ენდომებოდა დაკრძალვა, რაც უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ეს რეზიდენცია სამუდამოდ გადაეცემა შევარდნაძეების ოჯახს. თუმცა, დღევანდელი ხელისუფლებისთვის ეს, რა თქმა უნდა, მეასეხარისხოვანი საკითხია: ივანიშვილი ის ტიპაჟი ნამდვილად არ არის, ამგვარ სისულელეებზე იფიქროს და ვინმეს სალაპარაკო მისცეს, თუკი მიშამაც კი(!) არ ახლო ხელი ამ სიტუაციას - რეზიდენციაც შეუნარჩუნა და ქალბატონი ნანულის ეზოში დაკრძალვაზეც არ ამოუღია ხმა.
ამით ედუარდ შევარდნაძე და (კრებითად) "შევარდნაძეები" უცნაურად დაემსგავსნენ (ასევე კრებითად) გამსახურდიებს, რომლებმაც დაამკვიდრეს მიცვალებულთა საცხოვრებელი სახლის ეზოში (ე.წ. "კოლხურ კოშკში") დაკრძალვის უცნაური ტრადიცია. არადა, თითქოს სრული ანტიპოდები იყვნენ წარსულითა და მენტალობით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკურ მემკვიდრეობას, ამაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, რაკი, ნახევარი საუკუნის მანძილზე, თუ კი რამ მნიშვნელოვანი ხდებოდა ამ ქვეყანაში, ყველაფერი მის სახელს ან მის უშუალო თუ პოლიტიკურ მემკვიდრეებს უკავშირდება.
მაგრამ მაინც საოცრად სიმბოლურია, რომ იმ დღეს, როცა საქართველოს ყოფილი "ცკ"-ს პირველი მდივანი, სსრკ-ს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექსპრეზიდენტი მიიცვალა, პუტინის ცოფიან ტელეარხზე "რუსეთი დღეს", მისი შვილიშვილის, სოფო შევარდნაძის მორიგი გადაცემა გავიდა. თუმცა წინა დღეს იყო ჩაწერილი, მაგრამ მაინც.
ეს ქალბატონი ხშირად ამბობდა ხოლმე, - "ახლაღა მივხვდი, ჩემი სამშობლო მოსკოვიაო"...
პოლიტიკოსის შეფასებისას, მთავარი შესაძლებლისა და შეუძლებლის ბალანსია. შევარდნაძემ შეძლო თეორიულად შესაძლებელი, რასაც სხვა, მის გარდა, ვერავინ შეძლებდა: საქართველოს გამოთრევა სამოქალაქო ომისა და კრიმინალური ანარქიის სისხლიანი ჭაობიდან. ამით თავისი ისტორიული მისია ამოწურა და შემდეგ მხოლოდ ხელისუფლების გახანგრძლივებაზე ზრუნავდა.
მისმა ქალიშვილმა, მანანა შევარდნაძემ მუდარით შეკრა ხელები ზვიადისტების წინაშე: "ადამიანი მიიცვალა და ქრისტიანები არა ხართო".
"ქრისტიანები რომ ვართ, სწორედ ამიტომ მოვედით შიშველი ხელებითო", - მიუგეს.
გაუგებარია, აბა, რით უნდა მოსულიყვნენ? კუპრით სავსე ვედროთი ხომ არა?
ყველაზე გამაოგნებელი მაინც მიხეილ სააკაშვილის განცხადება გამოდგა: "მე ეგ რეზიდენცია შევუნარჩუნე, არ დავიჭირე, ციხეში არ ჩავსვი, ეგ კი ჩემს დაპატიმრებას მოითხოვდაო".
თითქოს არ იცის, რომ ბოლო წლებში ედუარდ შევარდნაძის განცხადებები (მათ შორის წინამორბედის დაპატიმრებაზე) არა პოლიტიკოსის, არამედ სიბერით დაჩაჩანაკებული მოხუცის წამოკვნესება იყო.
თუმცა, 2003 წელს დამხობილი პრეზიდენტი მაინც მოესწრო დამამხობლის დამხობას და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა. ისიც სრულიად კანონზომიერია, რომ სააკაშვილს გაუბედეს ის (მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე კვირებიღა დარჩა), რაც თვით სააკაშვილმა ვერ გაუბედა შევარდნაძეს.
სწორედაც "ვერ გაუბედა". არა იმიტომ, რომ ესოდენ გულმოწყალე იყო, არამედ სრულიად გარდაუვალი საერთაშორისო რეაქციის გამო - "უსისხლოდ წასული შევარდნაძის" მიმართ. თუმცა, მიშას ახლა აწყობს, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს გულმოწყალება გამოიჩინა.
"ისტორიკოსები ბევრს იმსჯელებენ ისტორიაში შევარდნაძისთვის ზუსტი ადგილის მისაჩენადო", - ამას ასე მხოლოდ ის პოლიტიკოსი თუ იტყვის, ვისაც, ჯერ ერთი, მიაჩნია, რომ ისტორიაში ჯერ არ გადასულა და, ამასთანავე, მაინც ეშინია, რომ მისი ადგილის დასადგენად ისტორიკოსებს ბევრად ნაკლები დრო დასჭირდებათ.
უბრალოდ, იმიტომ, რომ შევარდნაძეს, 2003 წლამდე, არასდროს დაუსახავს მიზნად შეუძლებელი და მხოლოდ შესაძლებლისთვის იბრძოდა. ანუ პოლიტიკოსის ჭეშმარიტ თვისებას ამჟღავნებდა. ხოლო ის, ვინც შეუძლებელსა და შესაძლებელს შორის ზღვარს ვერ ამჩნევს, პოლიტიკოსი არ არის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუმცა, ედუარდ შევარდნაძის მიწიერი გზის დასრულებასთან ერთად, პოლიტიკური პროცესი, ისევე, როგორც სიცოცხლე, საქართველოში გრძელდება.
გიგი უგულავას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. დღემდე იდუმალებითაა მოცული, რატომ არ ისარგებლა მან იმ შესაძლებლობით, რომელიც, თუ მთლიანად არ გამორიცხავდა დაპატიმრებას, ყოველ შემთხვევაში ამის შანსს სერიოზულად ამცირებდა, ანუ რატომ არ იყარა კენჭი თბილისი მერად და ნიკა მელიას გადააბარა, შესაბამისად, ეს სტატუსიც და თანამდევი პოლიტიკური იმუნიტეტიც?
არა იურიდიული, არამედ სწორედ პოლიტიკური იმუნიტეტი: დედაქალაქის მერობის კანდიდატის დაპატიმრება ძალიან ძნელია. თითქმის შეუძლებელიც არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ არჩევნების შემდეგაც. საკრებულოს წევრს რომ იმუნიტეტი ჰქონოდა, კიდევ გასაგებია, მაგრამ რაკი არა აქვს, მართლა გაუგებარი ხდება, რატომ არ დასახელდა უგულავა მერობის კანდიდატად?!
ასე რომ მომხდარიყო, ხელისუფლება მას ვერ დააპატიმრებდა - ისევ საერთაშორისო რეაქციის გამო, რაკი ეს მართლა "მეტისმეტი" იქნებოდა.
ისიც საკითხავია, ვის უფრო სჭირდებოდა, ამ მხრივ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი - "სამშვიდობოს" მყოფ მიშას, რომელიც, ამის მიუხედავად, აცხადებს, რომ "ქართულ პოლიტიკაში არ ერევა", თუ საქართველოში დარჩენილ მის თანამებრძოლებს?
მართლა გაუგებარია და ამ გაუგებრობის ახსნა მხოლოდ და მხოლოდ შიდაპარტიული ინტრიგებით თუ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, სხვა ახსნა ნამდვილად არ ჩანს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გიგი უგულავას დაპატიმრებით ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი და სარისკო გადაწყვეტილება მიიღო. შეიძლება ითქვას, მან ამით საბოლოოდ განვლო "უკანმოუბრუნებლობის წერტილი" და თვითონ შეიზღუდა პოლიტიკური მანევრისთვის აუცილებელი სივრცე როგორც საშინაო, ასევე, განსაკუთრებით, საგარეო პოლიტიკაში.
ოღონდ არა დასავლეთის არც თუ ისე მხურვალე რეაქციის გამო, არამედ სხვა მიზეზით: გიგის დასაცავად ოპოზიციის მიტინგები იმდენად ემოციური იყო, იმდენად აშკარაა, რომ ეს ადამიანები უკვე სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბრძვიან, რომ ამიერიდან ხელისუფლება მოერიდება მათთვის რაიმე სათქმელის მიცემას სარისკო და საკამათო გადაწყვეტილებებით საგარეო სფეროში.
მაგალითად, საკმარისია თუნდაც მცირე კომპრომისი რუსეთთან, თუნდაც საუბრის დაწყება, ვთქვათ, ყბადაღებულ აფხაზეთის რკინიგზაზე, რომ ეს მიტინგები უკვე, გიგი-ვანო-ბაჩოს განთავისუფლებასთან ერთად, "მოღალატე", "გამყიდველი", "რუსეთუმე" რეჟიმის დამხობის მოძრაობად იქცეს.
და ამ მოძრაობას ვეღარაფერი შეაჩერებს.
ბუნებრივია, როცა მოწინააღმდეგეს ეგზისტენციურ საფრთხეს უქმნი, ის ყველაფერზე წავა და ყველა სათქმელს იმავე სამკვდრო-სასიცოცხლო ელფერს მისცემს. არადა, უკვე აშკარაა, რომ მოსკოვი მკაცრად აყენებს ივანიშვილის გუნდის წინაშე აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის აღდგენის საკითხს. გასულ კვირას ამის თაობაზე აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმაც გააკეთეს მკვეთრი განცხადება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი იმუქრება ემბარგოს აღდგენით, ქართული პროდუქციისთვის ბაზრის ხელახალი ჩაკეტვით, რაც აუცილებლად გამოიწვევს მზარდ უკმაყოფილებას იმ პირობებში, როცა ქართული მანდარინისა და ღვინისთვის ევროპის ბაზრის გახსნა მხოლოდ ტკბილი ზღაპარია.
ანუ გიგი უგულავას დაპატიმრებით და ზოგადად, "ნაციონალთა" მიმართ პოზიციის უკიდურესად მაქსიმალიზაციით, ხელისუფლება თვითონ ექცევა უკუნ ჩიხში, საიდანაც გამოსავალს ვეღარ იპოვის.
კი, დააკმაყოფილებს საზოგადოების გამწარებული ნაწილის მოთხოვნას, მაგრამ სრული პოლიტიკური "ცუგცვანგის" პირობებში აღმოჩნდება, როდესაც ყველა გადაწყვეტილება, ნებისმიერი, თუნდაც მცირე ნაბიჯი, ისევ და ისევ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ სარისკო გახდება "ჩასაფრებული" მოსისხლე მტრის პირობებში, რომელსაც, ამასთანავე, ნამდვილად შესწევს ძალა, "რამე რომ იყოს", მეორე განაწყენებული და გაავებული სოციალური სეგმენტი გამოიყვანოს ქუჩაში.
შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ მთავარია, მოწინააღმდეგეს სათქმელი არ მისცე, ან, თუ ეს გარდაუვალია, ის ამ დროს სამკვდრო-სასიცოცხლოდ არ გყავდეს "მოღორებული".
ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლების შეცვლიდან უკვე საკმაოდ ბევრი დრო გავიდა და ეკონომიკური მდგომარეობა არ უმჯობესდება, ხოლო რუსული ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ კიდევ უფრო გართულდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არადა, საერთაშორისო ვითარება საქართველოს გარშემო კატასტროფულად იძაბება: უკრაინამ ტაქტიკურ გამარჯვებას მიაღწია - აიღო ქალაქები სლავინსკი, კრამატორსკი და არტემიევსკი, ალყა შემოარტყა დონეცკსა და ლუგანსკს. ახლოვდება კრიტიკული "დღე Х", როდესაც პუტინი იძულებული იქნება ან შეიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში, ან დანებდეს და შეიარაღებულ სეპარატისტთა ევაკუაცია განახორციელოს. ორივე შემთხვევაში, სიტუაცია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში გახდება, რაკი პუტინს აუცილებლად დასჭირდება კომპენსაცია!
"აფხაზ სომეხთა" განცხადება რომ შემთხვევითი არ არის, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ სწორედ ამ დროს, რუსეთის წინადადებით, გაიმართა ქართველ და რუს ეკონომიკურ ექსპერტთა შეხვედრა პრაღაში. თანაც, კარასინ-აბაშიძის მორიგი რანდევუს წინ.
მოსკოვი თითქოს ეუბნება თბილისს: "ველით თქვენგან წინადადებებს აფხაზეთის რკინიგზის თაობაზე. ჩვენ კი არ შემოგთავაზებთ, თქვენ უნდა შემოგვთავაზოთ, ჩვენ კი არ უნდა დაგაინტერესოთ, არამედ თქვენ უნდა დაგვაინტერესოთ, თუ არ გინდათ კვლავ ჩაგიკეტოთ რუსული ბაზარი".
საერთოდ, ძალიან მომგებიანი დიპლომატიური სვლაა, როცა პარტნიორს აიძულებ, შენთვის საინტერესო თემებზე თვითონ ილაპარაკოს და თვითონ ეძებოს შენთვის საჭირო გამოსავალი.
მაგალითად, აფხაზებთან თვით მოსკოვმა კი არ აწარმოოს პოლიტიკური ვაჭრობა, არამედ თბილისი ევაჭროს სოხუმს. თუმცა, გაუგებარია, როგორ და რის ფასად, როდესაც აფხაზებმა ისედაც ყველაფერი მიიღეს, რაც უნდათ, - კოდორიც დაიპყრეს, უფასოდ ვმკურნალობთ და პენსიებსაც ვთავაზობთ.
პირველი ღამის უფლებას ხომ არ შევთავაზებთ?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ქართული პოლიტიკური ორომტრიალი და პიროვნულ მოუსვენრობამდე დასული გეოპოლიტიკური პრობლემები ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც ხომ შეიძლება გავიქარვოთ თუნდაც ისეთი სასიხარულო მოვლენით, როგორიც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატია?
მაგრამ ამჯერად "მუნდიალმა" არათუ იმედები გაგვიცრუა, არამედ შეიძლება ის ანტიფეხბურთისა და თვით ამ ფენომენის დეგრადაციის საწყისადაც კი იქცეს, ყოველ შემთხვევაში, ეროვნული ნაკრებების დონეზე მაინც.
საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ინგლისი, იტალია და ესპანეთი საწყის ეტაპზევე გავარდნენ. ბოლოს და ბოლოს, ვის არ მოსვლია, თუმცა ესპანეთის შემთხვევაში საქმე უარესადაა: უკვე გამოითქმის საფუძვლიანი, ანუ "დასაბუთებული ეჭვი", რომ ყველაფრის მიზეზი იგივე სეპარატიზმია, რაკი კატალონიელები სეპარატისტული რეფერენდუმისთვის ემზადებიან და სავსებით სერიოზულად განიხილება ბარსელონას საფრანგეთის ჩემპიონატში გადასვლის საკითხი - მონაკოს მსგავსად.
ამ პირობებში, "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელებს, რომლებიც ერთმანეთს ისედაც ვერ იტანენ, ერთ გუნდში თამაში, რა თქმა უნდა, გაუჭირდებოდათ, რა პრიზებსა და პრემიებსაც არ უნდა დაჰპირებოდათ ესპანეთის მთავრობა.
ბევრად უფრო არსებითია ჩემპიონატზე ფეხბურთის დონე და ბრაზილიის დეგრადაცია.
ბრაზილიის უნიკალურობა ის იყო, რა ფერის მაისურიც არ უნდა ჩაეცვათ, მხოლოდ პასითა და თამაშის მანერით იცნობდი. ახლა კი ძნელი გასარკვევია, ბრაზილია თამაშობს თუ რომელიღაც "კასტალომების" ნაკრები, რომლის მეთოდი საკუთარი შემოქმედება კი არ არის, არამედ ის, რომ მოწინააღმდეგეს არ მისცეს თამაშის საშუალება.
დღემდე ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატებიდან, ყველაზე საზეიმო და საუკეთესო (ყველა თვალსაზრისით), ალბათ, მაინც ესპანეთის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი თაობისთვის სრულიად დაუვიწყარი.
ბრაზილიამ მაშინ წააგო როსის, ძოფისა და ბეარზოტის შესანიშნავ გუნდთან, მაგრამ ასეულობით მილიონ გულშემატკივარს დასწყვიტა გული, რომლებიც დღემდე დარწმუნებულნი არიან, რომ ბრაზილია მაშინაც (და ყოველთვის!) საუკეთესო იყო.
იმავე ჩემპიონატმა თავი დაგვამახსოვრა გენიალური დიეგო მარადონას ტრაგედიით და სამი აბსოლუტურად ფანტასტიკური მატჩით: არგენტინა-იტალია, ბრაზილია-იტალია და საფრანგეთი-გერმანია. აგრეთვე, დიდებული ფინალით, რომლის სიმბოლო მარკო ტარდელის დაუვიწყარი ჟესტი გახდა.
ამ ჩემპიონატზე კი, ჯერჯერობით, დასამახსოვრებელი ბევრი არაფერია. ბრაზილია-კოლუმბიის ამაზრზენი "ჩეხვა" მინდვრის ცენტრში, ნეიმარის აბსოლუტურად ლოგიკური დამტვრევა - ანტიფეხბურთის ნიმუშია.
"ფიფას" მესვეურთა ჩლუნგი სიჯიუტე და კონსერვატიზმი, უბრალოდ, საშიში ხდება ამ თამაშის არსებობისთვის: რამდენიც არ უნდა იმუშაონ მსაჯთა კვალიფიკაციის გაზრდაზე, სანამ მოედნის ცენტრში მოწინააღმდეგესთან ზურგიდან დაჯახებით "უბრალოდ წაქცევაზე" მხოლოდ ჯარიმაა (კარიდან 50 მეტრში!) და მეტი არაფერი, ფეხბურთი განაგრძობს დეგრადაციას და თანდათან დაკარგავს მაცოცხლებელ პოპულარობასაც.
აბსოლუტურად იდიოტური გამოთქმაა, თითქოს "ყველაზე ლამაზი ფეხბურთში ტაბლოზე გამოსახული ანგარიშია". თუ ასეა, ჰქონდეთ ის ტაბლო და დაგვანებონ თავი ყველას, ვისაც ფეხბურთი მისი თანდაყოლილი სილამაზის გამო გვიყვარს და არა ტოტალიზატორში მოსაგებად.
ზურაბ ღოღობერიძე, გაზეთი "პრემიერი"
![]() |
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
![]() |
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
![]() |
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |