|
ნაციონალებს სცემენ და სცემენ, მაგრამ ვინ იბეგვება საბოლოოდ? როდის ჩატარდება შემდეგი საპარლამენტო არჩევნები? რომან შამათავას სინდრომი; რატომ გადაიფიქრა რუსულმა პროკურატურამ სააკაშვილის ძებნა? რას ეძებს "მაოხრებელი ტალიავინი" კიევში? როგორ უცხადებს ევროპა რუსეთს "საგაზო ომს".
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ლამის პოლიტიკურ კომენტატორად იქცეს - იმაზე ხშირადაც კი აკეთებს მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს, ვიდრე ამას შინნაზარდი "ექსპერტების" ლეგიონი ახერხებს. თანაც, მისი აღმატებულება რიჩარდ ნორლანდი (უდავოდ საუკეთესო დიპლომატი, რომელიც კი ვაშინგტონს მტკვრის სანაპიროზე მოუვლენია თომას ჯეფერსონის ეპოქიდან, ჯორჯ ბუშის გავლით - დღემდე) ამას ხსენებულ "ლეგიონერებზე" უკეთ და უფრო კომპეტენტურად ახერხებს ხოლმე.
მაგრამ მისი ბოლო განცხადება მაინც გამორჩეულია: ელჩმა, ამერიკული დიპლომატიის ჩვეული მანერით, მაშასადამე დიპლომატიური ეტიკეტის თამამი უგულებელყოფით, გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა ცემა-ტყეპა და, რაც მთავარია, ამ საქმეების გამოუძიებლობა სერიოზულად დააზარალებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, შესაბამისად, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც.
ცემა-ტყეპა სად არ ხდება, მაგრამ ნიშანდობლივი სწორედ პოლიციის ჩვრობაა - აღარ იციან, რა ქნან საცოდავებმა: დაიჭირონ, არ დაიჭირონ, საქმე "ბოროტი ხულიგნობის" მუხლით აღძრან თუ "წვრილმანი ხულიგნობის", ესე იგი მხოლოდ 100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდონ.
რაკი არც მინისტრი, არც პრემიერი არ ურეკავთ და ინსტრუქციებს არ აძლევთ, ამას პირდაპირ მითითებად აღიქვამენ: "სცემონ და გვემონ ნაციონალები, თქვენ რა გენაღვლებათ?"
თუმცა, ამგვარი ინტერპრეტაცია დასავლეთის დიპლომატიური კორპუსის მზარდ პროტესტს აწყდება და სწორედ ამან აიძულა ქალბატონი წულუკიანი, ლადარია-ჭიაბერაშვილ-თაბუკაშვილის ინციდენტის კომენტირებისას განეცხადებინა: "სასტიკად უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც ზიანს აყენებს თავის სამშობლოს".
ევრო-ამერიკელ დიპლომატებს "შეშფოთება" რომ არ გამოეთქვათ, გარწმუნებთ, იუსტიციის მინისტრი ნოდარ ლადარიასთვის სახეში შესხმული ცხელი ჩაის გამო დიდად არ შეშფოთდებოდა. მით უმეტეს, რომ მის თხზულებებს არ კითხულობს და რომც კითხულობდეს, ბევრს ვერაფერს გაიგებს.
არადა, ყველა ამგვარი ეპიზოდი (წინასაარჩევნო ცემა-ტყეპათა ჩათვლით) "ორმაგი კონიუნქტურის" მახეში ეფლობა: პოლიცია გრძნობს, - რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს წულუკიანმა, ხელისუფლებას, წინასაარჩევნოდ, არ აწყობს იმათი სერიოზულად დასჯა, ვინც "გლადიატორთა ბრძოლის" შემყურე ამომრჩევლის თვალში, ნაციონალებს "აჩმორებს", ესე იგი მათ ელექტორატს ამცირებს, რაკი ჩვენებურ ამომრჩეველს, მისი მენტალობიდან გამომდინარე, არ უყვარს "დაჩმორებულები" და ნაბეგვები - უფრო ძლიერებსა და "ნაგლებს" აძლევს ხოლმე ტრადიციულად. ასე იყო მიშას დროს და ასეა ახლაც, როცა უკვე სხვები სთხოვენ მიცემას.
მეორე მხრივ ხელისუფლებაც გრძნობს: უკრაინის მოვლენათა გამო, საერთაშორისო კონიუნქტურა ისეთია, მართლა რაღაც საშინელება უნდა მოხდეს, მაგალითად, გიგა ბოკერია ტელეკამერების წინ ჩაცხრილონ, ან ვანო მერაბიშვილი კამერაში ჩამომხრჩვალი იპოვონ, რათა ევროპამ საქართველოსთან ასოცირების გაფორმებაზე თქვას უარი.
ამას რომ გრძნობენ, იმიტომ "კიდიათ" სინამდვილეში რიჩარდ ნორლანდისა და ევროკავშირის ელჩთა განცხადებები: "რაც არ უნდა თქვან და ილაყბონ, ასოცირებას ხომ მაინც ვეღარ გააუქმებენო".
კი, ნამდვილად ვერ და არ გააუქმებენ, მაგრამ ამგვარი "ფეხებზე დაკიდების" შედეგი მაინც ძალიან მძიმე იქნება და აი, რატომ: ერთადერთი ბონუსი, რასაც საქართველოს ეკონომიკა და ქართველი ხალხი იმ "ასოცირებისგან" იღებს, არის შესაძლო უვიზო რეჟიმი შენგენის ზონასთან. ყველაფერი დანარჩენი მტკნარი სისულელე და დემაგოგიაა: ღვინოს ჩვენ ვერც საფრანგეთში გავყიდით და ვერც ბულგარეთში. არ დაიჯეროთ ზღაპრები ციტრუსის, ბოსტნეულისა თუ სხვა საქონლის ევროპულ ბაზარზე ექსპორტის, ან რაღაც "ტექნოლოგიათა შემოტანის" თაობაზე. რომც შემოვიდეს ეს ტექნოლოგიები (არადა, მათ ადგილობრივი ბაზა სჭირდებათ, რაც აღარ არსებობს - ბოლო 25 წლის განმავლობაში განადგურებულია) ამას მოსახლეობა მხოლოდ 10-15 წლის შემდეგ იგრძნობს.
ანუ, ერთადერთი რეალური, ხელშესახები და საგრძნობი ბონუსი ყბადაღებული "ასოცირებისგან" იქნებოდა უვიზო რეჟიმი. "ვიზების გაუქმებაზე" კი ევროპა უარს გვეტყვის. მართალია, ახლა ვერ გადადებენ ხელმოწერას, მაგრამ მათი პრეტენზიების ამგვარი "ფეხებზე დაკიდება" აშკარად აღიზიანებთ და "სასჯელსაც" დაგვიწესებენ მაშინ, როცა საკუთარ ინტერესებს არ დააზიანებენ. დღეს კი, ასოცირების გადადება მათთვისაც ზიანის მომტანი იქნებოდა.
თუმცა ხელისუფლება, როგორც ჩანს, დღევანდელობით ცხოვრობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ყველა, ვინც ძალადობაში მონაწილეობდა, არჩევნების ჩავლისთანავე დაისჯება". რატომ არჩევნებამდე არა? იმიტომ, რომ ღარიბაშვილი ძალიან სწრაფად იქცა ჭეშმარიტად ქართველ პოლიტიკოსად და ხვდება; არჩევნებამდე დასჯით ნაციონალებს გააძლიერებს, არჩევნების შემდეგ კი, ეს უკვე ასე სახიფათო აღარ იქნება.
როგორც ჩვენში იტყვიან, "გადასარევი ლოგიკაა".
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს, ზოგადად, ქართული პოლიტკრატიის "სტიგმად" რჩება: მაქსიმალური კომფორტისადმი სწრაფვა აიძულებთ, მუდამ ითამაშონ გამწვავებაზე. ამის კლასიკური მაგალითია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ბოლო პრესკონფერენცია. ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება (ნაციონალებს ეს არ გამოეპარებოდათ, მაგრამ დუმან) ირაკლი ღარიბაშვილის მრავალმნიშვნელოვან განცხადებას: "ჩემი კიდევ ერთი გზავნილი მოსახლეობისადმი ისაა, რომ ჩვენ ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის".
ვითომ 2016 წლის არჩევნებს გულისხმობდა? ძალზე საეჭვოა! როგორც ჩანს, პარტია "ოცნების" (არა კოალიციის, არამედ უშუალოდ ამ პარტიის) ელიტაში მწიფდება აზრი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე, რითაც ერთდროულად რამდენიმე შემაწუხებელი და აბეზარი პრობლემის გადაწყვეტას ლამობენ: ნაციონალთა წარმომადგენლობის მიზერამდე შემცირებას, მომავალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობის დამკვიდრებას და პრეზიდენტ მარგველაშვილის მოშორებას - წმინდად საპარლამენტო მოდელზე გადასვლით.
ამიტომ, მომავალ, ახალ კოალიციაში რესპუბლიკელები დასჭირდებათ, ხოლო რეალური საპრეზიდენტო ამბიციის მქონე ალასანია და მისი "თავისუფალი დემოკრატები" - უკვე აღარ.
თვით ალასანია, როგორც ჩანს, ამას ჯერ ვერ აცნობიერებს და სწორედ ამიტომ "გაუგორა" გასულ კვირას: "ავღანეთში კონტინგენტის შემცირებას პრეზიდენტთან და პარლამენტთან მოგვიანებით განვიხილავთო", - თქვა "უსაფრთხოების საბჭოდან" გამოსულმა, როდესაც სწორედ ამ საბჭოზე გადაწყდა კონტინგენტის შემცირება.
არადა, უმაღლესი მხედართმთავარი კვლავ პრეზიდენტია და ამგვარი საკითხებიც, პირველ რიგში, "ეროვნული უშიშროების საბჭოზე" უნდა განიხილებოდეს. საეჭვოა "ოცნებამ" რიგგარეშე არჩევნებით რაიმე მოიგოს: რომც დაინიშნოს შემოდგომისთვის, ეს მხოლოდ არევს ("დალაგების" ნაცვლად) სიტუაციას და უამრავ პრობლემას შექმნის როგორც კოალიციის შიგნით, ასევე "ნაციონალებთან" მიმართებაში.
როგორც ჩანს, ამ დისკურსში ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ დასრულდება ადგილობრივი არჩევნები. თუ "ნაციონალური მოძრაობა" მართლაც დამარცხდა ყველა რაიონში, მაშინ რიგგარეშე არჩევნებით ამჟამინდელი "გორდიასის კვანძის" გადაჭრის ილუზიამ, შესაძლოა, იურიდიული და პოლიტიკური "ხორცი" მართლაც შეისხას უკვე შემოდგომისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხელისუფლებამ, რასაკვირველია, სპეციალურად წინასაარჩევნოდ გამოაქვეყნა პაატა ქარდავას ცხოველური მკვლელობის ფაქტი. ამის მიუხედავად, ეს სიმხეცე მაინც მნიშვნელოვანია არა ქართველ პოლიტიკანთა გაუთავებელი კინკლაობისა და ინტრიგების, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების, პირველ რიგში ამ ქვეყნის ცივილიზების თვალსაზრისით. არა "ცივილიზებულობის" და ე.წ. იმიჯის, არამედ სწორედ "ცივილიზების"! საქართველოს ცივილიზება ესაჭიროება, თორემ ასეთი გამაოგნებელი დანაშაული კიდევ ბევრი მოხდება - ხელისუფლების ცვალებადობის მიუხედავად.
ბოდიში მოკლული ქარდავას ოჯახს: დავუშვათ ერთი წუთით (მხოლოდ ერთი წუთით დავუშვათ დიდი ბოდიშის მოხდით), რომ ეს ქარდავა და ცინდელიანი მართლა თანამშრომლობდნენ აფხაზურ ან რუსულ სპეცსამსახურებთან. ვისთვის რა გაკვეთილს შექმნიდა მათი ზღვაში გაყვანა, მოკვლა და წყალში გადაგდება? მხოლოდ მკვლელის (და ბრძანების გამცემის!) პირადი ბოღმის დაკმაყოფილება თუ იქნებოდა, ვინაიდან რომ არა ხელისუფლების შეცვლა, ამ ისტორიას ვერავინ გაიგებდა.
სწორედ ამიტომ შექმნა კაცობრიობამ და ცივილიზაციამ სასამართლო: უნდა დააპატიმრო, გაასამართლო და მიუსაჯო თუ მართლა დამნაშავეა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ დაუმტკიცებ, ანუ იძულებული ხდები გაუშვა, მაინც უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე ასე ზღვაში გაყვანა და მხეცურად მოკვლა, რასაც ვერც ვერავინ გაიგებდა ოდესმე (უშუალოდ მკვლელების გარდა), ამჟამინდელი სიტუაცია რომ არა.
იგივე ითქმის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სერგო თეთრაძის გაუპატიურებასა და მკვლელობაზე ჯალათი პატიმრების მიერ - ადმინისტრაციის დავალებით. ამით მხოლოდ სახელმწიფომ წააგო იმ რეაქციის გათვალისწინებით, რაც ასეთ მხეცობას მოჰყვა.
500 წლის წინათ დამნაშავეს ევროპაშიც კლავდნენ წამებით, თვალებსაც თხრიდნენ და ძელზეც სვამდნენ, მაგრამ ცივილიზაციამ მოიტანა მიზანშეწონილი ბალანსი სასჯელის გარდაუვალობასა და მის ფორმას შორის. სხვაგვარად გაუგებარია, მკვლელებსა და მოძალადეებს დღესაც რატომ აღარ აბამენ ბორბალზე ბრიუსელის ცენტრში და რატომ არ უერთიანებენ ძვლებს რკინის ლომით.
თუმცა, ეს ყოველივე, ახალაიასა და მისი ჭკუასუსტი "პატრიოტი სადისტებისთვის" აშკარად ჩინური იყო. ალბათ, ვერც მიხვდებიან რაზე ელაპარაკები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გასულ კვირას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მიხეილ სააკაშვილი ჯერ გამოაცხადა საერთაშორისო ძებნაში, მაგრამ სულ რამდენიმე საათის შემდეგ განცხადება უარყო და ასე ახსნა: საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავსო.
აქ რამდენიმე მომენტია საინტერესო: რუსეთის პროკურატურას, რომლის შემადგენლობაშიც შედის "საგამოძიებო სამსახური", არასდროს უთქვამს პირდაპირ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, "ოსი ხალხის გენოციდის" ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. შეიძლება კიდეც იყო აღძრული, მაგრამ არ ამბობდნენ სწორედ იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ძებნაც უნდა გამოეცხადებინათ ინტერპოლის ხაზით, რაც სრულიად ფუჭია: ინტერპოლი არასდროს ასრულებს პოლიტიკურად მოტივირებულ შეკვეთებს. გარდა ამისა, "გენოციდი" იმგვარი ბრალდებაა, რაც მხოლოდ ჰააგის ტრიბუნალმა შეიძლება დაადგინოს და არა რომელიმე ქვეყნის პროკურატურამ ცალკე. ამდენად, საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას აზრი არ ჰქონდა. მით უმეტეს, სანამ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და იმუნიტეტი იცავდა. თუმცა, იმუნიტეტი იცავდა ქართული და არა რუსული კანონმდებლობით. საერთაშორისო სამართალი კი აპრიორი არავითარ იმუნიტეტს არ იცნობს.
პოლიტიკური მოტივაცია აშკარაა, რაკი საქმე მხოლოდ ახლა აღძრეს, როდესაც მიშამ უკრაინის ამბებისას კიდევ ერთხელ "იხმარა თითი" იმდენად მძლავრად, რომ პუტინი კვლავ გააცოფა. მაგრამ სულ რამდენიმე საათში "სლედსტვენნი კომიტეტმა" ისევ გადათქვა; აქაოდა "სააკაშვილს იმუნიტეტი იცავს და შეცდომა იყოო".
არადა, დღეს უკვე ექსპრეზიდენტს მართლა არავითარი იმუნიტეტი აღარ იცავს: არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ქართულიც. მაშ რატომ გადათქვა რუსულმა პროკურატურამ? იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის უშედეგო "საერთაშორისო ძებნით" მხოლოდ გააძლიერებს მის პოზიციებს დასავლეთში. მით უმეტეს უკრაინის მოვლენათა ფონზე. და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასაც "უხერხულ მდგომარეობაში" ჩააყენებს მაშინ, როდესაც სრულებითაც არ არის გამორიცხული, არა ამ ("სამხრეთელ ოსთა გენოციდის"), მაგრამ სხვა ბრალდებით სწორედ თბილისში აღიძრას საქმე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის სისხლიანი სიუჟეტი კი, ამას წინათ, კიდევ ერთი საინტერესო მოვლენით აღინიშნა: ახლად არჩეული პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციის შემდეგ, მის კაბინეტში შეიკრიბნენ რუსეთის ელჩი ზურაბოვი და... ჰაიდე ტალიავინი! კრემლის მთავარმა რუპორმა, დიმიტრი კისელიოვმა (ამერიკას რომ "რადიოაქტიურ უდაბნოდ ქცევას" ჰპირდებოდა) ბოლო გადაცემაში ვითომ ვერ გაიხსენა, სად უნდა დაესვა აქცენტი ქალბატონ ჰ-ა-ი-დეს სახელში.
აშკარად თვალთმაქცობდა: ძალიან კარგად იცის მანაც და ყველამ კრემლში, ვინ ბრძანდება ეს უასაკო ქალი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა კრემლის 2008 წლის გამარჯვებაში თავისი პროსტიტუირებული "დასკვნით" რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის თაობაზე.
დღეს უკრაინას მიავლინეს - ვითომ ეუთოს გენერალური მდივნის დავალებით, სინამდვილეში, რუსული დელეგაციის დაჟინებული მოთხოვნით, რაკი შესანიშნავად იციან, ერომ ჰ-ა-ი-დე ტალიავინი, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენათა შესწავლისას, აუცილებლად ადგილობრივი უმცირესობის (ესე იგი იქაური რუსების) მხარეს იქნება და ისეთივე "ობიექტურ დასკვნას" მოამზადებს, როგორც "ოსურ უმცირესობაზე" ქართველი ფაშისტების თავდასხმის შემდეგ "დადო".
უკრაინის ახალ ხელისუფლებას თუ ჭკუა აქვს, ამ დედაკაცს ახლოსაც არ უნდა იკარებდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფორმალურად ეუთოს წარგზავნილია და არა რუსეთის მსტოვარი.
სინამდვილეში, ეს მაოხარი არსება "სასარგებლო იდიოტთა" კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც არა ჯაშუშობით ან "გავლენის აგენტობით", არამედ სწორედ საკუთარი ჩლუნგი "ღირებულებითი უკომპრომისობით" ემსახურება კრემლის ინტერესებს. ისევე, როგორც, იმავე კრემლის ინტერესებს, 1989 წელს, უდიდესი სამსახური გაუწია ასევე "სასარგებლო იდიოტმა", ნადისიდენტარმა ანდრეი სახაროვმა, როცა საქართველოს "მცირე იმპერია" უწოდა.
თუ უკრაინელებს ჯიუტად არ სურთ ჩვენი მწარე გამოცდილების გაზიარება, სულ მალე დარწმუნდებიან და ნახავენ, რა დღეს დააყრის ეს ქალბატონი აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული ოპერაციის გამო: იქ გამაგრებულ ГРУ-ს მსტოვრებს ისევე ვერ შეამჩნევს (უფრო ზუსტად, ყურადღებას არ მიაქცევს და არ გაითვალისწინებს ახალი "დასკვნის" მომზადებისას), როგორც 2008 წელს "ვერ შეამჩნია" ჯავაში წინასწარ გამაგრებული ათასობით "ბოევიკი", ქართული სოფლების დაბომბვა და 7 აგვისტოს სოფელ ავნევში ორი ქართველი ჯარისკაცის მკვლელობა.
"მძინარე ცხინვალს" კი, მის მომავალ დასკვნაში, "მძინარე სლავინსკი" და "მძინარე დონბასი" შეცვლის.
აი, ასე ჭკვიანურად, ასე გაიძვერულად მუშაობს კრემლი, როდესაც დასავლეთის სისტემურ სისუსტეებს იყენებს. თუმცა, ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის დამაიმედებელი სიმპტომებიც არის: რამდენიმე დღის წინ, ბულგარეთმა, ევროკავშირის ზეწოლით, უარი უთხრა ე.წ. "სამხრეთ ნაკადის" პროექტს, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე, უკრაინის გვერდის გავლით, დიდი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა.
ეს მილსადენი მოსკოვს იმისთვის სჭირდება, რათა უკრაინულ ტრანზიტზე აღარ იყოს დამოკიდებული. მაგრამ ევროპა, როგორც იქნა, მიხვდა, რომ "გაზპრომი" იგივე კრემლია და მისი სახით რუსული იმპერიის ერთდროულად სამ იპოსტასთან ერთად აქვს საქმე: რომანოვებიდან - ბრეჟნევის დოქტრინის გავლით - პუტინამდე. ამიტომ ეს პროექტი ჩააფლავეს, რაც ძალიან დიდი დარტყმაა პუტინისთვის.
თუმცა, ევროპის სითამამე ჯერ იმდენად არ გაზრდილა, "ნაბუქოს პროექტს" მიუბრუნდნენ და თურქმენული გაზისთვის კასპიის ზღვის ფსკერზე, - შემდეგ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქმენეთის გავლით, - ალტერნატიული დიდი გაზსადენი ააგონ, მიუხედავად კასპიის ზღვაში რუსეთის სარაკეტო ხომალდთა მრისხანე მანევრებისა.
ზურაბ ღოღობერიძე, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |