|
ექიმი-მელონამის რჩევა მუსიკოსებს, მომღერლებს...
"პრემიერს" ესაუბრა ექიმოი და რადიოწამყვანი სერგო კობალავა
-სერგო, ხარ ექიმი, მაგრამ ამავე დროს ცნობილი მელომანი და ცნობილი რადიოწამყვანი. როგორ ახერხებ ამ ყველაფერს?
- თავიდან დავიწყებ. ექიმობაზე ოცნება ჯერ კიდევ მეოთხე, მეხუთე კლასიდან დავიწყე. იმის მიუხედავად, რომ ოჯახში ექიმი არავინ მყავდა, რატომღაც, ამ პროფესიის დაუფლების სურვილი გამიჩნდა და განვახორციელე კიდეც.
რაც შეეხება მუსიკას, პატარაობიდანვე მაქვს. დედა ოპერის მომღერალი იყო. მართალია ჩემი და ჩემი ტყუპისცალის გაჩენის შემდეგ მას საოპერო თეატრის მიტოვება მოუწია, თუმცა ყოველ შაბათ - კვირას აუცილებლად ამა თუ იმ სპექტაკლს ვესწრებოდით და მუსიკისადმი სიყვარული სწორედ დედის დამსახურებაა.
რაც შეეხება რადიოს, ამ სამყაროში სრულიად შემთხვევით მოვხვდი და აგერ უკვე დაახლოებით 15 - 18 წელია რაც პარალელურად ეს ჩემი მეორე საქმიანობა გახდა.
მოსწრებით კი ჯერ-ჯერობით ვასწრებ ყველაფერს. მთავარია ის საქმე, რასაც აკეთებ გიყვარდეს და სიამოვნებას განიჭებდეს. ასეთი საქმისთვის დროს კი ყოველთვის გამონახავ.
-მართალია პროფესიით ექიმი ხარ, მაგრამ მუსიკაზე მინდა ვისაუბროთ. თავის დროზე რადიოში მუსიკალური გადაცემაც კი მიგყავდა და შენი პოპულარობაც მაშინ დაიწყო. მას შემდეგ წლები გავიდა, რას უსმენდნენ მაშინ და რას უსმენენ ახლა. გაიზარდა თუ არა გემოვნება?
-იქედან გმომდინარე, რომ მუსიკის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება, ძალიან დიდი სიამოვნებით გესაუბრები ამ თემაზე, მით უფრო სახლში, მანქანაში, სამსახურში და შენ წარმოიდგინე, თუ დრო მაქვს, საავადმყოფოშიც კი, ყოველთვის ამა თუ იმ სიმღერას ან მელოდიას ვუსმენ ან ვღიღინებ.
ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. მაშინ ინსტიტუტში ვაბარებდი და დასასვენებლად ვერსად გავედი. გამოკეტილი ვიყავი თბილისში და მოგეხსენება ზაფხულის თბილისის პაპანაქება რა აუტანელია. ასე, რომ უხასიათოდ გადიოდა ის დღეებიც. მაშინ ძალიან პოპულარული იყო რამდენიმე რადიოსადგური, მათ შორის საქართველოს ხმა, სადაც ძირითადად რუსულ სიმღერებს უკრავდნენ. ეს 90 წლების ბოლო იყო. გამოვტყდები და მაშინ გემოვნება ნამდვილად არ მქონდა ჩამოყალიბებული და მეც საკმაოდ ხშირად ვუსმენდი რუსულ ესტრადას, მით უფრო, სხვა არჩევანი ნაკლებად იყო. ერთ დღეს რადიო სადგურ ,,საქართველოს ხმა'' - ში მოვისმინე რეკლამა, რომ ეძებდნენ მუსიკალურ წამყვანს. მეც ბევრი არ მიფიქრია და მეორე დღესვე მივედი. მოისმინეს დიქცია, მეტყველება, გამესაუბრნენ და ძალიან მალე მიკროფონთანაც ავღმოჩნდი. მართალი გითხრა მაშინ ეს ჩემთვის მხოლოდ გართობა იყო და მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ ალბათ რამდენიმე თვეში ის რადიო სადგური დავტოვე და წამოვედი.
მცირედი პაუზის შემდეგ რადიო ფორტუნას ეთერში გაცხადდა ინფორმაცია ახალი, რუსულენოვანი რადიო სადგურ ,,ერა'' - ს გახნის შესახებ. იქედან გამომდინარე, რომ რუსული საკმაოდ კარგად ვიცი, გადავწყვიტე მეცადა ბედი. ასე აღმოვჩნდი რადიო ფორტუნაში, სადაც მხოლოდ ერთხელ გავედი ეთერში და გარკვეული მიზეზების გამო მომიწია იქედან წამოსვლა.
ჩემი რადიო სამყაროს მორიგი ეტაპი პირადად ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის დაუვიწყარი 4 - 5 წელი, რომელიც მე გავატარე ,,რადიო -2, ქართულ რადიო'' - ში. მე ვთვლი, რომ სწორედ იმ გარემომ შემაყვარა ეს საქმიანობა. იქ დამხვდა შესანიშნავი კოლექტივი, ძალიან მეგობრული გუნდი, უსაზღვროდ საინტერესო მსმენელი. ცალსახად მინდა გითხრა, რომ სწორედ "რადიო 2" - ში მუშაობის დროს დაიწყო გარკვეულწილად იმ მუსიკალური გემოვნების გამოძერწვა ჩემში, რამაც დღემდე მომიყვანა.
ეს ის პერიოდია, როდესაც უამრავი ახალი სიმღერა იწერებოდა, უამარავი ახალი სახელი ჩნდებოდა ქართულ სცენაზე. გულწრფელად გეუბნები, რადიო 2 - მა მართლაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მაშინ არაერთი მომღერლის პოპულარიაზიაში და არაერთ მათგანს გაუკვალა გზა სცენისკენ. ჩვენ ყოველთვის გვქონდა იმის პრეტენზია, რომ მსმენელისთვის ხარისხიანი, ღირებული მუსიკა შეგვეთავაზებინა. ამასთან ერთად ვიყავით კონკურენციის გარეშე. იმ პერიოდში არ არსებობდა არც ერთი სხვა რადიო სადგური, რომელიც მთელს ეთერს მხოლოდ ქართულ სიმღერას დაუთმობდა. ჩვენთან ტრიალებდა ყველანაირი მუსიკა - ტრაციდიცული ქართული სიმღერა, პოპი, როკ მუსიკა, ხალხური მუსიკა, რეტრო. მართალია რადიო 2 ატრიალდებდა მრავალ ისეთ სიმღერას, რაც ნაკლებად იყო ფასეული და ღირებული, თუმცა ესეც აუცილებელი იყო, რადგან ჩვენ გვისმენდა ყველა ასაკის, ყველა მუსიკალური გემოვნების მსმენელი და მათ საკუთარი ნიშა გააჩნდათ თითოეული წამყვანის ეთერში. მახსოვს ძალიან კარგად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მომღერლებისა და მუსიკოსებისთვის რადიო 2 - ში ახალი სიმღერის მოტანა. ნებისმიერი ახალი სინგლის პრეზენტაცია საკმაოდ პომპეზურად მიდიოდა. ამასთან ერთად კვირაში რამდენჯემე ტარდებოდა ახალ - ახალი ქართული კლიპების პრეზენტაცია. მართალია ხარისხით ვერ დავიკვეხნიდით, თუმცა იყო თუ არა მაშინ საუბარი ქართულ ე.წ. შოუბიზნესზე? ალბათ კი. კონკურენცია იყო, ინტერესი იყო, მსნემელი უამრავი, კონცერტები და პრეზენტაციები ულევი. საქართველოს მასშტაბებიდან გამომდინარე ეს ნამდვილად ოქროს ხანა იყო.
შემდგომ, რადიო 2 - ში მუშაობის ბოლო წლებში ყველაფერი შეიცვალა. ერთი და იგივე მელოდებია, ერთი და იგივე ჰარმონია. ერთხელ ვიხუმრე კიდეც - ,,ამოვიდა ყელში ეს ორი აკორდი და მოდულაცია.'' ეს ფრაზა ისე მოეწონა ჩემს ხელმძღვანელს მახსოვს მითხრა - ,,ასეთ შეფასებას კარგი მუსიკის მცოდნეც კი ვერ გააკეთებდაო,,
ჰოდა ამ ყველაფერმა უკვე იმდენად მომაბეზრა თავი, რომ ნელ - ნელა რაღაც ახლის ძიება დავიწყე და ეს ახალი არც მეტი, არც ნაკლები - ძველი, ე.წ., რეტრო ესტრადა იყო. ყოველი ეთერის შემდეგ ჩავდიოდი ტელე - რადიოს ცენტრალურ საცავში და საათობით ვიჯექი იქ ძველი და დავიწყებული სიმღერების ძიებაში. ისეთი სიმღერები აღმოვაჩინე იმ პერიოდში, რომელთა არსებობაც კი არ ვიცოდი. ისე სიტყვამ მოიტანა და სწორედ მაშინ შემიყვარდა და დღემდე თაყვანისმცემელი ვარ ქალბატონი გიული ჩოხელის. ვთვლი, რომ ეს ქალი მაშინდელი საბჭოთა ესტრადის ნამდვილი დივა იყო.
რადიო 2 - ის შემდეგ მივიღე შემოთავაზება რადიო იმედის მაშინდელი ხელმძღვანელისგან. ასე ავღმოჩნდი იმედში. თავდაპირველად რამდენიმე საავტორო გადაცემას ვაკეთებდი. დღეს კი უკვე 5 - 6 წელის მაქვს ჩემი საკუთარი სამედიცინო გადაცემა ,,იმედის კლინიკა'' რომელსაც ვუძღვები რადიო იმედის ეთერში.
ცოტა გავერთე საუბარში და შენი კითხვის მეორე ნაწილი დამავიწყდა. გაუარესდა თუ არა მსმენელის გემოვნება. სამწუხაროდ რადიოს დღეს არ ვუსმენ. ძირითადად გულს ვიჯერებ საკუთარი ჩანაწერებით. ვთვლი, რომ იმ ჟანრში, რასაც მე ვუსმენ და რაც მიყვარს, საკმაოდ გათვიცნობიერებული ვარ და შესაბამისად მუსიკალური მასალაც ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ალბათ ცალსახაა, რომ საქართველოში მსმენელის გემოვნება გაუარესებულია. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ის რაც ჟღერს ტელევიზიასა და რადიო ეთერში. იშვიათად როდესაც მიწევს ამა თუ იმ სადგურის მოსმენა, ეს ყოველივე ძალიან ნათელი ხდება. უამრავი სატელევიზიო მუსიკალური პროექტი, სადაც მართლაც დიდი დეფიციტია გემოვნების. იცი, სულ რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ არხზე ვუყურებდი მუსიკალურ პროექტს, სადაც ახალბედა მუსიკოსებს ამღერებდნენ და აფასებდნენ როგორც ჟიურის წევრები, ასევე მსმენელი. გულწრფელად მინდა გითხრა ბავშვები მეცოდებოდნენ. რატომ ჰგონიათ, რომ ის ვინც კარგად იყვირებს და იღრიალებს სცენაზე, ის მაგარი მომღერალია. არადა ასეთი ტენდეცია საქართველოში ნამდვილად არის. თუ სცენაზე ან ამა თუ იმ კონკურსზე გამოდიხარ, აუცილებლად უნდა შეგირჩიონ ისეთი სიმღერა, სადაც ბოლომდე უნდა ჩაგიწყდეს ხმა, საშინელ მდგომარეობამდე უნდა მიიყვანო სახმო იოგები და მაშინ ხარ მაგარი. ასე არ შეიძლება. ყველას დაავიწყდა, რომ სიმღერამ პირველ რიგში სიამოვნება უნდა მოგანიჭოს და არ უნდა აგატკიოს თავი და ყურები. საწყენია, როდესაც ამას არ იზიარებენ არც ჟიურის წევრები და მსმენელამდე ისეთი პროდუქტი მიაქვთ, რაც მათი გემოვნების ჩამოყალიბებაზე უარყოფითად აისახება. მეორე პრობლემაა თავად ეს გაუთავებელი პროექტები, ერთი და იგივე სახეები და ხშირად ისეთი ადამიანები, რომლესაც მუსიკასთან არანაირი შეხება არ ააქვს. არ შეიძლება მომღერლის საქმიანობა შეაფასოს ჟურნალისტმა, ექიმმა, მსახიობმა, მოდელმა. ხალხი მათ აზრს უსმენს და გგონია, რომ ეს სწორია. არადა ძალიანაც სცდება ამაში. მოკლედ ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს.
-ბევრ საუბრობენ რომ ქართული შოუბიზნესი არ არსებობს, ან მოკვდა, ან განადგურდა. მოდი ასე გკითხავ, არსებობდა კი?
-ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს. ალბათ იმიტომ, რომ არ ვარ შესაბამისად კომპეტენტური. თუმცა ჩემი აზრი ამ საკითხის ირგვლივ მაინც გამაჩნია. რა არის აუცილებელია იმისათვის, რომ შოუ ბიზნესი განვითარდეს და აყვავდეს? მოდი პრაგმატულად შევხედოთ ყველაფერს. გემოვნებიანი მსმენელი? არა. ეს არ გახლავთ შოუ ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი მოთხოვნა. ვერავინ შემეკამათება იმაში, რომ ბრიტნსი სპირსისა და ჯასტინ ბიბერის მსმენელს გემოვნებიანს ვუწოდებთ, თუმცა არც ერთი და არც მეორე მუსიკოსისთვის ამას ხელი არ შეუშლია გამხდარიყვნენ მეგა ვარსკვლავები.
აქცენტი მხოლოდ ვოკალზე, გემოვნებიან მუსიკაზე? ასევე არა. ამის ნათელი მაგალითია ჩემთვის ერთ - ერთი საყვარელი ჯაზ ვიკალისტი დაიან ქროული. როდესაც მისი ბოლო 2013 წლის ალბომის ყდა ვნახე, ორი საათი ვერ დავუჯერე თვალს, რომ ეს დაიან ქროულის ალბომი იყო. მის ალბომს ამშვენებდა ისეთი ეროტიკული სურათები, ცოტა გაკვირვებულიც კი დავრჩი რაში დასჭირდა ასეთი დონის მუსიკოსს შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა. პასუხი ერთია. ეს სუფთა მარკეტინგული ნაბიჯი იყო იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი მსმენელი დაინტერესებულიყო ამ ალბომით. აქაც აქცენტი გაკეთდა ვიზუალზე და არა მუსიკოსის გემოვნებაზე.
მივდივართ ცალსახად ორ ძირითად პასუხზე, რაც იბადება ამ კითხვის ირგვლივ. რა არის საჭირო შოუბიზნესის განვითარებისთვის? ესაა ფული და ბაზარი. სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს არც ერთი და არც მეორე. ამიტომ პასუხი კითხვაზე არსებობს თუ არა შოუ ბიზნები, სამწუხაროდ უნდა ვთვქა რომ - არა.
-როგორც მელომანი, რას ურჩვ ჩვენს მუსიკოსებს, მომღერლებს...
-ნუ შეუშინდებიან სიახლეს, ნუ შეუშინდებიან ექსპერიმენტებს. კი ეს სარისკოა, თუმცა ამის გარეშე საკუთარი ხელოვნების განვითარება წარმოუდგენელი იქნება.
მესმის ძალიან რთული პერიოდია დღეს საქართველოში. მესმის არავინ აფინანსებს ხელოვნებას, არავის აინტერესებს ქართული მუსიკა, თუმცა ჩემს მეგობრებს და ამ სფეროში ამ წლების განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინე ვურჩევ და ვთხოვ, არ ჩამოყაროთ ყურები. დამიჯერეთ, ჩემნაირად ძალიან ბევრი მსმენელია მოწყურებული სასიამოვნო და ღირებულ მუსიკას.
-იქმნება თუ არა ხარისხიანი მუსიკა საქართველოში. დააკონკრეტე..
-ძალიან რთული კითხვაა. რას ნიშნავს ხარიხსი ზოგადად და კონკრეტულად მუსიკაში. ზოგიერთვისთვის ხარისხიანი მუსიკა არის რომა რცხილაძის ,,Frech Air,'' სხვებისთვის კაკულია გურიელაშვილის ,,ორშაბათიც შაბათია''
პრობლემა ის კი არაა რომ ამ უკანასკნელის ღირებულობის მიმდევრები უფრო მეტნი არიან. ეს ყოველთვის ასე იყო და ასევე იქნება. მოდი ჩვენს მომღერლებს რომ არ ვაწყენინოთ მაგალითს უცხოური მუსიკიდან მოვიყვან. ავიღოთ კომპოზიცია ,,I პუტ ა სპელლ ონ ყოუ'' (მე შენ მოგაჯადოვე), რომელიც ჯო ჰოვკინსმა 1956 წელს დაწერა. საშინელებაა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. უბრალოდ ამ სტატიის კითხვას როცა მორჩებით, იპოვეთ ეს სიმღერა ინტერენტის საშუალებით, უშუალოდ ავტორისეული ვერსია და მოუსმინეთ. დამიჯერეთ სიმღერა ,,ორშაბათიც შაბათია'' უნიკალურ და ყველაზე შესანიშნავ ნაწარმოებად მოგეჩვენებათ, რაც კი აქამდე მოგისმენიათ. ახლა იგივე სიმღერა მოისმინეთ მაგალითად ნინა სიმონეს ან ქუინ ლატიფას შესრულებით. ჰო გენიალურია? ანუ უნდა ვეცადოთ ყოველთვის მსმენელს სწორედ იმ ხარისხით, ისე შეფუთულად მივაწოდოთ მუსიკა, რომ მაქსიმალურად გავუსვათ ხაზი იმას რა არის კარგი, ღირებული და რა ნაკლებად. არჩევანი კი უკვე თავად მსმენელმა უნდა გააკეთოს. არასწორია, როდესაც ჩვენ მსმენელს ვკარნახოთ, მაგალითად იგივე ნინა სიმონე კარგია და უნდა უსმინო და სპაის გერლსი მდაბიო მუსიკაა და არ უსმინო. ასე ვერაფერს გავხდებით. მე შეგნებულად არ ვეხები ახლა ქართველი მუსიკოსების შემოქმედებას, რადგან მე მყავს ჩემი ფავორიტები და ქართულ სცენაზე არიან ის ადამიანები, რომელთა ნამღერი დიდი დანაშაულია. თუმცა მათ უსმენენ და ჩვენ ვერ წავართმევთ მსმენელს ამის უფლებას. ცხადია, მათ არ დავასახელებ.
ჩემი ფავორიტები გაინტერესებს ალბათ? მოდით ასე გეტყვით, ვისი სმენა მსიამოვნებს მე. ნატო მეტონიძის, ლიზა ბაგრატიონის, რომა რცხილაძის, მაია ბარათაშივილის, ეკა კვალიაშვილის, ნუკრი კაპანაძის. რამდენიმე დღის წინ ია ჩანტლაძემ მაჩუქა თავისი კომპაქტ დისკი (კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას). რამდენიმე დღე მანქანის აუდიო ფლეერიდან არ ამომიღია. მე ეს მსიამოვნებს. ჩემთვის ეს ღირებულია. ჩემი ფეისბუკის გვერდზე ხშირად ვიზიარებ ამა თუ იმ მუსიკოსის მიერ შესრულებულ სიმღერას. იცით, ყველაზე ხშირად რომელ სიმღერას ვიზიარებ? კურტ ვეილის ,,ისაუბრე ხმადაბლა'' (შპეაკ Lოწ). არადა სიმღერა გასული საუკუნის 40 - იან წლებშია დაწერილი. აი ესაა ხარისხი. დამიჯერეთ, გავა დრო და ის ყველაზე უკეთ გაცხრილავს რა უნდა დარჩეს ადამიანის და შთამომავლობის მეხსიერებაში და რა უნდა წაიშალოს.
ნუცა მირცხულავა, გაზეთი "პრემიერი"
|
04-01-2016, 16:00
ლია მუხაშავრია: მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული |
|
14-12-2015, 17:00
თამარ კორძაია: „რესპუბლიკურ პარტიას“ საკუთარი ძალის და წონის შესაბამისი მოთხოვნები ექნება |
|
22-12-2015, 17:00
ზურაბ აბაშიძე: რაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, ვფიქრობ, საყურადღებოა |
სხვა |